რეკორდი, რომელიც ქართველმა რეპერმა მოხსნა (+ვიდეო)

რეკორდი, რომელიც ქართველმა რეპერმა მოხსნა (+ვიდეო)

ქართული რეპი, ალბათ, 20 წელსაც არ ითვლის... თავიდან ამ ჟანრში ვიღაცები გამოჩდნენ, რაღაცები გააკეთეს, მაყურებელმა ზოგიერთი შეიყვარა კიდეც, მაგრამ მალე ჩაქრნენ, თუ ისევ ''ანათებენ?'' არ ვიცი, ფაქტია, რომ მათი ხმა მაყურებლამდე ვერ აღწევს.

სამაგიეროდ, ბოლო დროს რეპში ერთი მდიდარი და ფულიანი რეპერი (ბერა ივანიშვილი) მოვიდა და აქტიურობს... მის პარალელურად კიდევ ერთი აქტიურობს, ოღონდ, უფულო - მასტერი (გიორგი პავლიაშვილი). თუმცა აქტიურობის ხარისხით მასტერს ვერავინ უსწრებს: თავისთვის, უხმაუროდ მუშაობს და ელვისებურად, საკუთარი ძალებით ახალ კლიპებს აცხობს (კომპოზიცია, არანჟირება, ჩაწერა, გადაღება და დამონტაჟებაც კი - ყველაფერი მისია). როგორც იტყვიან, მარტოა. ამბობს, რომ მსმენელის გარდა, არავის ახსოვს. მსმენელიც ინტერნეტში ჰყავს, რადგან მისი ნამუშევრების პრეზენტაცია-განხილვა სწორედ იქ ხდება. ერთი კვირის წინ კიდევ ერთი ახალი ვიდეო გამოამზეურა, - ქართულ-რუსლ ურთიერთობებს მიუძღვნა... არ ჩერდება და როგორც ამბობს, "თავისი დრო" თვითონ მოჰყავს...

"ამბები.გე" მასტერს, გიორგი პავლიაშვილს დაუკავშირდა.

- დიახ, 6 კვირაში 4 კლიპი გამოვუშვი... მგონი, ყველანაირი რეკორდი მოვხსენი არა მარტო საქართველოში, მგონი, საერთაშორისო (სიცილით ამბობს) მასშტაბითაც. ყველა კლიპს დიდი გამოხმაურება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთის პრემიერა არ შემდგარა რეიტინგულ და პოპულარულ შოუებში. ამის მაგივრობას დღეს სოციალური ქსელი, კერძოდ კი, ჩემი "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი მიწევს, სადაც 21.000 მსმენელი მყავს... ეს გვერდიც ამ ციფრზე ყოველგვარი რეკლამის გარეშე ავიდა. სტიმულს მაძლევს ჩემი მსმენელი და საქმის სიყვარული... ძალიან რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში: ვიბრძვი, გადასარჩენად და არა გასამარჯვებლად! მოკლედ, მარტო ვიბრძვი...

- რას გულისხმობ?

- ჟურნალისტებისგან და ყველასგან, მსმენელის გარდა, ალბათ ყურადღების 10% თუ მოდის ჩემი პროდუქციის მიმართ და ამ ყველაფერს აი, ასე ვუპირისპირდები.

- და ამით რას ამტკიცებ, რა გინდა, რომ თქვა?

- არაფერს ვამტკიცებ, ქართული რეპს "ვეხმარები", პოპულარიზაციას ვუწევ ქართულ პროდუქტს, ქართულ "შოუ-ბიზსს", ამერიკულს ქართულად ვაკეთებ, დიდი ხანია დავიწყე ქართული "სემპლინგი", ანუ ძველ სიმღერებს ვიღებ და კი არ ვარემიქსებ, "ვსემპლავ"... ასე იქმნებოდა ამერიკაში ჰიპ-ჰოპი, ახლაც ასეა... ძველი სიმღერების "სემპლებიდან" ქმნიან ბიონსეს, ჯეი ზის სიმღერებს, მიღებული ფორმაა. პირველად "თბილისი სითი 2"-ში გავაკეთე, რომელიც აიფონით გადავიღე, - ანსამბლ "ორერას" სიმღერა გამოვიყენე. "1, 2, 3"-შიც ქართული "სემპლია" "ვია დიელოს" სიმღერა, რომელიც უცნობი იყო... ჩემს პროდუქციაში ქართული განწყობა მინდა, შევქმნა...

- რატომ? რეპი ხომ ქართული ჟანრი არ არის?

- ჰოდა, მინდა, რომ ქართული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმდინარეობა ამერიკიდან მოდის... ჩემი დასამტკიცებელი დიდი ხანია დავამტკიცე!.. იმის თქმაც მინდა, რომ დროს არ უნდა დაელოდო, თუ არ მოდის "ის", თვითონ უნდა მოიყვანო. ჰოდა, მომყავს ჩემთვის "ჩემი დრო!"

- ბოლო კლიპში ვინ არი რეპერი, ვისთანაც მღერი და ერთად როგორ აღმოჩნდით?

- რუსეთში დაბადებეულ-გაზრდილი ქართველი, გია თევზაძეა. რეპერი გახლავთ, სახელად "გიჩი"... "ფეისბუქის" ჩემს ოფიციალურ გვერდზე მომწერა, დუეტი ხომ არ ჩავწეროთო? დუეტებზე უარს ვამბობ მარტივი მიზეზით - სასურველ პროდუქციას ვერ მთავაზობენ... ამ ბიჭმა თავის ტრეკები მანახა და ძალიან მომეწონა... რუსულად რეპავს... ცხოვრობს პეტერბურგში... მართლა ძლიერი რეპერია... მითხრა, კომპოზიცია რუსულ-ქართულ თემაზე გავაკეთოთო და ასეც მოვიქეცით... თემაში ორი ქვეყნის ურთიერთობას პოლიტიკის გვერდის ავლით ვეხებით და კულტურის ჭრილში წარმოვაჩენთ... თბილისში ჩამოვიდა და კომპოზიცია ჩემს სტუდიაში ჩაიწერა... კლიპი მაშინვე გადავიღეთ, რეჟისორიც მე ვარ (სიცილით ამბობს). ნამუშევარი მართლა მომწონს. სხვებმაც კარაგად შეაფასეს.

- ამდენს მუშაობ და უცნაურია, შენით რატომ არ ინტერესდებიან შოუები? როგორც ამბობ, ქართულ რეპს აცოცხლებ და შენი დრო მოგყავს...

- მოდი, ჩემივე ნამუშევრის ტექსტით გიპასუხებ: "თუ პრემიერებს არ გვიკეთებს ტელევიზია,/ ჩვენც ყელზე გვკიდია და ესეც იციან''... თან, მათთან არც მივალ, ისეთი დაბალი დონის შოუებია. იქ გამოჩენის სურვილი არ მაქვს... არ მკითხოთ, რომლებს ვგულისხმობ, მაინც არ ვიტყვი. 

- რა ჯდება შენი ყოველი კლიპი?

- ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ არ ვიშოპინგო, მანქანაში საწვავი არ ჩავასხა და ხანდახან სახლში ვიჯდე. მოკლედ, რაღაცები მოვიკლო. აი, ასე მიჯდებოდა ყოველთვის და მიჯდება ახლაც. რეჟისორი და მემონტაჟე მე ვარ.

- როგორც ვიცი, საკუთარი მუსიკალური სტუდიაც გაქვს. სხვებისთვის თუ მუშაობ?

- სტუდია მაქვს, სხვებისთვის არ ვმუშაობ, მაგრამ ვიღაცებისთვის სიმღერებს კი ვწერ. ჩემი ნამუშევარი თიკა ჯამბურიას და მარიკა თხელიძეს ვაჩუქე.

გაყიდვას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ იმდენს არ იხდიან, რამდენიც რეალურად ღირს. მოკლედ, სხვებისთვის არ ვმუშაობ...

- პროდიუსერი არ გჭირდება?

- პროდიუსერი, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ საქართველოში არც არიან მგონი, მაგარი პროდიუსერები... თუმცა არა მგონია, იმაზე მეტი გააკეთონ, რასაც თვითონ ვაკეთებ საკუთარი თავისთვის. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საჭიროა. დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი ისეთ პროდიუსერს, როგორიც შალვა რამიშვილი იყო ჯგუფ "სახისთვის".

- ქართული რეპერების რაიმე კავშირი, გაერთიანება ხომ არ არსებობს? არადა, როგორც ვიცი, უკვე საკმაოდ ხართ: ძვალი, კაბუ, ბედინა, ლექს-სენი, შავი პრინცი, ამიკო, ბოლო რამდენიმე წელია, ბერა გამოჩნდა... და კიდევ ალბათ, ვიღაცებიც იქნებიან...

- არ მომწონს ასეთი მიდგომა. საქართველო ამან დაღუპა... დაჯგუფება, საძმო, "ბანდა" და რაღაცები... ეს ყველაფერი ბავშვური ქოხების აშენებასა და "ომობანას" თამაშს ჰგავს... არარეპულია...

- შენს კონკურენტად ვის აღიქვამ, თუ საკუთარი თავის კონკურენტიც ხარ? იმდენი კლიპი დაგიგროვდა, რომ მგონი, ისინი ერთმანეთს უწევენ კონკურენციას?

- ჩემი ყველა კლიპი სხვადასხვაგვარი მასტერია, რომლებიც ერთმანეთს მართლა ეკონკურენტება... ზოგან შეყვარებული ვარ, ზოგან პოეზიით გატაცებული...

- (ვაწყვეტინებ) მრავალმხრივი რომ ხარ, ფაქტია...

- ზოგს ისეთი მოვწონვარ, როგორიც ბოლო კლიპში ვარ, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე რომ ვრეპავთ, ქუჩური, თბილისური სლენგით... ზოგს უსწორდება "ფეხებზე მკიდია" მასტი, როგორიც "1, 2, 3"-ში ვარ.

ვიღაცებს "კაცია-ადამიანი?!" მოსწონს, რომელიც ცხოვრებაზე მღერის და სიმღერით პროტესტს გამოხატავს. როგორც ვთქვი, მართლაც, ბევრი მასტერია, რომლებიც ერთმანეთს ეკონკურენტებიან...

- ისე, ყოველ თვეს კლიპის გადაღებისკენ რა გიბიძგებს?

- კომპოზიციის თემა პირველ რიგში და "საჩუქრის" სახე, რომელიც მინდა, რომ "ჩემებს" (მსმენელებს ასე ვუწოდებ) ვაჩუქო...

- კონცერტებზე თუ გიწვევენ და ვინმე ხომ არ გბლოკავს (დღეს მოდაშია ეს სიტყვა)?

- არ მეძახიან, მაგრამ არა მგონია, ეს "დაბლოკვის" ბრალი იყოს... აქ ჩემი კომპოზიციის ტექსტით გიპასუხებ: "კონცერტზე არ გვეძახის თბილისის მერია, მაგრამ ჩვენთან მაინც ახალი წელია" ...

- მართლა არასდროს მიუწვევიხარ არავის?

- როგორ არა, მარნეულში ძალიან მაგარი კონცერტი გავმართეთ მე, მარიკა თხელიძემ და თიკა ჯამბურიამ...

- ქართულ ბომონდში მიღებული ტიპი ხარ?

- არ მიყურებენ ცუდად, მაგრამ ცოტა მაინც "უტყდებათ" ქართულ რეპს პიარი გაუკეთონ და კლიპები დააშეარონ, ერიდებიან, მაგრამ თავიანთი ინიციატივით "ფეისბუქზე" პირადში მწერენ, რომ ძალიან მოსწონთ, რასაც ვაკეთებ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს და როგორ წარმოგიდგენია შენი თავი ვთქვათ, ერთი-ორ წელიწადში. ასეთი ტემპებით რა შედეგს მიიღებ?

- ბევრი ახალი სიმღერა ელოდება გამოჩენას. უბრალოდ თანხებზეა დამოკიდებული, ალბათ, სხვა არაფერი არ შეგვიშლის ხელს. ღმერთის წყალობით, ორ წელიწადში ბევრად მეტ ადამიანს ვეყოლები მოსმენილი, ვიდრე ახლა. ეს დანამდვილებით ვიცი!

- დაოჯახებას არ აპირებ? სახლში ამ მიმართულებით არაფერს გეუბნებიან?

- მაგ თემაზე მამა "მეჩალიჩება"... შეყვარებული არ ვარ! ასე რომ, ჯერ მაგაზე არ ვფიქრობ და რომც ვიყო შეყვარებული, არა მგონია, მუსიკამ ვინმესთან გამიშვას, იმიტომ რომ ძალიან ეჭვიანია...

იხილეთ ვიდეო

ლალი ფაცია

სპეციალურდა "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება