ავტორი:

ადგილი კახეთში, სადაც ავარიით უამრავი ადამიანი იღუპება

ადგილი კახეთში, სადაც ავარიით უამრავი ადამიანი იღუპება

თითქმის ყოველ წელიწადს, გომბორზე მომხდარი შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გვესმის. წელსაც, გომბორის უღელტეხილზე, რამდენიმე მძიმე ავარია მოხდა: საწვავით დატვირთული სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ ექსკურსიის ავტობუსი, რომლითაც მოსწავლეები და მშობლები მგზავრობდნენ, ხევში გადავარდა და 4 ადამიანი დაიღუპა, მომხდარიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, გომბორის გზაზე ბელორუსი ტურისტების ავტობუსი გადაბრუნდა და 8 ადამიანი დაშავდა.

რა ხდება კონკრეტულად გზის ამ მონაკვეთზე ხშირი ავარიების მიზეზი და როგორ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება - ამის შესახებ AMBEBI.GE საგზაო უსართხოების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა.

"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები იმაზე მეტყველებს, რომ გომბორი პრობლემური მონაკვეთია, რომლის დეტალურად შესწავლა უნდა მოხდეს. დავით მესხიშვილის ვარაუდით, მონაკვეთებზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება, შესაძლოა, ინფრასტრუქტურული პრობლემა იყოს.

"ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს ისე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლს არ იწვევდეს. ამ ადგილს უნდა დაერქვას „შავი წერტილი“, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. დედაქალაქშიც გვაქვს ასეთი ადგილები, ასე რომ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ამ მიმართულებით არ გვსმენია, რომ მაგალითად, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ შსს გამოაქვეყნებს, რომელი კონკრეტული მონაკვეთია ყველაზე უფრო პრობლემატური და ამ შემთხვევაში დაიწყება პრევენციული ღონისძიებების გატარება“ - განმარტა დავით მესხიშვილმა.

გარდა ამისა, დავით მესხიშვილის ინიციატივით, უმჯობესია, სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და სამგზავრო მიკროავტობუსების გომბორის გავლით გადაადგილება აიკრძალოს, რათა მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.

„გომბორი ვიწრო გზით ხასიათდება. ამ გზაზე გადაადგილებისას სატვირთო ავტომობილი ძალიან დაბალ სიჩქარეს ავითარებს, რის გამოც მსუბუქი მანქანები გადასწრებას ცდილობენ, რაც ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდება, რადგან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი ავტომობილი არ ჩანს. თავდაპირველად, ეს უნდა ავირიდოთ თავიდან. ამავე დროს, თუ რაიმე აუცილებლობას არ წარმოადგენს, უკეთესია თუ სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, თუნდაც სამგზავრო მიკროავტობუსები არ გაივლიან გომბორის გავლით და ოდნავ შორი გზით წავლენ, იქ სადაც გზატკეცილია. ძალიან მარტივი რაღაცაა გასაკეთებელი - გომბორზე დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს, გზის სივიწროვის გამო გადაადგილება აეკრძალოს“ - განმარტა მან.

გარდა ამისა, დავით მესხიშვილის თქმით, გომბორზე ინფრასტრუქტურა იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ გადავარდნის საშიშროება აღმოიფხვრას.

„საკმაოდ მაღალი ადგილია და კარგი იქნება, თუ დამცავი ჯებირები მოეწყობა, სადაც საგზაო ნიშნები გამოსასწორებელია, გამოსწორდეს. შესაძლოა ხდებოდეს ავტოსაგზაო შემთხვევა, მაგრამ ასეთი ტრავმებითა და მსხვერპლით არ უნდა სრულდებოდეს“ - აღნიშნა „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ.

დავით მესხიშვილმა ასევე დასძინა, რომ საქართველოში გომბორის მსგავსი ე.წ შავი წერტილების აღრიცხვა და ამ მონაკვეთებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას 20%-ით შეამცირებს.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის თქმით, როდესაც გზის ერთსა და იმავე მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა ხშირად ხდება, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა უნდა მოხდეს.

"ბუნებრივია, ავტოსაგზაო შემთხვევა სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული, მაგრამ ყველა ფაქტორი უნდა იქნას შესწავლილი და აღმოფხვრილი. ბუნებრივია, ეს სარისკო გზაა და სიჩქარის მართვის კუთხით მასზე გადაადგილებას მძღოლები უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ, მაგრამ როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, არსებული ინფრასტრუქტურა, მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მძღოლს შეცდომა აპატიოს“ - განმარტა ეკა ლალიაშვილმა.

ეკა ლალიაშვილი გომბორის გზაზე არსებულ კომპლექსურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, გომბორის გზაზე ისეთი ინფრასტუქტურა უნდა მოეწყოს, რომელიც მგზავრების უსაფრთხოების დასაცავად იქნება განკუთვნილი, გარდა ამისა, მისი თმით, გასათვალიწინებელია ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა და სხვა დეტალები.

„ის ფაქტორები, რასაც სიჩქარის კონტროლი, კამერების დამონტაჟება და მოძრაობის წესების დაცვა ჰქვია, უნდა გაკონტროლდეს, გზის ინფრასტრუქტურა უსაფრთხოდ მოეწყოს - ეს ყველაფერი ერთად არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, აუცილებელია ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა. ეს ფაქტორები სინთეზში უნდა იყოს წარმოდგენილი“ - დასძინა ეკა ლალიაშვილმა.

გარდა ამისა, სპეციალისტის თქმით, გზები იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ მძღოლს დაშვებული შეცდომები აპატიოს, რისკენაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები დიდი ხანია ისწრაფვიან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ