რამ გაუჩინა თიკა ჯამბურიას პოლიტიკურ თემაზე ლაპარაკის სურვილი...

რამ გაუჩინა თიკა ჯამბურიას პოლიტიკურ თემაზე ლაპარაკის სურვილი...

მომღერალ თიკა ჯამბურიაზე ბოლო დროს უამრავი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, რომ ის შეყვარებულია და დაოჯახებას აპირებს; იმასაც ამბობენ, თითქოს ყოფილ მეუღლეს ურიგდება და ა.შ. მოკლედ, ჭორების გადასამოწმებლად და თიკას შემოქმედებაში მომხდარ თუ მოსალოდნელ სიახლეებზე სასაუბროდ მომღერალს შინ ვესტუმრე.

- ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი, ჩემ შესახებ ჭორები რომ ვრცელდება. ეს ყველაფერი ჩემს მშობლებსაც, განსაკუთრებით - მამას აღიზიანებს. მგონი, რამდენიმე ჟურნალისტი "ფეისბუკის" ჩემს გვერდს ჩაუსაფრდა. შეყვარებული არ მყავს და არც არავის ვხვდები, მაგრამ რატომღაც, ამ ყველაფრის დაჯერება არ სურთ. საკმარისია, ჩემ გვერდით ბიჭი დაინახონ და იწყება ჭორაობა. ჰოდა, ამ ყველაფრის გამო მშობლებთან თავის მართლება მიწევს ხოლმე... ამას წინათ, მეგობარ ბიჭთან ფოტო გადავიღე და "ფეისბუკზე" დავდე. ჰოდა, საოცარი ამბავი ატყდა. ვიღაცებმა ეს ფოტო გამოაქვეყნეს, - თიკას ახალი შეყვარებულიო. ჰოდა, მეგობართან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. იქნებ მას არ უნდოდა ამ ფოტოს გამოქვეყნება?!. მანამდე კიდევ, ჩემს საუკეთესო მეგობარ მასტერზე დამიწერეს, თითქოს შეყვარებულები ვიყავით, მერე - ფოტოგრაფ საშა პრიშვინზე, რომელიც ასევე, ჩემი საუკეთესო მეგობარია... მოკლედ, მას მერე, რაც ბექას დავშორდი, ჩემს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მთავრდება. ხშირად ვამბობ, - "ოსკარი" ან "გრემი" რომ ავიღო, ჩემს წარმატებაზე იმდენს არ დაწერენ, რამდენსაც ჩემს პირად ცხოვრებაზე საუბრობენ-მეთქი.

- მოდი, შენი პირადი ცხოვრებით დაინტერებული ადამიანების ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ოღონდ გულწრფელად მითხარი, - შეყვარებული არ ხარ?

- გულწრფელად ვამბობ, შეყვარებული არ ვარ და არც არავის ვხვდები. თავს კარგად და ბედნიერად ვგრძნობ.

- საინტერესოა, ბექა შერიგებას მართლა გთხოვს?

- იყო ასეთი მცდელობა, მაგრამ კრახით დასრულდა... ამჟამად მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს: ძალიან მინდა, შემოქმედებითი თვალსაზრისით ცხოვრება ისე ავიწყო, რომ შვილს გარანტირებული, კარგი მომავალი შევუქმნა. საკუთარი მიზნების მისაღწევად კი ახლა მარტო ყოფნა მირჩევნია.

- ოდესმე შეიძლება, ბექას შეურიგდე?

- მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მთელი ცხოვრება მარტო ყოფნას არ ვაპირებ. მაგრამ მანამდე მინდა, ისეთი ძლიერი ქალი გავხდე, რომ სხვაზე დამოკიდებული არ ვიყო.

- შენი აზრით, ახალდაქორწინებულ წყვილს ოჯახი რა შემთხვევაში ენგრევა?

- როცა წყვილს საკუთარი საქმე და შემოსავალი არ აქვს, ეს ოჯახს ბზარს უჩენს; ჩნდება მატერიალური პრობლემები და მერე ყველაფერი ერთმანეთში ირევა. ჩემი და ბექას შემთხვევაშიც ასე მოხდა, ჩვენი დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ხომ იცით, იმ პერიოდში ორივე სტუდენტები ვიყავით... თუმცა, რა თქმა უნდა, ოჯახის დანგრევას სხვა მიზეზიც უძღოდა, მაგრამ ამ ყველაფრის გამომზეურების სურვილი არ მაქვს. პირადად მე, ყველაფერი გავაკეთე, რომ ოჯახი შემენარჩუნებინა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, ამ ყველაფრის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა!

- პოლიტიკურად აქტიურობა რამ გადაგაწყვეტინა? როგორც ვიცი, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის პიარ-მენეჯერი ხარ.

- "ქართულ ოცნებაში" პიარის გან­ხ­რით ვმუშაობ. ძირითადად, დიდ ღონისძიებებს, კონცერტებს "ვაკეთებთ" და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ვეწევით. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ველოსიპედების მარათონი მოვაწყვეთ. მთელი მარჯანიშვილი გადავკეტეთ. ქუჩაში ველოსიპედით მოსეირნე 400-მდე ადამიანი ლამაზი სანახავი იყო. არჩევნებამდე ენგურის ხიდზე მშვიდობიანი აქცია გავმართეთ: "ქართული ოცნების" 300 აქტივისტი შევიკრიბეთ და დროშებით, ბუშტებით, სიმღერებით ხიდამდე მსვლელობა მოვაწყვეთ. ბოლოს, ენგურის ხიდიდან ფრანები გავუშვით. როტომ დავინტერესდი პოლიტიკით? - ადრე "ნაციონალური მოძრაობის" მოწყობილ კონცერტებზე ვმღეროდი ხოლმე. საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში მათ მორიგ კონცერტზეც ვიყავი მიწვეული. აქვე გეტყვით, რომ არასდროს არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვყოფილვარ, უბრალოდ, მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ფინანსური ინტერესის გამო ვმონაწილეობდი. მოკლედ, "ნაციონალი" არასოდეს ვყოფილვარ... სწორედ იმ პერიოდში, როცა კონცერტზე გამოსასვლელად ვემზადებოდი, ციხის კადრები გავრცელდა, რისი ნახვის შემდეგაც გადავწყვიტე, ხალხთან ერთად, "ქართული ოცნების" აქციაზე მეც დავმდგარიყავი. ჰოდა, შეკრებილებს შევუერთდი, პირველი პოლიტიკური განცხადებაც გავაკეთე. ვთქვი, რომ "ნაციონალების" მიერ ორგანიზებულ კონცერტზე აღარასოდეს ვიმღერებდი. ჩემს ამ ნათქვამს მოჰყვა მითქმა-მოთქმა. ამბობდნენ: "ნაციონალი" იყო და ახლა "ოცნებაში" გადავიდაო... ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ფიქრობს დღემდე, შევახსენებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" "წყალობით" მამაჩემი ციხეში იჯდა. ალბათ ამაზე დიდ მიზეზს ვერაფერს დავასახელებ იმის დასამტკიცებლად, რომ "ნაციონალი" არ ვყოფილვარ.

- შენს შემოქმედებაში რა სიახ­ლეებია?

- ბოლო პერიოდში შემოქმედებითი თვალსაზრისით ძალიან გავაქტიურდი. მე და ირინა ბაირამაშვილმა ახლახან დუეტი ჩავწერეთ; კიდევ ერთი დუეტი ძალიან მაგარ ბიჭთან, ჩემს "ვოისელთან" ერთად ჩავწერე. სოლო სიმღერა დამიწერა მაია ლიკლიკაძემ და ახლა ამაზე ვმუშაობ. კიდევ ერთი სიახლე მაქვს: მე და ირინა ბაირამაშვილმა, ჩვენს საერთო მეგობართან

- ირაკლი შაშიაშვილთან ერთად, საბავშვო სტუდია "დო რე მი" გავხსენით. ამ სტუდიაში ბავშვები, სიმღერის გარდა, ცეკვასა და ხატვას შეისწავლიან. არაჩვეულებრივი ვოკალის პედაგოგი გვყავს, რომელიც ბავშვებს არა მარტო ვოკალს, არამედ ზოგადად, ხელოვნებას შეაყვარებს.

- შენს გოგონაზე - ნინაზე რას გვეტყვი? დედის მსგავსად, სიმღერის ნიჭი მასაც აქვს?

- ნინა ძალიან ჭკვიანი და ამავე დროს, მუსიკალური გოგოა. ის ჯერ ორი წლის არის, მაგრამ არაჩვეულებრივად მღერის. ამ ზაფხულს ხობში ფესტივალი ჩატარდა, სადაც უამრავი მომღერალი და მათ შორის, ძველი და ახალი თაობის "მზიურელები" ჰყავდათ მიწვეული. მეც ხომ "მზიურელი" ვარ და ამ ფესტივალზე მომიხდა წასვლა. ნინაც თან მახლდა. მას წინასწარ, სპეციალურად ამ ფესტივალისთვის სიმღერა ჩავაწერინე და კონცერტზე გამოვიყვანე. არაჩვეულებრივად იმღერა, სცენაზე დიდი ქალივით იდგა. დედას უკვე აჯობა - მე სცენაზე პირველად 4 წლის ასაკში ვიმღერე, ნინამ კი ეს 2 წლისამ შეძლო. უკომპლექსო ბავშვია.

P.S. მართალია, თიკა გულმოდგინედ გვიმტკიცებდი, რომ შეყვარებული არ ჰყავს, მაგრამ მაშინ, როცა ინტერვიუ დასაბეჭდად მზად იყო, "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა რომანტიკულ გარემოში გადაღებული 2 ფოტო: ერთ-ერთზე ჩანს, რომ მომღერალს თითზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია, მეორეზე კი წყვილის ხელებია გამოსახული, რომლებიც ერთმანეთს ჭიქას უჭახუნებენ. ზოგიერთი ცნობილი და მომღერალთან დაახლოებული ადამიანი ამბობს, ეს ყველაფერი ჭორიაო, ზოგიც - სიმართლესთან ახლოს არისო, მით უმეტეს, რომ თიკა ნაცნობების მილოცვებს იღებდა და გაკვირვებას გამოთქვამდა: "ეს ხალხი გამაგიჟებს. იმის მაგივრად, რომ ბედნიერება მისურვონ, ბეჭდისა და მისი თვლის ზომაზეა სახალხო ისტერიკა გამართული". თიკასთან დაკავშირებას დიდხანს ვცდილობთ. ამასობაში, მან "ფეისბუკის" გვერდის საშუალებით გამოგვიცხადა: ჟურნალისტები ცოტა ხანი არ შემეხმიანოთო. ვინაიდან არ შევეშვით, ყურმილი აიღო, თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო. მხოლოდ ის გვითხრა, რომ ჟურნალისტებს სიურპრიზს უმზადებს და რომ სიმართლეს 31 დეკემბერს გავიგებთ... და მაინც, თუ მისი გაბედნიერების ამბავი სიმართლეა, წყვილს ბედნიერებას ვუსურვებთ!

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ასევე:

- ''მე სამი ბეჭედი მოგიტანე ნიშნობაზე, ბრილიანტებით'' - თიკა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი პასუხობს

- თიკა ჯამბურია უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე დაინიშნა

- ვის გამო დაიკლო თიკა ჯამბურიამ 12 კილო - "უდიდესი კომფორტია, როცა ყველა კომპლიმენტს გეუბნება, თან უფრო თავდაჯერებულიც ვარ"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება