ავტორი:

"აეროპორტში დაგვტოვეს 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი" - რას ედავება ავიაკომპანია "ვიზეარს" ქართველი მგზავრი

"აეროპორტში დაგვტოვეს 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი" - რას ედავება ავიაკომპანია "ვიზეარს" ქართველი მგზავრი

ავიაკომპანია "ვიზეართან" დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილებას კიდევ ერთხელ გამოთქვამენ. AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი მგზავრი ბაქარ მაცაბერიძე დაუკავშირდა და გვიამბო, რომ თვითმფრინავმა, რომელიც 10 აგვისტოს მილანიდან ქუთაისის მიმართულებით გამოფრინდა, საქართველოს დაახლოებით, 18 მოქალაქე აეროპორტში დატოვა.

მაცაბერიძე ირწმუნება, რომ მგზავრების მხრიდან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, ბარგის ჩაბარების პროცესი ხელოვნურად გაიწელა და ამის გამო თვითმფრინავში ასვლა ვეღარ მოასწრეს.

"10 აგვისტოს მილანიდან ქუთაისის მიმართულებით ვბრუნდებოდით. ფრენა ადგილობრივი დროით 19:05 საათზე იყო. ჩვეულებისამებრ 2 საათით ადრე იწყება რეგისტრაცია. აეროპორტში მივედით და დაახლოებით 17:10 საათზე უკვე ბარგის ჩასაბარებლად რიგში ვიდექით. ძალიან ნელა მუშაობდნენ, გვემსახურებოდა მხოლოდ ორი თანამშრომელი.

მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ეს პროცესი თანამშრომლებმა სპეციალურად გაწელეს. როდესაც უკვე გაფრენის დრო მოახლოვდა, დაახლოებით 18:30 საათზე, იმის ნაცვლად, რომ თანამშრომელი დაემატებინათ, პირიქით ერთმა დატოვა და მხოლოდ ერთმა გააგრძელა ბარგის ჩაბარება" - აცხადებს ბაქარ მაცაბერიძე.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას მგზავრი იხსენებს, რომ ბარგის ჩაბარება მან მხოლოდ 18:44 საათზე მოახერხა, მაშინ როცა ფრენა 19:05 იყო ჩანიშნული. მაცაბერიძის თქმით, უსაფრთხოებისა და პასპორტ-კონტროლის გავლის შემდეგ, გეითთან მისულ საქართველოს მოქალაქეებს ის უკვე დაკეტილი დახვდათ.

„როდესაც ჩემი რიგი მოვიდა უკვე 18:44 საათი იყო. ბარგის დატოვების შემდეგ, რა თქმა უნდა, გეითისკენ გავიქეცით. აქვე უნდა გითხრათ, რომ ეს აეროპორტი არის ძალიან დიდი და ერთი გასასვლელიდან მეორემდე მისასვლელად მანძილი კილომეტრზე მეტია. სწორედ ამიტომ, "ვიზეარს" საიტზე მითითებული აქვს, რომ ბარგის ჩაბარებიდან თვითმფრინავის გაფრენის დრომდე მგზავრს უნდა ჰქონდეს 50 წუთი.

მოკლედ, გავიარეთ უსაფრთხოების კონტროლი, პასპორტ კონტროლი და გეითთან მისულებს გეითი დაკეტილი დაგვხვდა. იქ იყვნენ საქართველოს სხვა მოქალაქეებიც, რომლებსაც აეროპორტის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თვითმფრინავი უკვე გაფრინდა. ეს იყო ტყუილი, რადგან თვითმფრინავი რეალურად გამოფრინდა 20:20 საათზე. ამ 1 საათის განმავლობაში იმით იყვნენ დაკავებული, რომ თვითმფრინავში ატანილ ჩვენს ბარგს ეძებდნენ გვარების მიხედვით და ყრიდნენ უკან. როგორც მე დავთვალე, ვინც იქ დარჩა და ვერ გამოვფრინდით, ვიყავით 18 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი.

შემდეგ როცა ფორუმებზე წავიკითხე ინფორმაცია, არაერთი ადამიანი წერს, რომ სხვადასხვა კომპანიის მიერ თურმე ბილეთების ორჯერ გაყიდვა ხდება და შესაძლოა ეს იყო მიზეზი. პირველ რიგში ვედავებით იმ კომპანიას, რომელსაც ჩვენი გადაყვანის ვალდებულება ჰქონდა. პასუხისმგებლობა მასზეა და კომპენსაციის საკითხი რომ დადგეს, მე აეროპორტს ვერ მივწერ. მე უნდა მივწერო კომპანიას, მისგან მოვითხოვო კომპენსაცია და მერე მან თუ უნდა აეროპორტისგან ამოიღოს, თუ უნდა პრეზიდენტისგან" - აღნიშნავს ბაქარ მაცაბერიძე.

მისივე თქმით, მილანის აეროპორტში დარჩენილმა საქართველოს მოქალაქეებმა დახმარებისთვის საკონსულოსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. როგორც ბაქარ მაცაბერიძე აღნიშნავს, საკონსულოს არ აინტერესებს როგორ ირღვევა სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უფლებები. მისივე განმარტებით, მათ ვერც "ვიზეარის" წარმომადგენლობასთან შეძლეს დაკავშირება და ვერც საკონსულოსგან მიიღეს დახმარება.

"თვითმფრინავის გაფრენის შემდეგ უკვე შევეცადეთ ადგილზე გვეპოვა "ვიზეარის" წარმომადგენელი. გავარკვიეთ, რომ ადგილზე არავინ მსგავსი არ იყო. დავურეკეთ კომპანიას ცხელ ხაზზე ბუდაპეშტში, არავინ გვიპასუხა. ასევე ვცდილობდით მათთან კიევში დაკავშირებას და ვერ მოვახერხეთ. ამის შემდეგ უკვე დავრეკეთ ჩვენს საკონსულოში, მოვუყევით სიტუაცია და ვთხოვეთ დახმარება. კონსულის პასუხი იყო - ეს არის კერძო კომპანია, არაფერს აზრი არ აქვს და ვერაფრით დაგეხმარებითო.

ერთი სიტყვით, საკონსულოს სულ არ აინტერესებს, როგორ ირღვევა სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უფლებები. იტალიაში საქართველოს კონსულმა მითხრა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მსგავსი რამ იტალიაში ორჯერ მოხდა. გავიგეთ ასევე, რომ ჩვენს გაფრენამდე წინა დღეს ათენში დატოვეს 14 მოქალაქე. ბოლოს უკვე საქართველოში მყოფ ჩვენს ახლობლებს ვთხოვეთ დახმარება, რომ ახალი რეისის ბილეთები შეგვეძინა და მეოთხე დღეს მოვახერხეთ მილანიდან გამოფრენა", - განაცხადა მგზავრმა.

როგორც ცნობილია, ავიაკომპანია „ვიზეარს“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში არ ჰყავს. საკომუნიკაციო ჯგუფის წარმომადგენელი AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი სმენია:

„ვიზეარს ოფიციალური წარმომადგენლობა არ ჰყავს. ჩვენ ვართ საკომუნიკაციო ჯგუფი. აღნიშნული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ თქვენი ოფიციალური მომართვის შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობას მივწეროთ მომხდართან დაკავშირებით" - განგვიცხადა საუბრისას "ვიზეარის" საკომუნიკაციო ჯგუფის წარმომადგენელმა საქართველოში.

მომხდართან დაკავშირებით, ბაქარ მაცაბერიძე კომპანია „ვიზეარის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს.

"აქედან რომ მივდიოდით 5 საათით დაიგვიანა რეისმა და კომპანიას კომპენსაციის მოთხოვნით მივწერეთ, მომხდარიც განვუმარტეთ. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვაპირებთ ამ ამბის სერიოზულად მოკითხვას. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ "ვიზეარის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შევიტანოთ,“ - აღნიშნა მან.

ფოტო: ბაქარ მაცაბერიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ