ავტორი:

ნიკორწმინდის სახურავის ნაწილი მინით დაიფარება - როგორია ტაძარი რესტავრაციის შემდეგ

ნიკორწმინდის სახურავის ნაწილი მინით დაიფარება - როგორია ტაძარი რესტავრაციის შემდეგ

რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას (აღმოსავლეთ მკლავის სახურავი), რამდენიმე თვის წინ ადრეული რელიეფის უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს. როგორც მაშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გვითხრა, მეცნიერებს ნაშთების კვლევა უნდა დაეწყოთ, ამასთან, იგეგმებოდა ტაძრის გადახურვა მინით ან ისეთი მასალით, რომ დამთვალიერებლებმა ყოველთვის შეძლონ უნიკალური ნაშთების ნახვა.

დავინტერესდით, რა ვითარებაა ამ აღმოჩენიდან ორი თვის შემდეგ და მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ სასაუბროდ, AMBEBI.GE ნიკოლოზ ანთიძეს დაუკავშირდა:

"ნიკორწმინდა ერთ-ერთი სეროზული და წარმატებული პროექტია, რომელიც წმინდა, თანამედროვე მიდგომებით რესტავრაციას გულისხმობს... პროცესის წარმართვა სრულყოფილად მოხდა. კონსულტაციებში ჩართული იყო იტალიელი სტეფანო ვოლტა. იგი ერთ-ერთი უძლიერესია ძეგლების ქვის კონსერვაციის ნაწილში.

საბოლოოდ ყველაზე მთავარს მივაღწიეთ: ნიკორწმინდას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რესტავრაცია არ დასჭირდება. სახურავი, იატაკი, კარები, კარნიზები, ქვის კონსერვაცია, რაც კი ნიკორწმინდაში პრობლემატური იყო, ყველაფერი აღმოიფხვრა. დღეისთვის წარმატებული პროექტები საბედნიეროდ ბევრი გვაქვს და ნიკორწმინდას გამორჩეული ადგილი უჭირავს უახლოეს ისტორიაში! მე ვფიქრობ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ისტორიაშიც!

- უფრო დეტალურად გვითხარით, როგორი იქნება ტაძრის შემინული სახურავი?

- უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ფოტოები და ყველას ექნება საშუალება ნახოს თუ რა იქნება შემინულ ნაწილში. ის, რაც დაკონსერვებული იყო ცემენტის და სხვადასხვა მასალის ქვეშ, კონსერვაცია ჩაუტარდა და შესაძლებელი იქნება სახურავის იმ კონკრეტული ნაწილის ახდა და დათვალიერება. შემინული ნაწილი ისე იქნება, რომ დრონითაც შეძლებენ მსურველები გადაღებას.

ეს უფრო მეცნიერებისთვის და შესწავლის მიზნით მისული ვიზიტორებისთვის იქნება შესაძლებელი და არა ყველა მიმსვლელისთვის. ფიზიკურად ვერ მოხვდება ყველა მიმსვლელი სახურავთან, მაშინ იქ კიბე უნდა მოგვეწყო, რაც ტაძარს ტურისტულს გახდიდა და სწორი არ იქნებოდა.

- შემინულმა ნაწილმა ხომ არ დაარღვია სიძველე?

- არავითარ შემთხვევაში! სახურავი ნიკორწმინდის ტაძარზე არაერთხელ იყო გადაკეთებული. მინა არის მთლიანი სახურავის ერთი პატარა სეგმენტი და მთლიანი სახურავიც ახალია, შესაბამისად შემინული ნაწილი ვერაფერს დაარღვევდა. ნიკორწმინდის მთავარი ნაწილი არის ბარელიეფები, მხატვრობა... სახურავი აუცილებლად გამოსაცვლელი იყო, რადგან უვარგისი იყო. ახლა რაც დამონტაჟდა, ერთ-ერთი ყველაზე გამძლე სახურავია.

- გვახსოვს როგორი კრიტიკა მოჰყვა ბაგრატის ტაძრის აღდგენას... ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაცო სამუშაოების დროს არ იყო აზრთა სხვადასხვაობა?

- ბაგრატის ტაძრის და ნიკორწმინდის ტაძრის შედარება ამ მხრივ არც შეიძლება... ბაგრატის ტაძარი ძირითადად ნანგრევი იყო და შესაბამისად აღდგენა ავთენტური ქვებით უნდა მომხდარიყო, თორემ ბაგრატს ტაძარში ყველაზე უმტკივნეულო თანამედროვე მასალებით აღდგენილი ნაწილია, რაც ანდრეა ბრუნომ გააკეთა. ეს არის დასავლეთის მინაშენში რკინის ჩაქსოვება, სადაც პირდაპირ ნათლად ჩანს ახალი და ძველი. მთავარი პრობლემა იყო ძირითადი ნაწილი, რომ რკინა-ბეტონით გადავიდა, ახალი ქვებით მოპირკეთდა და ოთხასამდე ძველი ქვა ისევ ადგილზე არის დარჩენილი... ყველაფერი სისწრაფის ბრალი იყო.

გელათში უფრო ადრე - 2008 წელს დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები და წელს სრულდება მთავარი ტაძრის ძირითადი ნაწილი. ამდენი წელი გაგრძელდა და საუკეთესოდ გაკეთდა. სტეფანო ვოლტა მანდაც არის ჩართული. რაც შეეხება ნიკორწმინდის ტაძარს, აქ სარესტავრაციო სამუშაოები კი არა, უფრო მეტად კონსერვაციის ნაწილი იყო - სახურავის მოწესრიგება, უხარისხო ხის კარ-ფანჯრის შეცვლა, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო ჩასმული... ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა ეს სამუშაოები და კრიტიკაც ბუნებრივია ვერსაიდან იქნება!

ფოტოები მოვაწოდა სამხატვრო აკადემიის კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, პროექტის ავტორმა ნანა კუპრეიშვილმა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ