ავტორი:

რა სკანდალები უკავშირდება უხანის ლაბორატორიას - უცნობი ფაქტები და ფოტოები ადგილიდან, რომელსაც COVID-19-ის გავრცელებაში ადანაშაულებენ

რა სკანდალები უკავშირდება უხანის ლაბორატორიას - უცნობი ფაქტები და ფოტოები ადგილიდან, რომელსაც COVID-19-ის გავრცელებაში ადანაშაულებენ

ახალი ტიპის კორონავირუსი, COVID-19 მსოფლიოში ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. დღეს COVID-19 212 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზეა გამოვლენილი და მსოფლიო პანდემიას ებრძვის.

ვირუსის გამოჩენის დღიდან, მასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი შეთქმულების თეორია შეიქმნა. ერთ-ერთი ასეთი კონსპირაციული თეორია უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და მის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიას უკავშირდება - თითქოს, კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 სწორედ ამ ლაბორატორიიდან გავრცელდა.

ეჭვები გააძლიერა ტრამპის განცხადებამ, რომ ნანახი აქვს მტკიცებულება, რამაც დაარწმუნა, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა. თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის.

სანამ შეთქმულების თეორიაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, მანამდე გავეცნოთ, როდის შეიქმნა უხანის ლაბორატორია და რა მნიშველოვანი ფაქტები უკავშირდება მას:

უხანის ლაბორატორიის თანამშრომელი კორონავირუსზე ტესტს ატარებს

უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ადმინისტრირებას ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია უწევს. როგორც ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ის 1956 წელს დაარსდა როგორც უხანის მიკრობიოლოგიის ლაბორატორია. 1961 წელს ის სამხრეთ ჩინეთის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი გახდა, ხოლო 1962 წელს მას სახელი გადაერქვა და უხანის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი დაარქვეს.

2015 წელს აქ გაიხსნა ბიოუსაფრთხოების ეროვნული ლაბორატორია, რომლის შექმნაც 300 მილიონი იუანი, დაახლოებით, 44 მილიონი დოლარი დაჯდა.

  • ვიკიპედიაში ვკითხულობთ, რომ ლაბორატორია საფრანგეთის მთავრობასთან კოლაბორაციით შეიქმნა და მის შექმნას ნაწილობრივ აშშ-ის მთავრობაც აფინანსებდა.

ეს არის მეოთხე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია და მჭიდრო კავშირი აქვს ტეხასის უნივერსიტეტის გალვესტონის ეროვნულ ლაბორატორიასთან. ასევე კავშირი ჰქონდა კანადის მიკრობიოლოგიის ეროვნულ ლაბორატორიასთან მანამდე, სანამ აღნიშნულ ლაბორატორიაში მომუშავე უხანის ლაბორატორიის მეცნიერები - ჩიანგუ ქიუ და მისი ქმარი, არ გაათავისუფლეს. ყოველივე 2019 წლის ივლისში მოხდა.

სამუშაო პროცესი - ფოტო 2017 წლის 23 თებერვალსაა გადაღებული

  • კანადის სკანდალი

კანადური გამოცემის, cbc.ca-ს 2019 წლის 14 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ მეცნიერები ჩიანგუ ქიუ და მისი ქმარი კედინგ ჩენგი კანადის მიკრობიოლოგიის ეროვნული ლაბორატორიიდან გამოუშვეს "პოლიტიკის შესაძლო დარღვევის“ გამო. ცოლ-ქმართან ერთად გამოუშვეს მათი ჩინელი სტუდენტებიც.

გამოცემა წერს, რომ მომხდარის შესახებ დეტალები უცნობია, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა, ყოველივე ინტელექტუალურ ქურდობასთან და ტექნოლოგიებისა თუ მიღწევების ჩინეთში გაჟონვასთან იყოს დაკავშირებული.

ფოტოზე ჩინელი მკვლევარი ჩიანგუ ქიუ

"კანადის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიას აქვს ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი ბიოლოგიური კვლევები, რომელიც შესაძლოა, მათ უცხო ქვეყნებს გაუზიარეს. მიკრობიოლოგია ეროვნული უსაფრთხოების საკითხსაც უკავშირდება“, - ამბობს პროფესორი გორდონ ჰოლდენი.

  • კვლევა კორონავირუსზე

კორონავირუსებზე კვლევა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ჯერ კიდევ მაშინ ჩატარდა, სანამ მეოთხე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია ჩამოყალიბდებოდა. 2005 წელს მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც კორონავირუსების ჯგუფის, SARS-ის წარმომავლობას ეხებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ ღამურების ერთი სახეობა არის SARS-ის მსგავსი კორონავირუსების ბუნებრივი რეზერვუარი.

2015 წელს საერთაშორისო გუნდმა და მათ შორის ინსტიტუტის ორმა მეცნიერმა შეიმუშავა ჰიბრიდი ვირუსი, რომელიც ღამურებში არსებული ვირუსისგან შეიქმნა, აღმოჩნდა, რომ ჰიბრიდმა ვირუსმა შეძლო ადამიანის უჯრედების ინფიცირება.

2019 წლის დეკემბერში უხანის ჯანდაცვის ავტორიტეტულმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პნევმონიების შემთხვევები უცნობ კორონავირუსს უკავშირდებოდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი არც ერთი უკვე არსებული კორონავირუსი არ იყო. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საქმე ჰქონდათ ახალ ვირუსთან, რომელიც 96%-ით იდენტური იყო მანამდე ღამურებში აღმოჩენილ ვირუსთან.

2020 წლის თებერვალში New York Times-მა დაწერა, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა, ში ჯენგლის ხელმძღვანელობით, აღმოაჩინეს, რომ საქმე ეხებოდა ახალი ტიპის კორონავირუსს.

  • შეთქმულების თეორია

ბევრი ადამიანი იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვირუსი უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიიდან გავრცელდა. მათ შორის, ისეთი ავტორიტეტული ფიგურა, როგორიც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია.

"ჩინეთმა ან ვერ შეაჩერა კორონავირუსი, ან მის გავრცელებას ხელი არ შეუშალა" - ამბობს ტრამპი. მისივე თქმით, ნანახი აქვს მტკიცებულება, რამაც დაარწმუნა, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

ამასთან, Foxnews.com აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. გამოცემა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ იმისთვის, რომ ჩინეთს მსოფლიოსთვის ეჩვენებინა და დაემტკიცებინა, რამდენად ძლიერია ვირუსების აღმოჩენისა და მათთან ბრძოლის კუთხით.

გამოცემის ცნობითვე, ჩინეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2018 წლის გასცეს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ უხანის ლაბორატორიაში უსაფრთხოების არასაკმარისი დონე იყო. მათ ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მსოფლიოს მეცნიერებს. მაშინ საუბარი ეხებოდა ღამურებთან დაკავშირებულ სარისკო კვლევებს.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ეწინააღმდეგებიან აღნიშნულ მოსაზრებას. Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ვირუსი ბუნებრივად, სავარაუდოდ, ღამურისგან ან პანგოლინისგან გავრცელდა. კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ: "ჩვენი ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ SARS-CoV-2 ლაბორატორიული კონსტრუქცია, ან გამიზნულად მანიპულირებული ვირუსი არ არის“.

იმ უხანელი ექიმის ქვრივმა, რომელმაც კორონავირუსის შესახებ პირველმა ატეხა განგაში, ვაჟი გააჩინა - "შენი უკანასკნელი საჩუქარი დაიბადა..."

უხანში კორონავირუსმა 2019 წლის აგვისტოში იფეთქა? - თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ჰარვარდში სკანდალური კვლევა მოამზადეს

ნიგერიაში დააკავეს კაცი, რომელმაც 40 ადამიანი გააუპატიურა - მსხვერპლთა შორის უხუცესი 80 წლის, ხოლო ყველაზე პატარა 10 წლისაა