ავტორი:

რა გელოდებათ 4 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით - ასტროლოგიური პროგნოზი და რეკომენდაციები

რა გელოდებათ 4 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით - ასტროლოგიური პროგნოზი და რეკომენდაციები

მაისში ზოდიაქოს ნიშნებს 7 მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ელოდებათ. მომდევნო თვე იმითაა გამორჩეული, რომ 4 რეტროგრადული (უკანმავალი) პლანეტა (ვენერა, სატურნი, პლუტონი (25 აპრილიდან დაიწყო და 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება) და იუპიტერი) გვყავს. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთ სფეროში შეფერხებები, გაჭიანურება, დაბრკოლება, გაურკვევლობა იქნება ან განმეორდება სიტუაციები, დაუბრუნდებით ძველ სიტუაციებს, ურთიერთობებს, შემოგეხმიანებიან ადამიანები, ვისთანაც საქმიანი ან სასიყვარულო ურთიერთობა გაკავშირებდათ წარსულში. რაც შეეხება შვიდ მნიშვნელოვანი მოვლენას, ესენია:

  • 4 მაისი - ვენერა-ნეპტუნის კვადრატი
  • 5 მაისი - მთვარის კვანძები - ტყუპი-მშვილდოსანი მდებარეობას იცვლიან
  • 7 მაისი - სავსემთვარეობა მორიელის 18 გრადუსში
  • 11 მაისიდან პლანეტა სატურნი გადადის რეტროგრადულ სვლაში (29 სექტემბრამდე) მერწყულის ზოდიაქოში
  • 13 მაისი - პლანეტა ვენერა ხდება რეტროგრადული (25 ივნისამდე) ტყუპის ზოდიაქში. აქ ის გადმობრძანდა 3 აპრილს და დარჩება 7 აგვისტომდე
  • 14 მაისს პლანეტა იუპიტერი რეტროგრადული ხდება (13 სექტემბრამდე) თხის რქის ზოდიაქში
  • 22 მაისს ველოდებით ახალმთვარეობას ტყუპის 3 გრადუსში

დამატებით გეტყვით, რომ 12 მაისს პლანეტა მერკური ტყუპის ზოდიაქოში გადადის, ხოლო მარსი 13-ში - თევზებში. მზე 20 მაისს დატოვებს კუროს ზოდიაქოს და გადავა ტყუპში, ხოლო 28 მაისს მერკური კირჩხიბის ზოდიაქოს სტუმარი გახდება.

მზე ახლა კუროს ზოდიაქოში იმყოფება. აქტუალური თემებია: სიყვარული, ფინანსები, შემოსავლები, მატერიალური ღირებულებები, უძრავი და მოძრავი ქონება. მიაქციეთ ამ სფეროებს განსაკუთრებული ყურადღება.

მაისი მცირე უსიამოვნო ასპექტით იწყება ესაა ვენერა-ნეპტუნის კვადრატი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მოწყენილები, გვეჩვენება, რომ შორს ვართ იმ იდეალისგან, რისკენაც მივისწრაფოდით. შეიძლება იმედი გაგვიცრუვდეს სიყვარულში, საყვარელ ადამიანში. ამ პერიოდში არ გირჩევთ საყიდლებს. განსაკუთრებით, სამოსსა და სილამაზის ნივთებს. აგრეთვე, არც კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას, იმიჯის, გარეგნობის შეცვლას. პირად ცხოვრებაში მოწყენილობა და იმედგაცრუება დაიწყო 23 აპრილს და დასრულდება 31 მაისს. გირჩევთ, მეტად დაკავდეთ შემოქმედებითი საქმიანობით: ხატვა, ფოტოგრაფია. ამ პერიოდში არ გირჩევთ ახალი ადამიანების გაცნობას, რადგან ილუზიებს აყოლილს შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ, ტყუილების მსხვერპლი გახდეთ.

რაც შეეხება ტყუპი-მშვილდოსანი კვანძების ცვლას (ტყუპი არის აღმავალი და მშვილდოსანი დაღმავალი), ამის შესახებ რამდენიმე დღეში ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ და გაიგებთ, რას მოუტანს ეს ცვლილება თქვენი ზოდიაქოს ნიშანს. ახლა მოკლედ გეტყვით, რომ აღმავალი ტყუპი, არის ცნობისმოყვარეობის, ახალი ნაცნობობის, ახალი ცოდნისა და ინფორმაციის მიღებისა და გაცემის ნიშანი. ეს არის პიარიც და რეკლამაც, აგრეთვე, ყიდვა-გაყიდვა . ასე, რომ მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში (შეგახსენებთ, რომ ტყუპი-მშვილდოსანი კვანძები 5 მაისს შეიცვლის ადგილდებარეობას და 2022 წლის 18 იანვრამდე შეინარჩუნებს პოზიციას) ეს თემები იქნება აქტუალური.

7 მაისს სავსემთვარეობას ველოდებით მორიელის 18 გრადუსში. უნდა შეგახსენოთ, რომ სავსემთვარეობაზე ემოციურობა პიკს აღწევს. მორიელი კი ისედაც ღრმა ემოციური, შინაგანად განცდიანი ნიშანია. განსაკუთრებული რთული ასპექტები ამ დღეს არ გველის, მაგრამ ვენერა-ნეპტუნის კვადრატის გამო პესიმისტურ-იმედგაცრუებულ-მელანქოლიურ-მოწყენილი განწყობა გაძლიერდება. გირჩევთ, არ მიიღოთ ქიმიური პრეპარატები, სიფრთხილე გმართებთ მედიკამენტებთანაც, ეცადეთ, გამოიძინოთ და ისევ და ისევ მიმართოთ შემოქმედებითი საქმიანობას, რაც შეამსუბუქებს სავსემთვარეობის დაძაბულობას.

12 მაისს პლანეტა მერკური ტყუპის ზოდიაქოში გადადის და იქ დარჩება 28 მაისამდე. ეს არის მისთვის საუკეთესო ადგილი. მოიმატებს გადაადგილების, კონტაქტების, ცოდნის მიღებისა და გაცემის სურვილი, ადვილად შეძლებთ ადამიანებთან საუბარს, გაიჩენთ ახალ მეგობრებს. არ გაგიჭირდებათ ინფორმაციების მიღება; სურვილი გაგიჩნდებათ, ხშირად შეხვდეთ თქვენს და-ძმებს (თანაკლასელებს). კარგ შედეგს მოგიტანთ გაყიდვებიც.

რაც შეეხება სატურნის რეტროგრადულ ფაზაში გადასვლას , როგორც უკვე იცით, სატურნი მერწყულისა და თხის რქის მმართველია და მას ბედის ან დიდი უბედურების პლანეტასაც უწოდებენ, ეს მოხდება 11 მაისს. შენელდება საქმიანობა, საქმეების მოგვარება, კარიერული წინსვლა, ბიზნესის განვითარება, გაგიჭირდებათ უფროსთან საერთო ენის გამონახვა, დაწინაურება, იერარქიულ სტურუქტურებთან დაკავშირებული საქმეების მოგვარებაც შეფერხდება. ყველაფერი შენელებულად განვითარდება სირთულეებითა და გართულებებით. უმჯობესია, ეს დრო წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას დაუთმოთ. არ აჩქარდეთ და არც ცხვირწინ აღმართული კედლის ნგრევა დაიწყოთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. სატურნი, შარშანაც იყო რეტროგრადულ ფაზაში და რომ იცოდეთ, რასთან შეიძლება შეგექმნათ საფრთხე, გაიხსენეთ აპრილის ბოლო და სექტემბრის დასაწყისი პერიოდი. როგორც წესი, ვისაც ნათალურ რუკაში რეტროგრადული სატურნი ჰყავს, ის პლანეტის უკუსვლას ნაკლებმტკივნეულად განიცდის და ეძლევა შანსი დაასრულოს დაწყებული საქმეები.

მარსის გადასვლა თევზებში (13 მაისიდან 28 ივნისამდე) შეანელებს ჩვენს საქმიანობას, ადამიანი ხდება გულმავიწყი, დაბნეული, ენერგიის ნაკლებობას განიცდის. არ სურს აქტიურად საქმეებში ჩართვა, ურჩევნია, ყველაფერი დინებაზე მიუშვას და თვითონაც დინებას მიჰყვეს. ამ პერიოდში არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, გაგიჭირდებათ მიზნების განხორცილებისთვის ბრძოლა. ამიტომ ეცადეთ, ამ პერიოდში არ დაგეგმოთ ის საქმეები, რაც თქვენგან ფიზიკურ აქტიურობასა და მიზანსწრაფულობას მოითხოვს.

13 მაისიდან 25 ივნისს ჩათვლით მარსის კვალდაკვალ პლანეტა ვენერაც რეტროგრადული ხდება . დაახლოებით 40 დღეა ხოლმე მისი რეტროგრადულობის პერიოდი, საინტერესო ისაა, რომ შარშან არც ვენერა და არც მარსი არ ყოფილან რეტრო სვლაში. ვენერას მთავარი თემაა სიყვარული და ფული. ამ პერიოდში გადახედეთ ურთიერთობის სცენარს, შემოსავლების საკითხს. არ გირჩევთ ახალი ადამიანების გაცნობას რომანისა და ოჯახისთვის. თუმცა, შეიძლება შემოგეხმიანონ ძველი სასიყვარულო პარტნიორები. მათ, ვისაც რეტრო ვენერა გყავთ ნათალურ რუკაში, გირჩევთ, დააკვირდეთ მოვლენებს, რაც თქვენს პირად ცხოვრებაში მოხდება. ვენერა ჩვენ ყველას გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გამოვასწოროთ, გადავხედოთ, კორექტივები შევიტანოთ ან დავასრულოთ პირად ცხოვრებასა და ფინანსურ სფეროსთან დაკავშირებული საქმეები.

მაისში იუპიტერიც რეტროგრადული ხდება. რეტრო სვლას 14 მაისს დაიწყებს და 13 სექტემბერს დაასრულებს. შეიძლება გართულდეს ან შენელდეს იურიდიული საკითხების მოგვარება, გლობალური საკითხები. გართულდება საზღვარგარეთ გამგზავრების თემა, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. თხის რქის გავლენით კი უფრო მეტად გამკაცრდეს ეს საკითხი. გადახედეთ საკუთარ ამბიციებს, რა არის თქვენთვის შესაძლებელი, რა უნდა გამოასწოროთ, რათა მეტი პატივისცემა მოიპოვოთ საზოგადოებაში, დაფასდეთ. ხოლო, თუ ნათალურ რუკაში რეტროგრადული იუპიტერი გყავთ, მოვლენები შეიძლება ასეთი მკაცრი არ მოგეჩვენოთ.

22 მაისს ტყუპის მესამე გრადუსში ახალმთვარეობას ვიზეიმებთ და ამით გაიხსენება ზაფხულის დაბნელებების დერეფანი . ნუ დაგავივიწყდება, რომ 2020 წელი არის მთვარის წელი და 6 დაბნელებიდან 4 იქნება მთვარის და მხოლოდ 2 - მზის. დაბნელებებს უფრო კონკრეტულად ივნისის ასტროპროგნოზში ვისაუბრებ. ტყუპში ახალმთვარეობა დაკავშირებულია კონტაქტებთან, სწავლასთან, გაყიდვებთან, ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებასთან, კონტაქტებთან (მიმოწერა, ზარები, მიმოსვლა). ამიტომ, თითოული ზოდიაქოს ნიშანს მოეთხოვება, რომ ტყუპის ფუნქციები გაითავისოს. ახალმთავრეობას უსიამოვნო ასპექტი აქვს და ამიტომ ყურადღებით იყავით დოკუმენტებთან, ინფორმაციებთან მუშაობისას, ადამიანებთან. არც შეცდომები დაუშვათ და არც მოტყუვდეთ. დაიცავით წესი და კანონი. იყავით სამართლიანი.

ბედნიერ და წარმატებულ მაისს გისურვებთ!

7 მაისს მზე და მთვარე ერთმანეთს "დაუპირისპირდებიან" - ზოდიაქოს რომელ ნიშანზე როგორ იმოქმედებს მოსალოდნელი სავსემთვარეობა

"უნდობლობა, ეჭვიანობა, მესაკუთრეობის გრძნობა - ძალიან შემაწუხებელ სახეს მიიღებს" - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 13 მაისიდან 25 ივნისამდე - გამომჟღავნდება წარსული ღალატის ფაქტები, გამოჩნდებიან "ყოფილები"