"გუშინ რაც მოხდა, არც ერთს დაგვიგეგმავს" - ლევან ჯავახიშვილისა და ნინი წიკლაურის პირველი კომენტარი

"გუშინ რაც მოხდა, არც ერთს დაგვიგეგმავს" - ლევან ჯავახიშვილისა და ნინი წიკლაურის პირველი კომენტარი

გუშინ მეგაშოუ "ორი ვარსკვლავის" პირველი ტური შედგა. წყვილებმა გასულ, არასაკონკურსო ტურთან შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენეს. მიღებული ქულების რაოდენობის მიხედვით კი, ერთმა დუეტმა (მამუკა ლომაშვილი - სოფო ბედია) შოუ დატოვა. თუმცა საღამოს ფავორიტები ლევან ჯავახიშვილი და ნინი წიკლაური გახდნენ. იმღერეს ბობ დილანის კომპოზიცია - Knoching On Heavens Door. გარდა იმისა, რომ ჟიურის მაღალი შეფასება და მაქსიმალური ქულები დაიმსახურეს, მაყურებელიც კმაყოფილი დატოვეს.

"ამბები.გე" გუშინდელი ტურის წარმატებულ წყვილს დაუკავშირდა.

ლევან ჯავახიშვილი:

- სიმღერა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სხვა განზომილებაში გადასულიყავი, მაგრამ მთავარი მაინც მონდომებაა. ვფიქრობ, ორივემ, მეც და ნინიმაც მოვინდომეთ. ნინი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ამ სიმღერას ასეთი ეფექტი არ ექნებოდა. ორივე გავგიჟდით...

- ფაქტია, რომ დუეტი შედგა...

- ალბათ ყველა ადამიანშია რაღაც "ისეთი", რაც ხანდახან უნდა გამოუშვა, გამოამზეურო...

- ვინ შეარჩია სიმღერა?

- ზოგადად გუნდური პრინციპით ვმუშაობთ, ერთმანეთის შენიშვნებს ვითვალისწინებთ, ვეხმარებით და მართლა ოჯახივით ვართ, რაც ყველაზე მეტად მახარებს.

- წინა არასაკონკურსო ტური მაყურებლის ნაწილმა არც ისე კარგად შეაფასა. რას იტყვი ამაზე?

- იმ ტურის ჩანაწერი რომ ვნახე, მართლაც იყო პატარა ლაფსუსები. მაგრამ ალბათ გუშინდელმა დღემ დაგვანახვა, რომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ტექნიკური პრობლემა რაც იყო, აბსოლუტურად მოგვარდა... პირველი და მეორე ტურის შემდეგაც, ნოე სულაბერიძეს მინდა, დიდ მადლობა გადავუხადო, ასევე რუსა მორჩილაძეს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ალბათ ყველა დარწმუნდა, რომ კარგი პროექტია. ვნახოთ, შემდეგ ტურებში რა მოხდება...

- გუშინ საოცარი მეტამორფოზა მოხდა - "ქრონიკის" წამყვან ლევან ჯავახიშვისა და სცენაზე მყოფ ლევანს შორის. ჟურნალისტი ლევანისგან სცენაზე განსხვავებული, სრულიად სხვა ადამიანი იდგა.

- კი, ამ პროექტის არსი და დანიშნულებაც ეს არის.

- როკი რომ გიყვარდა ვიცოდი, კონცერტებზე რომ გამოსულხარ, ესეც ვიცოდი, მაგრამ ასე საჯაროდ, ამხელა აუდიტორიის წინაშე ასეთი წარმატებული გამოსვლა, ალბათ პირველი იყო, არა?

- ამხელა აუდიტორიის წინაშე ეს ჩემი პირველი გამოსვლა იყო. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ სიმღერით იმ მთავარი მესიჯის თქმის საშუალება მომეცა, რომ - არა ომს! არა ძალადობას!

- სცენიდან მადლობა შვილებს გადაუხადე. მოეწონათ მათ ისეთი ლევანი?

- ელენეს, სანდროსა და დემეტრეს შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად მათი შეფასება გამიხარდა.

- ლევან, მგონი, თქვენი წყვილი ფინალში უნდა მოხვდეს.

- ვნახოთ. არ მიყვარს წინასწარ ლაპარაკი. როგორც იქნება, ისე იყოს. ღმერთმა ქნას, რომ ფინალამდე მივიდეთ. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ტურია, რომელშიც მინდა, რომ საკუთარი თავი გამოვცადო.

- ნინი წიკლაურის სახით საკმაოდ ძლიერი მეწყვილე გყავს...

- ეს გოგო (კარგი გაგებით) არანორმალურია. ხანდახან სიტყვები არ მყოფნის მის დასახასიათებლად. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ნინი ამას წაიკითხავს. არა, ვეტყვი მილიონჯერ. სცენაზე რომ გამოდის და მღერის, მგონია, რომ მზე ანათებს...

ნინ წიკლაური:

- ალბათ ჩემი რეაქციიდან გამომდინარე, შემეტყო კიდეც, თუ  რას განვიცდიდი. ის ემოცია ახლაც მომყვება. გუშინ ვეღარ დავიძინე. ვიჯექი, ვფიქრობდი, ხან ცრემლები მომდიოდა, ხანაც ვიცინოდი... საოცარი დღე იყო.

- ჰო, სცენაზეც იტირე...

- სიმღერის მიწურულს, დარბაზს რომ გადავხედე, გავგიჟდი. ისეთი რამ არც ერთ კონკურსზე არ მინახავს, ყველას ფანი გაერთიანდა და ფეხზე იდგნენ. ამის შემხედვარეს თვალებზე ცრემლი მომერია. მერე შემეშინდა, ემოციისგან გული არ წამივიდეს-მეთქი. ია ნინიძე, ამხელა ქალიც მთელი სიმღერის განმავლობაში ფეხზე იდგა. მოკლედ, საითაც გადავიხარეთ, მაყურებელი იქით წამოგვყვა. ვგრძნობდი, რომ ჩვენთან ერთად სუნთქავდა მთელი დარბაზი... მერე საოცარი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს გამოსვლას. ღმერთს მადლობა, რომ ასეთი ბედნიერი დღე გვაჩუქა. არ ვიცი, შემდეგ ტურებზე რაღა უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი გავიმეოროთ ვოკალურად, ემოციურად. თავის ქებასავით კი გამომდის... სიმღერის დროს საერთოდ არ ვფიქრობდი, რას ვაკეთებდი. სცენაზე რაც ხდებოდა, აბსოლუტურად დაუგეგმავი იყო და გაამართლა! თავისუფლება გვქონდა როგორც ქცევაში, ასევე ვოკალურად.

- რას იტყვი შენს პარტნიორზე?

- ვერ ვგრძნობ, რომ ლევანი არაპროფესიონალი მომღერალია. ვამბობ თამამად, რომ ბევრ პროფესიონალს სჯობია კი არა, არც შევადარებ. საოცრად მუსიკალურია, გაჟღენთილია მუსიკით და ემოციას არ იგონებს.

მოკლედ, რაც გუშინ მოხდა, არ დაგვიგეგმავს. მადლობა ყველა იმ ადამინს, ვინც გადაწყვიტა, რომ ჩემი და ლევანის დუეტი შემდგარიყო... გული კი დამწყდა, რომ მამუკამ და სოფომ კონკურსი დატოვეს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე-სთვის"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება