დიანა ღურწკაიას ძმის პასუხი ambebi.ge-ს გაღიზიანებულ მკითხველს სტატიაზე - "პუტინს ტაში დავუკარი"

დიანა ღურწკაიას ძმის პასუხი ambebi.ge-ს გაღიზიანებულ მკითხველს სტატიაზე - "პუტინს ტაში დავუკარი"

18 მარტს ინტერნეტ-გამოცემა Вечерняя Москва-მ რუსეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებლის, დიანა ღურწკაიას ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მომღერალი რუსეთის შემადგნლობაში ყირიმის შესვლის ფაქტს ისტორიული სამართლიანობის ზეიმს უწოდებდა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით მადლიერებას გამოხატავდა. ინტრვიუს თარგმანი ambebi.ge-მ გაავრცელა. სტატიას ჩვენი მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა კომენტარების უმრავლესობა ნეგატიური შინაარსისაა. ქართველები მომღერალს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ambebi.ge-ს მოსკოვიდან მომღერლის ძმა, რობერტ ღურწკაია დაუკავშირდა. მისი თქმით, Вечерняя Москва-ს მიერ გავრცელებული მომღერლის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

- ნაკლებად ვინტერესდები ინტერნეტში ვინ რას წერს, მაგრამ საქართველოში რასაც დიანაზე წერენ, ეს სხვანაირად გულსატკენია. დიანა თბილისში გაზრდილი გოგოა და მისთვის თბილისელების აზრი მნიშვნელოვანია. მართალია, 21-ე საუკუნეა და ევროპისკენ მივილტვით, მაგრამ ჩვენი ადათი და წესი გვასწავლის, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას იტყვიან სხვა ადამიანები.

- არ ადასტურებთ, რომ დიანამ გააკეთა ასეთი განცხადება?

- კატეგორიულად უარვყოფ, რომ დიანამ ეს თქვა. ეს რამაზანოვი (რამაზან რამაზანოვი, Вечерняя Москва-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი) არის ვიღაც მაიმუნი და ოხერი. იგი დიანას შესახებ პრესით მუდმივად დეზინფორმაციას ავრცელებს, ბოდავს და თვითონ იგონებს რაღაცებს. როდესაც დიანას ბავშვი ეყოლა, რამაზანოვმა თვალის ჩინთან დაკავშირებით დაწერა სისულელეები. დიანას არაფრის გაგონება სურს ამ ადამიანის შესახებ. მას შემდეგ ჩემი დის ეშინია. არც დაურკავს და არც უსაუბრია დიანასთან, ისე გამოაქვეყნა ეს სტატია.

ჩვენ გაჭირვებულ ოჯახში გავიზარდეთ, არასდროს გვქონია იმის საშუალება, ყირიმში დასასვენებლად წავსულიყავით. რაც შეეხება თავად ამ განცხადებას, მე არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორი პატრიოტია დიანა. პირადად მე, ორი წლის განმავლობაში სანგრიდან არ ამოვსულვარ და დედაჩემს არ დაუძინია ამ პერიოდის განმავლობაში, სოხუმში ომში ვიბრძოდი. ამას გეუბნებით ახლა აქ, მოსკოვში, აფხაზურ რესტორანში ვზივარ და ისე გესაუბრებით. არ მეშინია ამას რომ ვამბობ - თუ საჭირო იქნება, დღესაც წავალ საქართველოს ინტერესების დასაცავად.

დიანა ხელოვანია, მან ოლიმპიადაზე მსოფლიო დონის ტენორთან, ხოსე კარერასთან ერთად იმღერა და ამის შესახებ მისთვის არავის უკითხავს. და ეკითხებიან ყირიმის მოვლენებთან დაკავშირებით - დიანა ხომ პოლიტიკოსი არ არის.

- მინდა შეგახსენოთ რამდენიმე ფაქტი - 2012 წელს დიანა პუტინის ინაუგურაციას ესწრებოდა; მას მედვედვისგან მიღებული აქვს საპატიო ჯილდო; მან მონაწილეობა მიიღო სოჭში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში. თქვნთვის ალბათ, ასევე ცნობილია, რომ ქართველების დიდ ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის მიმართ, რომ აღარაფერი ვთქვათ აგვისტოს ომზე... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, საკვირველი არ უნდა იყოს ჩვენი საიტის მკითხველების კრიტიკა.

- ჩემი დამოკიდებულება თქვენი მკითხველების მიმართ არის ჯანსაღი და ნორმალური. ყველა, ვისაც საქართველო უყვარს და ვისაც დიანა უყვარს, ამ სტატიით არ იქნებოდა გახარებული. ძმა ვარ, მაგრამ მეც არ გამეხარდებოდა დიანას მართლაც რომ გაეკეთებინა აღნიშნული გაცხადება. მე მკითხველებს არ განვსჯი, ყველას თავისებურად უყვარს საქართველო და თავისებურად აფიქსირებს თავის გრძნობას. ზოგი უფრო ჭკვიანია და თავს იკავებს, ზოგი უფრო ემოციურია და თავს ვერ იკავებს.

თუ საქართველო თავის სპორტსმენებს აგზავნის რუსეთში, დიანამ რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ოლიპიურ დღესასწაულებში?! რუსეთში ცხოვრება არ არის ადვილი. ამას არ წყვეტს მხოლოდ დიანა, მას ჰყავს რუსი ქმარი და ჰყავს ნახევრად რუსი შვილი, რომელსაც ზრდის ქართულად. თუ ვინმეს დიანას პატრიოტობაში ეჭვი ეპარება, ეს მისი პრობლემაა.

სოფო მინაშვილი, ambebi.ge

იხილეთ ასევე: დიანა ღურწკაია: როდესაც პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის შეთანხმებას ხელი მოაწერა, ტაში დავუკარი

დიანა ღურწკაია მედვედევის მთავრობაში ადგილს ელოდება

იხილეთ ვიდეო: ინაუგურაციის შემდეგ პუტინმა ათასობით სტუმრიდან მხოლოდ დიანა ღურწკაია გადაკოცნა

დიანა ღურწკაია: "ვამაყობ, რომ ვარ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე!"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება