ლეო ანთაძის ტკივილი და სიხარული

ლეო ანთაძის ტკივილი და სიხარული

მისი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. წარსულიდან ტკივილიც ბევრი ახსოვს და სიხარულიც. პატარა ბიჭი იყო, როცა მსახიობმა ნატო ვაჩნაძემ უწინასწარმეტყველა, - შენგან კარგი მსახიობი დადგებაო. დამსახურებული არტისტის წოდება 26 წლის ასაკში მიიღო, მაშინდელ საბჭოთა კავშირში კი მსგავსი პრეცედენტი არც არსებობდა. თითქმის 60 წელია, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დგას. ის საქართველოში უყვართ და აფასებენ. თავადაც დიდ სითბოს გასცემს, ქველმოქმედებაში აქტიურად არის ჩართული და ამბობს: "ვიდრე ცოცხალი ვარ, არ მოვისვენებ, ასე ვივლი რეგიონებში და სპექტაკლებს ჩავატარებ". მსახიობი ლეო ანთაძე საკუთარი ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს.

- მამა რეჟისორი იყო, დედა - მსახიობი. ხელოვნებას ადრეული ასაკიდანვე ვეზიარე. ჩვენს ოჯახში მწერლები და მსახიობები ხშირად იკრიბებოდნენ. ბებიაჩემი ნინო ნაკაშიძე გახლდათ. პატარა ბიჭი ვიყავი, როცა პიესების წერა დავიწყე, ეზოს ბავშვებს ავიყოლიებდი და საოჯახო სპექტაკლებს ვდგამდით. დრამატულ წრეზეც დავდიოდი. პატარაობისას კალათბურთით და ჭიდაობითაც ვიყავი გატაცებული. ერთხელ სტადიონზე თამაშს ვესწრებოდი. ერთი კალათბურთელი არ მოვიდა და მითხრეს, - თუ გინდა, სტადიონზე გაგიყვანთო. ვარჯიში ახალი დაწყებული მქონდა და წესებიც არ ვიცოდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. ჩემთვის ფორმა არ აღმოჩნდა. იმ დღეს დედაჩემის შეკერილი ფართო ფოხანი მეცვა. კერვის დროს ქსოვილი დააკლდა და წინ სხვა ფერის ნაჭერი ჩაამატა. სტადიონზე ფოხანით გავედი. ხალხმა იხუვლა (ძალიან ბევრი მაყურებელი ესწრებოდა). თამაშს ვინღა უყურებდა, ყურადღების ცენტრში ვიყავი. ბურთს რომ მაწოდებდნენ, დაჭერაც მიჭირდა. ეს კომედია იყო, მაგრამ ის თამაში მოვიგეთ. გასახდელში რომ შევედით, ჩემს სანახავად მოსული ხალხის რიგი დადგა, იცინოდნენ. მაშინ მეშვიდე კლასში ვიყავი. მერე კალათბურთს კარგად დავეუფლე, გამთამაშებელი ვიყავი, მაგრამ ჩემი ტანის კაცისგან კარგი კალათბურთელი ვერ გამოვიდოდა.

- თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების პერიოდი როგორ გახსოვთ? თქვენი გამომცდელები ვინ იყვნენ?

- აკაკი ხორავა და დოდო ალექსიძე. ხორავას თვალში არ მოვუვედი, რადგან რუსთაველის თეატრის სცენისთვის ტანად და წარმოსადეგ ბიჭებს არჩევდა. ისეთი ეტიუდები მომცა, შესრულება ყველას გაუჭირდებოდა. დამავალა, - 3 წერილი დაწერე: ერთით მეგობარს სამწუხარო ამბავი ამცნე, მეორით - სასიხარულო და მესამე წერილით ფული სთხოვეო.

- ხორავამ ამის გამო დაგიწუნათ?

- დამიწუნა, მაგრამ ალექსიძემ მიშველა. ლექსი წამაკითხა და თქვა, - ამ ყმაწვილს ჩემს გუნდში ავიყვანო.

- სტუდენტობისას ხორავასთან შეხება აღარ გქონიათ?

- სადიპლომო სპექტაკლში მასთან ერთად "ორი ბატონის მსახურში" ვითამაშე. წარმოდგენა რომ დამთავრდა, გულში ჩამიხუტა, მომეფერა და მითხრა, - რუსთაველის თეატრში უნდა წამოხვიდეო. ხომ არ ვეტყოდი, ის ბიჭი ვარ, თქვენ რომ დაიწუნეთ-მეთქი (იცინის)?! სიმართლე ვუთხარი: უკვე მარჯანიშვილის თეატრში, ყუშიტაშვილმა წამიყვანა-მეთქი. ამ თეატრის დასში 1955 წლიდან ვარ.

- მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე თქვენი პირველი როლი გამორჩეულად გახსოვთ?

- ყუშიტაშვილმა "ზვავი" დადგა, სადაც პატარა, ობოლი ბიჭის როლს ვასრულებდი. დიდი მსახიობები მეფერებოდნენ. ერთ დღეს ვასო გოძიაშვილმა მუხლებზე დამისვა და მითხრა: იცი, რა კარგი ხარო? უფროსებისგან დიდ სითბოს ვგრძნობდი და ეს სტიმულს მაძლევდა.

- თქვენი სამსახიობო ბიოგრაფია იმითაც არის გამორჩეული, რომ 26 წლის ასაკში დამსახურებული არტისტის წოდება მოგანიჭეს.

- დიახ, ჩემამდე ეს წოდება 29 წლის ასაკში ერთ რუს მსახიობს ჰქონდა მინიჭებული და მისი რეკორდი მოვხსენი.

- ეს წარმატება რომელმა როლმა მოგიტანათ?

- "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ზურიკელას როლი ვითამაშე. ეს სპექტაკლი 600-ჯერ მაინც მაქვს ნათამაშები. ამ როლში თავს კარგად ვგრძნობდი.

- და დღემდე გამორჩეულად გიყვართ?

- ასეც ვერ ვიტყვი, სხვა როლებიც მიყვარს.

- ფილმის - "ყვავილი თოვლზე" გადასაღებ მოედანზე როგორ მოხვდით?

- მანამდე იყო სპექტაკლი "მკაცრი ქალიშვილები", რომელშიც ერთი პატარა, მაგრამ სახასიათო როლი შევასრულე. სპექტაკლი შოთა მანაგაძის შვილს, ნოდარს უნახავს და მამისთვის ურჩევია, - კახაბერის როლზე ლეო ანთაძის გარდა, არავინ აიყვანოო. სპექტაკლი შოთამაც ნახა და როლზე დამამტკიცა. მაშინ მისი ეს ნაბიჯი გააპროტესტეს, უსაყვედურეს, - ბევრი მსახიობი უნდა გასინჯო და არჩევანი ისე გააკეთოო. მან არავის დაუჯერა.

- გადაღების პერიოდი როგორ გახსენდებათ?

- თოვლში ბევრი ვიგორავე. ერთი კადრია, სადაც მე და ჯულიეტა ვაშაყმაძეს თოვლს გვაყრიან, ვიფარებით; მერე ორივე ერთდროულად უნდა ამოვიდეთ და გავიღიმოთ. მაშინ ამ ყველაფრის გაკეთება ტექნიკურად რთული იყო. რომ დაგვმარხეს, მერე დაიწყეს განათების დაყენება და ვგრძნობდი, ყინული ფილტვებში როგორ ჩამდიოდა. ჰოდა, ვეღარ გავძელი და ამოვხტი. გაბრაზებულმა ვიყვირე, - ამდენი ხანი რას აკეთებთ-მეთქი? ხელახლა ჩამფლეს. მერე გადაღება დაიწყო. თოვლიდან ორივე ამოვედით და ჯულიეტას შევხედე, - თმაგაწეწილს, გრძელ წამწამებსა და წარბებზე თოვლი ისე სასაცილოდ ეყარა, რომ გულიანად გადავიხარხარე. ოპერატორმა თქვა, კიდევ ერთი დუბლი უნდა გადავიღოთო. მიზეზად არასწორად დაყენებული განათება დაასახელა. მეორე კადრიც გადაიღეს, მაგრამ ისე გულიანად აღარ გამეცინა. გული დამწყდა, რადგან უმნიშვნელო ჩრდილის გამო ეს კარგი კადრი ფილმში არ შევიდა.

- ბატონო ლეო, თოვლში ჩაფლობა არ სჯობდა ზურაბ ქაფიანიძისგან რამდენჯერმე ცემას, რომელიც ფილმის - "წკიპურტები" გადაღებისას დაგემართათ?

- აბა, ეგ რა გამახსენე, იცი, რა მაგრად მცემა? პირველი კადრი რომ გადავიღეთ, რეჟისორი უკმაყოფილო იყო და ზურას უთხრა, - გეტყობა, გამეტებით არ ურტყამო. მეორე დუბლი გადავიღეთ, ნეკნებთან ბალიშები ჩამიდეს, თან ზურას ახელებენ: "დაჭმუჭნე! დაარტყი! შუაზე გახიე!.." მგონი, 10 დუბლი გადავიღეთ, რეჟისორი კი კვლავ უკმაყოფილო იყო. ზურა გაბრაზდა, - ასე გამეტებით როგორ ვცემოო?! - და გადასაღები მოედნიდან გაიქცა. დავედევნე, დიდხანს ვეხვეწე: ოღონდ მობრუნდი და მცემე-მეთქი. მობრუნდა და მერე მართლა ძალიან მირტყა. რამდენიმე დღის შემდეგ რეჟისორს დავურეკე, - რა ხდება-მეთქი? თან ისეთ დღეში ვარ, ყველაფერი მტკი­ვა, ძლივს ვლაპარაკობ. მასალა ვნახე, ყველაფერი კარგად არის, ოღონდ შენი ცემის სცენა ხელახლა უნდა გადავიღოთ, იმ ადგილზე ფირია გაკაწრულიო... წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა. ქაფიანიძემ კიდევ ერთხელ მცემა, სულ დალურჯებული ვიყავი.

- მსახიობების ნაწილს ფილმში თამაშს ურჩევნია, სცენაზე იდგეს. თქვენს შემთხვევაშიც ასეა?

- კამერის წინ მუშაობაც მიყვარს და სცენაზე თამაშიც. ეს სხვადასხვა გრძნობაა, ერთმანეთს ვერც კი შევადარებ, მაგრამ დარბაზიდან უფრო მეტი ემოცია მოდის.

- მარჯანიშვილის თეატრის წინ ერთ ვარსკვლავს თქვენი სახელი და გვარი აწერია. ეს რა განცდაა?

- სასიამოვნოა, რადგან ეს ჩემი შემოქმედების დაფასებაა.

- შემინიშნავს, გამვლელები ვარსკვლავებზე ფეხის დადგმას ერიდებიან...

- მეც ასე ვიქცევი, ფეხს ვარიდებ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ აღმაშენებელმა დაიბარა, - ფეხი გულზე დამადგითო.

- ერთხელ თქვით, - "ჩემი ცოლის დაქალებში" ნათესავის პროტოტიპს ვთამაშობო.

- დიახ. ბავშვობაში ოზურგეთში ნათესავებთან ხშირად დავდიოდი. მამაჩემის ბიძაშვილის მეუღლე განსხვავებული გურული კაცი იყო.

- "განსხვავებული გურული" როგორია?

- გურულები ხომ ფიცხები და სწრაფები არიან, ეს კაცი კი დინჯი იყო, აუჩქარებელი. ორ სიტყვას არ ამბობდა, მაგრამ თუ იტყოდა, მთელი ოჯახი კანკალებდა. წესრიგი უყვარდა. ერთხელ ცოლმა ღომი მიართვა. - რაია, ქალო, ეს? - რაია და ღომია. - რაის ღომია, ეს ღომი კი არა... მთელი საათი ასე გაგრძელდა. - წისქვილში დაფქული ღერღილის ღომია, - მის დარწმუნებას ცდილობდა მეუღლე, მაგრამ ამაოდ. ღომი ღომია და რა ვიცი, სხვანაირი როგორი უნდა ყოფილიყო?

- თეატრსა და კინოში არაერთი როლი გაქვთ ნათამაშები. თქვენთვის ყველაზე ახლობელი რომელია?

- ადამიანში ყველანაირი ხასიათია თავმოყრილი, მაგრამ ზოგი მიძინებულია, ზოგი - მძაფრად გამოხატული. რაღაც საერთო ყველა გმირთან შეიძლება გამონახო. როგორი ხასიათიც როლს სჭირდება, შენში ის თვისება უნდა გააღვიძო, მსახიობს ეს უნდა შეეძლოს. მთავარია, მაყურებლამდე გმირის ემოცია მიიტანო. "კახაბერის ხმალში" ქოსატყუილას როლს ვასრულებდი, ამ გმირისთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობდა, ყველა სიტუაციიდან სუფთად ძვრებოდა და ეს ღრმად ფილოსოფიური როლი დღემდე გამორჩეულად მიყვარს.

- მითხარით, რომ ფილმზე - "ყვავილი თოვლზე" პირდაპირ დაგამტკიცეს. იმავენაირად მოხდა "ფორტ ბოიარდის" გადაღებისას, არა?

- ამ შემთხვევაში საბოლოო სიტყვა ფრანგ რეჟისორს უნდა ეთქვა. მის ჩამოსვლამდე ქართველმა რეჟისორმა გადამიღო, თან მითხრა, - ნეტავ, თქვენ შეგარჩიონო! ფრანგ კოლეგას პირველად ჩემზე გადაღებული ვიდეო უჩვენა. მან კი თქვა, - საკმარისია, სხვა აღარ მაინტერესებს, ეს მსახიობი უნდა დავამტკიცოო. მერე ისეთი რაღაც დასძინა, რომ თქვენ კი გეტყვით, მაგრამ მეუხერხულება, სირცხვილია და ჟურნალში ნუ დაწერთ...

- ასეთი რა თქვა?

- ბედნიერია ის ერი, რომელსაც ასეთი მსახიობი ჰყავსო. ნამეტანი მოუვიდა. კეთილი მოხუცი ვიყავი და მინდოდა, მონაწილეებს ამოცანა გამოეცნოთ. მე, ნანიკო ხაზარაძე და დუტა ლა როშელში ვცხოვრობდით. ქართველებისგან შეკრებილი გუნდები ჩამოდიოდნენ და მალევე უკან ბრუნდებოდნენ. ჯუჯები ისეთი სასაცილოები იყვნენ, ქალს არ გაუშვებდნენ, მისთვის რომ არ ეჩქმიტათ.

- ბატონო ლეო, თქვენს ქველმოქმედებაზე უნდა გკითხოთ. ვიცი, რომ რეგიონებში ხშირად დადიხართ და სპექტაკლებს ატარებთ.

- სამების ტაძარი რომ ვნახე, აღვფრთოვანდი და მაშინვე გავიფიქრე, - რაღაც მეც უნდა გავაკეთო-მეთქი. ზამთარი იყო. მეორე დილით ადრიანად ავდექი. მეუღლემ მკითხა, - სად მიდიხარო? - რეგიონებში სპექტაკლების ჩატარება უნდა დავიწყო-მეთქი. - ასეთ ქარბუქში სად უნდა წახვიდე? შუა ზამთარია, დათბეს და მერე დაიწყე, რატომ ჩქარობო? შევატყვე, ჩემი საქციელი მოეწონა, გაუხარდა. ბიძინა ივანიშვილი ხელოვანებს წლების განმავლობაში გვეხმარებოდა და მადლიერების ნიშნად, პირველად საჩხერეში ჩავედი. გამგეობაში მივედი და ჩემი განზრახვა გავანდე. გაუკვირდათ, - ვინც აქ ჩამოდის, ბილეთების გასაღებას გვთხოვს და თქვენ უფასოდ ჩაატარებთო? საჩხერეში რაც კი სკოლაა, ყველა მოვიარე, ერთიც არ დამიტოვებია.

- ივანიშვილსაც ხომ არ შეხვდით?

- არა და არც მინდოდა, რომ ეს გაეგო, მაშინ რაღა ქველმოქმედება იქნებოდა. იქ ანგარების გამო არ წავსულვარ. ჩემი გაკეთებული საქმეებიდან თუ რამე მსიამოვნებს, ერთ-ერთი ეს ნაბიჯია. ვიდრე ცოცხალი ვარ, სულ უნდა ვიარო, არ მოვისვენებ. ახლა გორში მაქვს დაგეგმილი ჩასვლა, სტუდენტებსა და მოსწავლეებს "ბახტრიონი" უნდა ვუჩვენო. რაც შეეხება უფროს თაობას, წარმოდგენა გორის თეატრში უკვე ჩავატარე. სპექტაკლი რომ დამთავრდა, სცენაზე ერთი კაცი ოჯახთან ერთად ამოვიდა და გამეცნო, - ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილი ვარო. ლევანი რომ დაუხვრიტეს, მისი შვილიშვილი ყოფილა და მასაც ლევანი ჰქვია. მადლობა გადამიხადა. რომ წამოვედი, ლუდი გამომატანა, რომელიც გზაში გემრიელად მივირთვი. გორის შემდეგ იმერეთს ვესტუმრები: ჯერ ქუთაისში ჩავალ, მერე - ხარაგაულში. ახალციხეში, ახალქალაქში, თელავში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ბახვში (საიდანაც ჩემი გვარია) უკვე ვიყავი. სამეგრელოდან 2 დღის წინ დავბრუნდი.

- წარსულს ხშირად იხსენებთ?

- ადამიანი წარსულით ცხოვრობს: რაც ბავშვობაში განგიცდია, გადაგიტანია, ის ემოცია ბოლომდე თან გდევს. მიმაჩნია, რომ ადამიანი ბავშვობის მერე დიდად არც იცვლება. ვიდრე მსახიობობას დავიწყებდი, მორცხვი ბიჭი ვიყავი. ამ პროფესიამ ენა ამომადგმევინა... პირად ცხოვრებაში ბევრი ტკივილი მქონდა: სამი მეუღლე მყავდა და სამივე გარდამეცვალა. ყველაზე დიდი ტკივილი ჩემი 16 წლის ქალიშვილის გარდაცვალება იყო. ბევრი საყვარელი ადამიანი დავკარგე და მათი წასვლით გამოწვეული სევდა მუდამ თან მდევს, თავს ხშირად მახსენებს. ჩემი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, მაგრამ წარსულიდან ბევრი კარგი დღეც მახსენდება. ბავშვობა ქვიშხეთში, მწერალთა სახლის ეზოში მაქვს გატარებული. იქ ბევრი ვაშლის ხე იდგა. ბავშვები ფეხბურთს ვაშლებით ვთამაშობდით. კონსტანტინე გამსახურდიას (ოჯახთან ერთად), კონსტანტინე ლორთქიფანიძეს, გოგლა ლეონიძესა და ბევრ სხვა მწერალს ვხვდებოდი. ქვიშხეთში ბებიას დავყავდი. სწორედ იმ პერიოდის გამოძახილია ჩემი სპექტაკლი - "ქვიშხური ესკიზები".

- რა არის ცხოვრებაში მთავარი?

- როცა ვინმეს კარგს გაუკეთებ, გიხარია?

- რა თქმა უნდა!

- ამაში ცოტათი ეგოიზმიც არის. სიკეთე მეც მიკეთებია და ხშირად ისე, რომ იმ ადამიანს არც კი გაუგია. ეს თვისება ბავშვობიდან მქონდა. ერთ ამბავს გავიხსენებ: ჩემს ბავშვობაში ფილმი "მხიარული ახალგაზრდობა" გადიოდა. ომის დრო იყო, ყველას უჭირდა. ბებიას სახელმწიფოსგან ცოტათი უკეთესი "პაიოკი" ჰქონდა. ერთხელ მანდარინი მისცეს. ბავშვები შევაგულიანე, - კარგი ფილმი გადის და აუცილებლად ნახეთ-მეთქი. მშობლებმა ფული ყველას მისცეს, მაგრამ ერთი ბავშვი ვერ მოდიოდა. საგონებელში ჩავვარდი, ბილეთი 1 მანეთი ღირდა და გადამყიდველები 15 მანეთად ყიდდნენ. ცხოვრებაში პირველად ვიქურდე: სახლში მივედი, მანდარინი მოვიპარე და გავყიდე. 15 მანეთი შევაგროვე, მეგობრისთვის ბილეთი შევიძინე და მივუტანე, მაგრამ არ მითქვამს, ფული როგორ ვიშოვე.

- მარჯანიშვილის თეატრში ქართული თეატრის კორიფეების გვერდით თამაშობდით. ამ ადამიანებს როგორ გაიხსენებთ?

- სესილია თაყაიშვილთან ყველაზე მეტად მქონდა შეხება. ზურიკელას როლზე რომ დამამტკიცეს, გმირის ხასიათის ჩვენება მალე დავიწყე. სესილიამ დამარიგა, - ასე არ გინდა! შენ ახალ, სხვა ადამიანს თამაშობ, შენს თავში გამონახე ზურიკელას თვისებები და გმირის ხასიათი ისე ააწყვეო. დავუჯერე. დარიგებებსაც მაძლევდნენ და არც საქებარ სიტყვებს იშურებდნენ. ისინი ახალგაზრდებს სწორ შენიშვნებს გვაძლევდნენ. ძალიან კარგი ხალხი იყო. სერგო ზაქარიაძე დღემდე გამორჩეულად მიყვარს. მხატვრული კითხვა მან შემაყვარა.

- დღეს ამ თეატრის ახ­ალგაზრდა თაობასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ვგრძნობ, პატივს მცემენ. რომ შევდივარ, თბილად მეგებებიან და ეს ძალიან მახარებს. ვფიქრობ, კარგი თაობა მოდის. ისინი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად დაოსტატდებიან. ქართული თეატრის მომავალი მათია, მომავალს კი ყოველთვის იმედით შევყურებ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება