ავტორი:

"ყველა ბავშვი მახსოვს და ყველა ერთნაირად მტკივნეული იყო..." - რა ხდება ჰოსპისში, სადაც მძიმე სენით დაავადებულ პატარებს სიცოცხლის ბოლო დღეებს უფერადებენ

"ყველა ბავშვი მახსოვს და ყველა ერთნაირად მტკივნეული იყო..." - რა ხდება ჰოსპისში, სადაც მძიმე სენით დაავადებულ პატარებს სიცოცხლის ბოლო დღეებს უფერადებენ

"ყველამ კარგად ვიცით: სიკვდილი - ეს სიცოცხლის გაგრძელება და მისი ერთ-ერთი ფაზაა", - ასე გვპასუხობს ბავშვთა ჰოსპისის "ციცინათელების ქვეყნის" უფროსი ექთანი მანანა ქომეთიანი კითხვაზე, რამდენად რთულია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა...

ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც მძიმე სამუშაო ღამის შემდეგ, დერეფანში ჩაძინებული ორი ექთანია ასახული, ინტერნეტმომხმარებლები აალაპარაკა. როგორც მანანა ქომეთიანმა AMBEBI.GE-ს უამბო, ის ღამე მათთვის ერთ-ერთი მძიმე სანახავი იყო. ოჯახის წევრები და ნათესავები ბავშვთან იყვნენ ოთახში, ექთნები კი მთელი ღამის განმავლობაში გარეთ ფხიზლობდნენ...

ჰოსპისის პერსონალმა ასეთი მძიმე ღამე, შენობის გახსნიდან არაერთხელ გამოიარა. აქ ექიმი, ექთნები და ჰოსპისის მთელი გუნდი, ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ პატარებს ეხმარებიან, რომ დარჩენილი დღეები მშვიდ, ლამაზ, ზღაპრებით სავსე გარემოში გაატარონ...

ჰოსპისი ორი წელია გაიხსნა სოფელ დიღომში და დონაციით ფუნქციონირებს. "ციცინათელების ქვეყანა" პალიატიური საჭიროების მქონე ბავშვების ოჯახებს სამ სერვისს სთავაზობს: შინ ზრუნვა, 24-საათიანი სტაციონარული მომსახურება და დღის ცენტრი. აქ ყველა მომსახურება უფასოა.

"ციცინათელების ქვეყანაში" მისულებს, მანანა ქომეთიანი შენობას გვათვალიერებინებს 4 თვის ბიჭუნასთან ერთად, რომელიც ჰოსპისის ბინადარი ცოტა ხნის წინ გახდა... ჩვილი სტაციონარიდან ჰოსპისში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს - მას სასმენი ორგანოს პრობლემა და ჰიდროცეფალია აქვს. მშობლები ახლა ბიჭუნას მოვლას სწავლობენ, რათა სახლში წაყვანა და მოვლა თავად შეძლონ...

სამსართულიანი შენობის კედლები ზღაპარ "სალამურას თავგადასავლის" გმირებით არის მოხატული. ეს გარემო საავადმყოფოსგან რადიკალურად განსხვავდება და საბავშვო ბაღს უფრო მოგაგონებთ. მხოლოდ ერთი - მანიპულაციების ოთახი თუ შეგახსენებთ, რომ აქ პალიატიური მზუნველობის საჭიროების მქონე ბავშვები ცხოვრობენ.

ჰოსპისს აქვს დიდი მისაღები, ტელევიზორითა და სამზარეულოთი. აქ ყოველდღე იკრიბებიან ექთნები, ექიმი, ბავშვები, მათი მშობლები და "ციცინათელების ქვეყნის" მთელი გუნდი, აქვთ სხვადასხვა აქტივობა.

პერიოდულად, ჰოსპისს ექიმი-ჯამბაზი სტუმრობს და ბავშვებთან ერთად, სახალისო წარმოდგენას მართავს.

იმისთვის, რომ პატარა პაციენტებმა თავი ნამდვილ ზღაპარში იგრძნონ, შენობის პირველ სართულზე მულტისენსორული „ჯადოსნური ოთახია“ მოწყობილი. ეს ოთახი „სალამურას თავდაგადასავლიდან“ ნამდვილ ციცინათელების ქვეყანას ჰგავს. მისი ფუნქციონირების მიზანია ბავშვების დამშვიდება, რელაქსაცია, ზოგ შემთხვევაში სტიმულაცია და გააქტიურება.

უფრო კონკრეტულად, „ციცინათელების ქვეყნის“ შესახებ, ჰოსპისის მთავარი ექთანი მანანა ქომეთიანი უყვება AMBEBI.GE-ს:

- რა სახის დახმარებას უწევთ განუკურნებელი, მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს ჰოსპისში?

- 2015 წლიდან პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის შინ ზრუნვის სამსახური დავიწყეთ. დავდიოდით ბინაზე და ბავშვებს ვუწევდით დახმარებას.

ჰოსპისი ეს არის სახლი, სადაც ქრონიკული დაავადების მქონე 0-18 წლამდე ბავშვები იღებენ პალიატიურ დახმარებას. პალიატიური მზრუნველობის დროს აქცენტი გადატანილია არა მკურნალობაზე, არამედ განუკურნებელი დაავადებით გამოწვეული ტკივილის მოხსნაზე, დისკომფორტის შემსუბუქებაზე, ფსიქოლოგიურ და სულიერ თანადგომაზე, პაციენტის სურვილების შესრულებაზე და ა.შ.

პალიატიური მზრუნველობა მნიშვნელოვნად ვერ გაახანგრძლივებს სიცოცხლეს, მაგრამ ის სრულიად ცვლის პაციენტის და მისი ოჯახის მდგომარეობას.

- „ციცინათელების ქვეყანაში“ მცხოვრებ ბავშვებს შორის, ძირითადად, რა დაავადებები ჭარბობს?

- დაავადებები ძალიან ბევრია. 800-ზე მეტი დიაგნოზია. ხშირია ონკოლოგია, გულსისხლძარღვთა დაავადებები, გულის და თირკმლის უკმარისობა, ამ ჩამონათვალში შედის გენეტიკური პათოლოგიები და ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც პროგრესირებადია.

- არის თუ არა შემთხვევები, როცა ჰოსპისის ბავშვები უკურნებელი სენით ცხოვრებას აგრძელებენ და ზრუნვის შედეგად, ყველა ფატალურ შედეგამდე არ მიდის?

- ადრე თუ გვიან, ყველანი მაგ შედეგამდე მივდივართ, უბრალოდ, დრო არ არის განსაზღვრული - ზოგისთვის შეიძლება, ეს დრო იყოს 1 კვირა, 1 თვე, ზოგისთვის კი ასეთი მდგომარეობა წლები გაგრძელდეს. თავისთავად, დაავადებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოვლას, ზრუნვას.

18 წლის მერე, როცა სრულწლოვანები ხდებიან, ჰოსპისის დატოვება უწევთ. ასეთი შემთხვევებიც გვქონია, რომ ოჯახებისა და ჩვენი ზრუნვის შედეგად, 18 წლის ასაკის 3 ახალგაზრდას პროგრამა დაუტოვებიათ.

- რამდენად ემოციურია თქვენთვის ამდენი ხნის გატარების, მეგობრობისა და მზრუნველობის შემდეგ, უკურნებელი სენის მქონე ბავშვებთან გამომშვიდობება? როგორ ართმევთ თავს ასეთ სამწუხარო შემთხვევებს?

- ვერასდროს ვერავინ ვერ იტყვის და არ მგონია სწორად გამონათქვამი - „შევეჩვიე“. არ არსებობს ამის შეჩვევა. ჩემთვის ასეთი ცნება - „შეჩვევა“ არ არსებობს. ვერ ეჩვევი. უბრალოდ, ამას იღებ ისე, როგორც არის. რეალობაა და ყველამ კარგად ვიცით, რომ სიკვდილი - ეს სიცოცხლის გაგრძელება და მისი ერთ-ერთი ფაზაა, ამიტომ ეს გარდაუვალია. ყველას დაგვიდგება ეს პერიოდი, უბრალოდ, არავინ არ ვიცით, როდის იქნება...

- ალბათ, ბავშვებთან ბევრი მძიმე და ემოციური ისტორია გაკავშირებთ. გვიამბეთ მათ შესახებ...

- არც ერთი ბავშვი არ მავიწყდება და არ დამავიწყდება, ზუსტად ვიცი. როცა მეკითხებიან, განსაკუთრებულად რომელ შემთხვევას გავიხსენებ, ვპასუხობ, რომ ვერც ერთს, რადგან ყველა დღევანდელი დღესავით მახსოვს და ყველა ერთნაირად მტკივნეული იყო ჩემთვის.

ხშირ შემთხვევაში, ბავშვები ჩვენთან უკვე ბოლო პერიოდში მოჰყავთ, ძირითადად, ონკოლოგიური დაავადებებით. მათი ჰოსპისში ყოფნის ხანგრძლივობა რამდენიმე თვეა. ონკოლოგიის გარდა, იყო სხვა შემთხვევებიც - თანდაყოლილი ანომალიები, ორგანული უკმარისობები... იყო ჰიდროცეფალიის შემთხვევაც, რომელიც ლეტალურად დასრულდა.

საკმაოდ მძიმეა, როცა სიცოცხლის ბოლო პერიოდში ასეთი სერვისის გაწევა გვიწევს ბავშვებისთვის, ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში მის გვერდით ხარ, არც ერთი წუთით არ სცილდები...

- საინტერესოა, ექთნების, ექიმებისა და ბავშვების ურთიერთდამოკიდებულება. როგორ გეჩვევიან, როგორ შემოდიან თქვენთან კონტაქტში?

- ეს ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს ძირითადად, სახლში ატარებენ, ამიტომ თანატოლებთან შეხვედრის და მათთან ყოფნის საშუალება არ აქვთ. მძიმე კონტიგენტია, გარკვეული ჩამორჩენაა როგორც ფსიქიკური, ისე მოტორული განვითარების მხრივ და შესაბამისად, ბაღსა და სკოლაში ვერ დადიან, ამიტომ სოციუმს არიან მოცილებულები. ჩვენთან გადმოსვლის შემდეგ კი, ერთმანეთთან კონტაქტი მეტნაკლებად უწევთ.

დღის განმავლობაში, გარკვეული პერიოდით, ყველა ბავშვი გამოგვყავს და ერთ ოთახში ვიკრიბებით. ბავშვები, თანამშრომლები, ყველა ერთად ვართ და გარკვეულ აქტივობებს ვახორციელებთ - სიმღერა, ცეკვა, მუსიკა, გართობა. ამ დროს ბავშვებს ერთმანეთთან ვიზუალური კომუნიკაცია აქვთ, სამწუხაროდ, ვერბალური არ არის, მაგრამ ერთმანეთთან ახლოს მიგვყავს და შეხებითა და მგრძნობელობით ეცნობიან-ხოლმე.

რაც შეეხება ჩვენთან ურთიერთობას, მათთან კომუნიკაციაში შესასვლელად ხანგრძლივი დრო არ გვჭირდება. საათში, საათნახევარში გვეჩვევიან და მეორე დღეს ეს ბავშვი უკვე "ჩვენია".

- ამჟამად, ჰოსპისში იმყოფება მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. კონკრეტულად, როგორ ეხმარებით მას, ტრავმის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში?

- კიდევ ერთი სერვისი გვაქვს ჩვენ - ტრავმის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ეს არის მდგომარეობა, როცა ბავშვი მძიმე ტრავმას იღებს და თანმხლები მძიმე დაავადებებით პარალიზებული რჩება. ჩვენთან მოხვედრის შემდგომ, იწყება მასზე ზრუნვა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოემოციური კუთხით. პალიატიური მზრუნველობისა და რეაბილიტაციის შემდეგ ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ ბავშვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულა.

პროექტზე მუშაობა 2013 წლიდან ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ინიციატივით და მხარდაჭერით დაიწყო. რადგან ჰოსპისი დონაციაზეა, ყველა თქვენგანს შეუძლია ამ საოცარი ბავშვების მეგობარი გახდეს და გაახაროს მათი პატარა გულები.

დახმარება შეგიძლიათ ვებ გვერდებიდან: www.childrenshospice.org.ge დაwww.donate.ge

ასევე საქართველოს ბანკის ანგარიშით:

GE31BG0000000368074900

მიმღები: ააიპ ბავშვთა ჰოსპისი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ