რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელფასს გადაიტანს და ანგარიშს გახსნის ბანკში, რომელსაც აშშ-მ სანქციები დაუწესა.
სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავად პუტინმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სანქციების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ანგარიში მოისმინა.
"მე პირადად ბანკ "როსიაში" ანგარიში არ მქონდა, მაგრამ აუცილებლად გავხსნი მას ორშაბათს", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
სხდომის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განკარგულება უკვე გასცა ბანკ "როსიაში" ანგარიშის გახსნის შესახებ და უფრო მეტიც, თავის ხელფასსაც იქ გადაიტანს.
სააგენტოს ცნობით, პუტინმა, ასევე, ირონიული დამოკიდებულება გამოამჟღავნა რუსეთის ფედერაციის კონკრეტული მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჯერჯერობით თავს შეიკავებს აშშ-ს მიმართ საპასუხო სანქციებისა და უკრაინასთან სავიზო რეჟიმის შემოღებისგან.
ამასთან, Visa-მ და Mastercard-მა ბანკ "როსიას" კლიენტების საგადასახადო ოპერაციებისათვის მომსახურების გაწევა შეწყვიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
ბანკი "როსია" ერთ-ერთია იმ კომპანიებიდან, რომლის წინააღმდეგ აშშ-ის მთავრობამ სანქციები დააწესა. ბანკში განმარტეს, რომ მათ თავად პლასტიკური ბარათებით ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ დაუწესებიათ.
მომზადებულია interfax.com-ის მიხედვით.