"ეს იქნება პირველი მომღერალი, რომელიც საზღვრებს გაანგრევს" - მარინა ბერიძის პროფესიონალური შეფასება ნინა სუბლატის შესახებ

"ეს იქნება პირველი მომღერალი, რომელიც საზღვრებს გაანგრევს" - მარინა ბერიძის პროფესიონალური შეფასება ნინა სუბლატის შესახებ

"ევროვიზია" წლების განმავლობაში ქართველების "აქილევსის ქუსლი" იყო, ახლა კი ჩვენი იქ წარდგენილი კონკურსანტის მონაცემებიდან გამომდინარე, რეალური პერსპექტივები არსებობს... ნინა სუბლატის "ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობას, მუსიკისმცოდნე მარინა ბერიძე "ამბები.გე"-სთან ასე ფასებს.

- მთელი ცხოვრების მანძილზე პირველი შემთხვევაა, როცა მომღერალში ერთ მინუსს ვერ ვხედავ, - ყველაფერი დადებითია. ძალიან მიხარია, რომ პირველი წამიდან, როგორც კი ტელეეკრანზე, "საქართველოს ვარსკვლავში" გამოჩნდა, ვთქვი, - ეს გოგო ბევრს მიაღწევს-მეთქი. გარდა იმისა, რომ ძალიან ნიჭიერია, რაც უმნიშვნელოვანესია, არის გონიერი. ინტერვიუსაც კი რომ ართმევენ, მისგან მოდის აზრი, რომელიც ასევე არის ნაფიქრი და ყოველ ჯერზე, მიზანმიმართულად რაღაც მნიშვნელოვანს ამბობს.

ის ინდივიდუალისტია. არ ვამბობ მისი ხმის ტემბრზე, აღებულ ნოტებზე, ეს ყველაფერი ასე თუ ისე, მოგვარებულია. არის ძალიან თანამედროვე მუსიკოსი. პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში XXI საუკუნის ევროპული ტიპის მომღერალი გაჩნდა, რომელიც არ გაღიზიანებს და მოაქვს საოცარი პოზიტივი.

- მის მიერ წარმოდგენილ სიმღერაზე რას იტყვით?

- ის, რომ ეგ სიმღერა თვითონ შექმნა და ამით თავის სათქმელს ამბობს...

კითხულობენ, ვინ არის მისი კოსტიუმის დიზაინერი? კოსტიუმის დიზაინერი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესეც ნინას კონცეფციით იქნება შექმნილი...

- ე.ი. მთელ ამ პროცესს თავად მართავს?

- თვითონ და მისი მეუღლე - გიორგი შამანაური. ალბათ, ძალიან გონიერი ადამიანი უნდა იყო, რომ ქმარიც ასეთი გყავდეს და ასეთი ბიჭი იყოს შენ გვერდით. გიორგი სერიოზული მუსიკოსია, მესაყვირე, ნიკოლოზ რაჭველთან არის. თავად ნიკოლოზ რაჭველი კი გიორგის მეჯვარეა. მოკლედ, ამ გოგოს ცხოვრებაში რაღაც ისე მოხდა, გარშემო ისეთი წრე შეიკრა, რომლებიც რაღაც მნიშვნელოვანის მატარებლები არიან... მერე ნინა ის ადამიანია, რომ ყველა გონიერის აზრს ითვალისწინებს.

- მგონი, ამჯერად არც ისეთი დიდი ბიუჯეტი იყო იმისთვის, რომ ნინა "ევროვიზიაზე" წასულიყო...

- კი, ამჯერად, არ ჰქონდათ დიდი ბიუჯეტი და ამ ყველაფრის ფონზე ხდებოდა მზადება. რასაც ვუყურებთ, ყველაფერი მინიმალური თანხებით მომზადდა. კლიპიც მომწონს, რომელიც ასევე მცირე ბიუჯეტით დამზადდა და საოცარ ეფექტს ახდენს იმიტომ, რომ მასშიც გონებაა ჩადებული. საერთოდ, თუ გონება არ დააყოლე ნებისმიერ საქმეს, არაფერი გამოდის. ალბათ ყველა ქართელის სურვილია, რომ ნინა ხუთეულში გავიდეს.

მისმა გამოსვლამ და საერთოდ, მან საუბრით, აზროვნებით, პიროვნულად ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება პირველი მომღერალი, რომელიც საქართველოში საზღვრებს გაანგრევს. სცენაზე დგას და ერთ მოძრაობასაც არ აკეთებს, მხოლოდ ხელებს ამოძრავებს და საოცრებას ახდენს.

- ვიღაცებს აღიზიანებთ, რომ ის ამბიციური ადამიანია...

- ეს ამბიციაც, მისი მხრიდან სწორად არის გათვლილი, აქაც გონებაა ჩართული. ასეთ მომღერალს რომ ვხედავ, ეს მხოლოდ უდიდეს სტიმულს მაძლევს და მოდი, ვუსურვოთ ყველაფერი კარგი, ხუთეულში მოხვედრა მაინც. იქნებ დიასპორამაც გაიღვიძოს.

დიდი ძალა აქვს "ფეისბუქს" და ამ მიმართულებით შემოქმედებითი ჯგუფი სწორად მუშაობს. მადლობა ნათია უზნაძეს (პროდიუსერი - საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. - ავტ.), ფარ-ხმალს არ ყრიან. კარგზე კარგი უნდა ვუთხრათ და თუ იმასაც ვისწავლით, რომ წყნარად და მშვიდად კრიტიკაც ავიტანოთ, იქნებ გვეშველოს კიდეც...

ლალი ფაცია

Ambebi.ge

იხილეთ ასევე: ბევრი ცდილობს ჩვენ განადგურებას - ნინა სუბლატის პოლიტიკური განაცხადი "ევროვიზიის" პრესკონფერენციაზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება