LIVE: ევრომაიდანი შტურმის შემდეგ

LIVE: ევრომაიდანი შტურმის შემდეგ

უახლესი ამბები უკრაინიდან:

თბილისის საკრებულოს შენობა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ემსახურება იმ ხალხის მხარდაჭერას, რომელიც უკრაინაში ევროინტეგრაციის მოთხოვნით აქციებს მართავს.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პირობა მისცა, რომ ქვეყანაში შექმინილი კრიზისის მოსაგვარებლად ზომებს 24 საათში მიიღებს,

"ბერკუტის" კიროვოგრადის სპეცდანიშნულების რაზმმა უარი თქვა კიევში, მაიდანის დარბევაზე.  "ბერკუტის" ერთ-ერთი მეთაურის განცხადებით, კიროვოგრადის რაზმმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალის გამოუყენებლობის თაობაზე და უარი თქვა კიევში გამგზავრებაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიქტორია ნულადმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეთოდი, რომელიც წუხელ კიევის ცენტრში აქციის დასაშლელად გამოიყენეს, დემოკრატიული, ევროპული საზოგადოებისთვის მიუღებელია.

კიევში, მაიდანზე მიმდინარე აქციაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი მივიდა. ნულანდმა აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს  ჩაი და ნამცხვარი  მიუტანა. ვიქტორია ნულანდი უკვე მეორე დღეა, კიევში იმყოფება. ამერიკელი მაღალჩინოსანი უკვე შეხვდა ოპოზციიის ლიდერებს.

უკრაინის შინაგანმა ჯარმა და "ბერკუტმა", კიევის მერიისა და პროფკავშირების ტერიტორიები დატოვეს.

რაც შეეხება კიევის მერიის შენობას, სამართალდამცავებმა ამ ტერიტორიასთანაც მოხსენეს კორდონები და ავტობუსებით დატოვეს ტერიტორია. მომიტინგეებმა ავტობუსებს სხვადასხვა საგნები დაუშინეს, თუმცა ამას სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

მერიის შენობაში გამაგრებულმა აქტივისტებმა "ბერკუტის" წარმომადგენლებს რამდენჯერმე გაყინული წყალი გადაასხეს. ამ დროისთვის აქტივისტები ორივე შენობაში რჩებიან.

რაც შეეხება გასულ ღამეს, წუხელ, ძალოვანებმა მაიდანი ალყაში მოაქციეს და ბარიკადები შტურმით აიღეს. დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჭყლეტის დროს მომიტინგეები დაშავდნენ, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

წუხელვე, მილიციამ მაიდანზე 10 აქტივისტი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა, რომელთაგან რვა უკვე გაათავისუფლა.

უკრაინის შსს-მ მაიდანის წუხანდელ შტურმს "ტერიტორიის კეთილმოწყობა" უწოდა. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წუხელ ღამით, დამოუკიდებლობის მოედანის გარშემო ტერიტორიის კეთილმოწყობა იმისთვის განხორციელდა, რომ დედაქალაქში მცხოვრებ და მომუშავე მოქალაქეებს დამატებითი უხერხულობა არ შექმნოდათ და არ შეფერხებულიყო ტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მილიციისა და შინაგანი ჯარების თანამშრომლებს წუხელ, დამოუკიდებლობის მოედანზე მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეცსაშუალებები არ გამოუყენებიათ.

AMBEBI.GE გთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას ევრომაიდნიდან

Live streaming video by Ustream

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა