ვახტანგ რჩეულიშვილი ნინა წკრიალაშვილისთვის კაბებს ინტერნეტში ეძებს

ვახტანგ რჩეულიშვილი ნინა წკრიალაშვილისთვის კაბებს ინტერნეტში ეძებს

"ორი ვარსკვლავის" მეორე, ლათინურმა ტურმაც ჩაიარა. გუშინ პროექტი ნინო გაჩეჩილაძემ და ნიკო ბერიძემ დატოვეს. არ მღეროდნენ ცუდად, მაგრამ ასეთია კონკურსის წესები.

პროექტში კვლავაც რჩება ვახტანგ რჩეულიშვილისა და ნინა წკრიალაშვილის წყვილი. გუშინდელი ტურის შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარება ვახტანგ რჩეულიშვილს ვთხოვეთ.

- ჟიური საკმაოდ გაკრიტიკებთ. რას გვეტყვით ამაზე?

- არა უშავს, პარლამენტში უარესი ხდებოდა ხოლმე...

- ე.ი. კმაყოფილი ხართ, რომ დათანხმდით, მონაწილეობა მიგეღოთ "ორ ვარსკვლავში?"

- ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა. ეს შოუ ყველაზე სახალისო რამ არის. მას ვერც ერთი შეკრება, ქორწილი, დროსტარება, ქეიფი ვერ შეედრება. მთელი პროცესია ორშაბათიდან ორშაბათამდე: მეცადინეობა, ნერვიულობა, ტურიდან ტურში გადასვლა... მაგრამ საპარლამენტო არჩევნების წაგება პერსპექტივების დაკარგვას ნიშნავს, პირდაპირ კარიერას უკავშირდება და მტკივნეულია. აქ სასიამოვნოა, რომ თუ კარგად მოიქცევი, შემდეგ ტურში გადადიხარ. მოკლედ, ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თვითონ ჯგუფიც ძალიან კარგია. ლამაზი გოგონები არიან. ორი (გოგონა) შვილიშვილი მყავს და ყველაზე ძალიან მათი თოჯინებივით გამოწყობა მიყვარს. ჰოდა, ამ პროექტის მონაწილე პატარა გოგოებიც (ნინი, ნინა, სალომე, სოფო და ა.შ.) სწორედ რომ თოჯინებივით არიან...

- მოკლედ, მათ გარემოცვაში თავს მშვენივრად გრძნობთ...

- საოცრად კომფორტულად: მეფერებიან, მეც უფროსად, მამასავით ვყავარ იქ ყველას...

- რას გვეტყვით პარტნიორზე? თქვენი არ იყოს, ისიც ხშირად ხდება ხოლმე საზოგადოების კრიტიკის ობიექტი...

- საერთოდ, ვისაც მტერი არ ჰყავს, როგორც ადამიანი, ნულია. მოკლედ, კრიტიკას წყნარად ვუყურებ. ნინას ადამიანები არ იცნობენ და მხოლოდ და მხოლოდ მის იმიჯს აფასებენ. არადა, რომ იცოდნენ, როგორი განათლებული და შრომისმოყვარე გოგოა, ის "მტრის ხატი", რომელსაც მისგან ქმნიან, დაიშლებოდა.

მე რომ მკითხოთ, ამაში ცუდი არაფერია. პოლიტიკოსისთვის და შოუვარსკვლავისთვის ერთი კანონი არსებობს, - პრესაში გამოქვეყნებული მასალებიდან, მარტო ნეკროლოგია ცუდი. დანარჩენი, ჯობია, გაგინონ, ვიდრე სულ არ გახსენონ (სიცილით ამბობს). ასევეა ბიზნესშიც, მაგალითად, "ცენტრ პოინტს" იმდენი აგინეს და იმდენჯერ მოიხსენიეს ცუდ კონტექსტში, რომ ახლა ადამიანებს რომ ჰკითხოთ, კომპანია დამისახელეთო, "ცენტრ პოინტს" იტყვიან.

- როგორც ამბობენ, ანტირეკლამაც რეკლამაა...

- აბა, რა? ბიზნესშიც კი ზედმეტმა ლაძღვამ, ეს შედეგი მოიტანა. ახლა მიხვდა ყველა, რომ ის ჩვენ მიმართ აგორებული შავი პიარი იყო. რეალურად კი არის ძლიერი კომპანია, უბრალოდ გაძარცვული, რომელიც ნელ-ნელა ფეხზე დგება.

- გუშინ თქვით, რომ ნინა მეორე ქალია ჩემთვისო... რას გულისხმობდით?

- რას ვგულისხმობდი და სილამაზით პირველი მაიაა, ჩემი მეუღლე და მერე - ნინაა-მეთქი.

- რას გეუბნებათ თქვენი მეუღლე? მოსწონს თქვენი ნამღერი?

- დიდი მომღერალი ხარო, - ამას სახლში არ მეუბნებიან, არც მაია და არც გუკა. ორივე ამბობს, სიმღერა არ იცი, მაგრამ შოუში კარგად ჩანხარო. გუკა წინააღმდეგი იყო პროექტში ჩავრთულიყავი, მაგრამ გუშინ მოვიდა და თავის მეგობრებთან ერთად მიგულშემატკივრა: ''საღოლ'', მაგრად ერთობიო... ის და მისი "სასტავი" გუშინ დარბაზიდან "ვახო", "ვახოს" ყვიროდნენ, მაია სახლიდან მიმესიჯებდა, მთელი ოჯახი ჩართულია.

- ე.ი. ჟიურიზე არ ბრაზდებით, ხომ?

- აბსოლუტურად არ მაქვს არანაირი პრობლემა. ის მაგრად ხუმრობს ხოლმე...

- თეონა?

- თეონა? ჰო, თეონა ჰქვია. ერთ ამბავშია. ამ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება. ზურას ხასიათს კი ვერ გაუგებ: თუ კარგ გუნებაზეა, კარგ ნიშანს დაწერს (სიცილით ამბობს). მოკლედ, მაგის გემოვნება ვერ გამოვიცანი. გუშინ მითხრა, ისე გაცვია, გეგონება, პარლამენტის სხდომაზე ხარო. ამ დროს მაიამ გამომაწყო. ტილოს სუფთა ლათინოამერიკული კოსტიუმი მეცვა, მაიას ნაყიდი იასამნისფერი ჰალხტუხი მეკეთა, თავის "პლატოჩკით"...

- ზურა ყიფშიძემ ჩაცმულობა დაგიწუნათ, ხომ?

- ჩემი დაწუნება შეიძლება, მაგრამ მაიას გემოვნების დაწუნება ძნელია...

- სამომავლოდ რას ფიქრობთ, რა შედეგს მიაღწევთ?

- იმედიანად ვართ. ჩვენს შესაძლებლობებს საღად ვაფასებთ. პრაქტიკულად, მეხუთე ტურამდე უნდა ავიდეთ. მერე ვნახოთ, ისეთი ახალგაზრდები არიან და ისე კარგად მღერიან, რომ... "სამბა" (სიმღერა) ჩემი შერჩეულია, მიყვარს ეგ ნამუშევარი. მერე შევედი ინტერნეტში და ნინას კოსტიუმისთვის ნიმუში ამოვიღე, ანუ ბრაზილიურ კარნავალზე ქალები რა სამოსითაც გამოდიან ხოლმე. მერე ის ნიმუში "ზენკას" მივუტანეთ. მათაც უცებ გამოაწყვეს შენი ნინა ფარშავანგივით ბუმბულებში... გადასარევი პარტნიორი შემხვდა. ყველაფერს მღერის, მისი ხმა მომწონს ძალიან, ცეკვავს, პლასტიკურია, ყველანაირ სამოსს ირგებს. კულტურული მუსიკოსია...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება