ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ქართული საზოგადოება ცხოვრების რიტმს თანთადათან, თუმცა, დიდი სიფრთხილით უბრუნდება. არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელსაც ხელისუფლების საყოველთაო დუმილის ფონზე, არავინ იცის ოდესმე გაეცემა თუ არა, დამაჯერებელი პასუხები.
შესაბამისი უწყებების ირიბი პასუხების ფონზე, ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ 22 ნოემბრის ღამეს, იქ საერთაშორისო ტერორისტი აჰმედ ჩატაევი გაანეიტრალეს. საზოგადოების ერთი ნაწილი შიშობს, რომ სპეცოპერაციას საქართველოში "გამოხმაურება" მოჰყვება…
რამდენად რეალურია ტერორიზმის საფრთხე საქართველოსთვის და ნიშნავს თუ არა მომხდარი იმას, რომ საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის სამიზნედ იქცა, - ამაზე პასუხები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, ანალიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებები, მშვიდად ყოფნის საშუალებას მაინცდამაინც არ იძლევა.
"ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" მიერ მომზადებულ ანგარიშში, გლობალური ტერორიზმის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების 2017 წლის ინდექსში საქართველო, 163 ქვეყანას შორის 77-ე ადგილზეა. 2016 წელს, ამავე რეიტინგში საქართველო 87-ე ადგილზე იყო.
მაქსიმალური ათი ქულიდან, საქართველოს 2.114 ქულა აქვს მინიჭებული. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი 0.857 ქულით შეიცვალა.

საქართველო ასევე ნახსენებია იმ ქვეყნების სიაში, სადაც ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" წევრი ან მასთან გაიგივებული პირები იმყოფებიან.
პირველ ადგილზე ინდექსში არის ერაყი, მას მოსდევს ავღანეთი, ნიგერია, სირია და პაკისტანი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს მსოფლიოს 77 ქვეყანაში ტერაქტების შედეგად 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმების უმეტესობაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
რაც შეეხება, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სურათი ასეთია: თურქეთი მეცხრე ადგილზეა, რუსეთი რეიტინგში 33-ე პოზიციას იკავებს, სომხეთი - 75-ეს, ხოლო აზერბაიჯანი - 95-ეს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა უკრაინაშია, ის ინდექსში მე-17 ადგილს იკავებს.
ანგარიშის მიხედვით, ევროპაში 2016 წელი ტერაქტების კუთხით "რეკორდული" აღმოჩნდა, - სულ დაფიქსირდა 630 თავდასხმა, რომელთაც 826 ადამიანი ემსხვერპლა. ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობაა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ბელგიაში. ამერიკა გლობალური ტერორიზმის რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს.
"ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი" 2007 წელს დაფუძნდა. მას ოფისები სიდნეიში, ნიუ იორკში და მეხიკოში აქვს. ინსტიტუტი ანალიტიკურ ცენტრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ორგანიზაციად ითვლება.
თუმცა, ქართველი ანალიტიკოსების თქმით, ეს ანგარიში ჯერ კიდევ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციამდეა მომზადებული, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად კი, მათივე შეფასებით ტერორზმის საფრთხე ნებისმიერ სახელმწიფოშია, მისგან დაზღვეული არცერთი ქვეყანა არ არის, თვით ზესახელმწიფოებიც კი, განსაკუთრებით "ხალიფატის" დაცემის შემდეგ...
"ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" ანგარიშის თანახმად, - ბოლო წლებში, ტერაქტების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობაც გაიზარდა. კვლევის ავტორთა მონაცემებით, მხოლოდ 2014 წელს მსოფლიოს 93 სხვადასხვა სახელმწიფოში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს 32 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და ძალოვანი შეეწირა. დაშავებულთა რაოდენობა 50 000-ს აღემატება.
ლალი პაპასკირი