ავტორი:

ვინ არის აფხაზი მაფიოზი "მაფკა", რომელიც გალსა და ოჩამჩირეს აკონტროლებს

ვინ არის აფხაზი მაფიოზი "მაფკა", რომელიც გალსა და ოჩამჩირეს აკონტროლებს

ბოლო ხანებში, აფხაზეთში, ე.წ. დამოუკიდებელმა მედიამ იმ პერსონების გამოაშკარავება დაიწყო, რომლებიც წლების განმავლობაში, ყველა "ხელმძღვანელობის" დროს, რაღაც პოზიციას იკავებდნენ, ჰქონდათ ღია ან ფარული ბიზნესი და გავლენები როგორც პოლიტიკაში, ასევე, ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრებთან. ერთ-ერთი ასეთია ალბერტ თარბა, მეტსახელად "მაფკა", რომლის შესახებაც, აფხაზური ინტერნეტგამოცემა წერს.

თარბა, ერთ-ერთი იყო, ვინც 1995 წელს, აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. ვიცე-პრემიერის, სეპარატიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის იური ვორონოვის მკვლელობაში ფიგურირებდა. მაშინ ადგილობრივმა "სამართალდამცველებმა" ჩეჩნეთის მოქალაქეები ისლაევი და ტატაევი, ასევე აფხაზი ალბერტ თარბა დააკავეს.

იური ვორონოვი თავდამსხმელებმა საკუთარ სახლთან მოკლეს

მაშინდელი ე.წ. გენერალური პროკურორის ანრი ჯერგენიას მტკიცებით, ვორონოვის მკვლელობა ქართული სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი, მკვლელობის ავტორებად კი, ძმებ წვიჟბებს ასახელებდა. გაგრაში, წვიჟბების დაკავების სპეცოპერაციაში, აფხაზურ "მილიციასთან" ერთად, რუსი "სამშვიდობოებიც" მონაწილეობდნენ, მაგრამ გაგრელი წვიჟბები ვერც მაშინ და ვერც შემდეგ, ვეღარ მოიხელთეს...

ვორონოვის მკვლელობის კიდევ ერთი ვერსია დიდ ფულს უკავშირდება - არძინბას ხელისუფლების "პრემიერმა", გოგი გაგულიამ და ვორონოვმა რამდენიმე მილიარდი რუბლი ვერ გაიყვეს. ვორონოვი გაგულიას დაემუქრა, თუმცა, როგორც ჩანს, გაგულიამ დაასწრო და 2 მილიარდი რუბლიც მიითვისა... გაგულიას გავლენები ჰქონდა და როგორც აფხაზური მედია წერს, "რაც არ უნახავთ, ვერც დაუმტკიცეს..."

გარკვეული დროის შემდეგ, ვორონოვის მკვლელობაზე დაკავებულ ალბერტ თარბასთან ერთად, ჩეჩნებიც გაამართლეს და დღემდე თავისუფლად ცხოვრობენ... არადა, მათ სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მკვლელობის მთავარ შემკვეთზე, დღემდე ოფიციალურად არაფერია ცნობილი.

აფხაზური მედიის ცნობით, "მაფკა", უბრალოდ მსროლელი იყო, რომელიც ფულის გამო ნებისმიერ დავალებას ასრულებდა. მილიციის ერთ-ერთ მაშინდელი მაღალჩინოსანი ყვება, რომ ვორონოვის მკვლელობის შემკვეთები და შემსრულებლებიც ქემალ არძინბა (ე.წ. პრეზიდენტ არძინბას ძმისშვილი, რომლის სახელსაც ახლა აფხაზეთში ნარკორეალიზაციის ბიზნესი და სოხუმის ცენტრში ჩაცხრილული შამბასა და ავიძბას საქმეები უკავშირდება) და მერაბ ქიშმარია (წლების განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი, მან “პოსტი” ხაჯიმბას დამარცხების შემდეგ დატოვა...) იყვნენ. "მაფკამ" კი ყველაფერი დაიბრალა, ამის წყალობით ციხიდან მილიონერი გამოვიდა.

მერაბ ქიშმარია

“მისი მთავარი "პროფესია" მერაბ ქიშმარიას პარტნიორობა იყო. თარბას ქიშმარიას პოლკოვნიკს უწოდებენ, ის მისი ნათესავის ქმარია, რის გამოც, არაერთი პარტნიორული ბიზნესი აქვთ...

მაფკას აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ავტოპარკი აქვს. კერძოდ, მის საკუთრებაშია "მერსედეს ბენც" 63AMG, "რენჯ როვერი", BMW X5, BMW X6, "ლენდ კრუიზერ 200". ასევე, ოჩამჩირეში 1000 კვ. მეტრზე გაშენებული ეზო, თანამედროვე სტილის სახლით. მის ბიზნესს, თითქმის 26 წლის განმავლობაში არავინ შეხებია" - წერს აფხაზური გამოცემა.

ალბერტ თარბა ასევე ფლობს ოჩამჩირესა და გალში უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთებს. აფხაზური მედიის ცნობით, თუ გალსა და ოჩამჩირეში რაიმე სახის ბიზნესის წამოწყება გინდა, წილი მაფკას უნდა გადაუხადო.

“მის გარეშე, არავითარი კომერციული საქმიანობა არ გამოვა. მაფკა ოჩამჩირელი ქემალ არძინბაა... გალის რაიონში, ყველანაირი სოფლის მეურნეობიდან წილს თარბას უხდიან, რადგან მას რაიონში ძალიან დიდი გავლენები აქვს. თანამოაზრეებიც ჰყავს, 50-მდე ადამიანი, რომლებიც ქალაქში შეიარაღებული გადაადგილდებიან. მაფკა ფინანსურად ეხმარება მათ ოჯახებსა და ახლობლებს" - წერს აფხაზური მედია.

ოჩამჩირის სანაპირო

2014 წელს, საბერძნეთიდან მსხვილმა ინვესტორმა ოჩამჩირის რაიონში სოფლის მეურნეობასა და სასტუმროებში, 2 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტა, თუმცა, მაფკამ და მერაბ ქიშმარიამ გააგდეს... 2017 წელს, ერთ-ერთი ადგილობრივის დაურ თარბას მოწვევით, ისევ საბერძნეთიდან კიდევ ერთი ინვესტორი ჩამოვიდა, რომელიც სოფლის მეურნეობით იყო დაინტერესებული. მაფკამ მას ბიზნესის წამოწყება აცადა, შემდეგ კი ყველანაირი ინფრასტრუქტურა, ტრაილერები, ტრაქტორები და სხვა სახის სამუშაო ტექნიკა წაართვა. ყველაფერი დღემდე მის ეზოში ინახება.

"მაფკა ასევე არ ინდობდა სომხური წარმოშობის ბიზნესმენებსაც, ერთ-ერთი მათგანი ასფალტის ქარხნის Абхазрегионстроя-ს მფლობელი სომეხიც გააგდო, თუმცა, მანამდე მისგან 20 მილიონი რუბლი მიიღო.

აფხაზი მაფიოზი არც პოლიტიკისგან ყოფილა შორს, ოჩამჩირის ე.წ. ადმინისტრაციაში მას თავისი ხალხი ჰყავს დანიშნული. ის რაიონის არაოფიციალური მმართველი იყო, ხსნიდა და ნიშნავდა “დეპუტატებს” თავისი ინტერესებისა და სურვილის მიხედვით, აქტიურად იყო ჩართული “საპრეზიდენტო არჩევნებში” და სანაცვლოდ, ბიზნესისთვის სტაბილურობას იღებდა. ის ახლა მწავედ აკრიტიკებს ასლან ბჟანიას და მის გუნდს “კურდღლებს” უწოდებს, რადგან გრძნობს, რომ ზეობის ხანა დასასრულისკენ მიდის. "ახლა მთავარია, ერთი მაფკა, სხვა მაფკამ არ შეცვალოს" - წერენ აფაზები სოციალურ ქსელში.

ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა სომეხი ჯარისკაცი მოკლა - რისთვის ემზადება აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად?

"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას