ავტორი:

რუსეთში "ალუმინის ომების" ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - რა აკავშირებდა ანატოლი ბიკოვს ბიძინა ივანიშვილთან

რუსეთში "ალუმინის ომების" ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - რა აკავშირებდა ანატოლი ბიკოვს ბიძინა ივანიშვილთან

რუსეთის სასამართლომ რუსი ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი ანატოლი ბიკოვი დააკავა. კრასნოდარის მხარის სასამართლო მას ორი ან მეტი პირისთვის ცეცხლსასროლის იარაღიდან სროლას და მკვლელობას ედავება.

საქმე ეხება 1994 წელს მომხდარ ორგანიზებულ მკვლელობას, როდესაც ბიკოვს კონფლიქტი ჰქონდა კირილ ვოიტენკოსა და ალექსანდრ ნაუმოვთან. 1994 წლის 24 ივლისს, ბიკოვს საკუთარი მანქანა თვალწინ აუფეთქდა და გადაწყვიტა, რომ ამაში კლანის წევრის, 23 წლის ნაუმოვის ხელი ერია. მალევე, ნაუმოვი და მისი მეგობარი, ვოიტენკო მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს...

რუსული გამოცემა РБК წერს, რომ ბიკოვმა ეს მკვლელობა, "კარგი ნაცნობის", ვლადიმირ ტატარენკოს დახმარებით დაგეგმა, რომელსაც მოგვიანებით, 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ცოტა ხნის წინ, მან ბიკოვის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. იმავე დღეს, ყირიმსა და კრასნოიარსკში ბიზნესმენის სახლები გაჩხრიკეს.

  • ბიკოვი და ივანიშვილი "ალუმინის ომებში"

1990-იან წლებში, ბიკოვი კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნის მფლობელი იყო, 1998-2000 წლებში კი ქარხნის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი. ქარხნის ერთ-ერთი თანამფლობელი, ანტრაციტისა და ნახშირის მომპოვებელი კომპანია "ალტეკის" დამფუძნებელი დმიტრი ბოსოვი იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...

90-იან წლებში ანატოლი ბიკოვი, ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ დაფუძნებული ბანკ "Российский кредит"-ის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. 2005 წელს, რუსულ Forbes-თან ინტერვიუში, სადაც სწორედ "ალუმინის ომებზეა" საუბარი, ქართველი მილიარდერი იხსენებდა 1997 წელს, როცა ალუმინის ქარხნის აქციები მეორად ბაზარზე შეიძინა.

"კრასნოიარსკში მუშაობა ბევრად ადრე დავიწყე, ვიდრე ალუმინის ქარხანაში მოვხვდებოდი... 1992 წელს ბანკმა კრასნოიარსკის მეტალურგიული ქარხნის 30% შეიძინა. ის ალუმინის ქარხანას ესაზღვრებოდა, თუმცა იმ მომენტში ქარხანაში არაფერი ხდებოდა, მეტალს არავინ აძლევდა და გაჩერებული იყო... ასე გაგრძელდა 1994 წლამდე, როდესაც კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნის აქციონერებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ალუმინის ქარხნისა და აჩინსკის თიხამიწის კომბინატის აქციების 20% მეტალურგიული ქარხნის ბალანსზე გადაიტანეს.

ალუმინის ქარხნის მესაკუთრეებმა შემომთავაზეს პაკეტის გაყიდვა, რომელიც 1996 წელს ძალზე ძვირად გავყიდე... ერთ წელში ალუმინის ქარხნის აქციონერებს შორის დაპირისპირება მოხდა" - იხსენებდა ივანიშვილი, რომლის თქმითაც, შემდეგ საქმეში ჩაერია მისი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვასილ ანისიმოვი, რომელიც კარგად იცნობდა სამ მფლობელს: ალექსანდრ კოლპაკოვს, ვლადიმირ რატნიკოვს და ოლეგ კიმს, რომლებსაც აქციების 28% ეკუთვნოდათ.

“ანისიმოვმა მითხრა, კოლპაკოვი და რატნიკოვი ქარხნის აქციების 48%-ის მყიდველს ეძებენო, მაგრამ მე და ვასილიმ მათგან აქციები მხოლოდ მას შემდეგ ვიყიდეთ, როცა ანატოლი ბიკოვსა და გენადი დრუჟინინს 20% დაუბრუნეს. ბიკოვი დათანხმდა, რომ ყველანი ერთად ვიმუშავებდით" - ყვებოდა ივანიშვილი. მისი თქმითვე, ბიკოვიც “Российский кредит"-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ოღონდ ისე, რომ არც ბანკის საბჭოს წევრი ყოფილა და ხელფასსაც არ იღებდა.

rbc.ru-ს ცნობით, 1997 წელს, კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნის გარშემო უკვე ნამდვილი ომი იყო კომპანია TWG-ს მფლობელ ძმებს - მიხეილ და ლევ ჩერნისა და რუს აქციონერებს შორის, რომელთაც სწორედ ანატოლი ბიკოვი მეთაურობდა. ბიზნესზე კონტროლის მოსაპოვებლად დაპირისპირება წლები გრძელდებოდა...

“ივანიშვილი იხსენებდა, რომ 1996 წელს საფრანგეთში უცნობმა დაურეკა და КраМЗ-ის აქციების გაყიდვა მოსთხოვა. “ისეთი ხმით მელაპარაკებოდა, რომ შიგნიდან გავცივდი. შიშისგან ყველა კარი ჩავკეტე... უცნობს ვთხოვე მეორე დღეს გადმოერეკა. მანაც გადმორეკა და ფასი დაასახელა" - ყვებოდა ქართველი მილიარდერი.

გამოცემის ცნობით, რამდენიმეწლიანი დაპირისპირების შემდეგ, საქმეში ბორის ბერეზოვსკი და ოლეგ დერიპასკა ჩაერივნენ და კონფლიქტიც თანდათან მინელდა...

რაც შეეხება, ბიკოვს, ის შემდეგ Российский кредит-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. რუსულ Forbes-თან ინტერვიუში ივანიშვილი იხსენებდა, რომ ეს მისი იდეა იყო.

"ბანკში ყოველთვის ბევრი ვიცე-პრეზიდენტი გვყავდა... ამ თანამდებობაზე ვნიშნავდით ბანკის კლიენტებს, მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელებს ან მესაკუთრეებს. "ვიცე-პრეზიდენტის სავიზიტო ბარათებს" იღებდნენ, რაც მათ ძალიან სიამოვნებდათ" - იგონებდა ივანიშვილი რუსულ გამოცემასთან საუბარში. რუსული მედიის ცნობით, არ ჩანს, სად წყდება ივანიშვილსა და ბიკოვს შორის საქმიანი თუ ფორმალური ურთიერთობა.

  • ბიკოვისა და კრიმინალური ავტორიტეტის "პაშა ცვეტომუზიკას" შეტაკება

2002 წელს, ბიკოვი კრიმინალური დაჯგუფების წევრის, ვილორი სტრუგანოვის გატაცების ბრალდებით დააკავეს, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში "პაშა ცვეტომუზიკას" სახელით იცნობენ. თუმცა, სამი წლის შემდეგ, კრასნოიარსკის სასამართლომ ბიკოვს სასჯელი მოუხსნა და სისხლის სამართლის საქმეც შეწყდა.

თავად "ცვეტომუზიკა" უკვე 5 წელია მკაცრი კოლონიის რეჟიმში სასჯელს იხდის. ერთ-ერთი ვერსიით, “ალუმინის ომების” შემდეგ, მას 5 ადამიანის მკვლელობას ედავებიან.

თუმცა კრიმინალურ წარსულს, ბიკოვის პოლიტიკური კარიერისთვის ხელი არ შეუშლია. 2003 წელს, ის რუსეთის სახელმწიფო დუმაში მოხვედრასაც შეეცადა, თუმცა დოკუმენტებში არსებული ხარვეზების გამო, რეგისტრაცია ვერ გაიარა. 2016 წლამდე, ბიკოვი კრასნოიარსკის მხარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი იყო, შემდეგ კი, პოლიტიკას ჩამოშორდა და მთლიანად ბიზნესში ჩაეფლო.

Новости Красноярска-ს ცნობით, 30 წლის წინ მომხდარი საქმის გამო ბიკოვის ახლა დაკავებას პოლიტიკური საფუძველი აქვს, რადგან ის კრასნოიარსკში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და არჩევნებისთვის ემზადებოდა. გამოცემის ცნობით, ბოლო წლებში ანატოლი ბიკოვი ძალიან ხშირად საუბრობდა ტყის უკანონო ჩეხვასა და შემდეგ ხანძრის გაჩენაზე, ასახელებდა კრასნოიარსკელი მაღალჩინიოსნების გვარებს.

ბიკოვის სახელს ათობით კომპანია უკავშირდება, მათ შორის მობილური ოპერატორი "Сибчелендж", რომელიც 45 მილიონ დოლარად გაიყიდა. რაღაც დროის განმავლობაში, ტელეკომპანია ТВК-საც ფლობდა, სწორედ მაშინ აირჩიეს ადგილობრივ დეპუტადად.

რუსული მედია იმასაც წერს წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე დავარდნილი რეიტინგის ამოწევას, სკანდალური პირების დაკავებით ცდილობს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული ხვალ და ზეგ სხვებსაც მიადგნენ...

ჩინეთში კორონავირუსმა შესაძლოა, კვლავ იფეთქოს - გაჩნდა ახალი კლასტერი, 108 მილიონი ადამიანი კი მკაცრ კარანტინს დაუბრუნდა

კორონავირუსთან ბრძოლის "შვედურმა მოდელმა" არ გაამართლა - შეზღუდვების გარეშე ცხოვრებამ, ინფიცირებულთა სიკვდილიანობა 12%-მდე გაზარდა

ჩინეთში მუშაობენ ახალ პრეპარატზე, რომელიც მეცნიერთა თქმით, COVID-19-ს ვაქცინის გარეშე შეაჩერებს