ავტორი:

5 ქართველი ქალის წარმატებული კარიერა უცხოეთში

5 ქართველი ქალის წარმატებული კარიერა უცხოეთში

8 მარტს მსოფლიო ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, გვინდა გაგაცნოთ და გაგახსენოთ წარმატებული ახალგაზრდა ქართველი ქალები, რომლებმაც კარიერული წინსვლა უცხოეთში შეძლეს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ და ხშირ შემთხვევაში კარიერას ოჯახურ ცხოვრებასაც წარმატებით უთავსებენ.

30 წლის თამარ ჭაბუკაიძე, სამსახიობო კარიერა საფრანგეთში

თამარ ჭაბუკაიძემ 22 წლის ასაკში დატოვა საქართველო და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, საყვარელ ადამიანთან, ასევე, ქართველ ემიგრანტთან ოჯახი რომ შეექმნა. ოჯახისა და მეგობრების დატოვება ახალგაზრდა გოგონასთვის, რომელიც სამსახიობო კარიერას იწყებდა, რთული იყო, მაგრამ მისი მომავალი მეუღლე საფრანგეთში ცხოვრობდა და ეს ცვლილებაც გარდაუვალი იყო.

თამარმა უცხო საზოგადოებაში ინტეგრაცია მალევე მოახერხა და ახლა 30 წლის მსახიობი, პარიზში 4 თეატრალური კომპანიის წევრია, ხშირად თამაშობს სხვადასხვა თეატრის სცენაზე, იღებენ რეკლამებსა და ფილმებშიც.

თამარი მომღერალ გოჩა ჭაბუკაიძის ქალიშვილია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ "ნიჭიერის" სცენაზე გამოსვლით გაითქვა სახელი. "ქართველმა ჯო კოკერმა" სცენაზე გამოსვლისას პირველი ნომერი სწორედ მის ქალიშვილს - თამარს მიუძღვნა, რომელიც მაშინ უკვე ემიგრანტი იყო.

"პარიზში ჩამოსვლისთანავე ენის შემსწავლელ კურსებზე დავიწყე სიარული და დაახლოებით 6 თვეში ჩემი ძველი პროფესიით, მოცეკვავედ ვმუშაობდი. ინტეგრაცია საკმაოდ მალე მოვახერხე, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს, გიორგი დავითაშვილს. უკვე შვილიც გვყავს...

ჩემი სამუშაოს 90% უკავშირდება თეატრს, ვთამაშობ 4 თეატრალურ კომპანიაში და, ასევე, თეატრის პედაგოგად, მაგრამ თავს მხოლოდ თეატრის მსახიობად არ მოვისაზრებ. გავდივარ ბევრ კინოკასტინგს და უკვე მქონდა საკმაოდ საინტერესო გადაღებები პატარა როლებით. ვთანამშრომლობდი ისეთ კინორეჟისორებთან, როგორებიცაა: ალან შაბა, ნიკოლა ვანიე, ზიად დუეირი. ვმონაწილეობ რეკლამებსა და მუსიკალურ ვიდეორგოლებში.

რაც შეეხება თეატრს, საფრანგეთში არ არის ცნება "თეატრი თავისი დასით". აქ თეატრი არის შენობა, რომელიც სცენას უთმობს სხვადასხვა თეატრალურ კომპანიას. ამიტომ დღეს "ჩემი თეატრი" არის მუდმივი ცვლა თეატრალური კომპანიების, მუდმივი ცვლა რეჟისორების და მუდმივი კასტინგები და ძიება ახალი პროექტების. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია, მაგრამ ამავდროულად, არანორმალურად საინტერესოა. სხვადასხვა ხედვისა და თეატრალური მიმართულების უამრავ ადამიანთან მიწევს მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ახალი კომპანია კიდევ სხვა, ახალი თეატრის კარს მიხსნის.

- რას ურჩევთ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც წარმატებულ სამსახიობო კარიერაზე ოცნებობენ?

- ვურჩევდი, იყვნენ, რაც შეიძლება, ცნობისმოყვარენი, გაბედულები და აქტიურები. შეძლებისდაგვარად იმოგზაურონ, რაც შეიძლება ბევრი, ნახონ სხვა კულტურა, სხვა ხალხი, დაინტერესდნენ ადამიანებით და მათი მრავალფეროვნებით, საკუთარი თავი გამოკვებონ ხარისხიანი ხელოვნებით, რათა მათ მიერ გადმოცემული ხელოვნებაც იყოს ხარისხიანი. არასდროს შეწყვიტონ სწავლა. აქ 60 წლის მსახიობებიც კი ყოველწლიურად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ. და, რაც ყველაზე მთავარია, არასდროს არ დანებდნენ! წაიკითხეთ ვრცლად თამარ ჭაბუკაიძესთან ინტერვიუ

31 წლის ანა ტრაპაიძე, მუშაობს გერმანიაში სამეცნიერო პროექტებზე

31 წლის ანა ტრაპაიძის წარმატებულ სამეცნიერო კარიერას, ბავშვობიდან დედის გავლებით ჩაეყარა საფუძველი. ახლა ახალგაზრდა დედა გერმანიაში წარმატებულ სამეცნიერო პროექტებზე მუშაობს.

"ე.წ "კომაროვის" ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლა პირველი ნაბიჯი იყო ჩემი ოცნების ახდენისაკენ. მასწავლებლის, ბატონ რამინ ჭელიძის წყალობით ფიზიკა ჩემი საყვარელი საგანი გახდა და ჯავახიშვილში ფიზიკის ფაკულტეტზე განვაგრძე სწავლა იმ იმედით, რომ თუკი სურვილი მექნებოდა, ყოველთვის შემეძლო მოგვიანებით სასურველი სპეციალიზაციის არჩევა. თავიდან კოსმოლოგიამ გამიტაცა, მოგვიანებით კი ისევ სიცოცხლის მეცნიერებებით დაინტერესებამ და ექსპერიმეტების ჩატარების სიყვარულმა გადასძალა და ბიოფიზიკის მიმართულებით წასვლა გადამაწყვეტინა.

...ბიომასალების სფერომ დოქტორანტურის შემდეგ დამინტერესა - თუ რა გასაოცარი მასალებისგან შედგება ცოცხალი სამყარო და როგორ შეიძლება ბუნების მიბაძვით უნიკალური თვისებების მქონე ახალი ხელოვნური მასალა შეიქმნას. ჩემი პოსტ დოქტორანტული კვლევა, პოცდამის კოლოიდების და ზედაპირების კვლევის მაქს პლანკის ინტიტუტში (MPIKG), ბიომასალების განყოფილებაში პროფესორ პიტერ ფრაცლთან მიმდინარეობს.

მთავარ საწყის კომპონენტად ვიყენებ ცილების მიმდევრობას, გამოყოფილს ზღვის მიდიების ძაფებისგან, რომლებითაც მიდია სხვადასხვა ზედაპირზე დასამაგრებლად იყენებს. ცილის ამ საოცარ მიმდევრობას შეუძლია გარემოს ზემოქმედებით შესატყვისად გადაეწყოს მოწესრიგებულ სტრუქტურად, რომელსაც თვითაღდგენადი მექანიკური თვისებები გააჩნია. სწორედ ამ მიმდევრობას და ბიო-შეთავსებად პოლიმერულ ბლოკებს ვიყენებთ, რომ შევქმნათ ისეთი მასალა, რომელიც გარკვეულ პირობებში სითხეა, მაგრამ პატარა ქიმიური ბიძგით მყარ ჟელედ გადაიქცევა, სადაც უჯრედების დანერგვა და სხვადასხვა დანიშნულების უჯრედული ქსოვილების გაზრდა შეიძლება, მაგალითად დაზიანებული ხრტილის, ძვლის აღდგენა, ანდაც 3-განზომილებიანი ბიო-ბეჭდვა...

...მე, როგორც დედა, მეუღლე, მეგობარი, ჩემს პროფესიაზე შეყვარებული და ადამიანი მრავალი ინტერესით, ვცდილობ ოპტიმალურად გავანაწილო დრო ჩემი პრიორიტეტებისთვის, რომ ჰარმონიულად მოვახერხო ყველა მოვალეობის და ფუნქციის შესრულება, პროფესიული და პირადი განვითარებისათვის ზრუნვა და ამასთან დავტკბე სიცოცხლით "აქ და ახლა". თავისუფალ დროს მიყვარს ცეკვა, ცურვა, და ბუნებაში ხეტიალი. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ადამიანების დახმარება, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, არ მენანება დროის განაწილება კეთილი საქმეებისთვის წაიკითხეთ ვრცლად ანა ტრაპაიძესთან ინტერვიუ

28 წლის თეონა ლავრელაშვილი, ევროკომისიის პირველი ქართველი თანამშრომელი

ევროკომისიას, ისტორიაში პირველად, ქართველი თანამშრომელი ყავს - პოლიტიკის ოფიცერი 28 წლის თეონა ლავრელაშვილი დასავლეთ ბალკანეთის და თურქეთის საკითხებს კურირებს. მისი ყოველდღიური ცხოვრება ძალიან დატვირთულია, ბევრს მუშაობს, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ხშირად იღლება კიდეც, თუმცა არასდროს ნებდება.

ევროკომისიამდე მისასვლელი გზა არც მოკლე ყოფილა და არც იოლი - ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ბელგიაში, ევროპის კოლეჯში მეორე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა გადაწყვიტა. საქართველოს თუნდაც ერთი წლით დატოვება უჭირდა, თუმცა იმ პერიოდში ახალგაზრდულ პოლიტიკაში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული და ქვეყნიდან წასვლა და მალევე დაბრუნება გადაწყვიტა...

"სწავლის პერიოდში მალე გავაცნობიერე, რომ ბრიუსელში საქმიანობის გაგრძელებით გაცილებით უფრო დიდი გამოცდილების მიღება შემეძლო. სწავლის დასრულების შემდეგ ევროპის პარლამენტში დავიწყე სტაჟირება, შემდეგ ევროდეპუტატის ასისტენტი გავხდი, ახლა კი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხების გენერალურ დირექტორატში ვარ. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და პირადად მინისტრიდან მქონდა მხარდაჭერა, ბრიუსელშიც ბევრი პოლიტიკოსი თუ სახელმწიფო მოღვაწე დამეხმარა, რისიც ძალიან მადლიერი ვარ...

კოორდინაციას ვუწევ ჩვენი გენერალური დირექტორატის ურთიერთობებს დასავლეთ ბალკანეთის და თურქეთის მიმართულებით. ასევე ვხელმძღვანელობ ევროკავშირის რამდენიმე ინსტრუმენტის განხორციელებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, ძირითადად სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში. მაქვს ყოველკვირეული შეხვედრები გაფართოების ევროკომისარ ჰანის კაბინეტის წევრებთან და ერთობლივად ვგეგმავთ საქმიანობას წაიკითხეთ ვრცლად თეონა ლავრელაშვილთან ინტერვიუ

28 წლის ანა ყალიჩავა, მუშაობს ჰოლანდიაში, დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

28 წლის ქართველი გოგონა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიაში ბიოფიზიკის მიმართულებით საქმიანობს. პროექტი, რომელზეც ანა ჰოლანდიაში, დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მუშაობს, სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს - უჯრედების გაყოფის ციკლს შეისწავლის.

"თავიდან თეორიული ფიზიკით ვიყავი დაინტერესებული, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ექსპერიმენტები უფრო მიზიდავდა. ბაკალავრიატის ბოლო კურსზე შვეციარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში გავიარე პრაქტიკები ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით. თბილისში დაბრუნებულმა კი გავიგე, რომ დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. იძულებული გავხდი ლიტერატურული კვლევა ჩამეტარებინა, თუ რასთან გვქონდა საქმე. დედაჩემის იმუნოჰისტოქიმიურ ანალიზებში თვალში საცემი იყო ცილა - HER2. ზოგი ექიმი ამ ცილის დადებითობას გვილოცავდა. მე კი ვერაფერს ვიგებდი გარდა ერთისა - დედაჩემს სიმსივნე ქონდა...

გამიჩნდა კითხვები, თუ რისგან შევდგებოდით, რა მართავდა ჩვენი სიცოცხლის ფორმას? რისგან შედგებოდა სამყარო და ვინ ვიყავით ამ სამყაროში ჩვენ? ამ კითხვებზე საპასუხოდ, ფიზიკა აღარ იყო საკმარისი, დავიწყე ბიოლოგიის, ბიოქიმიის სწავლა. მინდოდა უფრო ფუნდამენტურად გამეგო და შემესწვალა უჯრედები, ცილები, დნმ, მათი მექანიზმები, მუტაციები და ბიოფიზიკის მიმართულებით გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება.

...ყველაზე დიდ მიღწევად ჩემს ცხოვრებაში მივიჩნევ ქეის დეკერის (2017 წლის ნობელის პრემიაზე წარდგენილ - Dr. Cees Dekker) ლაბორატორიაში მოხვედრას. დღეს ვმუშაობ მსოფლიოში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთ ყველაზე კარგ ლაბორატორიაში, სადაც გასხვავებული მიმართულების კვლევები მიმდინარეობს. გარემო საოცრად ამბიციურია და იდეის განსახორციელებლად ყველა შესაძლებლობას გვთავაზობს. ძირითადი პროექტის გარდა, ვმუშაობ სამეცნიერო სტარტაპზე, რომელიც ალკოჰოლური სასმელების გამოხდის ახალ მეთოდს გვთავაზობს წაიკითხეთ ვრცლად ანა ყალიჩავასთან ინტერვიუ

33 წლის მარიამ ბარბო-ჯავახიშვილი, მუშაობს გერმანიაში, გოთინგენის უნივერსიტეტში გლობალური მნიშვნელობის პროექტებზე

ანტიბიოტიკებისადმი ინფექციების გამო მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ, მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ინფექციების წარმოქმნასა და გავრცელების წინააღმდეგ სტრატეგიების შემუშავებაა საჭირო. ამ სტრატეგიის შექმნას ემსახურებოდა ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის მარიამ ბარბო-ჯავახიშვილის სამაგისტრო ნაშრომი გერმანიაში, ბრემენის იაკობსის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მისი სამაგისტრო თემის მიზანი იყო მედიცინაში ბაქტერიული ინფექციების მკურნალობაში გამოყენებული სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკების ბაქტერიულ უჯრედებში შეღწევის მექანზმების ბიოფიზიკური მეთოდებით შესწავლა.

33 წლის მარიამის ფიზიკასთან კავშირი ბავშვობიდან დაიწყო.

"სამყარო, ფიზიკა, ბუნების კანონზომიერება - ეს ის სიტყვებია, რომლებიც სახლში ღრმა ბავშვობიდან მესმოდა, მამაჩემის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯიმშერ ჯავახიშვილის წყალობით, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრაზე. სწორედ მან შემაყვარა სამყაროს წარმოშობასა და ცოცხალი ორგანიზმების აგებულებაზე ფიქრი და ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა საბოლოოდ დამეკავშირებინა ჩემი ბედი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან...

მგონია, რომ წარმატების მისაღწევად ყველაზე მძლავრი იარაღი არის ინტერესი და დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობა იმ სფეროსი, რომელშიც ვმოღვაწეობთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებმა პროფესიის არჩევისას უნდა იხელმძღვანელონ იმის მიხედვით, თუ რა სურს და აინტერესებს ჭეშმარიდატად. ამით პირველი ნაბიჯი კარიერული წარმატებისკენ უკვე გადადგმულია. ასევე, დაუღალავი შრომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა და საჭირო კონტაქტების მოძიება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია შემდგომი კარიერული განვითარებისთვისა და საბოლოო წარმატებისთვის... წაიკითხეთ ვრცლად მარიამ ბარბო-ჯავახიშვილის ინტერვიუ

ლევან რატიანის ინფორმაციით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი

ბათუმში ფიტნესკლუბი 10 000 ლარით დააჯარიმეს, მაგრამ მუშაობას მაინც არ აჩერებს - "უსამართლოა, ადამიანს აუკრძალო ვარჯიში"

"კავსაძეების მთელი ოჯახი დავინფიცირდით... ინფორმაცია, რომ კახი ძალიან მძიმედ არის, ტყუილია" - რას ამბობს მსახიობის მდგომარეობაზე მისი ძმა