ევროპა უკრაინას იხმობს - ევრომაიდნის მხარდასაჭერი აქციები მსოფლიოში (+LIVE)

ევროპა უკრაინას იხმობს - ევრომაიდნის მხარდასაჭერი აქციები მსოფლიოში (+LIVE)

უკრაინაში ვნებათაღელვა არ წყდება. ხალხი ევროინტეგრაციის მოთხოვნით ქუჩაშია გამოსული. ევრომაიდანზე შეკრებილები ხელისუფლების გადაწყვეტილებას - ხელი არ მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აპროტესტებენ და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მომიტინგეებს ევროპულ ოჯახში ყოფნა სურთ. ევროპას კი უკრაინის დაკარგვა არ უნდა.

ევროკავშირი უკრაინის ამ ნაბიჯით ”იმედგაცრუებულია” და ცდილობს ოფიციალურ კიევს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, თუმცა უკრაინა რუსეთის მხრიდან ზეწოლას ვერ უძლებს. ამის შესახებ თავად იანუკოვიჩმაც განაცხადა. ვილნიუსის სამიტზე, არაოფიციალური მიღების დროს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან პირისპირ დარჩენილმა იანუკოვიჩმა აღიარა, რომ  ”სამნახევარი წელიწადია, რაც მარტოა არათანაბარ პირობებში უძლიერეს რუსეთთან".

მსოფლიო უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და ამას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.  მაგალითად ვარშავაში ყველაზე მაღალი შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს, მიუნჰენის აეროპორტში უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის განკუთვნილ სპეციალურ გასასვლელში ატარებდნენ; პოლონეთის ქალაქ კიელცეში ყვითელ-ლურჯ ფერებში მოირთო ცენტრალური ქუჩა და ქალაქის მთავარი მოედანი, ხოლო ვროცლავში იგივე ფერებში სტადიონი გაანათეს.  ევრომაიდნის მხარდასაჭერად განათდა აშშ-სა და კანადას შორის დამაკავშირებელი ხიდიც.

თუმცა, აღნიშნული აქციების პარალელურად, ოფიციალური კიევი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. უფრო მეტიც, გუშინ იანუკოვიჩი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ იანუკოვიჩი საბაჟო კავშირში გაწევრიანებას დათანხმდა.  ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ The Economist-ის უფროსმა რედაქტორმა, ედვარდ ლუკასმა "ტვიტერის" პირად გვერდზე გაავრცელა. ლუკასისვე ინფორმაციით, მხარეებმა სტრატეგიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უკრაინას 15 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, ხოლო გაზის შესყიდვის ფასი, 500 აშშ დოლარის ნაცვლად, 200 აშშ დოლარი იქნება.

ჯერჯერობით, ოფიციალური მოსკოვი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანების საკითხი არ განხილულა.

ევრომაიდანზე კი უკრაინელი ხალხი საოცარ ერთსულოვნებას ავლენს. ისინი დანებებას არ აპირებენ და ერთმანეთის გასამხნევებლად არც საჭმელს, არც ფულად დახმარებას და თქვენ წარმოიდგინეთ, არც WiFi-ს პაროლებს ”იშურებენ”.

ხატია ლუტიძე, AMBEBI.GE

AMBEBI.GE გთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას ევრომაიდნიდან

Live streaming video by Ustream

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა