ავტორი:

10 მიზეზი, რატომ ვერ მოიგო "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების პირველ ტურში

10 მიზეზი, რატომ ვერ მოიგო "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების პირველ ტურში

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და ძნელად პროგნოზირებადი მოვლენა აღმოჩნდა.

მოლოდინის მიუხედავად, მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 50%-იან ნიშნულს ვერ გადააჭარბა და ქართულ რეალობაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც 38.63%-იანი ზურაბიშვილი და 37.74%-იანი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ამ ბლოგში ვეცდები ჩამოვთვალო ის მიზეზები, რის გამოც "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

1. შავი ლაქები ხელისუფლებაში

როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ისე "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და საკუთარი რიგებიდან ვერ ან არ გაუშვა, მეტიც, კბილებითაც დაიცვა კადრები, რომლებსაც საზოგადოება დაუპირისპირდა და მათ შესახებ არაერთი საეჭვო ინფორმაცია გავრცელდა.

"ნაციონალების" კადრები სასამართლო სისტემაში, თეა წულუკიანის შეუსრულებელი და ჩავარდნილი მისიები (სასამართლო სისტემის მარცხი, სტრასბურგში დაწუნებული მოსამართლეები, პროკურორები, რომლებმაც არ გაამართლეს, საერთაშორისო დონეზე წაგებული საქმეები), რის გამოც იუსტიციის მინისტრის გადაყენება მოქალაქეებმა და არასამთავრობოებმა რამდენჯერმე მოითხოვეს; ბიძინა ივანიშვილის ახლო წრის უხილავი გავლენები ხელისუფლებასა და ბიზნესში...

როცა "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა, ემა ტუხიაშვილმა ივანიშვილს ბოლო პრესკონფერენციაზე კითხა ნათესავებისა და იმის თაობაზე, რატომ არ იშორებს „ქართული ოცნება“ ადამიანებს, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ მმართველ გუნდს და ამის მაგალითებად, უჩა მამაცაშვილი და ოთარ ფარცხალაძე დაასახელა, ივანიშვილმა უპასუხა:

"უჩა მამაცაშვილი ჩემი ნათესავებიდან ერთადერთი კაცია, ვინც ჩემთან ლაღად შემოდის იმიტომ, რომ არასდროს სათავისოდ არ გააფერადებს და ძალიან წესიერი კაცია. რაც შეეხება ნათესავებთან დამოკიდებულებას, ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ არც ერთ შემთხვევაში არაფერი არ გაუკეთოთ. მე ჩემს ძმებს და ნათესავებს, მათ რიცხვში უჩასაც, ჩემით დავეხმარები, მაგრამ არა ხელისუფლებით და არა სახელმწიფოს ხარჯზე.

თუ უჩა მეგობრობს ფარცხალაძესთან, ეს არავითარი საბუთი არ არის ჩემთვის იმისთვის, რომ მე რაღაც... ფაცხალაძეს აქვს თავისი ისტორია, ის იყო გუნდის წევრი, იყო მთავარი პროკურორი. ახლა ხუთი წელია ბიზნესშია. მას აქვს პრობლემები, რაც იცით. მაგრამ მამაცაშვილს ბევრს ატრიალებენ ძალიან და ძალიან შეწუხებულია თვითონ, რომ არ დაგიმალოთ. ყველა სიტყვაზე რომ წითლდება ასეთი უმწიკვლო ადამიანია" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

2. გამოუძიებელი საქმეები

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებულ დიდ შავ ლაქას "ქართული ოცნების" ხელისუფლება ალბათ ვერასდროს მოიშორებს. ამ დრომდე დაუდგენელია თუ ვინ მოკლა ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს დათო სარალიძე - ეს ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა და ვერც პროკურატურამ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც კონკრეტული პირების, მათ შორის მ.კ.-ს პასუხისმგებლობა იკვეთება, მმართველმა გუნდმა ალტერნატიული დასკვნით უპასუხა და მთლიანობაში, კომისიის პრინციპული მოსაზრებები არ გაიზიარა.

შეგვიძლია დავასახელოთ გამოუძიებელი საქმეების კონკრეტული საქმეებიც: ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის თავდასხმის საქმე; ბარბარე რაფალიანცის საქმე; აფგან მუხთარლის საქმე და ა.შ. ხელისუფლება თითქმის ყოველთვის რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით მყისიერად აკეთებს რეაგირებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიების მსვლელობა და დასასრული საზოგადოებისთვის უცნობად რჩება, რაც მის მეხსიერებაში აუცილებლად ილექება...

3. თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე

მესამე სექტორი დღეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას. ამას ადასტურებს ის საქმიანობა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციები ეწევიან არჩევნებზე დაკვირვებიდან დაწყებული, სხვადასხვა კვლევებით დამთავრებული. როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიუთითებენ, მათ წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა მმართველი პარტიის მხრიდან გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის და იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ეხებოდა.

4. მარიხუანას წარმოება

მარიხუანას წარმოების თემამ საზოგადოებაში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ხალხს ჯერ კიდევ არ აქვს პასუხები, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ან როგორ მოხდება ამის კონტროლი. მოსახლეობის უმეტესობამ, მშობლების თაობამ, ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისთვის მარიხუანას წარმოების ინიციატივა არ გაიზიარა, რადგან ახალგაზრდობის "განარკომანების" და ქვეყნის გადაგვარების საფრთხე დაინახა.

მათ ვერავინ დააჯერა, რომ ინიციატივა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელზე იყო გათვლილი და კანაფის გასაღების შავი ბაზარი არ შეიქმნებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატივის კრიტიკით მშვენივრად ისარგებლა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და კანაფის კულტივაციის აკრძალვის ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში ერთ-ერთ მთავარ დაპირებად დაასახელა.

5. სერიალი "ფარული ჩანაწერები"

წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნებისთვის" მტკივნეული დარტყმა აღმოჩნდა ფარული ჩანაწერების სერია სხვადასხვა საქმეებზე. ერთი ჩანაწერი მსჯავრდებულ მირზა სუბელიანს ეხებოდა, სადაც ის "ოცნებასთან" გარიგებაზე საუბრობდა. მეორე კი "ომეგა ჯგუფს", სადაც მისი დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ფიგურირებენ. სისტემური დანაშაული და ბიზნეს-რეკეტი - ხელისუფლებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც, გაუჭირდა საზოგადოებისთვის იმის დამტკიცება, რომ ეს ჩანაწერები ფაბრიკაცია იყო...

6. სოციალური ფონი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს "ქართული ოცნების" მთავარი დაპირებების გახსენება რომ ვთხოვოთ, უმრავლესობა სამართლიანობის აღდგენას და საწვავის თუ ტარიფების გაიაფებას დაასახელებს. თუმცა დაკლების ნაცვლად, ყველაფერი გაძვირდა. ლარის კურსის მუდმივმა ცვალებადობამ ფასებზე ბევრის ჯიბისთვის საგრძნობი გავლენა იქონია.

სიღარიბე საქართველოში ყველა ხელისუფლების დაუძლეველ პრობლემას წარმოადგენს და ამ ფონზე საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელია და ცინიკურად ჟღერს ბიძინა ივანიშვილის თუ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ ქვეყანაში ყველაფერი შესანიშნავადაა.

7. პიარი

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში ბევრი პროექტი კეთდება - თუნდაც უფასო წიგნები ან უფასო ბაღები შეგვიძლია გავიხსენოთ, არაერთ სოფელსა თუ ქალაქში დაგებული გზა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა საზოგადოებამდე ამის მიტანას ხელისუფლება ხშირად ვერ ახერხებს. ამაზე მმართველ გუნდსაც არაერთხელ დაუჩივლია, თუმცა ისიც უთქვამს, ხალხს ჩვენი გაკეთებული პროექტებით თავს არ ვაბეზრებთო.

თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ თუ მოსახლეობას შენს მიერ გაკეთებული საქმეები არ დაანახე და ამ მიმართულებით მუშაობა არ გააძლიერე, არჩევნებზე ძნელი იქნება დაარწმუნო, რომ რაიმეს აკეთებ. ხელისუფლების წარმომადგენლებს თითქმის ყოველთვის მხოლოდ მსხვილი პროექტების დაწყებისას ვხედავთ, სოფელსა და რაიონში, ხალხთან შეხვედრისას მათ იშვიათად ნახავთ.

8. სალომე ზურაბიშვილის განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით

საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის მოპოვება პოსტსაბჭოთა სივრცეში ალბათ ყველაზე მტკივნეულად დაუჯდა. ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%, მუდმივად განიცდის წნეხს და ახალი ომის წამოწყების საფრთხეს ჩრდილოელი მეზობლისგან, რომ აღარაფერი ვთქვათ, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში საოკუპაციო ძალების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების გატაცებასა და მცოცავ მავთულხლართებზე.

როცა ხალხი მიეჩვია თავისუფლებას, ახალგაზრდობას სურს ევროპული განათლება, მოსწონს უვიზოდ მოგზაურობა, როცა ევროპა და მსოფლიო თანამეგობრობა გეხმარება დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებაში და ამაში დიდი რაოდენობით ფინანსურ სახსარსაც დებს, ამ დროს კი მეზობელ რუსეთს მხოლოდ დამპყრობლური რიტორიკა აქვს, ამ ფონზე განცხადებების კეთება, რომ ომის დაწყებაში შენივე ქვეყანაა დამნაშავე, ამომრჩეველში დაბნეულობას და შიშს იწვევს.

შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი და "ქართული ოცნება" მათი გადმოსახედიდან ისტორიული სიმართლის დამკვიდრებას ცდილობს, თუმცა ფაქტია, რომ ეს სიმართლე საზოგადოებამ არ მიიღო. საქართველოს მოსახლეობას არ სურს ზემოთაღნიშნული სიკეთეების დაკარგვა, მსგავსი რიტორიკა კი მათ მხოლოდ აშინებს და აფიქრებინებს, რომ ქვეყანა ევროპას შორდება და რუსული პროექტი ხორციელდება.

9. საინფორმაციო კამპანია

წინასაარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შეძლოს საკუთარი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანა. ამისთვის კი, საუკეთესო საშუალება ხალხთან პირისპირ შეხვედრები და მასმედიაა. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინფორმაციო ომი "ქართულმა ოცნებამ" "რუსთავი 2"-თან და გაერთიანებულ ოპოზიციასთან პირწმინდად წააგო.

"რუსთავი 2"-მა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ გამოაცხადა და ამაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც დაარწმუნა. გარდა ამისა, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში მძლავრად მუშაობდა ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ, რამაც საინფორმაციო ომში გადაძლია "ქართული ოცნების" რიტორიკა 9-წლიან პერიოდზე და "სისხლიანი რეჟიმის" შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე.

რაც შეეხება ხალხთან პირისპირ შეხვედრებს. გაერთიანებულმა ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილს თითქმის ყველა ქალაქში საპროტესტო აქცია მოუწყო, რის გამოც მმართველი პარტიის კანდიდატს შეხვედრების ჩატარება დარბაზებში, დახურულ კარს მიღმა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოუწია. ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე, ხელისუფლებას გაუჭირდა გაენეიტრალებინა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ საზოგადოებაში შექმნილი აგრესიული ფონი.

10. არჩევნების დღე და ვითარება საარჩევნო უბნებთან

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თითქმის ყველა უბანზე შეძლო საკუთარი წარმომადგენლების მობილიზება, რამაც ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეუზღუდა. გარდა ამისა, ოპოზიცია ონლაინრეჟიმში იღებდა ინფორმაციას ყველა შესაძლო დარღვევის შესახებ.

ამასთან, ამომრჩევლისთვის საკმაოდ გამაღიზიანებელია უბნებთან სიებით მდგარი "ოცნების" დამკვირვებლები, რომლებიც პოტენციურ მხარდამჭერებს ამოწმებდნენ, მივიდნენ თუ არა უბანზე. ამ ფაქტს აპროტესტებდა ოპოზიცია და აცხადებდა, რომ დამკვირვებლები ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის ამომრჩევლებს ფულს უხდიდნენ.

"ქართულმა ოცნებამ" საპასუხოდ განაცხადა, რომ უბანთან აგიტატორების ყოფნა კანონდარღვევა არ იყო. თუმცა, თავად დამკვირვებლები აგიტატორობას უარყოფდნენ - ზოგიერთმა უბანზე შვილს მიაკითხა, ზოგიერთი მეზობლის ქორწილისთვის იწერდა სიას და ა.შ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები