ავტორი:

"რუსეთი აქედან არასდროს წავა... ასე თითო-თითოდ დაგვხოცავენ" - სომხეთში რუსული არმიისადმი პროტესტი იზრდება

"რუსეთი აქედან არასდროს წავა... ასე თითო-თითოდ დაგვხოცავენ" - სომხეთში რუსული არმიისადმი პროტესტი იზრდება

სომხეთში რუსი სამხედროს მიერ მოკლული ქალის საქმეზე აგორებული სკანდალი გრძელდება. 25 დეკემბერს ერევანში აქტივისტების ჯგუფმა, რომელიც მოსკოვისგან ჯულიეტა გუკასიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცის გადმოცემას მოითხოვდა, რუსეთის საელჩოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა.

მკვლელობა 2 დეკემბერს გიუმრიში მოხდა. რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის 23 წლის რუსმა ჯარისკაცმა, რომლის ვინაობას არც რუსეთის საელჩო და არც სომხური ძალოვნები ამხელენ, 57 წლის ქალი ცემით იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

kavkaz-uzel.eu-ს კორესპონდენტის ცნობით, თავდაპირველად ადგილობრივი მედია ვარაუდობდა, რომ ეს საქმე ვერ იქნებოდა ისეთი რეზონანსული, როგორიც 2015 წლის “პერმიაკოვის საქმე” იყო, თუმცა, ბოლო დღეებში იქ განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ საპროტესტო ტალღა მატულობს.

“რუსეთის არმია, წადი სომხეთიდან” - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ აქტივისტები რუსეთის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. მათივე თქმით, უკვე დიდი ხანია გიუმრიში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზა საფრთხეს უქმნის სომხეთის მოსახლეობას.

“მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურობა ეჭვმიტანილის სომხური მხარისთვის გადმოცემას არ აპირებდა, შეიქმნა აქტივისტების ჯგუფი და დავიწყეთ აქციების დაგეგმვა... მთელი დღე რუსეთის საელჩოს ჭიშკართან იდგა ხალხი და უწყებიდან ერთი ადამიანიც არ გამოსულა...

ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ მათთან კონტაქტის სურვილის შემთხვევაში, უწყებას კითხვები წერილობით ფოსტაზე გადაუგზავნონ. მეტი ირონია რა გინდათ? გადახედეთ სოციალურ ქსელებს, რას წერენ რუსები, მათ მიაჩნიათ, რომ სომხეთი არსებულ რეალობას უნდა შეეგუოს" - ამბობს მედიასთან საუბარში ანია აბრამიანი.

სომხეთის ეროვნული პრესკლუბის ხელმძღვანელმა ნარინე მკრტჩიანმა რუსეთის საელჩოსთან წაიკითხა წერილი, სადაც მათი პოზიცია იყო დაფიქსირებული. მკრტჩიანი ამბობს, რომ მოსკოვში მიაჩნიათ სომხეთის მოქალაქეებსაც ისევე უნდა მოექცნენ, როგორც მაგალითად, კალინინგრადის რეგიონში მცხოვრებლებს ექცევიან. სომხეთის ხელისუფლება კი ცდილობს, რადიკალური პოზიცია არ ჰქონდეს და აქტივისტებს მოუწოდებს, საქმის პოლიტიზირება არ მოხდეს.

“დიდი ხანია გიუმრიში რუსეთის სამხედროს ბაზის არსებობა პოლიტიზირებულია, უბრალოდ, ყველა ხელისუფლება ერიდება რუსეთთან ვითარების გამწვავებას, ბევრი მიზეზის გამო და ერთ-ერთია ყარაბაღის კონფლიქტი. არადა, ყველამ ვიცით, სწორედ მისი ჩარევითა და ნებით დაიწყო იქ ყველაფერი და ახლაც მთავარი დირიჟორი სწორედ რუსეთია, თუმცა, ვაცნობიერებთ აზერბაიჯანის ფაქტორსაც, რომელსაც სწორედ რუსეთმა მიყიდა შეიარაღება და თურქეთსაც, რომელთანაც ბოლო დროს საკმაოდ დალაგებული ურთიერთობა აქვს.

რა გვაქვს გამოსავალი? ევროპა და მხოლოდ ევროპა. სხვანაირად, ასე თითო-თითოდ დაგვხოცავენ. რუსეთი აქედან არასდროს წავა და ვერც იმას მიხვდება, რომ ეს მისი ტერიტორია არ არის, რადგან მათი ჯარისკაცები ისე იქცევიან, თითქოს ჩვენ ვიყოთ მათ მიწაზე,” - ამბობს ეჩმიაძინის მკვიდრი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

“თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ არც ამ სამხედროს გადმოგვცემენ, რადგან პრეცედენტი 2015 წელს უკვე დავუშვით, როდესაც ერთ ღამეში მთელი ოჯახი ამოწყვიტეს და მაშინ რუსეთი ისე მოიქცა, როგორც მოისურვა. ახლაც ასე მოხდება. ჩვენ გვესმის ფაშინიანის, რომელიც ცდილობს საგარეო ურთიერთობებში სიფრთხილეს, თუმცა, თუ ეს ყველაფერი ასე დარჩება - მთვრალი რუსი სამხედროები ჩვენს ხოცვას და დაჩაგვრას განაგრძობენ... მოსახლეობა კი ხელისუფლებას მოსთხოვს, დაიცვას რუსი სამხედროების აგრესიისგან და თუ ვერ დაიცავს, მაშინ მოუწევს წავიდეს,” - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ვალია კარიგიანი.

ერევანში რუსეთის საელჩოს შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, იქ სომხეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ და განაცხადეს, რომ “სომხეთს სჭირდება 102-ე სამხედრო ბაზა” და “რუსეთი ყოველთვის მათთან უნდა იყოს". მათ ამომრჩეველთა 1 %-ზე ნაკლები უჭერს მხარს, თუმცა, ადგილობრივი მედია შიშობს, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება მათ საყრდენად გამოიყენებს...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე