როგორ ეხმაურება ''ორი ვარსკვლავის'' პროდიუსერი გადაცემის მწვავე კრიტიკას

როგორ ეხმაურება ''ორი ვარსკვლავის'' პროდიუსერი გადაცემის მწვავე კრიტიკას

მას მერე, რაც ''იმედის'' ეთერში ''ორი ვარსკვლავის'' ანონსები გავიდა და მაყურებელმა მონაწილეთა შესახებ შეიტყო, მოუთმენლად ელოდა ახალი მუსიკალური პროექტის დაწყებას. მუსიკალურმა შოუმ სტარტი წინა ორშაბათს აიღო. იმავე საღამოს სოციალური ქსელები ამ შოუსთან დაკავშირებული სტატუსებითა და კომენტარებით აჭრელდა. ''ფეისების'' უმეტესობა უკმაყოფილებას არ მალავდა და ისინიც, ვინც ნოეს ამხნევებდნენ, მაგალითად, ლალი მოროშკინა, ყურის ტკივილს უსვამდნენ ხაზს. ჩვენ პროექტის პროდიუსერთან, ნოე სულაბერიძესთან და მუსიკალურ ხელმძღვანელთან, რუსა მორჩილაძესთან ჩავწერეთ ინტერვიუ.

- ნოე, ''ორი ვარსკვლავის'' პირველივე კონცერტს ''ფეისბუქზე'' საოცარი სტატუსები მოჰყვა. მაყურებელი, ძირითადად, უკმაყოფილებას გამოხატავდა...

- მაყურებელში ცნობილ ადამიანებს გულისხმობთ?

- ჩემს მეგობრებში ძირითადად ჩემი რესპონდენტები ჭარბობენ, შესაბამისად, მათი უკმაყოფილო სტატუსები მომხვდა თვალში.

- მაშინ მაყურებელი და ცნობილი სახეები ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. რაც შეეხება მაყურებელს, როცა რაღაც არ მოსწონს, ამას აფიქსირებს იმით, რომ გადაცემას არ უყურებს. ძალიან მარტივია. ფსიქოლოგიური მომენტია, შეიძლება, რაღაც დიდად არ მოგწონდეს, მაგრამ საყურებლად გიზიდავდეს, სიამოვნებას არ განიჭებდეს, მაგრამ გაინტერესებდეს. ამიტომ მგონია, რომ კრიტიკის დიდი ნაწილი წამოვიდა იმ საზოგადოებისგან, რომელიც ან სხვა ტელევიზიის თანამშრომლია, ან განაწყენებულია ჩვენზე იმის გამო, რომ პროექტში ვერ მივიწვიეთ. ზოგადად კრიტიკას მივესალმები და თუ ის რეალურია, ვითვალისწინებ კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია, რომ კრიტიკა იყო სუბიექტური. სმენა და ხმა არ აქვთ მონაწილეებსო, რომ ამბობენ, პროექტი ამას მოიაზრებს კიდეც. ეს არ არის ვოკალური კონკურსი, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ხმაში ეჯიბრებიან. ეს არის გასართობი შოუ და სულ არ არის სავალდებულო, მონაწილეს კარგი ვოკალური მონაცემები ჰქონდეს. ბრიტანელები, ვისგანაც პროექტი ვიყიდეთ, პირიქით გვეუბნებოდნენ, უკეთესია, მეტი უსმენო მონაწილე გყავდეთ პროექტშიო. ფორმატი არის სახალისო.

- რატომ უნდა ვუყუროთ ისეთ მუსიკალურ პროექტს, რომელიც არც ვოკალზე, არც ხმაზე და არც სმენაზე არ არის გათვლილი?

- შეკითხვა არასწორად არის დასმული. მე ვამბობ, რომ მონაწილეს არ მოეთხოვება უნიკალური ვოკალური მონაცემები. უსმენო არავინაა. ერთი გამოსვლა შეიძლება, ბიონსემაც ჩააგდოს. ვის სთხოვენ პროფესიონალიზმს, ადამიანებს, რომლებიც პირველად გამოვიდნენ სცენაზე?! ძალიან ცუდი თვისება გვაქვს. კრიტიკისთვის ყველა ყოველთვის მზად არის და ჩუმად ვართ, როცა რაღაც კარგი კეთდება ან იმ კარგშიც პატარა გასაკრიტიკებელ დეტალს ვეძებთ. 12 ცნობილი სახე და 12 მომღერალია ჩვენს შოუში, მეტის უფლება, უბრალოდ, არ გვქონდა. ამიტომ ნუ გაგვინაწყენდებიან, შეიძლება, ახლა ვერ მივიწვიეთ, მაგრამ აუცილებლად გვეყოლებიან შემდეგ სეზონებზე მონაწილის, ჟიურის თუ წამყვანის სტატუსით ამ ან სხვა პროექტებში. ხშირად ვხედავ ტიპებს, რომლებიც ჩასაფრებულები არიან. ასეთ პოზიციაში მყოფნი ადვილად იშიფრებიან.

- ''ცეკვავენ ვარსკვლავებიც'' იყო შოუ, თუმცა მისი არც ერთი მონაწილე ასე არავის გაუკრიტიკებია.

- არასწორი შედარებაა... ეს ფორმატი ზუსტად ამას მოიაზრებს...

- რას, რომ მონაწილეებს სმენა არ ჰქონდეთ?

- არ არის აუცილებელი, ჰქონდეს. ვინმეს ისეთი კარგი ხმა რომ ჰქონოდა, ვერ განგვესხვავებინა პროფესიონალი მომღერლისგან, შოუში არ მოვიყვანდით.

- რისი თქმა გინდა, სპეციალურად შეარჩიეთ მონაწილეები, რომლებსაც სმენა არ ჰქონდათ?

- არ ვამბობ, რომ ჩვენს კონკურსანტებს სმენა არ აქვთ, ყველას აქვს სმენა გარკვეული დოზით. უბრალოდ, ვიღაცამ მეტად ინერვიულა ეთერის წინ და ვიღაცამ - ნაკლებად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რიგითი მაყურებლის კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია. თუნდაც არ იყოს რიგითი მაყურებელი და იყოს რომელიმე კონკურენტი ტელევიზიის წარმომადგენელი. არსებობს ობიექტური და სუბიექტური კრიტიკა. დიდი მნიშვნელობა აქვს, შენიშვნას რა ფორმით წერ. სადღაც იგრძნობა ბოღმა და სადღაც - იუმორი. მაგალითად, თიკო სადუნიშვილს იმდენად კარგი იუმორით გაჯერებული სტატუსი ჰქონდა, რომ თვითონ გამეცინა, არც გავღიზიანებულვარ. ასეთივე სტატუსი ჰქონდა პაატა იაკობაშვილს, ''რუსთავი 2''-ის ჟურნალისტს, - ''ნოემ ეს ხალხი კიდობნისთვის გაამზადაო''. ისე მომეწონა, დავაკომენტარე კიდეც.

- ისეთებიც იყვნენ, ვინც ''ორი ვარსკვლავი'' ''იუმორინას'' შეადარა.

- მართლა?

- კი, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სტატუსში ამოვიკითხე ეს შედარება.

- ეკა კვესიტაძეს გადაცემებს არ შევადარებ არაფერს. ყველას თავისი შეხედულება აქვს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება