"კაცს ისე უნდა ვუყვარდე, როგორც გოგო უყვარს მამას" - ჯანეტ ქერდიყოშვილის ლას-ვეგასური შთაბეჭდილებები და პასუხი კრიტიკოსებს

 "კაცს ისე უნდა ვუყვარდე, როგორც გოგო უყვარს მამას" - ჯანეტ ქერდიყოშვილის ლას-ვეგასური შთაბეჭდილებები და პასუხი კრიტიკოსებს

"მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი, ლას-ვეგასიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სადაც "მის სამყაროს" ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა, მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე 15 საუკეთესო გოგონას შორის ვერ მოხვდა. რამდენიმე კვირის წინ, "მის საქართველომ" მთელი საქართველო აალაპარაკა, მისმა განცხადებამ ქალისა და მამაკაცის ღალატის შესახებ, საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ლას-ვეგასში მიღებული შთაბეჭდილებებისა და მის გარშემო აგორებული სკანდალების შესახებ ჯანეტ ქერდიყოშვილმა AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- 2013 წელს მივდიოდი "მის სამყაროზე", მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ წავედი. ორი წელი ვფიქრობდი, წავსულიყავი თუ არა საერთაშორისო კონკურსზე, ეტყობა აქამდე მორალურადაც არ ვიყავი მზად, 2015 წელს კი უარის თქმა აღარ შეიძლებოდა და ამიტომ დავთანხმდი კონკურსში მონაწილეობას. ხანმოკლე მოსამზადებელი პერიოდი მქონდა, ამავე დროს "მის საქართველოს დღიურებისთვისაც" ვმუშაობდი, დავდიოდი კინგ-ბოქსინგზე, "მარიონელამ" შემიკერა კაბა, ზუსტად ისეთი, როგორიც მე მინდოდა. აქედანვე მქონდა მოლოდინი, რადგან დარწმუნებული ვიყავი ჩემს ძალებში, როგორც კი ჩავედი, იქაც ვიგრძენი დიდი მხარდაჭერა. საქართველოდანაც დიდი მხარდაჭერა მქონდა, არ ველოდი ჩვენი ერის ასეთ შემართებას. მინდოდა საქართველო მოხვედრილიყო ტოპ 15-ში და არა ჯანეტ ქერდიყოშვილი, ეს ჩემთვის არაფერს შეცვლიდა. ორგანიზატორები რომ ხედავდნენ ასეთ მხარდაჭერას საქართველოს მხრიდან, გაოცებულები იყვნენ. არავის ეგონოს, რომ ეს იყო გასართობი პროგრამა, სულ ვმუშაობდით, გარეთ მხოლოდ ერთხელ გავედით. 81 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, როდესაც მონაწილე მიემგზავრება ქვეყნიდან, უნდა წაიღოს, ვიდეომასალა და წიგნები საკუთარ ქვეყანაზე. ჩვენი ქვეყანა არასერიოზულად უყურებს ამ კონკურსს, ყველას მივმართე, კულტურის სამინისტროს, მერიას, პრემიერ-მინისტრს, მაგრამ არავინ დამიდგა მხარში. რატომღაც საჭიროდ არ ჩათვალეს. ჩემი ხარჯით გავემგზავრე. ფინალზე ჯენიფერ ლოპესის კაბა ჩამაცვეს, რომელიც მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ცალკე ვიზაჟისტი მყავდა ნიუ-იორკიდან, სტილისტი და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ, ტოპ-15 ში ვერ მოვხვდი. საკმაოდ წარმატებით ჩაიარა ჩემმა ინტერვიუმ ჟიურისთან, მათ ვუთხარი, რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ვესაუბრე საქართველოს შესახებ, თბილისზე, მცხეთაზე და ა.შ. ვუთხარი, რომ ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი ვანო მერაბიშვილთან, როცა ის შს მინისტრი იყო და სიამოვნებით ჩავწერდი ინტერვიუს ბარაკ ობამასთან.

- რას კითხავდი ბარაკ ობამას?

- სირიის ამბებს ვკითხავდი. რუსეთზე, საქართველოზე, უკრაინაზე და ა.შ. რაც ჩვენს ხალხს და მსოფლიოს აინტერესებს, იმას ვკითხავდი.

- როდის შეხვდით ვანო მერაბიშვილს ინტერვიუზე?

- როცა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ყოველი კურსის ბოლოს ვამზადებდით გაზეთს, ჩემმა ლექტორმა დამავალა ინტერვიუს ჩაწერა ვანოსთან. რთული იყო 19 წლის ბავშვი სამინისტროში, რომ დადიოდა და ინტერვიუს ითხოვდა შს მინისტრისგან, მაგრამ ბოლოს დამთანხმდა. ინტერვიუ ჩემს მეგობართან ერთად ჩავწერე, რომელიც რუსულ "ფორბსში" მუშაობს, შს მინისტრის ინტერვიუ "ფორბსშიც" გამოქვეყნდა, ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" მოსვლის შემდეგ გატარდა.

- როცა სოციალურ ქსელში კონკურსისთვის განკუთვნილი ფოტო გამოაქვეყნე, დაწერე, რომ საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოს გაზიარების გამო უხერხულ მდგომარეობაში იყავი, რატომ?

- არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ მოდელი ვარ. უბრალოდ "მის საქართველო" გავხდი, არასდროს ვყოფილვარ მოდელი. უხერხული იყო ჩემთვის საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოს დადება. ლაიქებს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ჟიურისთვის და ამიტომაც დავდე. რაც არ უნდა გადამიხადონ, თამამ ფოტოსესიაში არ მივიღებ მონაწილეობას, არ ზის ეს ჩემში.

- როცა ლას-ვეგასში "მის პლანეტის" ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდი, საქართველოში შენი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამ გამოიწვია ხალხის გაღიზიანება?

- უცნაურია ჩემთვის, ერთი თვის წინ მიცემული ინტერვიუ, ფინალამდე ოთხი დღით ადრე რატომ გამოქვეყნდა და თან მხოლოდ ამ მონაკვეთით. რატომ გაუკვირდა ხალხს ჩემი ნათქვამი, არ ვიცი. შეურაცხმყოფელი არაფერი მითქვამს. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, ვინც საღად აზროვნებს, მიხვდებოდა, სულ სხვა შინაარსი რომ იდო ჩემს ნათქვამში. ბევრმა გაიგო, რომ თითქოს ჩემთვის სულერთია ქმარი მიღალატებს თუ არა, რაც აბსურდია. მე ვთქვი, რომ თუ ერთჯერადი იქნება ღალატი, ამის გამო სახლიდან არ გავიქცევი შვილებთან ერთად. მამაკაცებს ხშირად მოსდით ასეთი შეცდომები. ყველა უნდა აფასებდეს თავის თავს და თუ სისტემატიურია ღალატი, უნდა დაშორდეს წყვილი. ქალი ჩემთვის უფრო წმინდაა, ის არის დედა, ამიტომაც წარმოუდგენელია ჩემთვის ქალის ღალატი. ვინც იყვირა და ხელები ირტყა გულზე, მგონი სხვანაირად დაანახა თავის თავი ხალხს. მამაჩემს დედაჩემი და მე ხელის გულზე ვყავართ. დედამ იცის, როგორ შეინარჩუნოს ოჯახი, ოჯახის შენარჩუნება და დანგრევა ქალზე არის დამოკიდებული.

- ზოგმა გაიგო თითქოს, თუ შეძლებული არის მამაკაცი, მას ყველაფერს აპატიებ?

- მე არ ვარ მატერიალისტი, სტერეოტიპია, რომ ოდნავ ლამაზი გოგო შეძლებულ მამაკაცს უნდა გაჰყვეს ცოლად. ეს სწორად არ მიმაჩნია. არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, ვისაც ცოლად გავყვები. მთავარია ადამიანში კაცობა დავინახო, ათი სახლი ექნება თუ ერთი ნაქირავები ოთახი, თუ პერსპექტიულია მამაკაცი და ვეყვარები, ცოლად გავყვები.

- რას გულისხმობ კაცობაში?

- პირველ რიგში ქალის მიმართ პატივისცემა და სიყვარული უნდა ვიგრძნო მისგან. ისეთი სიყვარული, როგორც შენი შვილი უნდა გიყვარდეს. ჩემზე უნდა ზრუნავდეს არა როგორც მხოლოდ ცოლზე, ისე უნდა ვუყვარდე, როგორც გოგო უყვარს მამას. ცოლი მაინც სხვა ოჯახში გაზრდილი, სხვა ადამიანია, რომელსაც 20-25 წლის მერე ვხვდებით. ბიჭმა სუფთა და წმინდა სიყვარული მინდა იგრძნოს ჩემს მიმართ.

- კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც შენს გარშემო განვითარდა, რუსულენოვან მიმართვას ეკუთვნის, რომელიც ლას-ვეგასში ყოფნის პერიოდში გავრცელდა. ხალხმა განაცხადა, რომ მტრის ენაზე მიმართვის გავრცელება არასწორი იყო შენი მხრიდან...

- მე რუსებს ჩვენს მტრად არ ვთვლი. შეიძლება კონკრეტული ადამიანები ჩვენი მტრები არიან, მაგრამ რუს ერზე ამას ვერ ვიტყვი. მე თვითონ იქ დავიბადე და გავიზარდე, რუსული ჩემთვის ქართულის მერე მეორე მშობლიური ენაა. მიმართვას რაც შეეხება, საიტის ადმინისტრაციამ მთხოვა მისი მკითხველებისთვის რუსულენოვანი მიმართვა გამეკეთებინა. მსოფლიოსთვის რომ ეთხოვათ მიმართვა ან ინგლისურად, ან ქართულად, მივმართავდი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: "ცოლის ღალატი ქმრის "გაგულავებაზე" მეტად ამორალურია" - ჯანეტ ქერდიყოშვილის სკანდალური განცხადება და გამოხმაურება "ფეისბუქში"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება