სად ახორციელებენ "აუდიოშეტევებს" დიმიტრი ტატიშვილზე

სად ახორციელებენ "აუდიოშეტევებს" დიმიტრი ტატიშვილზე

ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მომხიბვლელი ხმის ტემბრის მქონე მსახიობი - დიმიტრი ტატიშვილი კომედიური სერიალის - "შუა ქალაქში" ახალ სეზონში უცნაური კაცის, გიას როლით გამოჩნდა. "ეს ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია: თითქოს თეატრის სცენაზე ვთამაშობ, რადგან ჩაწერას ხალხი ესწრება და ამავდროულად, კინოც არის, რადგან კამერები გვიღებენ", - გვითხრა ბატონმა დიმიტრიმ.

- სერიალში - "შუა ქალაქში" ჩემი პერსონაჟისგან განსხვავებით, ფანოღური სტილის მუსიკა არ მომწონს. რესტორნებში იშვიათად დავდივარ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ასეთ დაწესებულებებში ძირითადად, ისეთი მუსიკა ჟღერს, რომელიც ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. ადამიანი რესტორანში დროის კარგად გასატარებლად მიდის, ჰოდა, თუკი არანორმალური მუსიკის გამო "აუდიოშეტევა" დამემართება, იქ მისვლას რა აზრი აქვს?

- როგორი სტილის მუსიკა მოგწონთ?

- საერთოდ, კარგი მუსიკა მომწონს: შეიძლება ეს კლასიკური, საოპერო ნაწარმოები იყოს... მანქანაში ძირითადად, 60-70-იანი წლების ბრიტანული როკის დისკები მაქვს.

- საჭესთან მღერით?

- სულ ვმღერი! მუსიკის მოსმენისას ზოგჯერ მავიწყდება, ავტომობილს დაბურული მინები რომ აღარ აქვს და სიმღერას ვიწყებ. ვინც ასეთ დროს დამინახავს, შეიძლება, გიჟი ვეგონო (იცინის).

- ამის გამო უხერხულ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ?

- ჯერჯერობით - არა. ყველა ზრდილობიანად მექცევა. არავინ მეუბნება: ეე, გაჩერდიო. მუსიკა სულ თავში მიტრიალებს. მომწონს, როცა სუფრასთან 2-3 კაცი მაინც მოიძებნება, ვინც ქართული ხალხური სიმღერები იცის. ჩემ მიერ შესრულებული სიმღერა ალბათ, კარგი მოსასმენი არ არის (მით უმეტეს, თუ ნასვამი ვარ), მაგრამ როცა ვმღერი, თავს კარგად ვგრძნობ.

- ნამღერზე კომპლიმენტებს არ გეუბნებიან?

- ხალხურ სიმღერებში ძირითადად, ბანს "ვამბობ" ხოლმე. ამიტომ საკომპლიმენტო არაფერი მაქვს (იცინის).

- კერძების შერჩევისას პრეტენზიული ხართ?

- თავის გზაზე ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს - არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ საკვებთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს: საჭმლის გაფეტიშება არასწორად მიმაჩნია. კერძი სუფთად მომზადებული და მორთმეული უნდა იყოს. თუ ხორციანი იქნება, კარგია. ვცდილობ, ქუჩაში ნაყიდი საჭმელი - ლობიანი, ხაჭაპური თუ შაურმა არ მივირთვა. თანაც - ცომეულს მხოლოდ დილაობით გეახლებით.

- კერძების მომზადება გეხერხებათ?

- შემიძლია კარგად მოვამზადო ის, რაც მინდა. ცოლი შინ თუ არ არის, მშიერი არ დავრჩები: საჭირო ინგრედიენტებსაც მოვიძიებ ან ვიყიდი.

- შინ, ინტერიერის დიზაინზე თავად ზრუნავთ?

- მომწონს, როცა შინ მხოლოდ აუცილებელი ავეჯი და ნივთებია. ვცდილობ, ის გარემო, სადაც ვიმყოფები, სადა იყოს. ცხადია, ამას ყველგან ვერ მოვახერხებ, მაგრამ სახლში, კედლებზე ზედმეტი არაფერი კიდია, ოთახებში მოჩუქურთმებული ავეჯი არ დგას...

- ვიდრე შინ რაიმეს შეცვლიან, ოჯახის წევრები რჩევას გეკითხებიან?

- თავის ოთახში რაც უნდათ, ის გააკეთონ, მაგრამ ჩემს ოთახში ჯობია, ცვლილება მე შემითანხმონ. თუმცა, პრეტენზიული არ ვარ.

- როგორი ფილმები მოგწონთ?

- "ორიგინალურ" რაღაცას ვიტყვი: ისეთი ფილმები მიყვარს, რომლებზეც პროფესიონალები მუშაობენ. მაღალპროფესიონალურ ნამუშევარს ყოველთვის პატივს ვცემ. იქ სიუჟეტიც უკეთ ჩანს, მსახიობიც, რეჟისორის ნააზრევიც... თუმცა შეიძლება, ეფექტებით გაჯერებული, ნიჭიერად "გაკეთებული" ფილმიც მომეწონოს.

- ფილმებს განტვირთვისთვის უყურებთ?

- ჩემთვის ფილმი განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება არ არის. ამ მიზნით შეიძლება, კომედია ვნახო. ტელევიზიით უფრო ხშირად, სპორტულ გადაცემებს ვუყურებ. განსაკუთრებულად ფეხბურთი, კალათბურთი და ჰოკეი მომწონს, ასევე - ჩოგბურთი, ძალოსნობა, მსუბუქი ათლეტიკა...

- სპორტის რომელიმე სახეობას ხომ არ მისდევდით?

- ბავშვობაში კალათბურთზე დავდიოდი. ცოტათი მაღალი რომ გავზრდილიყავი, შეიძლება, კალათბურთელის კარიერაზე სერიოზულად მეფიქრა. მაგრამ ჩემი შესაძლებლობების სწორად შეფასების შემდეგ თეატრისკენ გადავინაცვლე.

- როგორი სპექტაკლები მოგწონთ?

- ისეთი, სადაც მსახიობი უფრო მეტადაა წარმოჩენილი. ნიჭიერ და პროფესიონალ რეჟისორს "გათვლილი" აქვს, რომ მსახიობი მის ხელში მარიონეტი არ იყოს. მიყვარს, როცა სპექტაკლში ბევრი სააზროვნო და სამოქმედო მაქვს.

- წიგნის კითხვისთვის დრო თუ გრჩებათ?

- სამწუხაროდ, ბოლო დროს წიგნის კითხვას იშვიათად ვახერხებ. სიყმაწვილეში დეტექტიური ჟანრი მიტაცებდა, მერე თითქოს გაუფერულდა - რაღაცებს დეტექტივის კითხვის დასრულებამდე ვხვდებოდი და წიგნის მიმართ ინტერესს ვკარგავდი. პატარაობისას სათავგადასავლო ლიტერატურაც მომწონდა, ახლა კი ფილოსოფიური ნაწარმოების წაკითხვა უფრო მსიამოვნებს, სადაც პერსონაჟების მსოფლმხედველობა ერთმანეთს "ეჯახება"...

- სამოსს თავად არჩევთ?

- შოპინგი არ მიყვარს. ჩემთვის ბაზრობაზე და მაღაზიებში სიარული ტანჯვის ტოლფასია. სამოსის შერჩევისას უპრეტენზიო ვარ. მთავარია, ჯინსის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი (ზამთარში - "ბათინკები") მქონდეს. მგონი, არაესთეტიკურად, მოუწესრიგებელი არ დავდივარ, დახეული სამოსი არ მაცვია. ისეთი ტანსაცმელი მიყვარს, რომელიც არ "იკბინება".

- გასაგებია, რომ სამოსს იშვიათად იძენთ, მაგრამ როცა ყიდულობთ, თავად არჩევთ?

- ჩემთვის ტანისამოსს უფრო ხშირად, მეუღლე ყიდულობს. შვილებიც მირჩევენ ხოლმე, - ამა და ამ მაღაზიაში წადიო. სხვათა შორის, მათ გემოვნებას ვენდობი. ვცდილობ, სავაჭრო ობიექტებზე ცოტა დრო დავყო.

- თავის დროზე, შვილების გემოვნების ჩამოყალიბებაზე თუ ზრუნავდით?

- 22 წლის, არაიდენტური ტყუპი გოგო მყავს. მათ უკვე ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა აქვთ. შვილებთან დიდაქტიკური საუბრები არ მქონია. როცა იზრდებოდნენ, ალბათ უყურებდნენ, დედა და მამა როგორ ცხოვრობდნენ და აანალიზებდნენ, რა იყო კარგი და რა - ცუდი. რა თქმა უნდა, განათლებაც მიიღეს... თავადაც მშობლების ცხოვრებას ვაკვირდებოდი. მაგალითად, მესმოდა, მამა როგორ მუსიკას უსმენდა, შემდეგ კი ჩემი მუსიკალური არეალი გავაფართოე...

- როგორმა ადამიანმა შეიძლება გაგიჩინოთ ისეთი მოწიწების გრძნობა, როგორითაც სერიალში თქვენი პერსონაჟი თაგვს ეპყრობა?

- ის პერსონაჟი არაფრით არ მგავს! უამრავი იდიოტისა და სულელის როლი მითამაშია. გიაც "ვერ არის". ალბათ, დადებითი პიროვნება გახლავთ, მაგრამ ცოტა არ იყოს, "უბერავს". თავში ქვა უხლია გიას (იცინის)!..

- და მაინც, თქვენ როგორ ადამიანებს სცემთ პატივს?

- თავისუფლად მოაზროვნე, ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც იმავდროულად, თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.

- თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე ყველაზე მეტად ვინ ან რამ მოახდინა ზეგავლენა?

- უპირველს ყოვლისა, ჩემმა მშობლებმა, ასევე - მიხეილ თუმანიშვილმა, თემურ ჩხეიძემ, მიხაილ კოზაკოვმა, ჩემმა უფროსმა თუ უმცროსმა მეგობრებმა. ერთ-ერთი მათგანი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - გოგი გელოვანი გახლდათ. ის მამაჩემის უახლოესი მეობარი იყო. მისი დიდი რიდი მქონდა, მაგრამ მაინც, ნამდვილი მეგობრები ვიყავით. ჩემზე იმ მუსიკალურმა მიმართულებამაც იმოქმედა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ადამიანების აზროვნება შეცვალა: "ბითლზისა" და "პინკ ფლოიდის" მუსიკას ვგულისხმობ. ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაზე გავლენას ბევრი რამ ახდენს, მაგრამ ინდივიდუალობა არ უნდა დაკარგო. როცა რაღაცებს ძირეულად გაიცნობ, შეისწავლი და ჩაუღრმავდები, ნელ-ნელა საკუთარი აზრი გექმნება, ოღონდ - ზედაპირული და "თითიდან გამოწოვილი" კი არა, არამედ ცოდნაზე დაფუძნებული. თავს არ ვდებ, რომ დიდი ინტელექტუალი ვარ, მაგრამ ვცდილობ, ყოველთვის გავაანალიზო, ჩემ გარშემო რა ხდება, ჩემს ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ რა პრობლემებია; შემდეგ ამ ყველაფერზე საკუთარ აზრს ვაყალიბებ, ვფიქრობ იმაზე, თუ რა არის სწორი და რა - მცდარი...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ასევე იხილეთ:

დიმიტრი ტატიშვილი - ჩვენს ქვეყანაში მსახიობობით გამდიდრებული კაცი არ მინახავს

ცნობილი "დეტექტივი" სხვადასხვა რაკურსით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება