ავტორი:

რატომ იქცა სიმსუქნე ეპიდემიად საქართველოში და სჭირდებათ თუ არა ქართველებს "გუგული მაღრაძის დიეტა"

რატომ იქცა სიმსუქნე ეპიდემიად საქართველოში და სჭირდებათ თუ არა ქართველებს "გუგული მაღრაძის დიეტა"

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გუგული მაღრაძის ინიციატივა - ჭარბი წონის რეგულირებაზე საზოგადოებაში სიცხარეს არ კარგავს. მართალია, მის იდეას ჭარბ წონასთან დაკავშირებით, ჯერ საკანონმდებლო სახე არ აქვს, მაგრამ მკვეთრად უაყოფით შეფასებას იმსახურებს. თავად დეპუტატი განმარტავს, რომ ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. მისი თქმით, ტკბილეულის გაძვირება ხელს შეუწყობს, რომ ადამიანებმა ჯანმრთელად იკვებონ. შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მისი კომენტარი - "თუ (ხალხს) უჭირთ, უფრო გამხდრები უნდა იყვნენ. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო ხშირია სიმსუქნე".

დეპუტატის ხმაურიან განცხადებებსა და ინიციატივაზე, აზრი ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ვკითხეთ. ენდოკრინოლოგი სწორედ ის სპეციალისტია, რომელსაც ჭარბი წონის რეგულირებაზე უწევს პაციენტებთან მუშაობა.

"ქალბატონი გუგული თვითონ აკეთებს ამ განცხადებებს, თუ ვინმე უწერს?! წავიკითხე, გავეცანი მის ინიციატივებს და მინდა, გამოვეხმაურო წონის რეგულაციასთან დაკავშირებულ საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ სახელმწიფოს დახმარებით მიიღოს ინფორმაცია იმ პრობლემაზე, რასაც ჭარბი წონა ან სიმსუქნე ჰქვია, ვინაიდან სიმსუქნე არ არის მხოლოდ მდგომარეობა. როგორც ვიცით, ენდოკრინული, ქრონიკული დაავადებაა და თავის მხრივ, ბევრ გართულებას იწვევს. თუმცა, ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ პროდუქტების გაძვირებით, რომელიც არცთუ იაფია, რა თქმა უნდა, პრობლემას არ გადაჭრის. პრობლემის გაადაჭრა უნდა მოხდეს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებით ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

პრობლემის გადაჭრაში შეიძლება განვიხილოთ ბავშვთა ასაკში სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დანერგვა. თუ ამ პრინციპებს არ ვიცავთ, წარმოდგენა არ გვაქვს, ზრდასრულ ასაკში რა დაავადებებთან შეიძლება გვქონდეს საქმე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ასევე ის, რაც, საბავშვო ბაღებში გაკეთდა. დიახ, რაციონში გარკვეული კალორაჟი უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს საკვების ულუფების შემცირების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

- საკვებიდან კალორაჟის შემცირება სხვადასხვა ნახშირწყლისა და მარილიანი პროდუქტის ამოღებას ნიშნავს?

- დიახ. ასევე სწრაფი კვების ობიექტებისგან უნდა გათავისუფლდეს სკოლები, ვინაიდან ბავშვებს არ ჰქონდეთ საშუალება შეიძინონ ესა თუ ის მავნე პროდუქტი. ეს რეგულაციები აშშ-ში დღესდღეობით დანერგილია.

- ქალბატონი გუგული აცხადებს, მოსახლეობას რომ უჭირდეს, წონის პრობლემა არ ექნებოდაო... ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს მათ ჭარბ წონას?

- სიმსუქნეს მაძღრობა არ იწვევს, ეს არ არის მართალი! ჭარბწონიანობა იმიტომ მძვინვარებს და ლამის ეპიდემიად იქცა საქართველოში, რომ ხალხს არ აქვს საშუალება, შეიძინოს ჯანსაღი პროდუქტი, დაბალანსებულად იკვებოს. უმეტესად ერთგვაროვან საკვებს ყიდულობენ. პურ-ფუნთუშეულზე არიან გადასულები იმისთვის, რომ დანაყრება შეძლონ. ეს კი წონაში მატებას და ცხიმოვანი ქსოვილის ორგანიზმში დაგროვებას იწვევს. ამ საქმეში აქტიურად მონაწილეობს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა - კარტოფილი, პური, ბრინჯი, მაკარონი და მსაგავსი საკვები.

თუ პირიქით მოხდება, გაიაფდება ისეთი პროდუქტები, რომელიც დაბალანსებულ კვებას ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. საუბარია რძის და ხორცის პროდუქტებზე, საზოგადოება მას იოლად შეიძენს და შეეცდება ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. ასევე მნიშვნელოვანია კანონმდებლობით დარეგულირდეს სამუშაო გრაფიკი, გარკვეული პერიოდები, ვინაიდან დროის ფაქტორი სიმსუქნის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. ადამიანები თავიანთი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, დროის სწორად გადანაწილებას ვერ ახდენენ. მაგრამ იმის გაკეთება, რომ შაქრის შემცველ პროდუქტებზე, შაქარზე, ტკბილეულზე ფასები გაიზარდოს, რათა მოსახლეობამ ვერ შეიძინოს ესა თუ ის პროდუქტი, ასეთი პოზიცია ჯანსაღ აზრს მოკლებულია.

ფოტო სოციალური ქსელიდან

ამ ყველაფერმა შეიძლება პირიქით, უფრო გაზარდოს საქართველოში სიმსუქნის განვითარება, ვინაიდან მოსახლეობა გადავა ისეთ საკვებზე, როგორიც არის - კარტოფილი, პური, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია და მეტად იწვევს ჭარბი წონის, სიმსუქნის განვითარებას. აქედან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციები, პრევენციული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, უნდა გატარდეს, ვინაიდან სიმსუქნე, როგორც დაავადება 80% დაკავშირებულია - შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებასთან, რაც შემდგომ სახელმწიფოში სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის დაკნინებას იწვევს: ადამიანებში ხდება შრომისუნარიანობის დაქვეითება, ეს კი მოქმედებს სახელმწიფოზე. ამიტომ სახელმწიფო უნდა ჩაერთოს პრევენციული ღონისძიებებისა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში და არა პროდუქტის აკრძალვის ინიციატივით გამოდიოდეს.

- და ბოლოს, საქართველოს მოსახლეობის დიდ პროცენტს მართლაც სჭირდება თუ არა დიეტა - ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასვლა?

- ჯანსაღი ცხოვრების დანერგვა სჭირდება, მაგრამ აქ ფიზიკური აქტივობაც იგულისხმება. ქალაქში უამრავი მშენებლობა მიმდინარეობს და რეალურად არ გაგვაჩნია პარკები, სკვერები, სადაც ადამიანი ფიზიკურ აქტივობას შეძლებს, ივარჯიშებს. მათ ნამდვილად არ აქვთ საშუალება, იარონ ფიტნეს დარბაზებში და ამაში ფული გადაიხადონ. ქალაქში კი არ ეძლევათ საშუალება, სკვერში გავიდნენ, ფიზიკური აქტივობა გაზარდონ, რაც ჭარბ წონასა და სიმსუქნეზე მოქმედებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველოში გარკვეული საინფორმაციო ცენტრების გახსნა, სადაც პირველადი მედიცინის რგოლის წარმომადგენლები, ექიმები მიაწვდიან ინფორმაციას მსგავსი ტიპის პაციენტებს. ვინაიდან ვიმეორებ, საქართველოში სიმსუქნე მზარდი ტენდენციაა ჯერ კიდევ 1992 წლიდან დღემდე. სტატისტიკურად 20-25 %-ით მნიშვნელოვნად გაიზარდა და საგანგაშოა. შესაბამისად, საზოგადოების ჯანმრთელობაზე ყველაფერი მოქმედებს.

- როგორც ექიმი, სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები?

- ეს არის ზერელე დამოკიდებულება და საკითხის არცოდნა, რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, არ ვიცი, სახელმწიფოს რამდენად აწყობს, გარკვეული ტკბილეულზე ფასის მატება, ბიუჯეტში შემოსავლის მისაღებად, მაგრამ ამ საკითხს თუ სამედიცინო კუთხით განვიხილავთ, ვინც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს, დაავადების განვითარებაზე და არც მის მკურნალობაზე წარმოდგენა არ აქვს, არადა, ვალდებულია, ჰქონდეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ