"მე ყველა წარმატებას მივაღწიე და ახლა შემიძლია წავიდე" - ეს განცხადება ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ტელეკომპანია НТВ-სთან ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, ოცნებობს, რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტის დატოვებაზე: "ოდესღაც საჭირო იყვნენ ისეთები, როგორიც მე ვარ. რათა ეომათ მშვიდობისა და წესრიგისთვის - დღეს კი ჩვენთან წესრიგია, აქაურობა ყვავის. დროა, ცვლილებები განხორციელდეს" - აღნიშნა კადიროვმა.
ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, - მას რამდენიმე კანდიდატურა აქვს ჩეჩნეთის ხელმძღვანელის პოსტისთვის, "არიან კარგი სპეციალისტები", თუმცა, ვინაობა არ დაუსახელებია.
რამზან კადიროვი 2007 წლიდან უდგას სათავეში ჩეჩნეთის რუსპუბლიკას. ადამიანის უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ კადიროვი შესაძლოა კავშირში იყოს ათობით დანაშაულთან, კერძოდ, ბორის ნემცოვის მკვლელობასთან, რუსეთის ოპოზიციონერთა დევნასთან, ასევე მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჩეჩნეთის მოქალაქეებისა და ადგილობრივი სექსუალური უმცირესობების დევნასთან, რომელსაც "ნოვაია გაზეტას" მიერ წარმოდგენილი მასალების მიუხედავად, კატეგორიულად უარყოფს.

უფრო ვრცლად თუ ვიმსჯელებთ - რუსეთის ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, კადიროვი კორუმპირებული დიქტატორია. ის მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებს და დაუნდობლად ებრძვის თავისუფალ მედიას, ამის მაგალითია ცნობილი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მონაწილეობა. ჟურნალისტი, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ააშკარავებდა და აქტიურად მუშაობდა ჩეჩნეთში, მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.
რუსული მედიის ერთი ნაწილი ვარაუდობდა, რომ კადიროვი, თანდათან პუტინის მხარდაჭერასაც დაკარგავდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ბევრი და საინტერესო ამბები აერთიანებთ. მიუხედავად იმისა, რომ კადიროვის მიმართ ანტიპატიას კრემლის მაღალჩინოსნებიც იზიარებენ, - პუტინი მას ჯერ ისევ "ეფექტიან" მმართველად მოიხსენიებს.
მიუხედავად ამისა, რუსული მედიის მეორე ნაწილი აქტიურად აშუქებს კადიროვს, როგორც მშვიდობისმყოფელს, რომელმაც დანგრეული ჩეჩნეთის ადგილას, გაბრწყინებული მაღალსართულიანი შენობები და ევროპაში ყველაზე დიდი მეჩეთი ააშენა".
ასევე დაგაინტერესებთ: რამზან კადიროვის 300-მილიონიანი სასახლე ოქროს ნივთებით
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლისა და რუსეთის საკითხების მკვლევარის, პოლ გობლის განცხადებით, - "კადიროვი თავისი ქმედებებით ვლადიმირ ჟირინოვსკის ჰგავს. დუმის დეპუტატი ჟირინოვსკი ეპატაჟური გამოსვლებითა და განცხადებებით, ასევე კრემლისადმი ლოიალობითაა ცნობილი".

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიები ყოველთვის ახერხებენ, რუსეთში არსებული ნებსმიერი თუ ახლად წარმოქმნილი პრობლემა კადიროვის მორიგი გამოსვლით გადაფარონ, ადგილობივი მედიის ერთი ნაწილის გაღიზიანებას მაინც იწვევს ის, რომ მაშინ, როდესაც საშუალო სტატისტიკური რუსის საცხოვრებელი პირობები უარესდება, ჩეჩნეთისთვის სუბსიდიები არ წყდება. სუბსიდიების ნაწილი კი კადიროვის ოჯახის და წრის კეთილდღეობას ხმარდება და მოსახლეობამდე, როგორც წესი, ვერ აღწევს.
პუტინის კეთილგანწყობის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ კადიროვს მოწინააღმდეგეები ჰყავს რუსეთის სახელისუფლო წრეებშიც. მათ შორის იგორ სეჩინი, რომელიც სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტის" ხელმძღვანელია და პუტინის მერე "მეორე ყველაზე გავლენიან ადამიანად" ითვლება.
სეჩინი ცდილობდა, ჩეჩნეთში ნავთობის მოპოვება "როსნეფტის" კონტროლის ქვეშ მოექცია, თუმცა, მან კადიროვთან ბრძოლა წააგო, რაც ნათელი გახდა იანვარში, როდესაც პუტინმა ჩეჩნეთის ნავთობის რეზერვები რესპუბლიკის განკარგულებაში დატოვა.
კადიროვს, ოპოზიციიდანაც აქტიურად ებრძოდნენ, მათ შორის ილია იაშინი, რომელმაც ჩეჩნეთის ლიდერს სპეციალური ანგარიში მიუძღვნა, სადაც ხსნიდა, თუ რა საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას კადიროვი, უფრო ადრე კი, კადიროვმა იაშინს "რუსი ხალხის მტერი" უწოდა.
ჩეჩნეთის ლიდერს "უსიამოვნებები" ჰქონდა კრასნოიარსკელ დეპუტატთან, კონსტანტინ სენჩენკოსთან, რომელმაც მას ფლეშმობიც მიუძღვნა, - "Кадыров - позор России" და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
თუმცა, უნდა ღინიშნოს, რომ კადიროვს მსგავსი "სენტიმენტალური" გამოსვლები შარშან, ივლისშიც ჰქონდა, როდესაც იერუსალიმში მდებარე მეჩეთში აპირებდა წასვლას, მოხალისე-დამცველად... ჯერჯერობით, არ არსებობს პასუხი იმაზე, მოუწევს თუ არა კადიროვს, თუნდაც წასვლის შემთხვევაში მის მიმართ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ ისევ "პირველ კაცთან" ახლობლობა უშველის.
იხილეთ ვიდეო: რატომ ოცნებობს რამზან კადიროვი პოსტის დატოვებაზე
ლალი პაპასკირი