მაკო კვიტაიშვილი შეყვარებულია

მაკო კვიტაიშვილი შეყვარებულია

მომღერალი მაკო კვიტაიშვილი პროექტის - "ორი ვარსკვლავი" მონაწილეთა შორის ასაკით ყველაზე პატარაა. როგორც ამბობს, როდესაც პროექტიდან დაურეკეს და მონაწილეობა შესთავაზეს, დიდხანს არ უფიქრია, ამ წინადადებას მაშინვე დათანხმდა, რადგან რისკი და სიახლეები ძალიან უყვარს.

- 20 წლის გახლავართ და კონკურენტებს ხშირად ვეხუმრები: ვინაიდან თქვენზე პატარა ვარ, ყველანი უნდა მომეფეროთ-მეთქი (იცინის).

- დედაშენმა (ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე) რა გითხრა, როდესაც გაიგო, რომ პროექტში მონაწილეობას აპირებდი?

- მითხრა, ამ წინადადებას დათანხმდიო. დედას მოსწონს ასეთი ტიპის კონკურსები.

- შენს მეწყვილეს - მორაგბეს, საქართველოს ნაკრების წევრს, გივი ბერიშვილს მანამდე თუ იცნობდი?

- გივი პროექტში გავიცანი. ძალიან კარგი პარტნიორი მყავს, რაღაცებში ერთმანეთს ვგავართ კიდეც.

- პირველი გამოსვლის შემდეგ ბევრი გაკრიტიკებდათ. ამან შენზე როგორ იმოქმედა?

- წავიკითხე ის კრიტიკული მოსაზრებები, რაც სოციალურ ქსელებში თუ პრესით გავრცელდა. მე ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ, ამას მიჩვეული ვარ. მერწმუნე, ყველას მოსაწონს ვერასდროს ვერაფერს გააკეთებ. პროექტი ზოგს მოეწონება, ზოგს - არა. რაც შეეხება ჩემს მეწყვილეს, მან ძალიან ინერვიულა და ეს გასაკვირი სულაც არ არის. ბოლოს და ბოლოს, პირველად მოუხდა სიმღერის ცოცხლად, თანაც პირდაპირ ეთერში შესრულება. გივის ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ეს პირველ კონცერტზე გააკეთა და მაყურებელი ამაში მალე დარწმუნდება.

- გარდერობის განახლებას ყოველი ახალი სეზონის დადგომამდე ახერხებ?

- როცა მაქვს საშუალება, რაიმე ვიყიდო და გარდერობი განვაახლო, უკან არასდროს ვიხევ. მომწონს მაღაზიებში სიარული და რაღაცების შეძენა. ისე, არ მეგულება ქალი, რომელსაც შოპინგი არ უყვარს. ეს მეც არასოდეს მღლის.

- როგორია შენი ჩაცმის სტილი?

- არ ვიცი, ამას არ დავკვირვებივარ. ალბათ როგორ ხასიათზეც ვარ, იმის მიხედვით ვიცვამ. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, კლასიკურად არასოდეს გამოვიყურები. ასეთ სამოსს მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციაში თუ ჩავიცვამ.

- სამოსს, ძირითადად, ყიდულობ თუ იკერავ?

- ახლა მაღაზიებში სამოსის ისეთი მრავალფეროვანი არჩევანია, რომ დიზაინერებთან, მკერავებთან ძალიან იშვიათად მივდივარ. ძალიან მიყვარს შავი და ნაცრისფერი სამოსი, მაგრამ ჩემს გარდერობში სხვა ფერის ტანსაცმელსაც ნახავთ.

- შოპინგზე ვისთან ერთად დადიხარ?

- მეგობრებთან, დასთან, დედასთან ერთად შოპინგი ყოველთვის სასიამოვნოა. მათ რჩევასაც ვთხოვ ხოლმე; ვეკითხები, - ეს მიხდება თუ არა-მეთქი? ისე, შოპინგზე მარტო სიარულიც მიყვარს.

- მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებ უპირატესობას თუ "დაბლებს"?

- პირველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რომ ჩავიცვი, 17 წლის ვიყავი. მახსოვს, ძალიან მომწონდა, თან - მერიდებოდა, რომ მეცვა... ყოველდღიურად "მაღლებით" სიარული ჩემთვის არაკომფორტულია. ასეთ ფეხსაცმელს მხოლოდ მაშინ ვიცვამ, როცა წვეულებაზე ან რაიმე ღონისძიებაზე მივდივარ.

- აქსესუარები თუ გიყვარს?

- აქსესუარები სამოსზე მეტად მიყვარს, ამიტომ ძალიან ბევრი მაქვს. განსაკუთრებით, ოქროსფერი სამკაული მომწონს. მიყვარს სათვალეები და ამ აქსესუარის შესაძენად ფული არასდროს მენანება.

- რაიმეს შეძენისას უპირატესობას ხარისხს ანიჭებ თუ ფასს?

- ფასი მეორეხარისხოვანია. ჩემთვის მთავარია, მომეწონოს და მომიხდეს. შეიძლება, იაფფასიანი სამოსი ისე ჩავიცვა და მოვიხდინო, რომ მის ღირებულებას ვერავინ მიხვდეს.

- მაკიაჟს ყოველდღე იკეთებ?

- მაკიაჟი პირველად 16 წლისამ გავიკეთე, ამ პერიოდში დავიწყე გაპრანჭვა. თუ "ზაგარი" მაქვს, მხოლოდ ტუშითა და პომადით შემოვიფარგლები, მაგრამ ნამზეური თუ არ მაქვს, მაშინ მაკიაჟის გარეშე მაღაზიაშიც არ ჩავდივარ.

- თმას იღებავ? ვარცხნილობას ხშირად იცვლი?

- მუქი ყავისფერი თმა მაქვს, რომელიც შავში გადადის. პირველად თმა შარშან შევიღებე. რაც შეეხება ვარცხნილობას, - ადრე ხშირად ვიცვლიდი, ამ მხრივ ექსპერიმენტს არ ვერიდებოდი, მაგრამ 2 წელია, თმას ვიზრდი. თუმცა, ამ ხნის მანძილზე ბევრჯერ მომინდა, ახალი ვარცხნილობა გამეკეთებინა.

- სახლიდან გასვლის წინ სარკესთან ბევრ დროს ატარებ?

- სარკე ჩემი სუსტი წერტილია. სახლიდან გასვლამდე მასში რამდენჯერმე უნდა ჩავიხედო. სამოსს ბევრჯერ ვიცვლი, ასევე - ბევრ დროს ვუთმობ მაკიაჟის გაკეთებას, ბოლოს კი აქსესუარებს ვარჩევ დიდი მონდომებით.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- არ მიყვარს ჩემს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ შეყვარებული ვარ.

- შეყვარებული მაკო უფრო მეტად პრანჭია ხომ არ გახდა?

- სხვათა შორის - არა. ისეთი ვარ, როგორიც აქამდე ვიყავი და გამუდმებით იმას ვცდილობ, რომ საკუთარი გარეგნობა ზედმეტი რაღაცებით არ გადავტვირთო.

- შეყვარებულს მოეწონა შენი გამოსვლა "ორი ვარსკვლავის" სცენაზე?

- ის დარბაზში იჯდა და მთელი გულით მგულშემატკივრობდა. რაც შეეხება იმას, ჩემი გამოსვლა მოეწონა თუ არა, მასთან ამ თემაზე არ მილაპარაკია. ისე, მისი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მგონი, მოეწონა (იღიმის).

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება