"ბიო" და მკაცრი სასჯელი - ექსკლუზიური ინტერვიუ კანონპროექტის ავტორთან

"ბიო" და მკაცრი სასჯელი - ექსკლუზიური ინტერვიუ კანონპროექტის ავტორთან

ბოლო დროს თბილისის კლუბებში გაჩენილი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ძლიერი ჰალუცინოგენებია და მათი ერთჯერადი მიღებაც კი, ძლიერ ინტოქსიკაციურ ფსიქოზს, სრულ დეზორიენტაციას იწვევს. მათი მოქმედება დიდხანს - 15-24 საათს გრძელდება. როგორც ნარკოლოგები ამბობენ, პაციენტებს მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან უჭირთ. რაც მთავარია, პირველი მოხმარებაც კი არანორმალურ ლტოლვას იწვევს. ხშირია სიკვდილიანობა, როდესაც მათ ალკოჰოლთან ან სხვა ნარკოტიკთან ერთად მოიხმარენ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ბიოს" წინააღმდეგ ანტინარკოტიკული კამპანია დაიწყო. მათი მიზანია, საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს. "ამბები.გე" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.

- ეს ერთგვარად საგანმანათლებლო კამპანიაც არის. ჩვენი სლოგანია, - "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება". ამ პრობლემის მოგვარებაში საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს. გვინდა და ვცდილობთ, რომ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო კუთხით იმუშავა და "ბიოსთან" დაკავშირებით კანონი ძალაში 1-ელი მაისიდან შევა. "ბიოს"შეძენა, შენახვა, გასაღება, საერთაშორისო გადაზიდვა დაისჯება, ეს ყველაფერი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტის სხდომაზე ორი მოსმენით უკვე მიიღეს და სავარაუდოდ, მესამე მოსმენით ამ კვირაში დაამტკიცებენ.

ეს კამპანია ახლა არ დაწყებულა. ეს კარგად შესწავლილი და გაანალიზებული ნაბიჯია, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა. იცით, რომ ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვა შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით უკვე აიკრძალა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან ადამიანები, ვინც მას გაყიდის. უნდა გითხრათ, რომ ამ კუთხით შედეგი უკვე არის. აქ "კრაკადილის" მომხმარებლებს ვგულისხმობ.

მეორე თემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა არ იციან, რა შდეგი შეიძლება გამოიწვიოს ბიოს მოწევამ, ეს პრობლემა რომ შეგვესწავლა, მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, საკანონმდებლო მიმართულებით პროექტი დახვეწას მოითხოვდა. მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ საზოგადოების მხარდაჭერა არ იქნა. ამ კომპლექსური კამპანიის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

- კამპანიაში როგორც ვიცით, სხვა სამინისტროებიც არიან ჩართულები...

- ჩართულია განათლების სამინისტრო და ამ პრობლემის მოგვარება პედაგოგების დონეზეც უნდა მოხდეს. პედაგოგები ბავშვებს აუხსნიან, "ბიოს" მიღებით, რასთან აქვთ საქმე, რას იწვევს ორგანიზმში და როგორ უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას. ამ საქმეში ასევე ჩართულია სპორტის სამინისტროც. ახალგაზრდები სპორტული წრეებით უნდა დაკავდნენ, რისთვისაც სპორტის სამინისტრო სრულ მზადყოფნას აცხადებს.

ასეთი პოზიცია გვაქვს: "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება". ეს ჩვენი მთავარი მესიჯია! დასჯაზე ორიენტირებულები არ ვართ. მთავარი მიზანია, საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ.

და კიდევ ერთიც: "ბიოს" მიღება საოცარ სიმპტომებს იწვევს, ამაზე ექიმები და ფსიქოლოგები ბევრს საუბრობენ. ამიტომ, პირელი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში (გართულებისას), 112-ს უნდა დაუკავშირდნენ...

- დარწმუნებულები ხართ, რომ ამ პობლემას ეს ღონისძიება უშველის?

- როდესაც ამ თემაზე ვმუშაობდით და კამპანიას ვგეგმავდით, რა თქმა უნდა, ვიფიქრეთ, რომ რეალური შედაგები უნდა მოჰყვეს. ამ ღონისძიების ფარგლებში უნდა მოვახერხოთ და ინფორმაცია მივიტანოთ მოსახლეობამდე იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს "ბიოს"მიღების საფრთხე. ადამიანი, რომელიც ამ საკითხს გააცნობიერებს, მისი მოხმარება აღარ მოუნდება. ასეთ საქმეს მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებები არ შველის. პრობლემა მხოლოდ იმით დაიძლევა, თუ საზოგადოებაში ცნობიერება ამაღლდება. ამ პრობლემის მოგვარებაში ყველა უნდა ჩაერთოს.

როგორც გითხარით, კანონის მხრივაც არის ზომები მიღებული. აქამდე "ბიო" დასჯადი არ იყო, რადგანაც შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობდა, ამ მხრივ ევროპული გამოცდილებით წავედით და როგორც უკვე აღვნიშნე, დამუშავდა კანონ-პროექტი, რომელიც პარლამენტმაც განიხილა.

ასევე მნიშვნელოვანია მედიის გვერდში დგომა. ჟურნალისტები ყოველი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას მხარში გვიდგანან, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო... ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში შსს-ს მინისტრი დღეს უკვე შეხვდა სკოლის მოსწავლეებს, მომავალ კვირას უნივერსიტეტებს მოინახულებს, ეწვევა რეგიონებსაც.

აღნიშნულ კანონპროექტის ავტორი გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე:

- ის, რაზეც ვიმუშავეთ, არის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას ითვალისწინებს; აქედან მთავარია ერთი - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონის პროექტი, რომელიც პირველად ჩამოვაყალიბეთ და შემდეგ კი - სისხლის სამართლის კოდექსში ცვლიებების პროექტი. ამისკენ კი რთულმა პრობლემამ გვიბიძგა, რომლის იდენტიფიცირებაც რამდენიმე თვის წინ მოვახდინეთ... ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად წარვადგინეთ ასევე ცვლილებების პაკეტი, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებდა და ჩვენდა გასაკვირად, სანამ კანონი ძალაში შევიდოდა (5 მარტი) მანამდე მინიმუმამდე დავიდა "კრაკადილის", "ვინტის", "ჯეფის" მოხმარება. ამას ნარკოლოგებიც აღნიშნავენ და ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციაც ადასტურებს.

რაც შეხეება ჩვენი საქმიანობის მეორე მიმართულებას ("ბიოს"), დარწმუნებულები ვართ, რომ ისიც წარმატებულები იქნება. არ არსებობდა არავითარი მექანიზმი, მათი მოხმარება, ქვეყანაში შემოდინება არ კონტროლდებოდა. ამიტომ ევროპის რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება გავითვალისწინეთ, რადგანაც მოგეხსენებათ, "ბიო" არა მარტო ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ამ პრობლემასთან ბრძოლის ახლებურ მეთოდს ჩაუყარა საფუძველი. ეს არის ქიმიურ ნაერთთა კლასების კრიმინალიზაცია, ანუ რაც არ უნდა შეცვალონ ქიმიური რეაქციების რადიკალები, უმცირესი ნაწილაკები მაინც რჩება. ავსტრიაში პირადად გახლდით მივლინებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. ამასთან დაკავშირებით ყველა იურიდიული და ტექნიკური საკითხი განვიხილეთ.

- თქვენი კანონპროექტი ავსტრიული პროექტის ანალოგია?

- არა, ჩვენი კანონპროქტი ავსტრიული პროექტის ანალოგს არ წარმოადგენს. უბრალოდ მისგან პრინციპია აღებული - ქიმიურ ნაერთთა კლასების კრიმინალიზაცია.

ეს ყველაფერი აქამდე იმიტომ მივიდა, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობდა.

ასე რომ, გასაღებს მივაგენით და მას მერე, რაც პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს, კანონი ძალაში შევა. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვა, გადაზიდვა, გასაღება, საერთაშორისო გადაზიდვა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა დასჯადია 5 წლამდე თავისულების აღკვეთით.

მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყოს, "ბიოს" მოხმარებას რა შედეგები მოჰყვება...

2012 წლის მონაცემებით, 45.000 პრობლემური ნარკომანია (ინექციური მომხმარებელი) დაფიქსირებული. საქართველოს შემთხვევაში, ეს დიდი პროცენტია. ჩვენი ვარაუდით, ვინც უკვე დამოკიდებულია, მათი განკურნება რთული და დროში გაწელილი პროცესია. ჩვენთვის მთავარია, რომ ვინც ჯერ არ არის ამ საქმეში ჩართული, მოხდეს პრევენცია. ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ ნარკოტიკებზე. ხოლო ვინც დამოკიდებულები არიან, მოხდეს მათი მკურნალობა და რეაბილიტაცია, მაგრამ ეს მეორე საფეხურია, ეს ყველაფერი კი სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. სახელმწიფო ერთი წელია აქტიურად მუშაობს ნარკომანიის დაძლევის კუთხით, მის მიერ დაანონსებული ანტინარკომანული კამპანიით. ეს ბოლო ნაბიჯია, რომ ჩვენი ნარკომომხმარებლების რაოდენობა მინიმუმზე დავიდეს, რათა ჯანსაღი თაობა გვყავდეს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: როგორ შეაქვთ ნარკოტიკები თბილისის ღამის კლუბებში - "გალერიში" გაგლეჯილ კაიფში იყვნენ ტიპები" (ექსკლუზივი)

რა გახდა კარდიოლოგ გულიკო ჩაფიძის შვილიშვილის სიკვდილის მიზეზი?

"კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა თაობები" - ნათია ფანჯიკიძე ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს

ხათუნა ჟორდანიას სკანდალური მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის"

სად და როგორ ყიდულობენ თბილისში "ბიო" ნარკოტიკს? - "ბრძოლა მიწევს, რომ თავი გადავირჩინო"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ