როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები და რიგითი მოქალაქეები მეტროს გაფიცვას "ფეისბუქზე"

როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები და რიგითი მოქალაქეები მეტროს გაფიცვას "ფეისბუქზე"

დღეს თბილისის მეტრო მგზავრებს ვერ ემსახურება, „ერთობა 2013“-მა უვადო გაფიცვა დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ერთობა 2013“-ის შემადგენლობაში შესულმა მემანქანეებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. ისინი გლდანის დეპოში არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ.

გაფიცვის გამო, დილიდან ქალაქის ქუჩებში მოძრაობა გადატვირთულია, სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები კი მგზავრებს ვერ იტევს. შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსლეში აპროტესტებენ:

ნინო დანელია, მედიაექსპერტი:

მეტროს თანამშრომლები გაიფიცნენ. არასამუშაო საათებში გაიფიცნენ, რადგან სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით, სამუშაო საათებში გაფიცვა აეკრძალათ. დღეს გამოცხადდნენ სამსახურში, მაგრამ 14 საათის ფეხზე დგომის და უძილობის გამო, სამედიცინო კომისია ვერ გაიარეს. ძალიან მაგარი ტრიუკი გაუკეთეს უსამართლო კალაძეს. ახლა კეთილი ინებოს და დადოს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და განიხილოს მოთხოვნები - ხვალაც ვერ გაივლიან კომისიას პროტესტანტები.

ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციონალისტი:

მეტრო გაჩერდა! იმის ნაცვლად, რომ ქალაქის ადმინისტრაციას მოქალაქეთათვის ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალეებების უზრუნველყოფაზე ეზრუნა, გაფიცულთა სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზებზე ემუშავა, მან ენერგია უსაგნო ბაქიაობაში და დემონიზირებაში დახარჯა. შედეგად ქალაქი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა გაფიცვას, მგზავრებმა მხოლოდ სადგურებში მისვლის შემდეგ შეიტყვეს გაჩერების შესახებ. ამიტომ ერთადერთი პუხისმგებელი დღევნდელ სატრასპორტო კოლაფსზე - ხელისუფლებაა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ, ხელისუფლებასთან ორკესტრში, მემანქანეებს გაფიცვის უფლება არაკონსტიტუციურად შეუზღუდა, სადგურები დახურულია. გაფიცვის მონაწილეებმა მოხერხებული სვლით, ჩემში აღფრთოვანებას რომ იწვევს, და კანონის სრული დაცვით, მეტროს ადმინისტრაცია იძულებული გახადეს სატრანსპორტო მოძრაობა შეეჩერებინა.

ახლა შეეცდებიან სატრასპორტო დისკომფორტისგან მომდინარე უკმაყოფილება მემანქანეთა წინააღდეგ მიმართონ. ამიტომ ასეთ ვითარებაში ერთადერთი რაც დანარჩენებს გმართებს სოლიდარობაა!

გიორგი ხაბურძანია, პროდუსერი:

სოლიდარობა მეტროს მემანქანეებს! ყველაფერს თეთრი ხელთათმანებით ვერ მართავთ! მიეჩვიეთ კოლექტიური მოლაპარაკებებს და კომპრომისებს. იმდენი დასაძინებელი და მკვდრად შობილი პროგრამაა ქალაქის ბიუჯეტში, რომ რა საკვირველია ინფრასტრუქტურაზე და ტრანსპორზე ბევრად მეტის ხარჯვა შეიძლება.

კახა დგებუაძე, ჟურნალისტი:

სხვათაშორის, ორი დღის წინ მადრიდის მეტრო გაიფიცა. ოღონდ, უფრო ნამუსიანად გაიფიცნენ. უბრალოდ workload შეამცირეს. 06:00 საათიდან 10:15 საათამდე 70%-იანი დატვირთვით იმუშავებენ, ხოლო 13:00 საათიდან 21:30 საათამდე კი 56%-იანი დატვირთვით. ასეთ დროს სოლიდარობაც კი გაგიჩნდება ასეთი შეგნებული მიდგომისადმი. მესმის, რომ მეტროს, ისევე როგორც ბევრი სხვა სფეროს მომუშავე მეტ ანაზღაურებას იმსახურებს (პოლიციელი, მეშახტე, მეხანძრე და ა.შ.), მაგრამ ეს საქართველოა და საქართველოს კვალზე 1400-1800 ლარის ხელფასს რომ აპროტესტებ, ისინი, ვინც 400-500 ლარს იღებენ, შეიძლება გაგებით არ მოგეკიდონ.

ვიტალი გიორგაძე, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პრეზიდენტი:

არ შეიძლება დასაქმებულებთან ულტიმატუმის ენით საუბარი!!! 6 წელია საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ერთი თეთრი არ მომატებიათ ხელფასი, მაშინ, როდესაც ინფლაცია იზრდება და სამომხმარებლო კალათი თითქმის 50%-ით გაძვირებულია, მთავრობა ან ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს, ან უჭირს გააზრება, ან ფეხებზე ჰკიდია ადამიანები. მივმართავთ ხელისუფალთ!! ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენ როგორ ცხოვრობთ!!! ჩვენ გვაინტერესებს ჩვენ როგორ ვცხოვრობთ!!!

გიორგი ბაბუნაშვილი, "ურბანული ლაბორატორიის" ხელმძღვანელი:

ისედაც ყველა ნერვებზეა ამ გადარეულ ქვეყანაში და სულ ცოტა აკლია, რომ სიტუაცია აფეთქდეს და თქვენ კიდევ უფრო შეიძლება დაუმატოთ დაძაბულობას ამ იდიოტური განცხადებებით. მე ორივე მხარის მესმის: ისიც, რომ მემანქანეები უფრო მეტ ანაზღაურებას იმსახურებენ, როგორც კომპანიის რიგი სხვა თანამშრომლები. ამავე დროს ისიც გასაგებია, რომ ბიუჯეტი რეზინის არაა და სახელფასო ფონდი, ძალიანაც რომ გინდოდეთ, უცებ ვერ იბარტყებს. პლიუს ამ ყველაფრისა, 1100 ლარი არც თუ ისე აუტანელი ხელფასია ამ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ვიმეორებ, მემანქანეები და ბევრი თქვენი სხვა თანამშრომელი მეტსაც იმსახურებს. ამ სიტუაციაში ყველაზე ადეკვატური იქნება, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ აწარმოოთ დიალოგი მემანქანეებთან, აუხსნათ მათაც და საზოგადოებასაც, რა რესურსები აქვს კომპანიას, რატომ არის შეუძლებელი ამ ეტაპზე მემანქანეების მოთხოვნების დაკმაყოფილება და ერთობლივად იმუშაოთ გრძელვადიან გეგმაზე მომავალში სიტუაცის გაუმჯობესების მხრივ. თუ ამ პროცესში მემანქანეები არ ჩაერთვებიან, საზოგადოება მაინც დაინახავს, რომ თქვენ კონსტრუქციულად ხართ განწყობილი და ცდილობთ გამოსავალი იპოვოთ, მაგრამ მყისიერად სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა ამ მომენტისთვის არ გაგაჩნიათ.

ეს უმეტესობისთვის გასაგები იქნება და არავინ გაგკიცხავთ, თუ გაფიცული მემანქანეების ჩანაცვლებას დაიწყებთ რეზერვიდან და პლიუს ახლებს მოამზადებთ. გასაგები იქნება, რომ თქვენ სხვა გზა არ დაგიტოვეს. ამის მაგივრად, რაღაც არაადეკვატურ დისკუსიაში ებმებით: ჯერ კამათობთ, თვიური ხელფასის გამოთვლაში მეცამეტე ხელფასიც უნდა შეიყვანოთ თუ არა, ახლა ამ განცხადებას დებთ და იცით, რომ ამას მოყვება გრძელი და არაფრისმომცემი დისკუსია თქვენსა და „ერთობას“ შორის იმაზე, არასამუშაო დღეებში გაფიცვის აკრძალვა ნიშნავს თუ არა გაფიცვის საერთოდ აკრძალვას და არღვევენ თუ არა მემანქანეები სასამართლოს გადაწყვეტილებას ახლა. ჯიბრში ჩამდგარი ბავშვებივით იქცევით ორივე მხარე, მაგრამ თქვენ, როგორც ნაჩალნიკებს, მაინც მეტი მოგეთხოვებათ. რაც შეიძლება თავი აარიდეთ არაზუსტ განცხადებებს და ერთმანეთის დადანაშაულების მაგივრად შეეცადეთ ერთად მოახდინოთ ფოკუსირება იმაზე, რა შესაძლებლობები აქვს კომპანიას და გაფიცული მემანქანეების აზრით, საიდან უნდა მოვიდეს თანხა ხელფასების გასაზრდელად. ნუ მისცემთ ვიღაც სპეციალურად ჩასაფრებულ ძალებს თქვენი და გაფიცულების შეცდომები გამოიყენოს სიტუაციის ესკალაციისთვის. ეს ყველაფერი ეხება Ertoba 2013-საც.

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:

მეტრო გაფიცულია. ქალაქში ჩვეულებრივი სატრანსპორტო კოლაფსია და ამ დროს რითია დაკავებული ქალაქის მერია? - გაფიცულების დისკრედიტაციით, ისედაც მაღალი ხელფასი აქვთ რა უნდათო;

მათი პედაგოგებთან დაპირისპირებით, თქვენზე მეტი ხელფასები აქვთო; ალბათ რამდენიმე საათში ნაცებმა ჩაგვიდესო იტყვიან;

და მეც კი მგონია, რომ ქალაქის მერს უკაცრავად ჟარგონისთვის ამ ფონზე "გაუჩალიჩეს" ეს აქცია და საერთოდ ბევრ რამეს გაუჩლიჩებენ კიდევ არა მხოლოდ ნაცები, არამედ მისივე პარტია და ხელისუფლება, მაგრამ ეს რომ პასუხად არ გამოდგება კი უნდა ხვდებოდეს წესით ამდენს.

ანა არგანაშვილი, უფლებადამცველი:

მეტრო გაჩერდა. ხელისუფლება(ვ), ამ წლებში ოდნავ მეტი რომ გეფიქრა ადამიანზე, ვიდრე შენს კომფორტზე, ყველა სფეროში ერთად კრიზისი ხომ არ დაიწყებოდა.

იკა ლაბ:

თვითონ ხო აქვთ მემანქანზეზე დიდი ხელფასი და მთელი დღე ფეისბუკში ზიან. თითეულ მემანქანეს კიდე რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია და რა მძიმე და სტრესულ პირობებში უწევს მუშოაბა. კალაძე რომ გამოდის და სხვას უფრო ნაკლები აქო. თავის მაღალჩინოსნებს გადახედოს, რომელს აქ დაბალი ხელფასი 2,5 არ კმაროდათ და გაიორმაგეს და გაისამმაგეს. ეგაა მეტრო თუ არ იმუშავებს სრული სატრანსპორტო კოლაფსი იქნება ქალაქში და ისევ უბრალო მოქალაქეები დაზარალდებიან. თორე მერიის და სატრანსპორტო კომპანიის მაღალჩინოსნები ისედაც არ დადიან მეტროთი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს