როგორ გადაინაცვლა "ჩემი ცოლის დაქალების" ერთი როლიდან მეორეზე გიორგი ბახუტაშვილმა

როგორ გადაინაცვლა "ჩემი ცოლის დაქალების" ერთი როლიდან მეორეზე გიორგი ბახუტაშვილმა

გიორგი ბახუტაშვილი მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის დასის მსახიობია. პარალელურად ილიაუნისა და თავისუფალი თეატრების სპექტაკლებში თამაშობს. ახლახან სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც" მიიწვიეს, სადაც პოლიტიკოსის როლი ანდეს. ვისაც ის სცენაზე უნახავს, არ გაუჭირდება შემჩნევა, რომ თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული და საკმაოდ შრომისმოყვარე მსახიობია...

- თეატრით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. როცა წამოვიზარდე, თეა-ტრალურ სკოლა "ბერიკებში" ბატონ გოგი თოდაძესთან დავიწყე სიარული. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სწორედ იქ მოხდა, თეატრი უგონოდ შემიყვარდა. ამას მოჰყვა წარუმატებელი მისაღები გამოცდები თეატრალურ უნივერსიტეტში - ერთხელ ჩავიჭერი. ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ კი ილიაუნში მოვხვდი.

ოჯახს მაინცდამაინც არ მოსწონდა ჩემი გატაცება მსახიობობით და დედა ძალიან მთხოვდა, დავრჩენილიყავი მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. თან, გრანტი მქონდა მოპოვებული. საკმაოდ კარგი შედეგებით დავხურე პირველი კურსი, მაგრამ მეორე წელს მაინც ვცადე და თეატრალურში გამოცდაზე გავედი. სხვა სფეროში თავს ვერ ვხედავდი და დარწმუნებული ვიყავი, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. გამიმართლა და უფასოზე მოვხვდი. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ახლა უკვე შემეძლო შინ თქმა, რომ სწავლის გადასახადი არ მქონდა გადასახდელი და მომეცა საშუალება, ჩემი საყვარელი საქმისთვის მიმეხედა. ბატონი გოგი თოდაძის ჯგუფში აღმოვჩნდი. 4 წელი შევუბერე და რასაც ჰქვია, თავი შევწირე. ძალიან მადლიერი ვარ ბატონი გოგი თოდაძის.

- როგორ მოხვდი მუსიკისა და დრამის თეატრში და გაიხსენე პირველი როლიც...

- თეატრალურში ჩვენი ჯგუფი სოხუმის მიზნობრივი ჯგუფი იყო. ასე ხდება, დასის გადასახალისებლად რომელიმე თეატრს ერთი ჯგუფიდან მსახიობები თავისთან მიჰყავს, მაგრამ ჩვენი ჯგუფიდან სოხუმის თეატრში არავინ მოხვდა. ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ქორეოგრაფმა, ბატონმა კოტე ფურცელაძემ დათო დოიაშვილის "ქეთო და კოტეში" ქორეოგრაფიული ნომრების შესასრულებლად მიმიწვია. პირველად მაშინ მოვხვდი მუსიკისა და დრამის თეატრის წრეში. შემდეგ იყო "კარმენი", სადაც ბატონ კოტესთან ვიმუშავე. როცა დოიმ "(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარის" დადგმა დაიწყო, ერთ-ერთ როლზე მიმიწვია და შტატიც მაშინ გამიფორმა. ამ თეატრში შემდეგი როლი "ანტოგონეში" მქონდა.

- "(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარში" უნარშეზღუდული ადამიანის განსახიერება მოგიხდა, ეტლით გადაადგილდები. როლზე მუშაობის დროს რაიმე სახის დაკვირვება აწარმოე ასეთ ადამიანებზე?

- არა. დოიმ ერთ-ერთ რეპეტიციაზე შემომთავაზა, რომ ეს პერსონაჟი ამ სახით წარმოგვედგინა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ეს გმირი, ტომ დრუნჩა. დოის მადლობა, რომ საშუალება მომცა, ამ პერსონაჟის შინაგანი სამყარო გადმომეცა. გადავწყვიტე, რომ მას თავის სიზმარში გაევლო და სპექტაკლში ეს სცენა ჩავსვით. ცხადში კი ის თავის ეტლს უბრუნდება. ვფიქრობ, მოძრაობის უნარი თუ სხვა თვისებები არ არის განმსაზღვრელი, ზოგჯერ შეიძლება, მისი ცხოვრება, ვინც ეტლით გადაადგილდება, მეტად ნაყოფიერი იყოს და უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ჩვენი.

ასეთი ადამიანები ყველგან არიან და ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვა, ჯანმრთელი ადამიანის მხრიდან მათთვის თავის არიდება ან შეცოდება ძალიან მაღიზიანებს. ამას წინათ ერთი ვიდეო ვნახე, კაცი, რომელსაც ყველა კიდური მოკვეთილი აქვს, ლექციებს კითხულობს. სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ ჰყავს მეუღლე, ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და ინტელექტუალური პიროვნებაა. მეც მყავს გარშემო რამდენიმე ადამიანი, ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ ნაყოფიერები იყვნენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ არც თავისთვის და არც საზოგადოებისთვის. ვიცნობ ისე-თებსაც, ვინც ფიზიკურად შეზღუდულია და ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობა-რია, მან ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. დღეს 50 წლისაა და 18 წლიდან ეტლში ზის. პატარა ვიყავი, როცა მითხრა, შენს ცხოვრებაში შეიძლება მილიონი რამ მოხდეს, როგორც კარგი, ისე ცუდი, მაგრამ იცოდე, მთავარია, არ დაიბოღმოო. ის ამას საუკეთესოდ ასრულებს, მისი მოწყენილი სახე არასოდეს მინახავს. ეს სიტყვები სულ მახსოვს და ჩემი ცხოვრების კრედოა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება