უცხოეთიდან ჩამოყვანილი ვარსკვლავების კონცერტებზე ბილეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდება

უცხოეთიდან ჩამოყვანილი ვარსკვლავების კონცერტებზე ბილეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდება

უცხოეთიდან ჩამოყვანილი ცნობილი არტისტების კონცერტებზე ბილეთები გაიყიდება, თუმცა სიმბოლურ ფასად, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მიხეილ გიორგაძემ განმარტა, ასეთი ცნობილი პიროვნებების მონაწილეობით ღონისძიებები, რისთვისაც შეიძლება საქართველოში ტურისტი ჩამოვიდეს, რეგიონებში ბევრი მიზეზის გამო ვერ გაიმართება, მათ შორის, მინისტრმა ტექნიკური აღჭურვილობა დაასახელა.

"ჩვენ არ ვარ მზად, რომ მთელ ქვეყანაში ამ დონის ღონისძიებები გავმართოთ და ეს ფინანსური თვალსაზრისითაც ძალიან ძვირი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ აქ ვგულისხმობთ იგივე ქართველი შემსრულებლების ძალიან მაღალ ჩართულობას. ეს ყველაფერი ტურისტულად უფრო მიმზიდველ იმიჯს კიდევ გაუმაგრებს საქართველოს და როდესაც ა კლასის ვარსკვლავების ჩამოყვანაზე ვსაუბრობთ, ეს კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, რადგან ასეთ სახელებს საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მოჰყვება", - განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა არტისტის მოთხოვნიდან, თავად კონცერტის ფორმატიდან და შინაარსიდან გამომდინარე, სხვადასხვა ლოკაციები იქნება შერჩეული, თუმცა კონცერტების უმრავლესობა, ბუნებრივია, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

კითხვაზე, უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანის გამო წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და როგორი იყო მაშინ მისი პოზიცია, მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ ასეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ შეცვლილა და ის ყოველთვის მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ეს ნამდვილად ხელს უწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდას.

"ამ შემთხვევაში, თვისობრივი განსხვავება იქნება ის, რომ დიდი საერთაშორისო ვარკვლავების კონცერტების უმრავლეობაზე ბილეთები აუცილებლად გაიყიდება, ეს არ იქნება ღია ცის ქვეშ უფასო კონცერტები. ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების, მოწესრიგებულობის თვალსაზრისით გარკვეული სტანდარტები უნდა შევქმნათ, მაშინ როცა ვსაუბრობთ უცხოეული ტურისტების მოზიდვაზე. ეს არ შეიძლება იყოს ქაოტურ, უკონტროლო რეჟიმში ჩატარებული ღონისძიებები, თავად არტისტებიც, პირველ რიგში, პოტენციური მაყურებლის უსაფრთხოების საკითხებს აყენებენ წინ, ვიდრე ტექნიკასა და ფინანსურ უზრუნველყოფაზე წავიდოდა საუბარი. ეს არის პრიორიტეტული საკითხი და შესაბამისი უზუნველყოფა სჭირდება, სწორედ ამიტომ ბილეთები გაიყიდება, თუმცა სიმბოლური ფასი იქნება იმისთვის, რომ ამ ღონისძიებეზე დასწრების საშუალება მაქსიმალურად ყველა მსურველს მიეცეს", - განაცხადა გიორგაძემ.

იხილეთ ასევე: რობი უილიამსის გარდა საქართველოს, სავარაუდოდ, ეროს რამაზოტიც ეწვევა

რობი უილიამსი საქართველოში - როდის უნდა ელოდოს "ვარსკვლავთცვენას" ქართველი მსმენელი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება