რატომ მოიშორეს ზუზუ "ჩემი ცოლის დაქალებიდან"

რატომ მოიშორეს ზუზუ "ჩემი ცოლის დაქალებიდან"

ბოლო დროს საქართველოში "მოდური" ტენდენცია - მართლმადიდებლური სარწმუნოების ლანძღვა სოციალურ ქსელშიც პოპულარობით სარგებლობს. ამ მხრივ მსახიობი ზუზუ (ზაზა ბეჟაშვილი) "მოდურ" ადამიანად არ მიიჩნევა: მას არც ფანატიკოსი მორწმუნეები მოსწონს და არც - ურწმუნოები, რომლებიც სხვის სარწმუნოებას დასცინიან. ზუზუ სოციალური ქსელის ძალზე აქტიური მომხმარებელი არ არის, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ მოსაზრებას ინტერნეტის მეშვეობითაც აფიქსირებს. ამას წინათ, უცენზურო სტატუსიც დაწერა. როგორც გვითხრა, ეს ჭიქა არყის ბრალი იყო და მისმა წყენამ მხოლოდ ნახევარ საათს გასტანა.

- ინტერნეტში გვიან ჩავერთე. მახსოვს, როცა "კომპიუტერების ხანა" დადგა, ჩემი მეგობრები კომპიუტერებს ყიდულობდნენ, ზოგს - განვადებით გამოჰქონდა, მე კი ამის ინტერესი არ გამჩენია - რატომღაც მეგონა, რომ ჩემთვის "კოსმოსი" იყო. კომპიუტერს ტელევიზორიც კი მირჩევნია. საერთოდ, სიახლე ძალიან მიყვარს, მაგრამ შეჩვეულთან განშორება მიჭირს... მერე, რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში ჩავერთე. რამდენად სასაცილოც უნდა იყოს, ეს ყველაფერი "ოდნოკლასნიკით" დაიწყო. რაღაცების დამალვა და ტყუილი არ მიყვარს. იმ პერიოდში ჩემ გარდა, "ოდნოკლასნიკში" ნახევარი მსოფლიო ჩაერთო... სულ მესმოდა - ინტერნეტში უამრავი ინფორმაციააო. პოზიტიურ ინფორმაციას ველოდი, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბევრი "ნეგატივი" მხვდებოდა: ცუდი ინფორმაცია, შეფასებები, "დაფასებები"... მივხვდი, სოციალურ ქსელში "დიდი დოზით" ის ადამიანები არიან ჩართული, ვისაც სხვა საქმე არ აქვთ. მათ აბსოლუტურად გულახდილად ვუსურვებ, სხვა რამითაც დაკავდნენ. ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ: სხედან და "ასტატუსებენ", "აფორუმებენ", განიხილავენ, ტელევიზორში ვინ გამოჩნდა და ვინ რა გამოაჩინა. ამ ადამიანების მესმის: უფუნქციოდ მეც ხშირად ვყოფილვარ, ვიღაცას არ ვუყვარდი, ვიღაც მე არ მიყვარდა და ა.შ. ეს ცხოვრებაა, მაგრამ ამან ინტერნეტზე დამოკიდებული არ უნდა გაგხადოს. ხშირად მესმის: ეს რა დღეში ვართო? მოდი, თუ ასეთ ცუდ დღეში ხარ, უამრავი სხვა ინფორმაციაც არის. მაგალითად, ლელა წურწუმია (ლელას დიდ პატივს ვცემ და ამას სიმბოლურად არ ვამბობ) არ მოგწონს? მაილს დევისს მოუსმინე. ამის საშუალება არის, მაგრამ - არა: სხედან და იმას უსმენენ, რასაც ლანძღავენ. არ ვიცი, ეს ერის პრობლემაა თუ - მსოფლიოსი, მაგრამ თბილისში ვცხოვრობ და თბილისის სახელით ვლაპარაკობ: ინტერნეტიდან დიდი "ნეგატივი" მოდის.

- რა გაიძულებს, სოციალურ ქსელში შენი პირადი გვერდი არ გააუქმო?

- ამაზე ბანალური პასუხი მაქვს: მომწონს, როცა ვიღვიძებ, ყავას ვიდუღებ და "ფეისბუკზე" შევდივარ. რამდენჯერმე ვიფიქრე, - მოდი, მართლა გავაუქმებ-მეთქი. აღმოვაჩინე, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ჩემზე მეტად მშვიდად ცხოვრობს, "ფეისბუკზე" დარეგისტრირებული არ არის... ჩემზე უკეთ არავინ იცის, როდის რა გავაკეთო. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემს ცხოვრებაში რადიო, ტელევიზორი, ინტერნეტი არსებობს, მაგრამ მათ იმ დოზით ვიღებ, რა დოზითაც მსიამოვნებს. არ შეიძლება, რომ ყველა ნაბიჯი სოციალურ ქსელში "დაასტატუსო" და ამით ვიღაც შენი ცხოვრებით აცხოვრო. დღეს რომელი ყავა დალიეს, რა ჭამეს, ვისთან ეძინათ, ვინ რა შესთავაზა და რას დათანხმდნენ - ამის "დაპოსტვა" მაღიზიანებს.

- შენ დადე ისეთი სტატუსი, რა­მაც გვაფიქრებინა, რომ რაღაც გაწყენინეს. ასეა?

- იმეილზე 2 ძალზე საინტერესო სცენარი მიდევს - ისინი სულ მალე ქართულ-რუსულ კინოფილმებად იქცევა. ძალა ამან მომცა, თორემ იმის გამო, რომ საქართველოში მაწყენინეს, შეიძლება, დავდუმებულიყავი, დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი... მოკლედ, რაღაც ფილმი გამოდის, რომელშიც არ ვმონაწილეობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ უნდა ვმონაწილეობდე. ადამიანი თუ მიყვარს, მისგან მწყინს, პროექტი თუ მომწონს, მისი ავტორისგან "მიტყდება"... შინ ვიყავი, იქვე ბოთლი არაყი მედგა, დავისხი, დავლიე, ეს ამბავი გამახსენდა და "დავასტატუსე". ვერ ვიტყვი, რომ მეორე დღეს ვინანე, მაგრამ საკუთარ თავზე გამეცინა. სხვებთან შედარებით, მე 0,01%-ს "ვპოსტავ", "ვბოდიალობ"... ბენი ჰილი ძალიან წარმატებული ადამიანი იყო, მაგრამ ამით ალ პაჩინო არ დაჩაგრულა. ჩვენთან კი ვფიქრობ, "კომედი შოუ" უფრო დაფასებულია, ვიდრე - ზურა ყიფშიძე. ასეთი რაღაცები მტკივა და შეიძლება, "წამოვასტატუსო", თუ ძალიან მთვრალი ვარ. იმედია, ამ ინტერვიუს მერე ვინმეს ლოთი არ ვეგონები. ერთი რამ არ მესმის და ამასაც "ვპოსტავ" ხოლმე: ჩემ შესახებ ხშირად გამიგონია: - ზუზუ არ გვინდა, "მძიმეაო". "მძიმე" რას ნიშნავს? არ მახსოვს, ჩემ გამო, რომელიმე გადაღება ჩაშლილიყოს. ამბობენ, - ზუზუ სვამსო. რა სისულელეა! ჯერ ერთი, ვინ არ სვამს? მივხვდი, ამ ქალაქში ვინც კვდება, ყველა ფიროსმანია, ყველა მაგარია... ამ შემთხვევაში, საკუთარ თავზე მართლა არ ვლაპარაკობ. უბრალოდ მინდა, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთი დავაფასოთ.

- ფილმში, რომელშიც არ მონაწილეობ, მაგრამ მიგაჩნია, რომ უნდა მონაწილეობდე - "ჩემი ცოლის დაქალი კინოში" ხომ არ იგულისხმე?

- კი, ასეა! ამაზე ლაპარაკი არც მინდა, რადგან საკუთარ თავზე ძალიან მეცინება. ფილმს წარმატებას ვუსურვებ! "ჩემი ცოლის დაქალებში" პატარა როლის გამო, ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ ამ სერიალით არ "ვიწყები" და "ვმთავრდები" ისევე, როგორც "ჩემი ცოლის დაქალები" ზუზუთი არ იწყება და მთავრდება. ჩემი გმირი სერიალში რომ შეგყავს, გამოგყავს, შეგყავს... ბოლოს და ბოლოს, გამაგებინე - შეგყავს თუ გამოგყავს? რაც უნდა ხმამაღალი ნათქვამი იყოს, საკუთარ თავს იმ რანგის არტისტად არ მივიჩნევ, რომ საქმის კურსში არ ჩამაყენონ - ჩემი პერსონაჟი რას აკეთებს?

- სოციალურ ქსელში ერთმანეთის ლანძღვის გარდა, კიდევ რა სახის ინფორმაცია გაღიზიანებს?

- სარწმუნოების ლანძღვა. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ამასაც ვუკავშირებ იმ ამბავს, რომ ფილმში არ ვმონაწილეობ. ორი რაღაც შემოვიდა მოდაში: ფანატიკოსობამდე "რწმენაში ჩავარდნა" (სხვას არაფერს რომ არ ცნობენ, ეს კი ღმერთს არ უყვარს) და - ცინიზმი. არც ერთია "ჩემი" და არც - მეორე. მორწმუნესაც და ურწმუნოსაც პატივს ვცემ და ისიც ვიცი, რომ ადამიანი ღმერთზე თანამედროვე ვერასოდეს იქნება. რაც უნდა გადაიღო, დაწერო და იმ წუთში ამას ძალიან დიდი "ისკრა" ჰქონდეს, ვის ეჯიბრები - უფალს?..

- "ამასაც ვუკავშირებ" რას ნიშნავს - მიიჩნევ, რომ "ჩემი ცოლის დაქალებში" ღმერთს დასცინიან?

- ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ.

- ინტერნეტით თაყვანისმცემლები გეკონტაქტებიან?

- ხშირად მეკონტაქტებიან. თუნდაც "დაქალებში" რომ არ ვარ, ამაზე უამრავ კითხვას მისვამენ ჟურნალისტები, მოქალაქეები და გადამისამართებით დავიღალე; მათ ვეუბნები: ეს მე არ უნდა მკითხოთ-მეთქი. "დაჟე", ვიგონებ ხოლმე, რომ არ მცალია და ფილმში ამიტომ არ ვარ. ქეთი დევდარიანი უნიჭიერესი ადამიანია, გიორგი ლიფონავაზეც ვგიჟდები, მათთან ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ვინც ჩემს პროფესიას ასე აიგდებს, მას ვეტყვი: მოდი, ვიმეგობროთ, ოღონდ - როგორც მსახიობს, შემეშვი, შენი ჭირიმე...

- სოციალურ ქსელში დისკუსიაში თუ ჩაბმულხარ?

- ერთი-ორჯერ ასეც მომხდარა, ოღონდ - ძირითადად, ჩემი კომენტარი ასეთი იყო: ხალხო, რა გჭირთ, თქვენ ხომ არ "უბერავთ"-მეთქი? მაგალითად, როცა პოლიტიკაზე კამათობენ, იმ წუთში პოლიტიკა კი არ მაინტერესებს, არამედ ის მაღელვებს, რომ მეგობრები ერთმანეთს კარგავენ. ვერ გეტყვი, რომ "ფრთები მაქვს", მაგრამ ერთნაირი ადამიანები ერთმანეთს ისეთ რაღაცებს "აძახებენ", რომ ვშტერდები.

- მახსოვს, სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილისა და თიკო სადუნიშვილს დაპირისპირებისას, თიკოს მხარდაჭერა გამოუცხადე...

- მანამდე მხარდაჭერა შორენას გამოვუცხადე: ის გულნატკენი იყო. ამბობდა: ჩემზე რაც უნდათ, თქვან, მაგრამ ჩემს შვილს შეეხნენო... შვილი არ მყავს, მაგრამ მაშინ შორენა ადამიანურად შემებრალა და ვუთხარი: "დაიკიდე", ზოგი ბოროტი და უსაქმურია, შენ ხომ იცი, რომ კარგი ხარ-მეთქი?! ამის მერე, როცა შორენა თიკოს შვილს შეეხო, გამეცინა. ადამიანის მიმართ როგორი დამოკიდებულებაც უნდა გქონდეს, თუკი იცი, რას ნიშნავს, როცა შენს შვილს ეხებიან, მერე სხვის შვილს იმავენაირად არ უნდა მოექცე. თიკოს დედობა წაართვეს კი არა, მას შვილთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს.

- მეგობრების სიიდან "ფრენდი" რა მიზეზით წაგიშლია ან "დაგიბლო­კავს"?

- "ფრენდებიდან" ვინმეს წაშლა ძალიან "მეგოიმება", მაგრამ ერთხელ ასეთი რამ მაინც მოხდა: მივხვდი, რომ ადამიანს დაშვებულ შეცდომას ვერასოდეს შევაგნებინებდი. "ჩატში" მწვანედ რომ ანათებდა, მაღიზიანებდა. ვიფიქრე, - "ფრენდების" სიიდან წაშლა რა კარგი გამოსავალია-მეთქი და წავშალე. ისე მომეწონა, რომ შეიძლება, რამდენიმეს კიდევ დავუარო...

- ინტერნეტით რომანტიკული ურთიერთობა თუ გაგიბამს?

- კი, იშვიათად, მაგრამ ძალიან კარგად განვითარებულა. მანამდე სულ მიკვირდა, ინტერნეტით დაწყებული ურთიერთობის შედეგად ოჯახები რომ იქმნებოდა... ინტერნეტით გაცნობილი რომანტიკული ადამიანი დღემდე გვერდით მყავს, ოღონდ - უკვე "ლაივში".

- დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში რამდენ ხანს ატარებ?

- ზოგს ჰგონია, რომ ბევრ დროს ვატარებ, მაგრამ ასე არ არის: დილით რომ ვიღვიძებ, "ფეისბუკზე" შევდივარ. შემდეგ ვსაუზმობ, ვიცვამ თუ ტელეფონზე ვლაპარაკობ, "ფეისბუკს" მაინც ჩართულს ვტოვებ. მწერენ და პასუხს რომ ვერ იღებენ, ჰგონიათ, შეგნებულად არ ვპასუხობ. ყავა და ინტერნეტი ერთგვარი რიტუალივითაა. "ფეისბუკის" აქტიური მომხმარებელი არ ვარ, ფორუმებზე კი საერთოდ არ შევდივარ. ერთხელ მეგობარმა "შემახედა" და ლამის გული გამისკდა, ერის შემეშინდა - ასეთი პატარები ვართ? მართლა რამე რომ შეგვეძლოს, ერთმანეთს რას ვუზამდით? სადღეგრძელოსავით გამომდის, მაგრამ ერთხელ ვცხოვრობთ და ერთმანეთს უნდა მივეფეროთ კიდეც. ყველანი ერთნაირები ვერ ვიქნებით.

- პრესტიჟულ კლუბებში ყოფნისას სოციალურ ქსელში "დაჩეკინება" გჩვევია? ხალხს ატყობინებ, სად იმყოფები?

- არა, მეზიზღება! არც ვიცი, ეს როგორ ხდება (იცინის). იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს, რომ ჰკითხოთ, ჟურნალისტები და მათ ბანალურ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ეზარებათ, არადა, თავად ხალხს ისეთ რაღაცებს ატყობინებენ, რასაც არავინ ეკითხებათ. გადაირევი, რა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ასევე:

- ზუზუ ბეჟაშვილი ახალ თავგადასავლებში აღმოჩნდა

- ზუზუმ სერიალის გადაღებები განაწყენებულმა დატოვა

- ზუზუ ბეჟაშვილის აღსარება - "ეს საიდუმლოც გაგიმხილე... ახლა მოძღვართან წასვლა მომინდა"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება