ავტორი:

როგორ იწყალებენ პატიმრებს საქართველოში?

როგორ იწყალებენ პატიმრებს საქართველოში?

მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ამნისტიის საკითხი საქართველოში ბოლო დროს ხშირადაა აქტუალური, რაც იმით აიხსნება, რომ რამდენიმე გახმაურებული და სასტიკი დანაშაულის ჩამდენი პირი, თავის დროზე ამნისტიით ან შეწყალებით იყო გათავისუფლებული.

რამდენად გამართულად და სრულყოფილად მუშაობს შეწყალების ინსტიტუტი საქართველოში? მსჯავრდებულთა შეწყალების აქტის გამოცემამდე, განიხილავენ თუ არა სიღრმისეულად პატიმართა ისტორიებს, დახასიათებებსა და იმ რისკებს, რაც მათ შეწყალებას შეიძლება მოჰყვეს? - ეს კითხვები საზოგადოებაში არსებობს და ვეცდებით პასუხი გავცეთ მათ.

ზოგადად, საქართველოში პატიმართა შეწყალების ორი გზა არსებობს: შეწყალება პრეზიდენტის მიერ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვადამდე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია ე.წ. უდო. განსაკუთრებით პრობლემური საქართველოში პრეზიდენტის მიერ შეწყალების მოდელი გახდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ეს პროცედურა არ რეგულირდება მკაფიო, ზუსტი სამართლებრივი ნორმებით. პარადოქსულია კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ყოველგვარი პროცედურის თუ ნორმის გათვალისწინების გარეშეც შეუძლია შეიწყალოს პატიმარი. იგი უფლებამოსილია უგულვებელყოს შეწყალების კომისიის უარყოფითი დასკვნაც და შეიწყალოს ნებისმიერი მსჯავრდებული, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად.

რა შემთხვევაში იწყალებს პრეზიდენტი მსჯავრდებულს?

"ნაციონალური მოძრაობის" ათწლიანი მმართველობის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ შეწყალების ახალი წესი დაამტკიცა, რითაც ბევრად უფრო ლოიალური გახდა მსჯავრდებულთა შეწყალება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის 2014 წლის 27 მარტის #120 ბრძანებულებით გატარებული ცვლილებები, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ამ ცვლილებების შედეგად შეწყალების მექანიზმი უფრო სამართლიანი გახდა. თუმცა, ასევე ხაზგასმით აღნიშნეს ისიც, რომ შეწყალების მოდელი დახვეწას საჭიროებს.

  • 2014 წლამდე არსებული დებულებით, უვადო მსჯავრდებულს 25 წელი უნდა გაეტარებინა პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მას უფლება ჰქონოდა შეწყალების კომისიისათვის მიემართა. 2014 წლის ცვლილებებით, ეს ვადა 15 წლამდე შემცირდა.
  • ძველი დებულებით, თუ მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებდა, შეწყალების კომისია მის საქმეს არ განიხილავდა. ცვლილებების თანახმად, აღიარება შეწყალების სავალდებულო კრიტერიუმს აღარ წარმოადგენს.
  • 2014 წლამდე არსებული რეგულაციით, იმ ამნისტირებული და შეწყალებული მსჯავრდებულის საქმეს, რომლებიც ნასამართლობის გაქარწყლებამდე ჩაიდენდნენ დანაშაულს და ისევ დააკავებდნენ, შეწყალების კომისია არ იხილავდა. ახალი ნორმებით, შეწყალების კომისია იხილავს ამ კატეგორიის მსჯავრდებულთა საქმეებს, თუ მსჯავრდებულმა სასჯელის 2/3 მოიხადა.

ბუნებრივია, საკანონმდებლო ცვლილებები სტატისტიკაზეც აისახა. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი წელიწადში საშუალოდ უფრო მეტ პატიმარს იწყალებდა, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი.

2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ჩათვლით, ორი წლისა და ორი თვის განმავლობაში შეწყალებულია 1 797 მსჯავრდებული, 2004-2013 წლებში - 10 წლის განმავლობაში, შეწყალებულია 3 068 მსჯავრდებული

განსაკუთრებით ჰუმანურია დამოკიდებულება არასრულწლოვნების მიმართ. მარგველაშვილმა 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ჩათვლით 87 არასრულწლოვანი მსჯავრდებულიდან 52 შეიწყალა.

ორი რეზონანსული და სისასტიკით გამორჩეული მკვლელობის ჩამდენი პირები - ვეფხია ბაქრაძე (25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული) და იაგო ნებიერიძე (8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული) პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ იყვნენ შეწყალებულნი. სწორედ ამ ორი საქმის ნიადაგზე წარმოიშვა დაპირისპირება შეწყალების კომისიასა და პენიტენციურ სამსახურს შორის.

პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვეფხია ბაქრაძე არ ხასიათდებოდა დადებითად, რის გამოც პენიტენციური სამსახურის პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ბაქრაძეს ექვსჯერ უთხრა უარი.

ამ განცხადებამ შეწყალების კომისიის მაშინდელი თამჯდომარის ზვიად ქორიძის უკმაყოფილება გამოიწვია. მან განაცხადა, რომ იგივე სამსახურმა ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით შეწყალების კომისიას დადებითი რეკომენდაციები მიაწოდა.

"გვიჩნდება კითხვა, რომ თუ უარყოფითად ხასიათდებოდა ეს მსჯავრდებული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რვა თვით ადრე რატომ ხასიათდებოდა დადებითად და რატომ მოგვივიდა ასეთი დასკვნა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან?" - განაცხადა მედიასთან ზვიად ქორიძემ.

პენიტენციური სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა კახი კახიშვილმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გაოცება გამოხატა იმის გამო, თუ რატომ იწყალებდა პრეზიდენტი მსჯავრდებულებს, რომელთა შესახებაც პენიტენციური სამსახური მათ უარყოფით ინფორმაციას აწვდიდა.

"ყოფილა შემთხვევა, როდესაც პირდაპირ გაგზავნილი იყო ინფორმაცია შეწყალების კომისიაში. მაგალითად, ამან 11-ჯერ დაარღვია დისციპლინა, 2 მოქმედი დასჯა აქვს, 18 დისციპლინარული სასჯელი აქვს დაკისრებული. ასეთები შეუწყალებიათ და პირდაპირ გაუთავისუფლებიათ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პატიმრები განსაკუთრებული რისკის დაწესებულებიდან შეუწყალებიათ.

"განსაკუთრებული რისკი“ არის დაწესებულება, სადაც კანონში პირდაპირ წერია, რომ იქ თუ ადამიანი მოხვდება, მის მიმართ პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლების საკითხი საერთოდ არ განიხილება. ამ დაწესებულებიდანაც შეუწყალებიათ პატიმრები, რაც ჩვენთვისაც გასაოცარი იყო. მომავალში იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი ტიპის კომუნიკაცია უფრო მჭიდრო იქნება სასჯელაღსრულების სამინისტროსა და შეწყალების კომისიას შორის" - ამბობდა კახიშვილი.

როგორც ირკვევა, უმთავრესი ფაქტორი, რომელსაც შეწყალების კომისია და პრეზიდენტი მსჯავრდებულთა შეწყალებისას უნდა ეყრდნობოდეს, ხშირ შემთხვევაში გაუთვალისწინებელია.

იურისტები საქართველოში მოქმედი შეწყალების მოდელის შეფასებისას ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია:

"მართალია არსებობს რეგულაციები შეწყალების შესახებ, მაგრამ ისინი ძალიან ზოგადია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა განმარტება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს შეუძლია ყველანაირი პროცედურის გვერდის ავლით შეიწყალოს ესა თუ ის მსჯავრდებული, მას შეუძლია არ დაეთანხმოს და საერთოდ არ გაითვალისწინოს შეწყალების კომისიის გადაწყვეტილება.

ეს ჩანაწერი, აქარწყლებს ყოველგვარ კრიტერიუმებს. თუ პრეზიდენსტს უპირობოდ შეუძლია მსჯავრდებულის შეწყალება, ვინ აკონტროლებს იმას, რომ ის არ შეიწყალებს ისეთ პირს, რომელიც არ იმსახურებს შეწყალებას?! ამბობენ, რომ ეს არის ჰუმანური აქტი პრეზიდენტის მხრიდან და ამ მოტივით უარს ამბობენ დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე, რაც არასწორია" - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბარში იურისტმა ეკა ლომიძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მიხეილ ლოლაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს.

„უკეთესი იქნება, თუ უფრო მეტად დასაბუთებული იქნება პრეზიდენტის განკარგულება, რომელსაც იგი კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ გამოსცემს. უნდა იცოდნენ მსჯავრდებულებმა, ძირითადად, რა შემთხვევაში იყენებს პრეზიდენტი შეწყალებას და რა შემთხვევაში - არა. მნიშვნელოვანია, მსჯავრდებულებმა იცოდნენ, პრეზიდენტმა გადაწყვეტილებების მიღებისას რა გარემოებები გაითვალისწინა. ამის შემდეგ მსჯავრდებულებს ეცოდინებათ, რა გამოასწორონ" - ამბობს ლოლაძე.

AMBEBI.GE დაინტერესდა, თუ როგორია შეწყალებულ პატიმართა მიერ დანაშაულის ჩადენის რეციდივი და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი კვლავ დაბრუნების მაჩვენებელი, თუმცა როგორც პენიტენციურმა სამსახურმა გვაცნობა, ასეთი შემთხვევების სტატისტიკური აღრიცხვა საერთოდ არ წარმოებს.

"საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სტატისტიკის წარმოების წესების, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება-წარდგენის ვადებისა და მისი განმახორციელებელი სამსახურის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის # 8467 ბრძანების შესაბამისად, აღნიშნული ბრანება არ ითვალისწინებს სტატისტიკის წარმოებას იმ მიმართულებით თუ რომელი პრეზიდენტის შეწყალების ან "ამნისტიის შესახებ" საქართველოს რომელი კანონის გავრცელების შედეგად გათავისუფლებულ მსჯავრებულთა მიერ მოხდა ახალი დანაშაულის ჩადენა. ასევე, არ ხდება სტატისტიკის წარმოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გასამართლებული პირების მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის შესახებ" - განგვიმარტეს პენიტენციურ სამსახურში.

"ვინც არ უნდა დაისაჯოს, დათოს გაცოცხლება ვერ მოხდება... თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა" - ნესტან ლონდარიძე

"ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს ხელში არაფერი ეკავა, თავადაც დაჭრილი იყო იმ დღეს" - რას ამბობს სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა?

"ალბათ, ბრალდება მივიდა პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში დანა, რომლითაც სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს" - კალანდიას ადვოკატი