ავტორი:

ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მთავრობიდან წასვლის შემდეგ კარიერა უცხოეთში აიწყვეს

ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მთავრობიდან წასვლის შემდეგ კარიერა უცხოეთში აიწყვეს

21 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საინვესტიციო ფონდს ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს. ეს ერთ-ერთია იმ მრავალ შემთხვევათაგან, როდესაც ყოფილი თანამდებობის პირი საქართველოს მთავრობიდან წასვლის შემდეგ, მუშაობას საზღვარგარეთ, ასევე საკმაოდ მაღალ პოზიციაზე აგრძელებს.

AMBEBI.GE გაგახსენებთ ყოფილ ჩინოვნიკებს, რომელთაც საქართველოში სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობა ეკავათ და ქვეყნიდან წასვლის შემდეგ არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სექტორში არანაკლები წარმატებით გაიკეთეს კარიერა.

  • მიხეილ სააკაშვილი

ერთ-ერთი პირველი ამ ჩამონათვალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ოფიციალური თანამდებობა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელობაა. პოსტზე ის 2020 წლის 7 მაისს დაინიშნა.

სააკაშვილი, რომელიც 2004-2013 წლებში საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, 2015 წლის 13 თებერვალს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ქვეყნის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. მას უკრაინაში რეფორმების საკითხებში საერთაშორისო გუნდის შექმნა დაევალა. მრჩეველთა საბჭოს ძირითადი ფუნქცია უკრაინის პრეზიდენტისათვის სხვადასხვა მიმართულებით რეკომენდაციებისა და რჩევების მომზადება იყო.

იმავე წლის 30 მაისს ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა დათმო, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. 17-თვიანი საქმიანობის შემდეგ, ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა, უკრაინის პრეზიდენტი კი კორუფციასა და კლანურ მმართველობაში ამხილა.

ყოფილ პრეზიდენტთან გაფუჭებული ურთიერთობის შემდეგ, სააკაშვილმა უკრაინის ახალ ხელისუფლებასთანაც შეძლო საერთო ენის გამონახვა. 2020 წლის აპრილში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ვიცე-პრემიერობა შესთავაზა, თუმცა, საბოლოოდ, უკრაინის რადაში მისი კანდიდატურა არ განხილულა.

მაისში კი, უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილს ახალი თანამდებობა გამოუნახა და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის ნეგატიური რეაქცია და უკრაინაში საქართველოს ელჩის ქვეყანაში დაბარება მოჰყვა, რაზეც ზელენსკის პასუხი იყო: "ვფიქრობ, ეს ქართული მხარის შეცდომაა. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მე კი უკრაინის პრეზიდენტი ვარ, რომელმაც ის დანიშნა".

  • ლევან ვარშალომიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ამიერიდან უკრაინაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველი პოლიტიკოსი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამ სიტყვებით წარადგინა - "ის ბათუმს აშენებდა".

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ვარშალომიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2004-2012 წლებში იყო.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ბათუმში დარჩა, 2014 წელს კი უკრაინაში გადავიდა, თუმცა სააკაშვილისგან განსხვავებით, მან არ მოისურვა საქართველოს მოქალაქეობა დაეტოვებინა და პოროშენკოს მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტზეც თქვა უარი. 2015 წელს ვარშალომიძე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველად დაინიშნა.

2016 წლის ივლისში უკრაინიდან ბათუმში დაბრუნდა და პარტიულ საქმიანობაში ჩაერთო - "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.

4 წლის შემდეგ კი, კვლავ უკრაინაში ჩავიდა და ზელესკის ხელისუფლებას ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება.

  • ნიკა გილაური

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, "ნაციონალების" მთავრობაში რამდენიმე მაღალი თანამდებობა გამოიცვალა და საერთო ჯამში, მინისტრთა კაბინეტში 8 წელი გაატარა. 2004 წელს ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა, 2007-2009 წლებში ფინანსთა მინისტრი იყო, 2009 წლის 6 თებერვლიდან 2012 წლამდე კი - პრემიერ-მინისტრი.

2012 წელს გილაურმა "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელობა ჩაიბარა, თუმცა ეს პოსტი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. იმავე წელს კომპანია "რეფორმატიკსი" დააარსა, რომლის საქმიანობის კატეგორიები საკონსულტაციო მომსახურება და ფინანსებია.

“რეფორმატიკსი“ თანამშრომლობს მსოფლიოს გარშემო საჯარო სექტორის ლიდერებთან და ეხმარება მათ სწრაფი ეკონომიკური ზრდის და საჯარო პოლიტიკის სფეროში ინოვაციური მიდგომების განვითარებაში.

გილაური, როგორც "რეფორმატიკსის" მმართველი პარტნიორი, კონსულტაციას უწევდა მსოფლიოს 3 კონტინენტის მაღალი რანგის თანამდებობის პირებსა და პოლიტიკოსებს, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ჩათვლით.

2014 წლიდან ნიკა გილაური ამერიკული მენეჯმენტ-საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ის მთავარი მრჩეველიცაა.

  • ვერა ქობალია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამჟამად კანადაში ცხოვრობს, სადაც აფხაზეთის ომის შემდეგ, 1996 წელს ოჯახთან ერთად იყო ემიგრირებული, 2010 წელს საქართველოში დაბრუნდა და მთავრობაში დასაქმდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს ის 2010 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე იკავებდა.

ვერა ქობალიას ოჯახს კანადაში საოჯახო ბიზნესი აქვს

ქობალია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში მნიშვნელოვან პოსტს იკავებდა, 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა "მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა", რაც ქართველი პოლიტიკოსისთვის მსგავს ნომინაციაში გამარჯვების პირველი პრეცედენტია.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა, პარალელურად, კითხულობდა ლექციებს პოლონეთის დიპლომატიურ აკადემიაში, თემებზე - „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში", „საქართველოს გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლაში" და „რეფორმები საჯარო სექტორში". ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ყაზახური კომპანია "ასტანა ექსპო 2017"-ის დირექტორის მოადგილის პოსტზეც საქმიანობდა.

2016 წელს ქობალია ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნეს-მრჩევლად დანიშნა. მისი ძირითადი ფუნქცია ბიზნეს და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით ინდონეზიის მთავრობისთვის რჩევების მიცემა და კონსულტაცია იყო.

ამჟამად ის ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრია, ასევე, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში კვლევებს ატარებს ტექნოლოგიების მიმართულებით.

წაიკითხეთ: "ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ..." - სად და როგორ ცხოვრობს ვერა ქობალია?

  • ალექსანდრე კვიტაშვილი

მას "ნაციონალური მოძრაობის" მინისტრთა კაბინეტში 2008-2010 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მინისტრის პოსტი ეკავა. 2010 წლის 31 აგვისტოს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, იმავე წლის დეკემბერში კი უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს და თანამდებობა 2013 წლამდე ეკავა.

2014 წლის 2 დეკემბერს კვიტაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ამავე დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცა. მინისტრის პოსტს თითქმის 2 წლის განმავლობაში იკავებდა, თანამდებობა კი მისი საქმიანობის მწვავე კრიტიკის შედეგად დატოვა.

კვიტაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა: ატლანტის გრეიდის სამედიცინო ცენტრის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში; გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობაში; სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტად აზერბაიჯანში, ლიტვაში, უკრაინაში, სომხეთსა და სერბეთში და ნიუ-იორკში აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის (East-West Institute) ადმინისტრაციის დირექტორად.

  • გიორგი კვირიკაშვილი

"ოცნების" მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოსტიდან წასვლის შემდეგ რამდენიმე თვეში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) საერთაშორისო მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა და უზბეკეთის მთავრობას უწევს კონსულტაციას. მისი საქმიანობა EBRD-ის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში დახმარებას გულისხმობს.

კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბერში დაინიშნა, 2018 წლის 13 ივნისს კი თანამდებობიდან გადადგა, რის მიზეზადაც ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

"იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც მქონდა პარტიის თავმჯდომარისგან განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდში, არასდროს მოვრიდებივარ პოლემიკას. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია" - განმარტა კვირიკაშვილმა.

პრემიერობამდე, 2012-2015 წლებში კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, 2015 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. "ოცნების" ხელისუფლებაში იქ "ქართუ ბანკიდან" მოვიდა, სადაც 2006-2011 წლებში გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

  • ირაკლი ალასანია

"ოცნების" ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტიდან წასული ქართველი დიპლომატი 2017 წელს ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის, SPConsulting-ის უფროსი პარტნიორი გახდა, რომელიც აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებსა და კერძო სექტორს უწევს კონსულტაციას. SPConsulting-ის მთავარი ოფისი ვაშინგტონშია.

ირაკლი ალასანიას მოვალეობებში კლიენტებისთვის სტრატეგიის შემუშავება, გუნდის შექმნა და სხვადასხვა პრობლემური საკითხის გადაწყვეტა შედის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტს ალასანია 2012 წლიდან 2014 წლამდე იკავებდა, მას შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებას" 2011 წელს შეუერთდა და ოპოზიციის კოალიციამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

თუმცა, 2014 წელს საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი თანამდებობის მოხელე სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისათვის დააკავა, სამინისტრომ კი ეჭვქვეშ დააყენა პროკურატურის ბრალდებები. ალასანია თანამდებობიდან მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადააყენა.

"ოცნების" მინისტრთა კაბინეტში მოსვლამდე ალასანია იკავებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეის პოსტს 2004-2006 წლებში, 2006-2008 წლებში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამავდროულად, პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში; იყო უშიშროებისა (2002-2004 წლებში) და თავდაცვის (2004 წელს) მინისტრის მოადგილე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე (ასევე 2004 წელს).

  • ზურაბ პოლოლიკაშვილი

2009-2011 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების განვითარების მინისტრი პოლოლიკაშვილი, 2017 წლის 12 მაისს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს. თანამდებობაზე პოლოლიკაშვილი 2021 წლამდე დარჩება. მის კანდიდატურას მხარი საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა. პოსტზე არჩევამდე ის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო.

საერთაშორისო კარიერამდე პოლოლიკაშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა - 2005-2006 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2006 წელს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა და პოსტზე 2009 წლამდე, მინისტრად დანიშვნამდე დარჩა. 2012 წელს მეორედ დაინიშნა ელჩად ესპანეთში.

  • ბათუ ქუთელია

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ბათუ ქუთელია ამჟამად საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელია. ის უშიშროების საბჭოში 2011-2013 წლებში მუშაობდა, 2008-დან 2011 წლამდე კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში.

2007-2008 წლებში ქუთელია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე საქმიანობდა, 2006-2007 წლებში - საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილე იყო. 2005-2006 ხელმძღვანელობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურს, მანამდე - სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტს.

2004 წელს ბათუ ქუთელია სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს - რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-თან

"სომხური მხარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, არასწორად იყო ინტერპრეტირებული" - დავით ზალკალიანი

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი