ავტორი:

"ფინალში კონკურენტები კი არა, მეგობრები მყავს" - ერთი დღეც და გავიგებთ, ვინ წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე"

"ფინალში კონკურენტები კი არა, მეგობრები მყავს" - ერთი დღეც და გავიგებთ, ვინ წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე"

"საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტები ფინალისთვის ემზადებიან, რომელიც 3 მარტს, 21:00 საათზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში დაიწყება და გაირკვევა, ვინ წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე".

კონკურსანტებს ფინალში "ევროვიზიაზე" წარსადგენი სიმღერების შესრულება მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიო კონკურსზე სწორედ იმ სიმღერას შეასრულებენ, რასაც "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალში იმღერებენ.

რას ფიქრობენ, რა პროგნოზს აკეთებენ, რა მოლოდინი აქვთ, როგორ აფასებენ "საქართველოს ვარსკვლავში" განვლილ პერიოდს და როგორ მიმართავენ მაყურებელს - კონკურსანტები AMBEBI.GE-სთან საუბრობენ.

ოთო ნემსაძე:

"პროგნოზი მიჭირს, ამ კონკურსში ეს ძნელი სათქმელია, რადგანაც ყველაფერი მოსალოდნელია - დიდია დაძაბულობა, კონკურენცია... გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ დღეს ოთარას ყველაზე მეტად სჭირდებით, რადგან ამ კონკურსის შემდეგ, კიდევ სხვა კონკურსია და ის "ევროვიზიაა"! ფინალში რომან გიორგაძის სიმღერას შევასრულებ, სიმღერას, რომელიც თუ "საქართველოს ვარსკვლავზე" გავიმარჯვე, "ევროვიზიაზეც" უნდა წარვადგინო. ქართული მუხტი და ენერგეტიკა აუცილებლად მისატანია ევროპასთან და მთელს მსოფლიოსთან.

ფინალისტებს შორის ჩემთვის ყველა რეალური კონკურენტია, ასე იყო პირველი დღიდან, ჩემი ძმიდან დაწყებული, რომელმაც ძალიან ადრე დატოვა კონკურსი. ყველა კარგი მონაცემის მქონე მუსიკოსია. ვმეგობრობთ და ძალიან მინდა, დიდი წარმატება ჰქონდეს თითოეულს ცხოვრებაში.

ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმ ერთ პროცენტსაც კი, რომ "ევროვიზიაზე" ვერ წავალ, რადგანაც ბრძოლაში ვარ. მეათე წელია, კონკურსებში ვმონაწილეობ - აქამდე ყველა მოვიგე, "ევროვიზია" მეშვიდე იქნება, თუ წავედი. ჩემ მიერ განვლილ 10 წელს დავარქმევ - "ოთო საოცრებათა ქვეყანაში". ამ პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდილება კი მივიღე, მაგრამ ისევ ის ოთარა ვარ, რაც მანამდე, "ჟამთა სვლებს არ ვდევ". მადლობა მაყურებელს სიყვარულისთვის, სითბოსთვის - ოთარა თქვენი მადლიერია!"

აირჩიე შენი ფავორიტი "საქართველოს ვარსკვლავში" - მიიღე მონაწილეობა AMBEBI.GE-ს გამოკითხვაში!

გიორგი ფრუიძე:

"ჩემთვის საპასუხისმგებლო და სანერვიულო დღეა... ერთი ნაბიჯი დარჩა თითოეულ ჩვენგანს გამარჯვებამდე. ერთად ვემზადებით იმისთვის, რომ ძალიან კარგი სანახაობა და შოუ ვანახოთ მაყურებელს. რაც შეეხება სიმღერებს, მე ბაბი ნიუტონის სიმღერას შევასრულებ. მჯერა ამ ნიჭიერი მუსიკოსის და ადამიანის, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემთან. "ევროვიზიაზეც" რომ გავემგზავრო, კომფორტულად ვიგრძნობდი ამ სიმღერის შესრულებისას თავს. ამიტომ, მიხარია, რომ ის შემხვდა.

ფინალში კონკურენტები კი არა, მეგობრები მყავს, კონკურენტად ვერც ერთს აღვიქვამ. ეს არის კონკურსი, სადაც ძლიერი იმარჯვეებს, ვნახოთ და ის მაყურებელმა, ხალხმა უნდა აირჩიოს!

ბოლოს ვიტყვი - მიხარია, რომ ასეთ ძლიერ ათეულში მოვხვდი, ძალიან რთული გზა გავიარე, ბევრი ვიბრძოლე, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. მიმაჩნია, რომ ოთხივე ღირსეული კონკურსანტი ვართ და ღირსეულად წარვადგენთ "ევროვიზიაზე" ჩვენს ქვეყანას.

რაც ამ პროქტიდან მინდოდა, ზუსტად ის ავიღე. გავხდი წარმატებული, ცნობილი და ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ კარგად წარვმართო და გამოვიყენო ჩემი გამოცდილება.

ლიზა კალანდაძე:

"გრანდიოზული ფინალი გველის, სიურპრიზებით სავსე... მაყურებელს მართლა გასაოცარი ფინალი ელოდება. "საევროვიზიე" სიმღერებს ვასრულებთ, რომლებიც ავარჩიეთ და მაქსიმალურად მოვირგეთ, ავტორებთან ერთად გადავაკეთეთ, გავითავისეთ და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად მზად ვართ წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ გამარჯვებული ღირსეული იქნება.

ჩემი სიმღერის - "სევდისფერი ზღვა" ავტორი ლევან ბაშარულია, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს და ჩემთვის საინტერესო კომპოზიტორი და ადამიანია. სიმრერას რომ მოვუსმინე, ვიგრძენი, რომ ჩემთვის იყო დაწერილი. პირველი სიტყვა გაჟღერდა თუ არა, ვიფიქრე, ჩემია. სიმღერა სიყვარულზეა, იმედზე, მონატრებაზე - მთლიანობაში გლობალური თემაა და ადამიანში გარკვეულ გრძნობებს აღძრავს.

მაყურებელს ვეტყვი, რომ მაქსიმუმს გავაკეთებ და ფინალზე ყველას ვასიამოვნებ, თუ მოეწონებათ ჩემი ნამღერი და ფიქრობენ, რომ "ევროვიზიაზე" საქართველო მე უნდა წარვადგინო, არ დაიზარონ და მხარი დამიჭირონ!"

გიორგი ნაკაშიძე:

"ფინალში ხალხის დახმარება და მხარდაჭერა ისე მჭირდება, როგორც არასდროს. ყველას ვთხოვ, გვერდში დამიდგნენ. რომან გიორგაძის სიმღერას "სულ წინ იარე" ვასრულებ. ეს სიმღერა ოთოსაც შეხვდა. ისეთი მაგარია, პატრიოტული, ყველას გულამდე მივა!

მოლოდინი ის არის, რომ ჩემი მსმენელის და გულშემატკივრის დიდი იმედი მაქვს. ვიბრძვი, ყველაფერს ვაკეთებ, მთელ გულს ვდებ, რომ მოვიგო კონკურსი და "ევროვიზიაზე" წავიდე. "საქართველოს ვარსკვლავში" ჩემი გამოჩენა მაყურებლის წინაშე კიდევ ერთი მასშტაბური წარდგენა იყო. წარვდექი ისე, როგორც მინდოდა და ფინალიც იქნება მაგარი.

არ დაგავიწყდეთ, აირჩიეთ თქვენი ფავორიტი "საქართველოს ვარსკვლავში" - მიიღეთ მონაწილეობა AMBEBI.GE-ს გამოკითხვაში!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს