ავტორი:

"ექიმები გაგიჟდნენ: დედის მოსვლის მერე, ხელახლა დაიწყო სიცოცხლეო... ვერ ვუშველეთ" - რას ჰყვება გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის მამიდა

"ექიმები გაგიჟდნენ: დედის მოსვლის მერე, ხელახლა დაიწყო სიცოცხლეო... ვერ ვუშველეთ" - რას ჰყვება გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის მამიდა

16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მას შემდეგ გართულდა, რაც გაუმართავი რეანომობილით გადაიყვანეს ამბროლაურიდან ქუთაისის საავადმყოფოში, გუშინ დილით გარდაიცვალა. მას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდნენ. ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო.

16 წლის ლუკა ფოფხაძის მამიდა, ფატი გოგოლაშვილი AMBEBI.GE-ს მოზარდის გარდაცვალების დეტალებს უყვება:

"ბავშვი ზღავზე იყო, შემდეგ რაჭაში ჩამოვიდა, ფიზიკურად არაფერი არ ემჩნეოდა... მითხრა მამიდაო, ფიტნეს-კლუბში დავდივარ, ბეჭი გამიცივდა და ექიმმა მითხრა მოიხურე-ხოლმეო, ახლაც ზღავზე რომ ვიყავი, წყალში იშვიათად ჩავდიოდიო. არაფერი ეტყობოდა - არც ტემპერატურა, არც ოფლიანობა, არც უენერგიობა... არაფერი. 19-ში ღამით მამაჩემმა დამირეკა და ბავშის ყვირილი გავიგონე - მამა ვკვდები, დედა ვკვდებიო. რა ჭირს ბავშვს-მეთქი და სახსხრები სტკივა ძალიანო. დავურეკე სასწრაფოს და ზუსტად 12 წუთში მივიდა. მესაუბრნენ ჩემი კოლეგა ექიმები, მითხრეს, რომ არაფერი ისეთი არ ეტყობოდა, მაგრამ ჰქონდა ძალიან ძლიერი სახსრების ტკივილი, ფეხებს ვერ გრძნობდა. გაუკეთეს გამაყუჩებლები და გადაიყვანეს სტაციონარში. იქ საერთოდ ვერ გრძნობდა ფეხებს. უცებ დაეწყო ძლიერი ტკივილები, სუნთქვის უკმარისობა. მაშინვე გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე.

როგორც კი ჟანგბადი მიეწოდა, ბავშვი მობრუნდა, და თვალებით გვანიშნებდა ყველაფერს, ფერიც დაუბრუნდა და ადეკვატურიც იყო. კატასტროფის ბრიგადა გამოვიძახე, ქუთაისიდან წამოვიდნენ... მორიგე ექიმმა უთხრა ნეოროგენური შოკია, აუცილებლად მესაჭიროება ბრიგადაო. უარი გვითხრეს - ყველა დაკავებულიაო. 20 წუთი გვალოდინეს. დაახლოებით სამ საათში მოვიდა ბრიგადა, რომელიც იყო არაკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული, კატასტროფის მანქანის ფოტოები უნდა ნახოთ - გადავიღეთ.

მე თვითონ 15 წელია სასწრაფოში ვმუშაობ და გადამყვან ბრიგადებზეც მიმუშვია. მოვკიდე ექიმს ხელი და ვუთხარი, როგორ გაბედე, რომ კაბაზე შემოიცვი ხალათი და ასეთ მძიმე მდგომარეობაზე გამოხვედი-თქო. ის რეანიმატოლოგი არ იყო, რიგითი ექიმი იყო. აკანკალდა შიშისგან. არცერთს ფორმები არ ეცვათ, ჟილეტები ეცვათ უბრალოდ. არ უნდოდათ პაციენტის წაყვანა. ძალიან ბევრი შემთხვევაა რაჭაში, მოდის გაუმართავი სასწრაფოს მანქანები, მოდიან არაკვალიფიცირებული ექიმები და თან - დაგვიანებით. ამას ყველა დააადასტურებს, ადგილობრივი მოსახლეობა. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ბავშვი "ნიუ- ჰოსპიტალში" გადაჰყავდათ. საქმის კურსში ჩავაყენე გუბერნატორი და გამგებელი. შევთანხმდით, რომ ბავშვს თერჯოლაში, სოფელ ბორითამდე გადავიყვანდით, იქ სხვა ბრიგადა დაგვხვდებოდა და კლინიკაში ის გადაგვიყვანდა. ის უკან უნდა დაბრუნებულიყო, რადგან საჭირო იყო ადგილზე. ერთხელ რომ ეთქვათ, ავტომობილი არ არის ფორმაშიო, არ მოვხსნიდით მართვით სუნთქვიდან ბავშვს და სხვანაირად მოვიქცეოდით. გზაში დაიწყეს ჟანგბადის პრობლემებზე საუბარი... უნდა ნახოთ ფოტოები, როგორი რეანომობილით გადაიყვანეს 16 წლის ბიჭი.

გზაში 160-ზე ავიდა წნევა და უცებ მონიტორი გაითიშა. ისეთი ვიწრო მანქანა იყო, ჩაკეცილი ვიყავი და ვერ ვმოძრაობდი. დავინახე, ბავშვს თითები გაულურჯდა. ექიმს დავუყვირე, გაუკეთებდა ჟანგბადის მილს - ძვრებოდა. ასეთი ვითარება იყო. ამბუ (სარეანიმაციო ნაკრები) მომეცითო, ჩემი თვალით დავინახე, რაღაც გაუბედურებული ამოიღეს, დამტვერილი აპარატი, რომელიც იქვე გამოვიდა მწყობრიდან. ექიმმა იყვირა, ეს ბავშვი ალბათ განწირულიაო. პირში ჰაერის ბერვით ჩავიყვანეთ ტყიბულში, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო - თავის ტვინის შეშუპება იყო დაწყებული.

ტყიბულში ძალიან ძლიერი ექიმი დაგვხვდა. ელექტროშოკით ბავშვს დაეწყო გულის მუშაობა. ვცდილობდით, რომ ქუთაისში გადავსულიყავით და სასწრაფო სამი საათი იქაც არ მოვიდა. 12 საათზე გამოძახებული სასწრაფო ოთხის ნახევარზე მოვიდა. ქუთაისში ძალიან მაგარი გუნდი დაგვხვდა, ყველა რეანიმატოლოგი უკვე ხვდებოდა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა. ძალიან იბრძოლა ლუკამ, იმ დონემდე იბრძოლა, რომ ექიმებიც კი დაეჭვდნენ - ხომ არ ვცდებით რამეში, უიმედოდ რომ ვართო... მერე წავედი მამამისთან, კვდებოდა ისეთ დღეში იყო. მამამისმა უთხრა, როგორ ხარ ლუკა, მამიო. თვალებით ანიშნა, თითქოს კარგადო. ასეთ მდგომარეობას მტერსაც არ ვუსურვებ, რაც ჩვენ გვაქვს. ჩემი ლუკა, ჩემი თვალხატულა ბიჭი. მთელი რეანიმაცია თავს დასტრიალებდა, ცრემლები მოსდიოდა ბავშვს, ტიროდა. ექიმები გაგიჟებულები იყვნენ. დედის მოსვლის მერე ხელახლა დაიწყო ბავშვმა სიცოცხლეო - ექიმები ამბობდნენ სასწაულის მომსწრეები გავხდითო. იმდენი ღამე გვაქვს ნათენები უშედეგოდ, უიმედოდ. ხან ლოყები ჰქონდა გაწითლებული, ხან ტუჩები, ხან სიცხე ჰქონდა - ამით ვიიმედებდით თავს, მაგრამ ვერ ვუშველეთ. ვერ დავეხმარეთ..." - ჰყვება გარდაცვლილის მამიდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ აღნიშნული საქმის შესწავლა უკვე დაიწყო. როგორც AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, პროფესიული განვითარების საბჭოს უახლოეს სხდომაზე ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება და მათი პროფესიული საქმიანობა გადაიხედება. ასევე, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ადმინისტრაციული წესით კონკრეტული ქმედებები განხორციელდება, კერძოდ: დაეკისრებათ საჯარიმო სანქციები. რაც შეეხება აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილე რეანომობილს, მას ფუნქციონირების უფლება უკვე შეუჩერდა.

ავტორები: თიკო გურაშვილი, თინათინ ზვიადაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ