ავტორი:

დაკარგული რუკების სკანდალური საქმე - ვინ არის ბიზნესმენი, ვინც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მნიშვნელოვანი დოკუმენტები დაუბრუნა?

დაკარგული რუკების სკანდალური საქმე - ვინ არის ბიზნესმენი, ვინც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მნიშვნელოვანი დოკუმენტები დაუბრუნა?

რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროდან მიღებულ წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. საქმე შეეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

"კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას. საგამოძიებო უწყების მიერ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად ჩართული არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა ათეულობით პირი. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ დავით გარეჯის კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას საცხოვრებელ სახლში, ასევე დავით-გარეჯის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერ მელაშვილის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს გენერალურ პროკურატურაში, თუმცა სხვა დეტალებზე არ ისაუბრეს.

  • შეგახსენებთ, რომ გამოძიება საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით არის დაწყებული

ამ საკითხზე დავით გარეჯის ლავრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი კირიონიც გამოკითხეს. იკითხებიან კომისიის სხვა წევრებიც. მართალია, ჯერჯერობით პროკურატურა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს, მაგრამ არ არის გამორიცხული დამნაშავეებს ბრალიც წაუყენონ. ჯერჯერობით არც იმაზეა ლაპარაკი, რომელ წლებშია ჩადენილი ეს დანაშაული და საერთოდ, როდის გაქრა 1938 წლის მნიშვნელოვანი რუკა, რომელიც დეტალურად ასახავს რეალურ სურათს და უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის.

სპეციალისტების თქმით, დღის წესრიგში ყოველთვის იდგა 1938 წლით დათარიღებული უფრო მსხვილმასშტაბიანი (1:50 000) რუკების მოძიება. შარშან, 2019 წლის ოქტომბერში, პრემიერ გიორგი გახარიას ბაქოში ვიზიტამდე კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილი გამოქვეყნდა და უწმინდესი გამოხატავდა იმედს, რომ გიორგი გახარიას ჩარევით საბოლოოდ ისტორიული სამართლიანობაც აღდგებოდა და საკითხი გადაწყდებოდა.

"1936-1938 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ გამოცემული რუკის მიხედვით და ორმხრივად აღიარებული ამ რუკით უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული (განსხვავებით ბერთუბნისა, რომელიც ასევე გარეჯის განუყოფელი ნაწილია, აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული)", - წერდა პატრიარქი.

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტების მოძიებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა.

მამუკა არეშიძე:

-1996 წელს, როდესაც კომისია შეიქმნა, თავიდანვე ჩადებული იყო პატარა ნაღმი. კერძოდ კომისიამ მოაწერა ხელი შემდეგ გარემოებას, რომ მხარეები იმოქმედებდნენ 1938 წლის კონკრეტული დოკუმენტების მიხედვით. გვერდიდან რომ შეხედო ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ, აბსოლუტურად, ნორმალური დოკუმენტია, მაგრამ გამოირკვა, რეალურად ქართულ მხარეს ამ დოკუმენტების ორიგინალები არ ჰქონდა და აქვს მხოლოდ ასლები. საერთაშორისო სამართლის მიხედვით კი ასლები, რომელიც არ არის დამოწმებული, რომელსაც არ აქვს შესაბამისი შტამპი, არ არის მისაღები დოკუმენტი. ბუნებრივია ეს გარემოება ეჭვს აჩენს. აქ არის ან არაპროფესიონალიზმი ქართული მხარის მხრიდან, ან კიდევ ღალატი. იცოდნენ ამათმა ეს დოკუმენტები და რუკები არ ჰქონდათ და ამის მიუხედავად ხელი მაინც მოაწერეს ასეთი ტიპის დოკუმენტს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მაშინ იყო ჩადებული ნაღმი.

შემდეგ გაგრძელდა ეს პროცესი, დაიწყო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია. ქართულ მხარეს ბაზა და ორიგინალი დოკუმენტები არ ჰქონდა და ისე ლაპარაკობდა ეს ჩვენიაო. სხვა მონაკვეთებზე კიდევ იყო რაღაც დოკუმენტები და რაღაცნაირად გარკვეული ნაწილის შეთანხმება მოხდა. მაგრამ რომ დააკვირდე პროცესს, ის კომისია უცვლელი იყო ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ კომისიის ხელმძღვანელობა იცვლებოდა და როგორც წესი, ამ კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს.

მე შემიძლია კომისიის ყველა წევრის გვარები და ვინაობა დავასახელო, მაგრამ, არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუფცია დაირღვეს. დაველოდოთ პროკურატურას, გამოძიება დაწყებულია და იმედია, ბოლომდე მივა და ის დაადგენს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას.

მინისტრის მოადგილეები ხშირად იცვლებოდნენ, ზოგი ელჩად მიდიოდა, ან მერე მთავრობა მიდიოდა ხელისუფლებიდან და ამიტომ ახალი მოადგილეები ჩნდებოდნენ და იცვლებოდა კომისიის ხელმძღვანელობაც. სანამ ახალი სიტუაციაში ერკვეოდა, დრო იწელებოდა და ეს უკვე არასწორი მიდგომა იყო. მაგალითად, აზერბაიჯანული მხარის კომიიის თავმჯდომარე 25 წელია ხელმღვანელობს კომისიას, გვარად ხალაპოვი და წარმოიდგინეთ როგორ იქნება ის საქმეში ჩახედული.

- დავით ზალკანიანმა თქვა, რომ 2006-2007 წლების დუკუმენტების გადახედვა უნდა მოხდესო. შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ ამ დოკუმენტებში რა ხდება?

- რაც შეეხება 2006-2007 წლის დოკუმენტებს, ქართული მხარე ცდილობდა გარკვეული შედეგისთვის მიეღწია და შეთანხმება ხდებოდა გარკვეული მონაკვეთების. რაც შეათანხმეს 1996 წელს, ზუსტად იმას მოეწერა ხელი 2006-2007 წლებში. პროკურატურა პირველ რიგში დავობს შეთანხმებული მონაკვეთების არასწორ განსაზღვრას.

რაც არის შეუთანხმებელი, მათ შორის დავით გარეჯი. ედავება იმის გამოც, რომ იგრძნობა პირველ რიგში არასერიოზული, არაპროფესიული მიდგომა და მეორე - ღალატი. დეტალებს ახლა ვერ ჩავუღმავდები, თუმცა უნდა ითქვას, სულ მცირე, ერთი ადამიანი მაინც მუშაობდა სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის.

ეს არის სერიოზული ეჭვი, გარდა ამისა, ჩანს სავალალო მიდგომა ხელისუფლების მხრიდან ამ თემის მიმართ, მათ შორის წინა ხელისუფლების მხრიდანაც, იმიტომ რომ ვერ მიხვდნენ რას აწერდნენ ხელს და რომ ამით საქართველოს ინტერესები ზიანდებოდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, იმდენად სერიოზული პრეფერენციები ჰქონდა მაშინ მიცემული ჩვენს მეზობლის ზოგიერთ ფინანსურ სტრუქტურას აქ, საქართველოში, რომ რაღაცეებზე შეგნებულად თვალს ხუჭავდნენ, ეტყობა ვალში იყვნენ.

- ბატონო მამუკა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამის სანაცვლოდ დიდი თანხებია აღებული, თქვენც ხომ არ ფლობთ მსგავს ინფორმაციას?

- არავინ იცის ეს ამბავი. თანხები იყო ალბათ აღებული, მაგრამ რა რაოდენობით, როგორ იყო აღებული, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასადგენია. დიდი თანხები იყო თუ პატარა, ამას მე ვერ გეტყვით.

- კარგა ხანია ეს პრობლემა დგას, რატომ დუმდა მაშინ ხელისუფლება აქამდე და თუნდაც საქმე რატომ არ აღიძრა? ბევრი იმასაც ამბობს, რომ არჩევნებს დაამთხვიეს ეს მტკივნეული საკითხი სპეციალურად, რათა წინა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

- მე ერთი შემიძლია გითხრათ, უბრალოდ დროში დაემთხვა ყველაფერი ერთმანეთს. ის დოკუმენტები, რომელიც სჭირდებოდა კომისიის მუშაობას, როგორც ვთქვი, გამქრალია საქართველოს აქრივიდან და საერთოდ ყველა არქივიდან, რაც ადასტურებს, რომ წინასწარ იყო ნამუშევარი. იმ დროინდელმა ხელმძღვანელობამ კი კარგად იცოდა, რომ ეს დოკუმენტები გამქრალი იყო, მაგრამ მაინც მოაწერა ხელი ამ არასწორ დოკუმენტს იმ ფონზე, როცა რეალურად ბაზა, დოკუმენტალური მასალა არ ჰქონდა კომისიას.

ახლა წლებია უკვე ქართული მხარე ძალიან აქტიურად ცდილობს ეს დოკუმენტები მოიპოვოს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ საქმეში მეც ვიყავი ჩართული ჩემი სურვილით და მეც ვეძებდი ჩემი გზებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სამეგობრო მყავს პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის უკრაინაში, შუააზიაში თუ სხვაგან, მე ამ დოკუმენტებს ვერ მივაგენი, მაგრამ გამოჩნდა სხვა ჯგუფი, სხვა ადამიანები, რომლებმაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მოიპოვეს. როგორ მიაგნეს ის ვიცი, ვინც გააკეთა ეს საქმე ისიც ვიცი, მაგრამ ვერ ვიტყვი.

მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამ საქმის სათავეში იდგა გავლენიანი და მდიდარი ქართველი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, არ ცხოვრობს საქართველოში და არც პოსტსაბჭოთა სივრცეში. როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ დოკუმენტებში მან დიდი ფული გადაიხადა. არ შეიძლება დეტალების გასაჯაროვება, თუ რომელ ქვეყანაში მოიპოვა. საბჭოთა პერიოდში იყო ასეთი წესი, როცა ორ რესპუბლიკას შორის იდებოდა მსგავსი შეთანხმება, ორიგინალები იგზავნებოდა ყველა ქვეყანაში. მაგალითად, საქართველოს არქივში შეიძლება იპოვო ყირგიზეთსა და უზბეკეთს შორის დადებული შეთანხმებით მიწები როგორ განაწილდა. საბედნიეროდ, მაინც იქნა მოძიებული. ვიღაცამ იპოვა და აფერუმ, მას. რა თანხა გადაიხადა ამაში, ამის თქმა. კონკრეტულად ამ დოკუმენტების აღმოჩენა მოხდა ივლისში და უბრალოდ დროში დაემთხვა არჩევნებს.

- რა მოლოდინები გაქვთ, ეს დოკუმენტები საბოლოოდ შეცვლის რეალობას და ამ სადავო საკითხს წერტილს დაუსვამს?

- იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს რომ ერთ დღეში შეიცვლება სიტუაცია. ახლა ქართულ დიპლომატიაზეა დამოკიდებული ყველაფერი. აქამდე მოქმედებდნენ თითქმის ბაზის გარეშე, ახლა სერიოზული ბაზა აქვთ და ჯერი ახლა ქართულ დიპლომატიაზეა.

  • ვინ არის ბიზნესმენი, ვინც ეს რუკები მოიპოვა?

გავრცელებული ინფორმაციით, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მოიპოვა და ამაში სოლიდური თანხა გადაიხადა.

"საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა მილიარდელმა დავით ხიდაშელმა გადასცა საქართველოს ხელისუფლებას რუკები, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ გარეჯის მთელი ტერიტორია ბერთუბანიდან ლავრამდე საქართველოა. როგორც ირკვევა, რუკები რუსეთში ინახებოდა. დავით ხიდაშელმა ასევე 1.2 მილიონი ლარი გადარიცხა კოვიდ-ის დახმარების ფონდში. არსებული ინფორმაციით, მან ამ დოკუმენტებში სოლიდური თანხა დააბრუნა და ამით ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მოიპოვა", - დაწერა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ნიკოლოზ მჟავანაძემ.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დავით ხიდაშელი საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი ბერძნული კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ეს კომპანია კი სხვადასხვა სახეობის რადიო მოწყობილობების რეალიზაციით არის დაკავებული, მათ შორის ტელეკომ მიმღებები, სერვერები, 4G გადამცემები და სხვა. კომპანიის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს INTRACOM-ის შემოსავალი - 136.6 მილიონი ევრო, წმინდა მოგება კი, 1.7 მილიონი ევრო იყო.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, დავით ხიდაშელი 1998-1999 წლებში დსთ-ის ქვეყნებში ფრანგული "ჩასტელ როუპ"-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2007-2014 წლებში კი, რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის АФК "Система”-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ინოვაციების დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

14 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ, მთავრობის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდ StopCov-ში შემოწირულობის სახით, 1.2 მილიონი ლარი შეიტანა საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა.

საინტერესოა, რომ "პანამის დოკუმენტებშიც" იძებნება დავით ხიდაშელის გვარ-სახელი. ის მოხსენიებულია, როგორც INFORMAP WORLDWIDE LIMITED -EX- HESDAN LIMITED - ის წილის მფლობელი.

"გუკა ამირხანაშვილს რომ მეგობარი მოეძებნა, 99% ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა" - რას ამბობს ვახტანგ ჩიქოვანი ჩვენებაში

"ორ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეტევებინა.. ვლოცულობდი მისთვის და მისი ოჯახისთვის" - რას ჰყვება სმიტების ოჯახის შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა

"ექსპერტიზის დასკვნა თავდაყირა აყენებს ბრალდების ვერსიას, თითქოს 5 ადამიანი იყო მდინარის პირას ჩასული და მათ ჩააგდეს შაქარაშვილი წყალში" - ადვოკატი