ქართველების კვალი ქერჩსა და ყირიმში - რას ყვება ქალი, რომელმაც ათობით მეომრის ნეშტი ოჯახს დაუბრუნა

ქართველების კვალი ქერჩსა და ყირიმში - რას ყვება ქალი, რომელმაც ათობით მეომრის ნეშტი ოჯახს დაუბრუნა

უკვე დიდი ხანია, AMBEBI.GE-ს მკითხველს მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას, ყირიმსა და ქერჩში მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ; ამჯერად სამძებრო სამუშაოების კომისიის ხელმძღვანელს, ნატალია ძიუბას დავუკავშირდით, რომელსაც საძიებო სამუშაოების პროცესზე ვკითხეთ.

"პროფესიით, მასწავლებელი ვარ, სამხედრო თემასთან შეხება არასდროს მქონია, თუ იმას არ ჩავთვლით, რაც თავი მახსოვს, უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბაბუას ვეძებდით. ამის შესახებ მუდმივად მესმოდა, ადრეული ბავშვობიდან. როდესაც გავიზარდე, გავარკვიე, რომ ბაბუა პისკაროვის სასაფლაოზე იყო დაკრძალული. შემდეგ, მისი დაჭრისა და ჰოსპიტალში მკურნალობის დოკუმენტებიც მოვიპოვე... შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი სანათესაოდან, მხოლოდ მამაჩემის ხაზით, იმ ომს 25 ადამიანი შეეწირა... გარკვეული დროის შემდეგ, ჩამოვაყალიბეთ პროექტი Мемориал, სადაც თავდაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაცია შევაჯერეთ და ძალიან ბევრი ადამიანის მონაცემები შევიტანეთ, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულები..." - აცხადებს ძიუბა, რომლის თქმითაც, შემდეგ, გადაწყვიტა სანკტ-პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიის არქივში დაცული მასალები მოეძიებინა. წაიკითხეთ: ქერჩში ნაპოვნი ნეშტის საიდუმლო: "ირაკლი ბადალაშვილი მამაჩემია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომიდან ცოცხალი დაბრუნდა..."

კომისიის ხელმძღვანელის თქმით, იმედი ჰქონდა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულების გვარ-სახელებსაც გადააწყდებოდა... თუმცა, ეს მხოლოდ ქერჩის სასაფლაოს გახსნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ახლა კომისიას გეგმაში აქვს, სამძებრო სამუშაოები მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებშიც განახორციელოს. თუმცა, მანამდე ძალიან ბევრი მეომრის ნეშტი იპოვეს, ქერჩის სასაფლაოზე, იმ ადგილთან ახლოს, სადაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების თქმით, დივიზია იდგა და მათი უმეტესობა, საჰაერო დარტყმებისგან დაიღუპა.

"ახლა ამინდები გვიწყობს ხელს და შეუსვენებლად ვმუშაობთ... ვიცი, რომ ძალიან ბევრი ქართველი ელოდება მისი დაკარგული წინაპრის შესახებ ინფორმაციას, თუნდაც იმიტომ, რომ იცოდეს, სად დაიღუპა მისი ბაბუა ან ბიძა, ამიტომაც, სიახლის შემთხვევაში, მაშინვე ვავრცელებთ ინფორმაციას... ახლა სომხური ბატალიონის წევრების ნეშტი აღმოვაჩინეთ და მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს... " - ამბობს ნატალია ძიუბა, რომლის თქმითაც ბოლო წლებია საველე პირობებში ცხოვრობს.

"როდესაც გათხრები დავიწყეთ, მეომრის მედალიონი ვიპოვეთ, შემდეგ, გმირობის მედლები... რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არქივში მოძიებული მასალების მიხედვით, მედალი აზერბაიჯანელ სულეიმანოვ ალი-ოღლის ეკუთვნოდა, რომელიც 25-ე მოტომსროლელ ბატალიონში მსახურობდა. ამის მიხედვით ვიპოვეთ სხვებიც და შემდეგ, მათი იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ... როდესაც ერთ-ერთი კომპლექსის სამარხი გავხსენით, დაღუპულებს შორის, თქვენებური, ქართველი ნიკოლაი ქურთიაშვილის ნეშტიც ვიპოვნეთ... არ ვიცოდით, როგორ გვეპოვა მისი ფესვები ან შთამომავლობა... მე და კომისიის წევრები, ამ ჯარისკაცების პირველი ჭირისუფლები ვართ, რადგან ჩვენ მათ ვპოულობთ და შემდეგ მონაცემებს ვაზუსტებთ, იდენტიფიცირებას ვახდენთ...

ერთი სიტყვით, დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დავკავშირებოდი ქურთიაშვილის ოჯახს, - არც ნომერი მქონდა, არც ზუსტი მისამართი... მაშინ არც თქვენთან გვქონდა კავშირი. დიდი ძალისხმევის შემდეგ, გურჯაანის სამხედრო კომისარიატში მოვხვდით. არც ვიცოდით, რომელი რეგიონი იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ საქართველო იყო და ვფიქრობდით, დანარჩენს მერე გავარკვევდით, - ეს ჯარისკაცი სწორედ გურჯაანელი აღმოჩნდა, რაც საოცარი დამთხვევა იყო. იქ მოგვცეს მისი ოჯახის წევრის ნომერი. ...ტელეფონში ქართველმა მამაკაცმა დამტვრეული რუსულით მიპასუხა, - მას აქ ნაპოვნი მეომრის სახელი, გვარი და მონაცემები, ვუთხარი, - ის ჯერ დუმდა, შემდეგ კი, გიჟივით იყვირა, - ის პაპაჩემიაო!... ამის გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელი მივლის... ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა აღარც ჰქონდათ იმედი, რომ ოდესმე რამეს გაიგებდნენ... ამის შემდეგ, ქურთიაშვილის შვილმა და შვილიშვილმა, ახალგაზრდა და სევდიანი ქართველი მამაკაცის ძველი ფოტო გამოგზავნეს, რათა საარქივო ბაზაში არსებულისთვის შეგვედარებინა... ჯერჯერობით, ქერჩში დაღუპული ქართველების გვერდით დავასაფლავეთ და იმედი მაქვს, თავისი წინაპრების საძვალეს დაუბრუნდება..." - ამბობს კომისიის ხელმძღვანელი.

წაიკითხეთ: მეორე მსოფლიო ომის "ექო" საქართველოში - გადახედეთ ამ გვარ-სახელებს, იქნებ მათში თქვენი წინაპარი ამოიცნოთ... როგორც ძიუბა გვიყვება, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდან, თითქმის ყოველკვირეულად ათეულობით ადამიანი თავისი წინაპრის მონაცემებსა და ფოტოებს უგზავნის და დახმარებას სთხოვს, რათა წინაპრის კვალი იპოვნონ... არსებობს არაერთი ინტერნეტგვერდი, მაგრამ იქ მათი პოვნა ადვილი არ არის, რადგან ზოგ შემთხვევაში გვარები და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნები შეცდომით წერია, ან მეორდება, რაც მათ აბნევს, მით უფრო, ზოგჯერ გვარები ემთხვევა. "აუცილებლად უნდა გითხრათ, - ქართველებიდან ვინც დარეკა, ყველას ერთი და იგივე კითხვა აქვს, - როგორ გადაასვენონ წინაპრის ნეშტი სამშობლოში... სამტრედიელი სამადაშვილის ოჯახის წევრები აპირებენ ჩამოსვლას და სხვებიც ინტერესდებიან, მესმის, არ არის ადვილი ქერჩში ან ყირიმში ჩამოსვლა, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, შენი წინაპრის ნეშტის ადგილსამყოფელი იცოდე... წლების წინ არხანგელსკში ერთი გავლენიანი ჩინოვნიკის ბაბუის ნეშტი ვიპოვეთ, მის შვილიშვილს მოსკოვში ძალიან კარგი პოსტი უკავია... 5 წელია ვურეკავ, - რას აპირებთ-მეთქი, უხეშად მპასუხობს, მაგრამ მაინც არ ვეშვები, - მაინტერესებს, რას იზამს... მიკვირს, მე მტკივა ბაბუამისი, მას - არა...", - იხსენებს ძიუბა, რომლის თქმითაც, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრის ოჯახისთვის ინფორმაცია მიუწოდებია, მათ კი, რეაქციაც არ ჰქონიათ... "ერთხელ, უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრის შვილმა, ცრემლებისა და სენტიმენტების ჩავლის შემდეგ ისევ დამირეკა და მკითხა, - მამაჩემი საზღვარზე მოკლეს და კომპენსაცია არ მეკუთვნისო?!."

წაიკითხეთ: "სასაფლაოდ ქცეულ ეზოში უკრაინელი ცოლ-ქმარი ქართველებს მარხავდა..." - ბაბუის საფლავის საძებნელად ქერჩში წასული კაცის ნაამბობი

კითხვაზე, - რა იცის იმ ცნობილ ისტორიაზე, რომლის თანახმადაც, უკრაინელი ოჯახი გერმანელი ფაშისტების მიერ დახვრეტილ საბჭოთა ჯარისკაცების გვამებს ჩუმად იპარავდა და შემდეგ, საკუთარ ეზოში მარხავდნენ, - ნატალია ძიუბა გვპასუხობს: "ისინი ძმები ნადტოკები იყვნენ, ამ მეტად სარისკო საქმეს ცოლებთან ერთად აკეთებდნენ, - 160 მეტრზე მეტ მიწის ფართობზე გააკეთეს ძმათა სასაფლაო, სადაც ათასამდე ადამიანი დამარხეს და მათი მონაცემებიც შეინახეს... ომის დასრულების შემდეგაც დადიოდნენ და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მონაცემებს აგროვებდნენ, მათ მიერ გაკეთებული არქივი ჩვენც ძალიან გვეხმარება..." - ამბობს ძიუბა.

ლალი პაპასკირი AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?