ავტორი:

რუსეთის "ცალმხრივი სიამტკბილობა" საქართველოსთან - რას გულისხმობს რუსული მხარე ცინიკურ განცხადებაში?

რუსეთის "ცალმხრივი სიამტკბილობა" საქართველოსთან - რას გულისხმობს რუსული მხარე ცინიკურ განცხადებაში?

ლონდონში სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო ატეხილი სკანდალის, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებისა და სომხეთში საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას, მოულოდნელად, საქართველო გაახსენდა და იმაზე საუბარი დაიწყო, როგორ უმჯობესდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები.

„რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება. როცა 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოავლინა დაინტერესება რუსეთთან ურთიერთობა იმ ღრმა კრიზისიდან გამოეყვანა, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება. დაიწყო ნორმალიზაციის პროცესი, რამაც ამ ბოლო წლებში, ყველასთვის ცნობილი პოზიტიური შედეგები მოიტანა,“ - განაცხადა ზახაროვამ.

როგორც რონდელის ფონდის ექსპერტი, გიორგი ბადრიძე ამბობს, ზახაროვას განცხადება სასარგებლოა იმის გასაგებად, თუ რა მიაჩნია რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებად.

„ზახაროვას განცხადებამ გვაჩვენა ცინიზმი, რომლითაც ისინი უდგებიან საქართველოში მიმდინარე ტრაგიკულ ვითარებას - როდესაც ოკუპირებულია ქვეყნის დიდი ნაწილი, როდესაც 100 ათასობით ადამიანი არის დევნილი საკუთარ ქვეყანაში, როდესაც ყოველდღიურად რუსეთის ვითომ სასაზღვრო ძალები ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ და პერიოდულად ეს საშინელ მსხვერპლს იწვევს. ეს აჩვენებს, თუ როგორ წარმოუდგენია რუსეთს ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოსთან, რომ ყველაფერი - ოკუპაცია, გატაცებები, მკვლელობები - დარჩეს ძველებურად, მაგრამ ამის პარალელურად, რუსეთის ხელისუფლებას შეიძლება წარმოედგინოს ურთიერთობების გაუმჯობესება და სიამტკბილური ურთიერთობა ჩვენს ხელისუფლებასთან“ - ამბობს ბადრიძე.

საინტერესოა, რუსული მხარე გაუმჯობესებაში რას გულისხმობს, მაშინ როცა საქართველოში "ბორდერიზაციის" (მავთულხლართების, ღობეების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟი, ტრანშეების გათხრა) პროცესმა 2013 წლის თებერვლიდან კიდევ უფრო ინტენსიური სახე მიიღო და მას შემდეგ, თითქმის ყოველ წელს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადმოწევაზე ახალ-ახალ ამბავს ვიგებთ. რუსულ მავთულხლართებში მოექცა არაერთი ქართული სოფელი (ხურვალეთი, გუგუტიანთკარი, ზარდიაანთკარი, ღოღეთი, დვანი, დიცი, ციცაგიანთკარი, ჯარიაშენი, აძვი, ქვეში), რის გამოც სახნავ-სათესი მიწების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას თავის გასატანად სხვა საშუალებების ძებნა უწევს, საოკუპაციო ზოლსა და საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალს შორის მანძილი კი მხოლოდ 500 მეტრია.

რა იგულისხმება გაუმჯობესებაში, როცა ე.წ. საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას გატაცებებისა და დაკავებების გამო მუდმივად შიშში უწევს ცხოვრება? - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში - 16, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს. გასულ წელს კი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავების 52 ფაქტი დაფიქსირდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 126.

რა იგულისხმება გაუმჯობესებაში, როცა მოქალაქეები ე.წ სასაზღვრო ხაზიდან ცოცხლები არ გვიბრუნდებიან? - 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან, 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. შეიარაღებულმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ ოთხოზორიას რამდენჯერმე ქვედა კიდურებსა და მუცლის არეში, ბოლოს კი თავის არეში ესროლა. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები თითქმის ყველამ ნახა, აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით საქმის გამოძიება შეწყვიტა, მკვლელი კი გაათავისუფლა.

რა იგულისხმება გაუმჯობესებაში, როცა საოკუპაციო რეჟიმი გარდაცვლილის ცხედრითაც კი პოლიტიკურ თამაშებს აწყობს? - სამწუხაროდ, არც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავე გვინახავს დასჯილი. ოსური მხარის ვერსიით, 2018 წლის 22 თებერვალს დაკავებულმა ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა. ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, მრავლობითი დაზიანებითა და შინაგანი ორგანოების (მათ შორის გულისა და თავის ტვინის) გარეშე, ქართულ მხარეს თითქმის 1 თვის შემდეგ გადაეცა.

თუმცა, მარია ზახაროვას თუ დავუჯერებთ, ტატუნაშვილის საქმე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე გავლენას არ იქონიებს: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მოწინააღმდეგებმა აიტაცეს ტატუნაშვილის საქმე. მაგრამ ამ საქმის ირგვლივ ცინიკური პროპაგანდისტური სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს“ - აცხადებს ზახაროვა.

საინტერესოა, ასე მოულოდნელად რატომ გაახსენდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება მაშინ, როცა ტატუნაშვილის სიკვდილის შემდეგ, პრემიერ კვირიკაშვილის წერილს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის თაობაზე, მოსკოვმა ირონიულად უპასუხა?

„მგონია, რომ ეს ღირსების საკითხია და ვთვლი, რომ არ შეიძლება ზახაროვას განცხადების უპასუხოდ დატოვება. არ ვიცი, როგორ შეიძლება ვინმე სხვას გადააბრალო პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქის მკვლელობისთვის, რომელიც მათ დააკავეს, მათ აწამეს, მათ მოკლეს და თურმე ამით ვიღაც სხვა ცდილობს იხეიროს? ეს ცინიზმიც აღარ არის. ეს არის საშინელი შეურაცხყოფა, რომელსაც პასუხი სჭირდება, მაგრამ ეტყობა ჩვენს ხელისუფლებაში პასუხის გამცემი არ არის არავინ“ - აცხადებს რონდელის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე.

ეს სწორედ ის მარია ზახაროვაა, რომელიც ერთი მხრივ ურთიერთობების გაუმჯობესებასა და "ძმურ სიყვარულზე" გველაპარაკება, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოსგან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას მოითხოვს. „რუსეთი და საქართველო სხვადასხვა სფეროში ავითარებენ ურთიერთობებს, თუმცა დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ჯერჯერობით არ დაწყებულა, სანამ საქართველო მიუღებელ პირობებს აყენებს,“- აცხადებდა ზახაროვა 2017 წლის აპრილში.

რუსეთისთვის მიუღებელ პირობებს, ოკუპირებული რეგიონების სახელმწიფოებად არაღიარებასთან ერთად, საქართველოს გაცხადებული მიზანიც წარმოადგენს - გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. როგორც რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, მის საზღვრებთან ახლოს მყოფი ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, საფრთხედ აღიქვამს, შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს საფრთხე თავიდან აიცილოს.

არსებობს მოსაზრებაც - რომ არა ჩვენი ქვეყნის ასეთი აქტიური სწრაფვა დასავლეთისკენ, რუსეთი არ განახორციელებდა აგრესიულ ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, 90-იან წლებში, როცა ჩვენი ქვეყანა არც ნატოსა და არც ევროკავშირისკენ არ ისწრაფვოდა (მეტიც ამაზე საუბარიც კი არ იყო), რუსეთმა მაინც წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომელთა ოკუპაციაც დღემდე გრძელდება.

რა იგულისხმება გაუმჯობესებაში, როცა რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებს აძლიერებს და მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს? მაგალითად, გასული წლის მარტში ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სამხედრო შეთანხმების ბრძანება გასცა, რომელიც ოსი სამხედროების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანებას გულისხმობს.

და მაინც, რა იგულისხმება გაუმჯობესებაში? ალბათ, ისეთი სფეროები, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, კულტურა... როგორც ზახაროვა თავის განცხადებაში აღნიშნავს, აღდგა და მრავალმხრივ გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა, განახლდა საავიაციო და სახმელეთო სატრანსპორტო კავშირები, მოიხსნა 2006 წლიდან დაწესებული შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით და სწრაფად ვითარდება საზოგადოებრივი, კულტურული, სამეცნიერო, სპორტული კონტაქტები.

მაშინ როცა ზახაროვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო საზოგადოებას იმაში არწმუნებს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები უმჯობესდება, საქართველოს ხელისუფლება მის განცხადებას უკომენტაროდ ტოვებს.

„საქართველოსთვის დიდი ხანია ზიანი მოაქვს იმას, რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო პირდაპირ უგზავნის სიგნალებს დასავლეთს რომ ის თავად „აუმჯობესებს“ ურთიერთობებს რუსეთთან. აქედან გამომდინარე საქართველო დარჩენილია საერთაშორისო დღის წესრიგის გარეთ. მაგალითად, ის არ არის მოხსენიებული სანქციების მიზეზებში, რომელიც პირველად დაუწესდა რუსეთს ცივი ომის შემდეგ უკრაინაში განხორციელებული აგრესიისთვის. შედეგი არის ის, რომ დასავლეთმა და რუსეთმა რომც მოილაპარაკონ უკრაინაზე, საქართველოს მიმართ ერთი პოზიტიური ნაბიჯის გადმოდგმა არ დასჭირდება რუსეთს,“- აღნიშნავს რონდელის ფონდის ექსპერტი ჩვენთან საუბარში.

მალე 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გადის. შეიცვალა თუ არა რუსეთის იმპერიალისტური დამოკიდებულება საქართველოსადმი და რამდენად შეგვიძლია ამ ხნის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს - ოკუპაციას, მცოცავ ანექსიას, გატაცებებსა და მკვლელობებს გაუმჯობესება ვუწოდოთ, ეს მკითხველმა თავად გადაწყვიტოს...

სახალხო დამცველის ოფისთან მეუფე სპირიდონის მხარდამჭერთა აქციაზე ლევან ვასაძე მივიდა - ის სახალხო დამცველის გადადგომას ითხოვს

"რა სამშობლოს უღალატა? ეს პარანოიაა..." - გია ხუხაშვილი ივანიშვილის განცხადების შესახებ

ვინ როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გიორგი გახარიას შესახებ - ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებები