ავტორი:

"როცა ძალიან ცუდად იყო და ლაპარაკის უნარიც დაკარგა, მაშინ გავიგეთ ყველაფერი..." - რას ყვება "შინის" გარდაცვლილ სოლისტზე ზაზა მარჯანიშვილი

"როცა ძალიან ცუდად იყო და ლაპარაკის უნარიც დაკარგა, მაშინ გავიგეთ ყველაფერი..." - რას ყვება "შინის" გარდაცვლილ სოლისტზე ზაზა მარჯანიშვილი

11 აგვისტოს, 50 წლის ასაკში ჯგუფ "შინის" ვოკალისტი და პერკუსიონისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა. ნიჭიერი მუსიკოსის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ბევრს დასწყვიტა გული. მეგობრები მას თბილად და სიყვარულით იხსენებენ.

"საოცარი ადამიანი და ნიჭიერი კაცი იყო მამუკა" - უყვება AMBEBI.GE-ს ტელეჟურნალისტი მარინა სალუქვაძე, რომელმაც მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია პირველმა გაავრცელა. უფრო მეტი აქვს გასახსენებელი ტელეჟურნალისტის მეუღლეს, ცნობილ მუსიკოსს ზაზა მარჯანიშვილს - ის და მამუკა ღაღანიძე ბავშვობის მეგობრები და კოლეგები იყვნენ...

"არ მახსოვს, როდის გავიცანით ერთმანეთი, ძალიან პატარები ვიყავით... ბავშვობიდან რთული ცხოვრება ჰქონდა - მესამე კლასში იყო, დედა რომ გარდაეცვალა... მე და დედა მასთან რომ მივდიოდით ხოლმე, რამდენჯერ მინახავს, თავის უმცროს დას როგორ უკეთებდა წვნიან კერძებს... ბავშვობიდანვე იცოდა, რას ნიშნავდა ცხოვრების სირთულეები... ისეთი დახვეწილი და რაფინირებული პიროვნება, როგორიც მამუკა იყო, ძნელია მოიძებნოს. ერთ ზედმეტ სიტყვას არ იტყოდა, საქმეს ჩუმად და ხარისხიანად აკეთებდა.

პატარები რომ ვიყავით, დედაჩემისთვის რამდენჯერ მითქვამს: მამუკა ჩემთან რომ არის ხოლმე, მუსიკას მაწერინებს-მეთქი... ერთმანეთთან საოცარი სულიერი სითბო და კავშირი გვქონდა, ძმებივით ვიყავით" - ემოციურად უყვება AMBEBI.GE-ს ზაზა მარჯანიშვილი.

- როგორც ჩანს, მუსიკასთან ბავშვობიდანვე ორივე ახლოს ყოფილხართ...

- იყო ასეთი საბავშვო მუსიკალური ჯგუფი „ნერგები“ - მე, პაატა ანდრიაძე, მამუკა ღაღანიძე, დათო პეტრიაშვილი მისი წევრები ვიყავით. თან, გაგვიმართლა, რადგანაც ერთმანეთთანაც ვახლობლობდით და ეს მეგობრობა ბოლომდე გამოგვყვა.

„ნერგები“ რომ დაიშალა, გავაკეთე ჯგუფი, სადაც მე, პაატამ და მამუკამ ერთად დავიწყეთ საქმიანობა, პირველი ჩანაწერებიც გავაკეთეთ და YouTube-ზე არსებობს ამის ამსახველი ვიდეოები (90-იანების დასაწყისი იყო).

მერე ამერიკაში წავედი და რაც ყველაზე ძალიან განვიცადე, ის იყო, რომ მამუკა აქ დავტოვე. რაღაცნაირად გული მწყდებოდა, რომ აქ რჩებოდა. პირველად მასზე მაშინ ვინერვიულე დედა რომ გარდაეცვალა, მეორედ როცა დავტოვე...

საოცარი ქალი იყო მამუკას დედა. დედაჩემი ჩემს თავს მას აბარებდა ჩვენი ანსამბლის გასტროლებზე. იმ პერიოდში სვეტა დეიდა იყო დედაჩემი, მაგრამ ეს ქალი ამ ქვეყნიდან ძალიან მოულოდნელად წავიდა... მამუკას მამამ დიდხანს იცოცხლა და მასზე ცალკე წიგნია დასაწერი...

მოკლედ, მეგობარზე საქართველოში რომ დავტოვე, მაგრად ვიდარდე, შემდეგ იმას განვიცდიდი, ცოლი არ ჰყავს-მეთქი. ცოლი რომ მოიყვანა, დავისვენე. შვილები გაუჩნდა. ერთგული მეუღლე და მზრუნველი მამა იყო.

- როგორ და როდის აღმოჩნდა ჯგუფში "შინ"?

- მე პარალელურად ვმუშაობდი ჯგუფში „ადიო“. ამერიკაში რომ წავედი, ისინი - გერმანიაში გაემგზავრნენ. მოგვიანებით „ადიო“ დაიშალა და გახდა „შინ“. გერმანიიდან ამერიკაში ჯგუფის წევრებმა დამირეკეს და მკითხეს - თბილისში ვინმე ნიჭიერი მუსიკოსი ხომ არ გეგულებაო. მამუკა ყველაფერს მღერის, ყველაფერზე უკრავს, ერთ ადამიანში ბევრი ნიჭია-მეთქი, ვუთხარი.

მერე ცოტა ხანს მოვისვენე, „შინის“ წევრი რომ გახდა. ხომ გეუბნებით, ძმაზე რომ იფიქრებ და ინერვიულებ, მასზე სულ ასეთი განცდა მქონდა.

- ასე გამოდის, თქვენ ითამაშეთ დიდი როლი, "შინის" წევრი რომ გამხდარიყო...

- მთავარი მისი ნიჭი იყო, მე არაფერ შუაში ვარ... სამართლიანი ადამიანი გახლდათ. მისგან არასდროს მომისმენია ტყუილი.

- ბოლო დროს ავადმყოფობდა?

- მასზე ყურმოკვრით გავიგე: ხალი მოიწვაო, ვიფიქრე, ალბათ აწუხებდა-მეთქი... მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თავის გასაჭირს ბოლო წუთამდე მალავდა იმიტომ, რომ ერთადერთ დას, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა, არ გაენდო და არ ანერვიულა... ამიტომ არც ჩვენ, ვინც მის დას ვიცნობთ, არავის გვიმხელდა. როდესაც უკვე ძალიან ცუდად იყო და ლაპარაკის უნარი დაკარგა, მაშინ გავიგეთ ყველაფერი...

მისი ცუდად ყოფნის ამბავი 10 დღის წინ შევიტყე...

მე დავკარგე არა მარტო კარგი მეგობარი, არამედ საქართველოს ერთგული კაცი, რადგანაც ჯგუფს „შინ“ მძიმე ჯვარი ჰქონდა წლების მანძილზე სატარებელი. გერმანიაში ცხოვრება და ქართული კულტურის უცხოელებისთვის ასე მიწოდება, იშვიათია. არავის გაუკეთებია ეს. ესენი კი გამზადებული, გემრიელი კერძებივით აწვდიდნენ ჩვენს კულტურას უცხოელებს, ცდილობდნენ, თანამედროვე ჟღერადობით ყოფილიყო ყველაფერი და ის ფესვები ეჩვენებინათ, საიდანაც არიან. მამუკას ამ საქმეში დიდი წვლილი აქვს...

მამუკა ისეთი იყო, რომ მთელი ცხოვრება გინდა, მას ჰგავდე. მე ასეთი შეგრძნება მქონდა და ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. ადამიანებში ბედი მაქვს, მიმართლებს, მაგრამ მამუკა ყველასგან გამორჩეული მეგობარი მყავდა. ერთ ზედმეტ სიტყვას არ იტყოდა, ბავშვობიდან კაცი იყო...

მამუკა ღაღანიძე "შინის" კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ემოციური და საინტერესო წევრი იყო. ის ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად საქართველოდან 90-იანი წლების შუა ხანებში წავიდა და გერმანიაში ცხოვრობდა. დარჩა მეუღლე და 3 შვილი...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ