ავტორი:

4 თვეში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს 400 მოქალაქე გამოაძევეს - როგორ მიმდინარეობს უვიზო რეჟიმის პროცესი?

4 თვეში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს 400 მოქალაქე გამოაძევეს - როგორ მიმდინარეობს უვიზო რეჟიმის პროცესი?

უვიზო რეჟიმის შემოღების დღიდან, ანუ 2017 წლის 28 მარტიდან 2018 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის/შენგენის ზონაში 335 000-ზე მეტმა მოქალაქემ ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა - ასეთია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები.

შს სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის აგვისტო-ნოემბერში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 411 მოქალაქის დეპორტი განხორციელდა. იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა, "ლიდერობენ":

გერმანია - 152 დეპორტირებული; ავსტრია - 74 დეპორტირებული; საფრანგეთი - 70 დეპორტირებული; ბელგია - 23 დეპორტირებული; შვედეთი - 20 დეპორტირებული და ა.შ.

ამავე პერიოდში, ქვეყანაში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქეებს იტალიამ უთხრა - სულ 158 უარი შესვლაზე. შენგენის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის ჯამური მაჩვენებელი 603-ს შეადგენს. ქართველებს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა: კვიპროსმა (69), გერმანიამ (69), საფრანგეთმა (68), საბერძნეთმა და ესპანეთმა (44-44 უარი) და ა.შ.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს ნდობა გამოუცხადა და სავიზო რეჟიმი გაუუქმა, ათასობით მოქალაქემ საოცნებო ადგილებში ჩასვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოახერხა, ახალი კონტაქტები დაამყარა, ახლობლები მოინახულა თუ საქმიანი ვიზიტები განახორციელა, თუმცა, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ქვეყანა გარკვეული გამოწვევების წინაშეც დადგა.

დავინტერესდით, რა ხარვეზები გამოიკვეთა ვიზალიბერალიზაციის პერიოდში და ამ საკითხზე სასაუბროდ საგარეო უწყებას მივმართეთ.

  • რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება?

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, საქართველომ 60-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება და 70-მდე კანონქვემდებარე აქტი/რეგულაცია მიიღო. სავიზო რეჟიმის შემოღებიდან მეცხრე თვეს - 2017 წლის 20 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა პირველი პროცედურული ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნებს ასრულებს.

ამავდროულად, ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია და არც საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ, რომ ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან გაიზარდა, განსაკუთრებით კი ეს ეხებოდა გერმანიასა და საფრანგეთს. იტალიური მედია კი საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ კრიმინალურ ქმედებებზეც იუწყებოდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ორგანიზებული კრიმინალის არსებობამ შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის მიღწევებს, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია. მან ქართულ მხარეს ორგანიზებულ კრიმინალთან ერთობლივი ძალებით ბრძოლა შესთავაზა.

ამასთან, ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. უფრო კონკრეტულად, გასული წლის 18 აპრილს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება, რომელიც გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრებას გულისხმობდა.

აღნიშნული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს არგუმენტი ასეთია: „ხშირად მოქალაქე, რომელსაც აკრძალული ჰქონდა შენგენის ზონაში შესვლა, მიღებული ჰქონდა უარი ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე ან დანაშაულებრივ ქმედებებში იყო მხილებული, გვარის შეცვლის შემდგომ ისევ ცდილობდა შენგენის ზონაში შესვლას, დარჩენას და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას. ინიცირებული ცვლილებების შედეგად, მსგავსი შემთხვევები მკვეთრად შემცირდება“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ასევე, სწორედ თავშესაფრის მაძიებელთა ინფორმირებისთვის, დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის პროცედურის ბოროტად გამოყენების შესაძლო შედეგების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. გარდა ამისა, შემუშავდა მობილური აპლიკაცია - Schengen/EU APP, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ და შენგენის ზონაში გატარებული და უვიზო მიმოსვლის წესების შესაბამისად, დარჩენილი დღეების რაოდენობა გამოითვალონ.

  • კრიმინალთან ბრძოლა

რაც შეეხება კრიმინალთან ბრძოლის საკითხს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა გააქტიურდა. კერძოდ, გერმანიაში, შვედეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტები შედგა. 2018 წლის 1 სექტემბრიდან, "ევროპოლთან" მეკავშირეობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში საქართველოს მეკავშირე-ოფიცერი დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა შემცირდა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კლებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარება და თავშესაფრის მოთხოვნების განხილვის ვადების შემცირება.

ამ ეტაპზე, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად უკვე ევროკავშირის/შენგენის ზონის 11 ქვეყანა აღიარებს: ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტაინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი და დანია. გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლის 18 ივლისს საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გერმანიის მთავრობამ აღიარა, რაც ამჟამად, ბუნდესტაგის მიერ გარკვეული პროცედურების დასრულებას საჭიროებს.

  • როგორ აფასებენ პროცესს ექსპერტები

ვიზალიბერალიზაციის თითქმის 2-წლიანი შედეგების შესაჯამებლად AMBEBI.GE საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტებსაც დაუკავშირდა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლამ საქართველოს ახალი პერსპექტივებისკენ გაუხსნა კარი, თუმცა გარკვეულ გამოწვევებზეც საუბრობენ.

ექსპერტ გრიგოლ გეგელიას მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციას თან ბევრი სიკეთე ახლავს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეების კრიმინალებად და "ევროპაში არშესაშვებებად" წარმოჩენას ცდილობს.

"ჯამში, მიმაჩნია, რომ პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ყველა ქართველმა უნდა ვცადოთ, რომ ეს სიკეთე ქვეყანას არ დაეხშოს, შესაბამისად, ჩვენ უნდა დავიცვათ ლეგალური ვადები. უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპა გვენდო, როდესაც მისკენ უფრო თავისუფლად მიმავალი კარი გაგვიხსნა და ჩვენ ეს ნდობა უნდა დავაფასოთ და ვაჩვენოთ, რომ შევიძლია, ევროპასთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა უფრო ღირსეულად გამოვიყენოთ.

ეს სიკეთე, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია, ყველა ქართველმა უნდა დავიცვათ, რადგან რუსული ძალები ცდილობენ და ეს დადასტურებული ფაქტია, რომ ქართველები მასობრივად წარმოგვაჩინონ, როგორც კრიმინალები და არშესაშვებები. რასაკვირველია, ამას ერთი მიზანი აქვს: საქართველო ვერც ეკონომიკურად და ვერც კულტურულად ვერ განვითარდეს და რომ დარჩეს რუსულ ორბიტაზე. მგონია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ინფორმირებულობაა საჭირო, მათ შორის იმაზეც, როგორ არ უნდა მოვიქცეთ და იმაზეც, თუ რა ტიპის სარგებელი შეგვიძლია, ვნახოთ“, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის, გიორგი გობრონიძის მოსაზრებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედება ქვეყნისთვის ევროკავშირთან ახალი თანამშრომლობის დაწყებას ნიშნავს. ამის მაგალითად, ექსპერტს პოლონეთისა და საფრანგეთის გადაწყვეტილებები მოჰყავს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმების უფლების მინიჭებას გულისხმობს.

"ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა სახელმწიფოებთანაც. ასევე, თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველო აღიარეს უსაფრთხო ქვეყნად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე დადებითად აისახება. ასევე, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულმა საკითხებმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უფრო ინტენსიური, უფრო მჭიდრო გახადა. თუნდაც, იგივე, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად ჩვენ დაგვჭირდა პოლიციის ატაშეებისთვის ინსტიტუტის ამოქმედება, ნაბიჯების გადადგმა სხვა მიმართულებებითაც დაგვჭირდა და ეს არ მოხდებოდა, რომ არა ვიზალიბერალიზაცია.

რაც შეეხება რისკებს, ბევრი არ ყოფილა და არ გამართლდა ის შიში და მოლოდინი, რომ თუ ვიზალიბერალიზაციას მივიღებდით, ქვეყნიდან მასობრივი გადინება დაიწყებოდა“, - აღნიშნა გიორგი გობრონიძემ.

2019 წლის 28 მარტს შესრულდება ორი წელი, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების საშუალება მოგვეცა. ჩვენს ქვეყანას კი ვიზალიბერალიზაციის შემდეგ უფრო მეტის სურვილი და შესაძლებლობები აქვს - ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა, რისთვისაც უკვე წლებია ვიბრძვით და ვმუშაობთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ