კრიმინალური ტურისტული სეზონის შემდეგ, აფხაზეთი გამოუვალ მდგომარეობაშია

კრიმინალური ტურისტული სეზონის შემდეგ, აფხაზეთი გამოუვალ მდგომარეობაშია

აფხაზეთის რეგიონში, ახალი სასწავლო წელი დაიწყო, - სახელმძღვანელოები, როგორც ადრე, ახლაც მოსკოვიდან ჩამოვიდა საჩუქრად, რასაც უკვე მერამდენედ მოჰყვა საზოგადოების მცირე ნაწილის სუსტი პროტესტი, - "როდემდე უნდა იყოს "დამოუკიდებელი" აფხაზეთი რუსეთზე ყველაფრით დამოკიდებული..." - ამ უკვე მოძველებულ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, ადგილობრივი საზოგადოების ერთი ნაწილი სიამოვნებით აღნიშნავს, რომ აფხაზეთში, წელს პირველკლასელთა რაოდენობა, დაახლოებით, 3 ათასით გაიზარდა. ამ "სასიამოვნო სიახლის" გავრცელებისთანავე, სკეპტიკოსებმა მაშინვე გაიხსენეს ის "სამწუხარო რეალობა, რომ საკმაოდ დაბალი დონის განათლებას, რომლითაც შემდეგში გზის გაკვალვა ძალიან გაუჭირდებათ, - კიდევ 3 ათასი მოზარდი ეზიარება..."

ბოლო 26 წელია, აფხაზეთში კადრების დეფიციტზე საუბრობენ. მართლაც, პროფესიონალ კადრს რეგიონში გასაჩერებლად არავითარი მიზეზი არ აქვს, რის შედეგსაც, როგორც თავად ამბობენ, ისინი ყველა სფეროში, მათ შორის, განათლების სისტემაში იმკიან; - საქმე ის არის, რომ ადგილობრივ საშუალო სკოლებში, სადაც სწავლის პროცესი რუსულ ენაზე მიმდინარეობს, რუსული თავად მასწავლებლებმა არ იციან, რაზეც რუსი ჟურნალისტები და ბლოგერები მუდმივად ხუმრობენ...

რუსი ჟურნალისტი ანდრეი ნიკოლაევი აფხაზეთზე მომზადებულ სტატიაში, ადგილობრივ ხელმძღვანელობას "მოჯადოებულ წრეს" უწოდებს, რომლისგანაც "რუსეთი სახელმწიფოს შექმნას ცდილობს, ან უბრალოდ "ფულს ათეთრებს..." მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხაჯიმბამ, მოსკოვის მხარდაჭერის მიუხედავად, რეგიონში არსებული პრობლემები ვერ მოაგვარა, ისინი კრიმინალში იხრჩობიან, "აფხაზებს რუსული ტანკების ისევ ეშინიათ და იქ რუსეთის გაძლიერებას გააფთრებით ეწინააღდეგებიან"...

პრორუსული იდეოლოგიის გამტარებელი აფხაზური მედიის თქმით, - ბოლო დროს, სკოლებიც სახიფათო გახდა, რადგან თითქმის ყველა სკოლაში, განსაკუთრებით კი, სოხუმის სკოლებში, სააფთიაქო ნარკომანია ლამის ჩვეულებრივი რამ არის. ახლა ერთადერთი იმედი, ერთობლივი აფხაზურ-რუსული საკოორდინაციო ცენტრის შექმნაა.

თავის მხრივ, აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი, ასლან კობახია ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა, რადიკალური რეფორმების ფარგლებში, ნარკომანიის პრობლემა მოგვარდებოდა, რომელიც მისივე თქმით, რეგიონში აფხაზეთის გარეთ მყოფი აფხაზებისგან შემოდიოდა... კობახიას დაპირებამ აფხაზური საზოგადოების გარკვეულ ფენებში ღიმილი გამოიწვია, - "ეტყობა, ჩვენს ხელმძღვანელობას ავიწყდება, რომ სინამდვილეში, აფხაზეთი პატარაა და აქ ყველამ ყველაფერი იცის, ისიც კი, თუ როგორ იღებენ თავად წილებს ნარკოდამნაშავეებისგან..." - ამბობენ აფხაზები...

ოკუპირებულ რეგიონს წელს არც ტურისტულ სეზონში გაუმართლა - ზაფხული აფხაზეთში პრობლემებით დაიწყო; ადგილობრივების თქმით, უკვე საკამათო არ არის, რომ სეზონი ჩავარდა, სხვა საკითხია, ვინ არის დამნაშავე?.. ორგანიზაცია, "აფხაზეთის ტურიზმის კავშირის" პრეზიდენტის ანა კალიაგინას თქმით, გასულ წლებთან შედარებით, რუსი დამსვენებლების რაოდენობა 30%-ით შემცირდა. აფხაზების თქმით, რუსები არ ითვალისწინებენ "ქვეყანაში" არსებულ ვითარებას და "მაღალი მოთხოვნები აქვთ", რაც კომფორტსა და უსაფრთხოებას ეხება. თავის მხრივ, რუს ტურისტებს ეშინიათ მკვლელობების, დაყაჩაღების, აფეთქების, საკვებით მოწამვლის, ნაწლავური ინფექციის, გაუპატიურების, გატაცების...

საქმე ის არის, რომ წელს აფხაზეთში ყველა სახის დანაშაული მოხდა და ამას აფხაზებიც აღიარებენ, რადგან ასტამურ ჯოპუას მიერ ჩადენილმა საშინელმა დანაშაულმა, აფხაზებიც შეძრა. ამას მოჰყვა, გუდაუთაში რუს ტურისტებზე მომხდარი თავდასხმა, რომლის გარშემოც დღემდე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, - აფხაზების ერთი ნაწილის თქმით, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად არის და არავითარი თავდასხმა არ მომხდარა...

შემდეგ, აფხაზეთში ორი მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდნა, რამაც რუსეთის სამი მოქალაქე იმსხვერპლა; ბოლო გახმაურებული ფაქტი კი, იარაღის საწყობის აფეთქებაა, რა დროსაც 64 ადამიანი დაშავდა... ეს ყველაფერი კი, მუდმივი "წვრილმანი დანაშაულების", ნარკომანიის, ადამიანის გატაცებების, კრიმინალურ ელემენტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების კვალდაკვალ ხდებოდა. მოკლედ, ერთი სეზონისთვის მეტისმეტად ბევრი რამ მოხდა... ამასობაში დრო გავიდა და სეზონიდან შემოსავლების მიღების მომლოდინე ადამიანებს, მათ შორის ბიზნესმენებს, ბანკის ვალების გასტუმრების დრო დაუდგათ.

ასეთი ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, ახლა აფხაზეთში მწარედ ხუმრობენ, რომ ბანკებმა დაცვა უნდა გააძლიერონ, თუკი ეს გამოსავალი იქნება, - ბანკების ძარცვა აფხაზეთში, დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეა, მით უფრო ამ დროს, როდესაც ვალების გასტუმრების დროა, თან "სასწავლო დაწესებულებებში" ახალი სეზონი იწყება... - "აფხაზ ახალგაზრდებს უყვართ ფული და კარგი ცხოვრება, რომელიც უკვე წლების განმავლობაში აპრობირებული, ყაჩაღობის გზით, ყველაზე ადვილად მოდის, მით უფრო, რომ ფულითა და ნაცნობობით აფხაზეთში თავისუფლების მოპოვებაც შეიძლება",- წერენ აფხაზი ბლოგერები.

"ჩიხში ვართ?" - ამ კითხვას აფხაზები სულ უფრო ხშირად სვამენ და დანაშაულების ზრდის კვალდაკვალ წერენ, რომ წყალი და დენი გრაფიკით მიეწოდებათ. ინფრასტრუქტურა ვერ ვითარდება, მეტიც, დროის გასვლასთან ერთად, პრობლემები მატულობს და რეგიონი, რუსეთზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება. ამ ყველაფერზე კი პასუხიმსგებელი, აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებაა, რასაც ოპოზიცია მათ სულ უფრო ხშირად ახსენებს.

აფხაზური მედიის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ შემოდგომაზე ქუჩის აქციები ისევ აქტუალური გახდეს, ქუჩის აქციებს კი ფული სჭირდება... ადგილობრივი ხელმძღვანელობა უკვე თადარიგს იჭერს და ოპოზიციას "კეთილ რჩევას" აძლევს, - ნუ შეეცდებიან "ქვეყანაში არსებული კრიზისი სათავისოდ გამოიყენონ და "სული გაყიდონ". აფხაზური მედია ხაჯიმბას მოწინააღმდეგეს ირიბად მოუწოდებს, დასახმარებლად "საქართველოსკენ" არ გაიხედონ, რადგან ამ შემთხვევაში, აფხაზეთის მოსახლეობა ისევ ჭაობში ცხოვრებას არჩევს. "სხვა საკითხია, თუ ქართული მხარე ახალ რეალობას ახლებურად შეხედავს და აფხაზეთს თავის საზღვრებში შეთრევას არ დაუპირებს" - წერს აფხაზური მედია...

აფხაზური და რუსული პროპაგანდის კვალდაკვალ, რომელიც რეგიონში ასე ძლიერია, ოპოზიციონერები ერთიმეორეზე მეტად აქტიურობენ, - პარტია "ქალები პოლიტიკაში" ლიდერმა, ირინა აგრბამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ აფხაზი ქალები მაღაზიაში პროდუქტის შესაძენად ვალს იღებენ, რადგან თავის გატანა რთულია. წარმოება არ არსებობს. სამუშაო ადგილები შემცირდა. ტურისტული სეზონის ჩავარდნა პირდაპირ აისახა სამშენებლო კომპანიებზე, - ისინი ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა, შედეგად, ყველაფერი გაჩერდა. ასე რომ, ალბათ გვაქვს უფლება, ხელისუფლებისგან უახლოესი დროის ანტიკრიზისული გეგმა მოვითხოვოთ, - რას აპირებთ, ბატონებო?!"- კითხულობს ის...

აფხაზეთის მოსახლეობას სულ უფრო მეტად აღიზიანებს ის, რომ ე.წ. ხელისუფლების უკანასკნელ იმედად ისევ რუსეთი რჩება. რუსეთთან შს ორგანოების საიფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის თანახმად, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ბიუჯეტში თანხა ჩაირიცხება, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში დაგროვილი პენსიებისა და ხელფასების ნაწილს გაისტუმრებს... თუმცა, მათ ისიც იციან, რომ ეს დროებითია და რამდენიმე თვეში, ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე