საიდუმლოებები, რომელთაც ტურინის სუდარა ინახავს

საიდუმლოებები, რომელთაც ტურინის სუდარა ინახავს

გთავაზობთ ამონარიდებს ისტორიკოს ლაშა დოხნაძის ნაშრომიდან "ტურინის სუდარა - მეხუთე სახარება", საიდანაც იმ საიდუმლოებების შესახებ გაიგებთ, რომელსაც ტურინის სუდარა ინახავს.

საუკუნეების განმავლობაში ტურინის სუდარის შესახებ რამდენიმე ძირითადი კითხვა დაისვა: წარმოადგენს თუ არა იგი ნამდვილად იმ სუდარას, რომელშიც მაცხოვარი გაახვიეს ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ? შეესაბამება თუ არა ქრისტეს ჯვარცმის შესახებ ბიბლიურ ცნობებს სუდარაზე ასახული წამების კვალი? და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: სუდარაზე გამოსახულების გადასვლა გამოიწვია თუ არა უფლის აღდგომისას გამოსულმა მძლავრმა ზებუნებრივმა ენერგიამ? თანამედროვე მეცნიერებამ ამ კითხვებს კომპეტენტური პასუხი გასცა...

ტურინის სუდარა წარმოადგენს 4,36 მეტრი სიგრძისა და 1,1 მეტრი სიგანის ზომის სელის ქსოვილს, რომელზეც აღბეჭდილია ნაწამები ადამიანის გამოსახულება. იგი ამჟამად ინახება იტალიის ქალაქ ტურინში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, სადაც საგანგებოდ დამზადებულ ტყვიაგაუმტარ მინის საცავშია მოთავსებული.სუდარა ტურინში მხოლოდ გვიან შუა საუკუნეებში მოხვდა, მანამდე კი მრავალი ადგილსამყოფელი გამოიცვალა.

ტურინის სუდარა იონე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში

სუდარის მიმართ სამეცნიერო ინტერესი XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა. 1898 წელს იტალიელმა ადვოკატმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა სეკონდო პიამ გადაუღო მას ფოტო ზომით 60X50, რომელზეც გამჟღავნებისას ნათლად გამოჩნდა ნაწამები ადამიანის გამოსახულება. პიამ ფოტოპირზე აღბეჭდილი გამოსახულება ჯვარცმული ქრისტეს გამოსახულებად მიიჩნია. ამ მოსაზრებას პიას ზოგიერთი თანამედროვე სკეპტიკურად შეხვდა.

1931 წელს პროფესიონალმა ფოტოგრაფმა ჯუზეპე ენრიმ გადაუღო სუდარას მაღალი ხარისხის ფოტოები, სადაც კვლავ აღიბეჭდა ნაწამები ადამიანის გამოსახულება. ნიშანდობლივია, რომ ენრის ევროპის ეკლესიებში დაცული არაერთი სუდარისთვის გადაუღია ფოტო, თუმცა არც ერთ ნეგატივზე მსგავსი გამოსახულება არ გადასულა.

სუდარის მეცნიერული შესწავლა დაიწყო 1900 წელს სორბონის უნივერსიტეტში. პრობლემაზე მომუშავე შედარებითი ანატომიის სპეციალისტი ივ დელაჟი მივიდა დასკვნამდე, რომ სუდარაზე გამოსახულება გადავიდა მეცნიერებისთვის აუხსნელი პროცესის შედეგად.

გამოსახულება სუდარაზე, ნეგატივი

მას შემდეგ მრავალი მეცნიერული კვლევა მოეწყო. ქსოვილის შესწავლისას დადგინდა, რომ იგი განეკუთვნება სელის ქსოვილთა განსაკუთრებულ ტიპს, ე.წ. დამასკოს, რომელიც გავრცელებული იყო ძვ.წ. XI საუკუნიდან ახ.წ. I საუკუნის ბოლომდე ახლო აღმოსავლეთში. ქსოვილზე აღმოჩნდა ბამბის ნაწიბურები, რომელთა შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა მოსაზრება გამოთქვეს, რომ იგი წარმოადგენს ბამბის ტიპს - Gossypium Herbaceum, რომელიც მზადდებოდა მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდში სირიის მიდამოებში, რაც სუდარის ახლოაღმოსავლურ წარმომავლობაზე მეტყველებს.

1973 წელს შვეიცარიელმა კრიმინოლოგმა მაქს ფრეიმ ჩაატარა სუდარიდან აღებული მტვრის ნაწილაკების მიკროსკოპული ანალიზი, რის შედეგადაც დაადგინა, რომ სუდარაზე შემორჩენილია 58 სხვადასხვა მცენარის მტვერი. ფრეიმ პალესტინაში შვიდგზის იმოგზაურა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 13 სახის მცენარე იზრდება პალესტინასა და მკვდარი ზღვის მიდამოებში, 20 - სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიასა და ჩრდილოეთ სირიაში, დანარჩენი კი იზრდება როგორც აღმოსავლეთში, ასევე ევროპაში. ანალიზმა აჩვენა, რომ სუდარა ინახებოდა როგორც ახლო აღმოსავლურ და მცირე აზიურ, ასევე ევროპულ გარემოში, რაც ზუსტად ემთხვევა მისი გადაადგილების შესახებ წყაროებით მოღწეულ ცნობებს.

საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს მეცნიერებმა სუდარაზე გადასული მონეტების კვალის შესახებ. 1982 წელს დიუკის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორმა ალან ვანგერმა დაადგინა, რომ ეს კვალი ეკუთვნის სპილენძის მონეტათა იშვიათ ჯგუფს, რომელთაც პილატეს ლეპტას უწოდებენ. მონეტების კვალი იმდენად ნათლად არის გადასული სუდარაზე, რომ მეცნიერებმა შეძლეს ამოეკითხათ მასზე არსებული წარწერა. იგი შესრულებულია ბერძნულ ენაზე რამდენიმე ორთოგრაფიული შეცდომით: TIBERIOY KAICAROS (ზოგიერთი ბერძნული ასოს ნაცვლად ლათინურია ჩაწერილი).

ამ შეცდომების გამო რამდენიმე მეცნიერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მონეტების გამოსახულება სუდარაზე ხელოვნურად უნდა გადაეყვანათ შუა საუკუნეებში. მოგვიანებით, პალესტინის ტერიტორიაზე ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა ორი მონეტა ასეთივე შეცდომებით, ასევე კერძო კოლექციებში მიკვლეულია მსგავსი ოთხი მონეტა.

მონეტათა აღმოჩენამ და დათარიღებამ ცხადყო ზემოაღნიშნული მოსაზრების უსუსურობა, რადგან ძნელად წარმოსადგენია შუა საუკუნეების ევროპელ "გამყალბებლებს" ხელთ ჰქონოდათ უიშვიათესი რომაული მონეტები.

2006 წელს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) კრიმინალისტიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ანატოლი ფესენკოს ხელმძღვანელობით სუდარა კომპლექსურად გამოიკვლიეს. დადგინდა, რომ სუდარიდან მიღებული ინფორმაცია სრულ თანხმობაშია ქრისტეს წამებისა და ჯვარცმის შესახებ ბიბლიაში გადმოცემულ თხრობასთან. მეტიც, სუდარაზე არსებული გამოსახულების შესწავლამ შესაძლებელი გახადა უფრო დაწვრილებით შეგვეტყო უფლის ვნებების შესახებ, ვიდრე ეს ბიბლიაშია მოთხრობილი. სუდარიდან მოპოვებული ინფორმაციის ბიბლიურ ცნობებთან დაკავშირების პრობლემას არაერთი კომპეტენტური მკვლევარი შეეხო, ამიტომ მოკლედ ამ საკითხზეც გავამახვილებთ ყურადღებას.

  • სახარება მოგვითხრობს, რომ რომაელმა ჯარისკაცებმა ჯვარცმამდე ქრისტეს მათრახებით სცემეს.

სუდარაზე არსებულ სხეულის გამოსახულებაზე ნათლად ჩანს მათრახებით ცემის კვალი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უფალს სცემდნენ სამი სახის რომაული მათრახით (ფლაგრუმი, ფლაგელუმი), რომელთაც ბოლოში სიმძიმეები ჰქონდათ დამაგრებული (სავარაუდოდ, ძვლისგან ან ტყვიისგან დამზადებული). გამოსახულებაზე დაფიქსირებულია 98-100 მათრახის დარტყმის კვალი, აქედან 59 დარტყმა მიყენებულია სამწვერა მათრახით, 18 - ორწვერით, ხოლო 21 - ერთწვერათი.

ქრისტეს გაშოლტვა. მინიატურა ე.წ. ჰოლკამის კრებულიდან, რომელიც XIV საუკუნის დასაწყისის ინგლისში შეიქმნა ნორმანულ ფრანგულ ენაზე

დარტყმათა კვალი ყველაზე მეტად ამჩნევია ზურგს, წელსა და მხრებს, რაც განპირობებული იყო იმით, რომ რომაული წესის მიხედვით, იგი მიბმული იყო წინა მხრიდან 70 სმ-ის ბოძს, რის გამოც მათრახი ძირითადად სხეულის უკანა ნაწილს ხვდებოდა. ზურგის არეში დარტყმებს ძირითადად მარჯვენა მხარეს აყენებდნენ, რადგან ისინი იმდენად მძლავრი იყო, რომ ზურგის მარცხენა ნაწილში დარტყმის შემთხვევაში, არსებობდა გულის გახეთქვის საშიშროება. სხეულზე არსებული დარტყმების კვალის შესწავლით ისიც კი დადგინდა, რომ ერთი ჯალათი მაღალი იყო, ხოლო მეორე კი შედარებით დაბალი და მარჯვნიდან და მარცხნიდან აყენებდნენ დარტყმებს.

  • სახარების მიხედვით, რომაელმა ჯარისკაცებმა დაამზადეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს უფალს თავზე, ურტყამდნენ, დასცინოდნენ და "თაყვანს სცემდნენ" მას.

სუდარაში გახვეულ ადამიანს წარბი აქვს გახეთქილი, ასევე მარჯვენა ქუთუთო, ცხვირი და ლოყები ძლიერ დაზიანებული. თავსა და თხემზე აღენიშნება 30-მდე გამჭოლი სახის ჭრილობა, რაც მეცნიერთა აზრით გამოწვეულია თავის არეში მიყენებული ხის ბლაგვი საგნის დარტყმებით, რომლის დროსაც ეკლები თავის ქალის სიღრმეში ესობოდა და ძლიერ დაზიანებებს აყენებდა.

  • სახარებიდან ჩანს, რომ გოლგოთის გზაზე ჯვარი განსაზღვრულ მანძილზე ატარა იესომ, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი ზიდვა ძლიერ გაუძნელდა, მას შეანაცვლეს ვინმე სვიმონ კვირინელი.

სუდარაში გახვეული ადამიანის მუხლებს დაზიანების კვალი ემჩნევა, განსაკუთრებით მარცხენა მუხლს, რომელიც ძლიერ გადაყვლეფილია. მუხლებიდან და ცხვირის წვერიდან სუდარაზე გადასული სისხლის წვეთების შესწავლისას დადგინდა, რომ ისინი შეიცავენ ერთი და იმავე მტვრის ნაწილაკებს. ყოველივე ზემოთქმული გვიჩვენებს, რომ ჯვრის ტარებისას იგი არაერთხელ დაეცა, რამაც მუხლებისა და ცხვირის დაზიანება გამოიწვია. სუდარიდან ვიგებთ, რომ მასში გახვეული სხეული ზურგის მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში ეხახუნებოდა მაგარ, ბრტყელი ზედაპირის მქონე საგანს. საქმე ის არის, რომ ჯვარზე გაკრული ადამიანის ფილტვები შეკუმშულ მდგომარეობაშია და ჰაერის ჩასასუნთქად საჭიროა ზემოთ აწევა, ფილტვების გასაფართოებლად. ხელებითა და ფეხებით მილურსმულ სხეულს ეს არ შეუძლია, ამიტომ იგი იძულებულია, ხან ერთი მხრით აიწიოს ზევით, ხან მეორეთი და ამგვარად ჩაისუნთქოს ჰაერი. მეცნიერთა აზრით, სუდარაში გახვეული ადამიანის ზურგის გახეხვის მიზეზი სწორედ ეს გარემოება იყო.

მაცხოვრის სახე ტურინის სუდარიდან ფილიპინებზე, მანილაში, ერთ-ერთ კათოლიკურ ტაძარში

ჯვარცმულის სიკვდილის დასაჩქარებლად რომაელებს წესი ჰქონდათ: ჯერ კიდევ ცოცხალს ჯვრიდან ჩამოხსნიდნენ და წვივებს გადაუმტვრევდნენ. ამგვარად მოექცნენ ისინი იესოსთან ერთად ჯვარცმულ ორ ავაზაკს, თუმცა უფლისადმი ამგვარი წესის გამოყენება აღარ დასჭირდათ, რადგან `მო-რაი-ვიდეს იესუისა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წვივნი მისნი" (იოანე, 19:33). მიუხედავად ამისა, მას ერთმა ჯარისკაცმა ჰკრა ლახვარი `გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი" (იოანე, 19:34).

სუდარის შესწავლის შემდეგ დოქტორმა პიერ ბარბემ (იგი ათეისტი იყო და სუდარაზე კვლევების ჩატარების შემდეგ გახდა მორწმუნე) დაადგინა, რომ მახვილი ქრისტეს სცეს გვერდიდან გულის მიმართულებით. მახვილმა გაიარა ნეკნთაშორისი პლევრა, ფილტვი, შემდეგ პერიკარდიუმი (რომელშიც გულია მოქცეული) და დააზიანა მარჯვენა წინაგული. სიკვდილის შემდეგ სისხლი წინაგულში გროვდება, ამიტომ ბარბეს აზრით, მახვილმა გახეთქა წინაგული და მასში დაგროვებული სისხლი სხეულის გარეთ გამოვიდა ფილტვის ღრუს მეშვეობით. მკვლევართა აზრით, სიკვდილის შემდეგ წინაგულში სისხლთან ერთად გროვდება წყლის მაგვარი სითხეც და მისი გახეთქვის შემთხვევაში ისიც აუცილებლად გადმოიღვრებოდა ("გარდამოხდა სისხლი და წყალი~).

წაიკითხეთ სრულად ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომერში

ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე - დეპუტატი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და "დაუვიწყარ საღამოს" იხსენებს

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?