ლევან წულაძის მიერ სიცილ-ხარხარში დადგმული შექსპირი

ლევან წულაძის მიერ სიცილ-ხარხარში დადგმული შექსპირი

მოზარდ მაყურებლთა თეატრის სცენაზე რეჟისორმა ლევან წულაძემ "რომეო და ჯულიეტა" დადგა. წარმოდგენა შექსპირის დაბადებიდან 450 იუბილეს მიეძღვნა. რეჟისორმა მოქმედება XX საუკუნის 20-იან წლებში გადაიტანა, რითაც სპექტაკლს მოულოდნელი დეტალები და ელფერი შესძინა. დადგმისთვის სპეციალურად შეიქმნა და აიგო მინის დეკორაცია, რომელიც სცენების მიხედვით, ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ითავსებს: სახლი, აივანი, ტაძარი და სადგური. ორმოქმედებიან ტრაგედიაში შექსპირს ძველ ეგვიპტური და ჰაფესის პოეზიის ნიმუშები ერწყმის... კოსტიუმები სპექტაკლში მოცემული დროის ადეკვატურია, რომელიც მხატვარ ნინო სურგულაძეს ეკუთვნის.

კახი კავსაძე:

- დავესწარი სპექტაკლს და ძალიან მომეწონა. ჭოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა კაცია. და კიდევ, რა კარგია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობები მოდიან. ყველას დიდი წარმატებებს ვუსურვებ.

- რატომ აირჩიეთ სამუშაოდ ეს ეპოქა?

ლევან წულაძე:

- ამაში ახალი არაფერია, შექსპირი უკვე იმდენჯერ დაიდგა და იდგმება, რომ ეს უკვე ძველ ხერხადაც მიმაჩნია. პირიქით, უკეთესი იქნებოდა, თუ მეტი ინოვაციაც იქნებოდა, რომ შექსპირი იმ პერიოდის გათვალისწინებით დამედგა, რომელშიც პიესა დაიწერა. თავად შექსპირისთვის მნიშვნელოვანი არ იყო ეპოქის სიზუსტეები.

- სპექტაკლში უმეტესად ახალგაზრდა მსახიობები თამაშობენ. რატომ?

- ახალგაზრდები უნდა ყოფილიყვნენ, დიახ, მხოლოდ ახალგაზრდა, თეატრალური თვალსაზრისით, გაუწვრთნელ ადამიანებს უნდა ეთამაშათ, თუმცა არც ისეა საქმე, რომ მთლად გამოუცდელები არიან.

თეკლა ჯავახაძე, ჯულიეტა:

- ეს როლი ჩემთვის ცხოვრების ახალი ეტაპია...

- აქამდე როლი არ გითამაშია?

- 24 წლის ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი, ბატონი გიორგი შალუტაშვილის ჯგუფი დავამთავრე. ეს როლი ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია. ბევრი ვიფიქრეთ, ვიშრომეთ, გვინდოდა, კარგი გამოსულიყო...

ჯულიეტას როლზე ყველა დამწყები მსახიობი ოცნებობს, გულწრფელად გეტყვით, არ მიოცნებია. თუმცა მიფიქრია, რომ ამას ასე ვითამაშებ-მეთქი... მოკლედ, ერთობლივად შევთანხმდით და ჯულიეტა უკვე რეალობაა. მნიშვნელოვანია, წარმოსახულს რეალობად როგორ აქცევ და როგორ ითამაშებ... ეს როლი არის არაჩვეულებრივი.

- ბატონ ლევანთან მუშაობა მოგეწონა?

- სპექტაკლზე სიცილ-ხარხარით ვიმუშავეთ, ყოველი რეპეტიცია ასე იწყებოდა. ასე მხიარულად და ბედნიერად დავდგით "რომეო და ჯულიეტა". რა თქმა უნდა, ბოლოს დაძაბულები კი ვიყავით, მაგრამ მასზე მუშაობა ნაყოფიერი იყო.

- ეს დამწყები მსახიობი ამ როლზე როგორ დაგამტკიცეს?

- თავიდან ზოგადად დასის ქასთინგზე მოვედი. როგორც ვიცი, ბატონმა ლევანმა იმ ქასთინგის ჩანაწერი ნახა და ჩემით დაინტერესდა. დამირეკეს: ერთ კვირაში ლევან წულაძის სპექტაკლზე სათამაშოდ მობრძანდითო. თავიდან მეგონა, მეხუმრებოდნენ. მოკლედ, ჩემი დებიუტი ამ თეატრში საპასუხისმგებლო და სანერვიულო აღმოჩნდა.

კოტე თოლორდავა, კაპულეტი:

- სულ მინდოდა, ლევან წულაძესთან მემუშავა, მაგრამ ვერასდროს გადავიკვეთეთ. ახლა შევხვდით და კმაყოფილი ვარ. რა სჯობია, კარგ რეჟისორთან კარგი როლის თამაშს. საერთოდ საკუთარი თამაშით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ხოლმე.

ამჯერად ჯულეტას მამის როლი მაქვს. გვინდოდა, რომ გარეგნულად შევცვლილიყავი... თუ გამომივიდა, მაშინ სამუშაოს 50 პროცენტი გამიკეთებია. თუ ასეა, მაშინ იმედი მაქვს, რომ დანარჩენი მოვა. შექსპირი სხვა დროსაც მითამაშია. ბავშვობაში რომეოც ვყოფილვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არ მიყვარს.

მანანა ბერიკაშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე:

- ამ თეატრში კარგი საქმეები კეთდება. მიხარია, რომ წარმატებული თეატრი გახდა. დიმა ხვთისიაშვილმა (ხელმძღვანელი) კარგი ტრადიცია დაამკვიდრა. უკვე მერამდენე რეჟისორი მოიწვია. იდგმება სხვადასხვა ჟანრისა და სტილის სპექტაკლები. "რომეო და ჟულეტა" ძალიან სასიამოვნო სპექტაკლია. როდესაც წარმოდგენას ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ ჭოლამ ის მოზარდებისთვის შექმნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მსახიობებიც სხვა კუთხით წარმოჩინდნენ, საკმაოდ კარგად თამაშობენ... ეს ყველაფერი თეატრისთვის, რომელსაც ფაქტობრივად, ამდენი წლის განმავლობაში ეძინა, დიდი გამოცოცხლებაა. როგორც ვიცი, ერთი წლის განმავლობაში 22 პრემიერა ჰქონდათ.

ჟულიეტას ძიძა, ნათია კუპატაძე:

- ასეთ როლი არ შმისრულებია, საოცარია. შექსპირიც არასოდეს მითამაშია და შესაბამისად, მეშინოდა. თან, ასეთ რეჟისორთანაც არ მიმუშავია. ჭოლას მადლიერი ვარ, რომ ამ როლზე ამიყვანა. რა როლი ყოფილა. ყველა მსახიობი ქალის სანატრელი. ბედნიერი ვარ.

ლალი ფაცია

სპეციალურად ''ამბები.გე''-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება