ავტორი:

"ჰალუცინაციები დამეწყო, სიკვდილისკენ მივდიოდი... ძმამ ბეწვზე მომისწრო" - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც ოთხი დღე 8-მეტრიან ორმოში გაატარა

"ჰალუცინაციები დამეწყო, სიკვდილისკენ მივდიოდი... ძმამ ბეწვზე მომისწრო" - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც ოთხი დღე 8-მეტრიან ორმოში გაატარა

შაკო გველესიანის ცხოვრება 2018 წლის 18 ივნისს რადიკალურად შეიცვალა. 4 დღე მან 8 მეტრი სიღრმის ორმოში გაატარა. როდესაც ოჯახის წევრებმა და პოლიციამ მიაკვლიეს, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მაშინ ამ ამბის შესახებ Ambebi.ge-მ ექსკლუზიურად დაწერა და შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოებიც გაავრცელა.

როგორ იბრძოდა სიცოცხლისთვის 4 დღის განმავლობაში და როგორია ამჟამად მისი მდგომარეობა, ამის შესახებ გველესიანმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" ისაუბრა:

"მოხდა ასეთი რაღაც, საღამო იყო და ბელიაშვილის ქუჩიდან საპირისპირო ქუჩაზე გადასვლა მომიწია, გზაში მოხდა ისე, რომ მიწა ჩამენგრა და ორმოში ჩავიჩეხე. სიბნელე იყო, აზრზე რომ მოვედი, აღმოჩნდა, რომ წელამდე წყალში ვიყავი, შლამმა დამიწყო ჩათრევა. ტელეფონი წყალში ჩამივარდა. ძებნას აზრიც არ ჰქონდა. პირველი, რაც გავიფიქრე იყო ის, რომ ამოსვლაზე უნდა მეზრუნა. ამასობაში ვგრძნობ, რომ შლამში ვეფლობი. მოპირდაპირე მხარეს მშრალ მიწას დავაჭირე ფეხი, რა დროს მიწა მოწყდა და წელამდე ჩამხერგა. დავიწყე ყვირილი, სტვენა, მაგრამ უშედეგოდ.

ვიფიქრე, დილამდე დავიცდი და მიპოვიანთქო. გათენდა, ისევ დავიწყე ყვირილი, სტვენა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. დავიწყე მიწის თხრა, მაგრამ ეს დაშლამული მიწა იყო და აზრი არ ჰქონდა. საღამოს უკვე სიცივემ ამიტანა, მივხვდი, რომ სიცხე მქონდა. ფეხები გამიბუჟდა, წელსქვემოთ ვეღარაფერს ვგრძნობდი. წყალი მწყუროდა საშინლად, მაგრამ ბინძურ წყალში ვიყავი და მისი დალევა არც მიფიქრია. თუმცა უწყლობისგან გონებას ვკარგავდი. ამიტომ გუბიდან ხელით წყალი ამოვიღე, დავაცადე, რომ დაფილტრულიყო და მოვსვი.

დამიჯერეთ, ცხოვრებაში ასეთი გემრიელი წყალი არ დამილევია. ჩავყავი თავი გუბეში და ბინძური წყლით სული მოვითქვი. როგორც შემდეგ ექიმებისგან გავარკვიე, სწორედ მაგ წყალმა შემინარჩუნა სიცოცხლე. 4 დღის განმავლობაში ვიწვალე, მაგრამ უშედეგოდ. უკვე გათიშული ვიყავი, მეოთხე დღეს ჰალუცინაციები და აგონია დამეწყო. სიკვდილისკენ მივდიოდი და საკუთარმა ძმამ ბეწვზე მომისწრო" - ამბობს შაკო გველესიანი.

როგორც ცნობილია, შაკო გველესიანი ერთ-ერთი ფიტნეს კომპანიის დირექტორია. მომხდარი ინციდენტის გამო მას ფეხზე წვივის ქვემოთ ამპუტაცია დასჭირდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ საკუთარ ფიტნეს კლუბში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სავარჯიშოდ ადაპტირებული დარბაზი შეექმნა. როგორც შაკო ამბობს, მათთვის ფიტნეს კლუბში ვარჯიში უფასო იქნება.

ფოტოები: Ambebi.ge

VIDEO: რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ბელიაშვილზე 8-მეტრიან თხრილში 4 დღე სიკვდილს ებრძოდა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ