კულტურის მინისტრი სკანდალში ეხვევა: მიხეილ გიორგაძესთან საუბრის რა ჩანაწერი გაავრცელა რუსულმა ტელეკომპანიამ

კულტურის მინისტრი სკანდალში ეხვევა: მიხეილ გიორგაძესთან საუბრის რა ჩანაწერი გაავრცელა რუსულმა ტელეკომპანიამ

14 მაისს, რუსული ტელეკომპანია россия 24-ის გადაცემა Прямой эфир-ის სპეციალური გამოშვება მთლიანად მიეძღვნა "ევროვიზიაზე" რუსი კონკურსანტის, სერგეი ლაზარევის გამოსვლას. დარბაზში მოწვეულნი იყვნენ რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები, მომღერლები, ჟურნალისტები, პროდიუსერები, ლაზარევის ოჯახის წევრები. ფინალური შოუს დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თავად კონკურსანტიც ჩაერთო პირდაპირ ეთერში და სამშობლოს გამარჯვებას დაჰპირდა... თუმცა, ლაზარევის და მისი მსმენელის მოლოდინი არ გამართლდა - რუსეთის წარმომადგენელმა პირველობა უკრაინელ მომღერალს დაუთმო, თავად კი მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

ეროვნული ჟიურის ქულებზე საუბრისას, წამყვანმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საქართველომ და მოლდოვამ 12-12 ქულა მიანიჭეს უკრაინელ კონკურსანტს, რამაც მათი თქმით, რუსი აუდიტორია დააეჭვა, თუ რატომ ვერ დაიმსახურა რუსეთმა მეზობელი ქვეყნებისგან ქულები. ეჭვის გამყარება წამყვანმა სტუდიაში მოწვეული სტუმრების, რუსი "პრანკსტერების" მაგალითზე სცადა. ორმა პრანკსტერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაურეკეს მოლდოვისა და საქართველოს კულტურის მინისტრებს ხმის მიცემის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე და უკრაინის კულტურის მინისტრის სახელით მათი დაყოლიება სცადეს, რომ უკრაინისთვის ეროვნულ ჟიურის მაღალი ქულები დაეწერა.

როგორც პრანკსტერებმა განმარტეს, მოლდოვისა და საქართველოს კულტურის მინისტრები იმიტომ აარჩიეს, რომ ამ ქვეყნებს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ამიტომ მათ აინტერესებდათ, წავიდოდნენ თუ არა მოლაპარაკებაზე მინისტრები, რომ მათ ქვეყანას მაღალი ქულები დაეწერა უკრაინელი კონკურსანტისთვის: "ქართველმა მინისტრმა საერთოდაც გვითხრა, რომ ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი მისი მეგობარია და დაელაპარაკება მას".

ამის შემდეგ, ეთერში გაუშვეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც საუბარი მიმდინარეობს კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესა და ერთ-ერთ პრანკსტერს შორის, რომელიც გიორგაძეს გაეცნო, როგორც უკრაინელი კოლეგა. გიორგაძე საუბარში ამბობს, რომ "საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა ისედაც საკმაოდ ინტენსიურია, მაგრამ ჩვენი პირველი არხის ხელმძღვანელსაც დაველაპარაკები, ვკითხავ როგორ შეიძლება კიდევ ცოტათი ამ მხარდაჭერის გაძლიერება და ცხადია, ვთხოვ მას ამის გაკეთებას. ის ჩემი კარგი მეგობარია". ამის შემდეგ, ზარის ავტორი მიხეილ გიორგაძეს ეუბნება, რომ საქართველომ რუსეთსაც შესაბამისი ქულა უნდა დაუწეროს, რომ ვინმეს ეჭვი არ გაუჩნდეს უკრაინასა და საქართველოს შორის შეთანხმებაში, რაზეც კულტურის მინისტრი პასუხობს: "OK".

იხილეთ გადაცემიდან ნაწყვეტი

საქართველოს კულტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ეს სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა. "მინისტრი დარწმუნებული იყო, რომ ელაპარაკებოდა მის უკრაინელ კოლეგას. თუმცა მინისტრსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს შორის არანაირი საუბარი ამ საკითხზე არ ყოფილა. თვითონ სატელეფონო საუბარიც იყო პოლიტკორექტულობის ფარგლებში, იმიტომ რომ არანაირი პირობის დადებას ადგილი არ ჰქონია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქეთი ებანოიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ეგონა მიხეილ გიორგაძეს, რომ თავის უკრაინელ კოლეგას ესაუბრებოდა და იყო თუ არა ეს პროტოკოლის შეცდომა, ებანოიძისთვის უცნობია და აცხადებს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მინისტრები პირადად ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება