ავტორი:

რა ბიზნესი ააწყო ოთო ფოლადაშვილმა პარტნიორთან ერთად - "ერთმანეთს კარგად შევეწყეთ, ოქროს გოგოა"

რა ბიზნესი ააწყო ოთო ფოლადაშვილმა პარტნიორთან ერთად - "ერთმანეთს კარგად შევეწყეთ, ოქროს გოგოა"

ოთო ფოლადაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მისი დაარსებიდან მონაწილეობს, 8 სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთი სეზონი გამოტოვა.

"ამ პროექტში შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან ვარ, 17 წლის ვიყავი, რომ ჩავერთე. იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა, ცხადია, გადაფასებები ხდება, მაგრამ "ცეკვავენ ვარსკვლავები" ყოველთვის რჩება ჩემი ცხოვრების ნაწილად, ეს პროექტი დიდი ოჯახია, რომელიც ჩემს ცხოვრებას ამდენი წელია თან სდევს. აქ უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ. სულ დადებითად რომ გახსენდება და ერთი სული რომ გაქვს, მომდევნო სეზონი როდის დაიწყება, ასეთია ეს შოუ" - აღნიშნავს ოთო, რომელიც ამჟამად ცეკვაში პარტნიორობას ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მსახიობს, ირინკა კავსაძეს უწევს. წყვილმა მაყურებელს პირველ ეპიზოდში თავი უკვე კარგად დაამახსოვრა და უამრავი გულშემატკივარიც გაიჩინა.

ოთოს მეწყვილეები სხვადასხვა დროს იყვნენ: ნუკი კოშკელიშვილი, რუსკა მაყაშვილი, იულია ქავთარაძე (ტოპ-გოგო უკრაინიდან), ნინი ნებიერიძე, ნინი ბადურაშვილი, თათია დოლიძე.

"პირველი ნუკი კოშკელიშვილი იყო, რომელთანაც დასამახსოვრებელი ცეკვები შევქმენით, ისეთი, დღემდე რომ მახსნებენ... მეორე სეზონზე პროექტი მე და რუსკა მაყაშვილმა მოვიგეთ. ემოციური დღე გვქონდა რუსთაველის თეატრში, თან, ახალი წლის ღამე იყო, 18 წლის ვიყავი და "ცეკვავენ ვარსკვლავები" მოვიგეთ... რუსკა და ოთო რომ გამოაცხადეს, ის ხმა ახლაც ჩამესმის და მათბობს. ყველა მეწყვილე მახსოვს და თითქმის ყველასთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს" - აღნიშნავს ოთო და გვეუბნება, რომ ცეკვა მისთვის ცხოვრებაა, რის გარეშეც ვერ წარმოუდგენია არსებობა და რა დროც უნდა დადგეს, ეს სფერო მისთვის მაინც საყვარელი და ახლო სამყარო იქნება.

- რას გვეტყვი შენს ახლანდელ პარტნიორზე ირინკა კავსაძეზე?

- ძალიან კარგი გოგოა, მართლა განსაკუთრებული ოჯახის შვილია, მსახიობების ოჯახიდან არის, ბოლო-ბოლო კახი კავსაძის შვილიშვილია, მიხარია, რომ თვითონაც ამ გზით წავიდა. მსახიობია, ოღონდ, ამერიკაში მოღვაწეობს და მიმაჩნია, რომ ამერიკის ამომავალი ვარსკვლავია. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს, არა მარტო იქ, აქაც და ხალხი მას ძალიან შეიყვარებს. რაც ირინკაში ყველაზე მეტად მომეწონა არის ის, რომ შრომისმოყვარეა. ძალიან ნიჭიერია, ყველაფერს ძალიან სწრაფად ითვისებს და ძალიან მონდომებულია. ყველაფერი კარგად გამოსდის, ნამდვილად გონიერი გოგოა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მიღმა შენ და ჯულიანა ბარგნარი მეწყვილეები ხართ, საერთაშორისო ტურნირებზე დიდი წარმატებები გაქვთ...

- კი, ასეა, ბოლო წელს დიდ წარმატებას მივაღწიეთ. საზღვარგარეთ ხშირად მოგვიწია საერთაშორისო კონკურსებზე მონაწილეობამ. ყველა კონკურსიდან კარგი შედეგით დავბრუნდით, მშვენიერი ტიტულები ჩამოვიტანეთ, საქართველო ვასახელეთ. ბოლოს პოლონეთში ძალიან დიდი კონკურსი იყო, მსოფლიოს 50-ეულში შესული ტოპ-წყვილები ცეკვავდნენ. ნახევარფინალში რომ მოვხვდით, ძალიან გვიხაროდა. სავარაუდოდ, 100 წყვილი მონაწილეობდა, მაგრამ ნახევარფინალში 12-ნი ვიყავით, უკვე ფინალისტების 6-ეულის სია რომ გამოაქვეყნეს, იქაც ჩვენი სახელები რომ დავინახეთ, მივხვდით, დიდი წარმატება იყო.

ფინალში საპრეზენტაციო ცეკვის წარდგენისას, ისე დადებითად შეგვხვდა მაყურებელი, გვეგონა, საქართველოში ვცეკვავდით. ისეთი გულით მიგვიღეს, როგორ დადებით ემოციასაც აქ ვიღებთ ხოლმე. ანალოგიური გულშემატკივრობა დაგვხვდა. ბოლოს ისე მოხდა, ფინალში ჩვენთან ერთად რუსეთის წყვილი იყო, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 10 ცეკვაში პირველ ადგილზეა და მათ გადავასწარით, მესამეზე გავედით, რუსეთმა მეოთხე ადგილი დაიკავა. ეს ჩვენთვის დიდი ბედნიერება იყო, გარდა იმისა, რომ რუსეთს მოვუგეთ, 10 ცეკვის მასშტაბით, მსოფლიოში პირველ წყვილს ვაჯობეთ.

- მოკლედ, გაგიმართლათ, რომ შენ და ჯულიანა პარტნიორები ხართ...

- მე და ჯულიანა უკვე 8 წელია, ერთად ვცეკვავთ. ერთმანეთს კარგად შევეწყეთ. ოქროს გოგოა. საქართველოშიც და მსოფლიოშიც ცნობილი და გამორჩეული მეწყვილე მყავს და მიხარია. ნებისმიერ ნაბიჯზე ვენდობი, არა მარტო ცეკვისას, ამის მიღმაც დიდი მეგობრობა გვაკავშირებს. ერთად ცეკვის სტუდიაც კი გავხსენით. გარდა იმისა, რომ მოქმედი სპორტსმენები ვართ და ვცეკვავთ, საერთო ბიზნესიც გვაქვს. სტუდიას "ოთო ჯულიანა პროჯექტი" დავარქვით. უკვე სამი წელია, ბავშვებს ვამეცადინებთ. ჩვენი მოსწავლეებიც ანალოგიურად წარმატებულები არიან. ჩემპიონები ხდებიან. საქართველო-კავკასიის კონკურსებს აქტიურად იგებენ.

- მერვე სეზონის "ცეკვავენ ვარსკვლავებზე" რა პროგნოზს გააკეთებდი?

- ვფიქრობ, რომ ამ სეზონზე ჩემი ცეკვის ისტორიაში, მაყურებლისთვის არაერთ შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ ნომერს შევქმნით. რაც შეეხება იმას, გაიმარჯვებს თუ არა ჩემი მეწყვილე, არ ვიცი, რა როგორ მოხდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხი ვასიამოვნოთ. ეს ხომ მაყურებლის შოუა - სახალხო პროექტი. მაყურებელი ბედნიერი უნდა იყოს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ