ავტორი:

ბოლო ხუთ წელში, ავარიებს საქართველოში 2 650-მდე ადამიანი ემსხვერპლა - რატომ ვერ ვშველით ტრაგედიებს გზებზე?

ბოლო ხუთ წელში, ავარიებს საქართველოში 2 650-მდე ადამიანი ემსხვერპლა - რატომ ვერ ვშველით ტრაგედიებს გზებზე?

ავარია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში - დაღუპულია სამი ადამიანი;

ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ქვიშხეთთან - დაღუპულია ოთხი ადამიანი;

ავარია გურჯაანში - დაღუპულია ორი ადამიანი...

მხოლოდ სამ დღეში, 24-27 იანვარს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 4 ბავშვია.

ავარიების საგანგაშო მაჩვენებელი და წინა წელთან შედარებით გაზრდილი მსხვერპლი, რატომ ვერ ვშველით ტრაგედიებს გზებზე? - ამ თემაზე საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები, სხვადასხვა უწყებები, მედია და საზოგადოება, ხშირად საუბრობს, თუმცა სტატისტიკა წლიდან წლამდე უარესდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ავრცელებს ავტოსაგზაო შემთხვევების უმძიმეს სტატისტიკას, რამაც ბოლო 5 წელში, ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.

  • 2015 წელს საქართველოში 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გარდაიცვალა 602 ადამიანი და დაშავდა 9187;
  • 2016 წელს მოხდა 6939 ავტოსაგზაო შემთხვევა - გარდაიცვალა 581 და დაშავდა 9951 ადამიანი;
  • 2017 წელს 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გარდაიცვალა 517 ადამიანი და დაშავდა 8461;
  • 2018 წელს 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გარდაიცვალა 459 ადამიანი და დაშავდა 9047;
  • 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა - გარდაიცვალა 481 ადამიანი და 7921 დაშავდა;

საერთო ჯამში, ბოლო 5 წელში გზებზე გარდაცვლილების რიცხვი 2 600 ადამიანს აჭარბებს

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, ძირითადად არის: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

ექსპერტები ავარიების მაღალ მაჩვენებელს მთავრობის არათანმიმდევრულ საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკას უკავშირებენ. ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორის, ვასილ ურუშაძის განცხადებით, ამ კუთხით ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები არაეფექტიანი აღმოჩნდა.

"ჩვენ გვახსოვს არაერთი ღონისძიება, რომელიც ხელისუფლებამ გაატარა. ჩვენ გვახსოვს ტექინსპექტირების რეფორმა, ე.წ. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია შსს-ს მხრიდან, რომელიც გულისხმობდა დამატებით ვიდეო კამერების განთავსებას საავტომობილო გზებზე, გვახსოვს ქულთა სისტემა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვის გადაწყვეტილება, თუმცა სამწუხაროდ, შედეგი არ გვაქვს.

კვლავ იზრდება სტატისტიკა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანის გარდაცვალების ფაქტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს არასწორი პრიორიტეტები და ის, რაც ხდება დღეს საავტომობილო გზებზე არის აღმასრულებელი ხელისუფლების გულგრილი და ზედაპირული დამოკიდებულება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისადმი, რომელიც უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას“ - აცხადებს ურუშაძე.

მისივე თქმით, უცნობია რა იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს იმიტომ, რომ შსს და ხელისუფლება, უბრალოდ აღწერს ავარიებს და ითვლის გარდაცვლილების თუ დაშავებულების რაოდენობას, თუმცა მიზეზების შესწავლას არ ახდენს:

"ბრალეულობა გამოდის მხოლოდ მძღოლთან მიმართებით და არ ხდება შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა. თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევა უნდა იყოს მაგალითი, რომ მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდეს. ავტოსაგზაო შემთხვევა შეიძლება იყოს პროვოცირებული სხვადასხვა გამომწვევი ფაქტორებით: ინფრასტრუქტურის გაუმართავობა, ავტომობილების ტექნიკური გაუმართავობა, კლიმატური პირობები, ადამიანური ფაქტორები, მონიტორინგი, აღსრულება და სხვა უამრავი რამ.

უნდა იყოს გატარებული ისეთი ღონისძიებები, რომელიც კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.

პირველი რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ შეიცვალოს დამოკიდებულება აღმასრულებელი ხელილსუფლების. ასევე, საპატრულო პოლიციამ დაიწყოს თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევის საფუძვლიანი გამოკვლევა და ყველა მაპროვოცირებელი მიზეზის დადგენა.

ერთი წლის შემდეგ ჩვენ გვექნება სურათი და საფუძველი იმისა, რომ დავინახოთ რეალური მიზეზები ავტოსაგზაო შემთხვევების და კონკრეტული ღონისძიებები გავატაროთ“,- განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის თქმით, ყოველწლიურად მოსალოდნელია, რომ ვითარება გაუარესდეს, რადგან არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები სიტუაციის გამოსასწორებლად:

"5 წელია შეიქმნა საკოორდინაციო რგოლი, რომელიც წესით პასუხისმგებელი უნდა იყოს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებაზე, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულმა სტრატეგიამ დადებითი შედეგი ვერ მოიტანა.

ვფიქრობთ, უკვე დადგა დრო მთავრობა დაფიქრდეს და შექმნას წამყვანი უწყება, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში და აღჭურვილი იქნება იმ უფლებამოსილებით, რომლითაც არის ევროპულ ქვეყნებში, სადაც ყოველწლიურად პროგრესს აღწევენ ფატალური შემთხვევების შემცირების კუთხით“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

3 ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

პაატა იმნაძე - "ყველამ ნერვები დაიწყნაროს, რადგან ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა"

ამირან გამყრელიძე გავრცელებულ ხმოვან გზავნილებზე - "ნუ თესავთ პანიკას, არ შეიძლება ხალხის გრძნობებზე თამაში"