ავტორი:

რატომ გადაწყვიტა 3 შვილის დედამ და წარმატებულმა დიზაინერმა "მასტერშეფში" მონაწილეობა - "კერძს იმხელა სიყვარულით ვამზადებ, მიჭირს კრიტიკის მოსმენა"

რატომ გადაწყვიტა 3 შვილის დედამ და წარმატებულმა დიზაინერმა "მასტერშეფში" მონაწილეობა - "კერძს იმხელა სიყვარულით ვამზადებ, მიჭირს კრიტიკის მოსმენა"

მომღერლები, მოცეკვავეები, დიზაინერები, არქიტექტორები, მსახიობები - ეს იმ პროფესიების წარმომადგენელთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც მსოფლიოს ყველაზე რეიტინული კულინარიული შოუს „მასტერშეფის“ ქართული ანალოგი აერთიანებს.

დიზაინერი და ცნობილი ბრენდის Dalood-ის კრეატიული დირექტორი, მაკა კვიციანი ერთ-ერთია, ვინც შოუში კულინარიის სიყვარულმა მიიყვანა. მოდის სამყაროში შეცდომებს არ პატიობენ, ასეა "მასტერშეფშიც" - თუ ჟიურის კერძი არ მოსწონს, მკაცრ და კატეგორიულ უარს ამბობს. 3 შვილის დედამ და წარმატებულმა დიზაინერმა ეს კარგად იცის და გადაცემაში მისვლისას გამოიყენა კიდეც - ჟიურის „მასტერშეფის“ პოზიტიური და ხალისიანი მონაწილის კერძი მოეწონა, ასე რომ მაკა შოუს შემდეგ ეტაპზეა.

AMBEBI.GE 34 წლის მაკა კვიციანს ამჯერად არა დიზაინერის, არამედ კულინარის ამპლუაში გაგაცნობთ.

მაკამ ჟიურის წევრებს წარუდგინა კერძი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად პოპულარულია - ბჟიტი პიურეთი და სოუსით. გადაცემის ყველაზე ემოციური ნაწილიც სწორედ აქედან დაიწყო... პროფესიონალმა შეფებმა - ლევან კობიაშვილმა, კონსტანტინე თედელურმა და ლუკა ნაჭყებიამ დიზაინერს ბოლო წამამდე არ უთხრეს, მოეწონათ თუ არა მისი მომზადებული კერძი. როგორც მაკა აღნიშნავს, ამ წუთების განმავლობაში ძალიან ინერვიულა.

- რატომ დაინტერესდით კულინარიით და გიცდიათ თუ არა, სრულფასოვნად შეგესწავლათ ის?

- მრავალსტუმრიან ოჯახში გავიზარდე. რაც თავი მახსოვს, სამზარეულოში ხან დედას ვეხმარებოდი, ხან ბებიას. მახსოვს, ცომის მოზელა ძალიან მიყვარდა და ამოსული ცომის გადაზელაზე ბავშვები სულ ერთმანეთში ვჩხუბობდით. შეიძლება ითქვას, ღრმა ბავშვობიდან მაინტერესებდა და არასდროს მბეზრდებოდა უფროსებისგან მოცემული დავალებების შესრულება.

- "მასტერშეფი" თქვენთვის პირველი საკონკურსო გამოცდილებაა?

- სტუდენტობის დროს დამწყები დიზაინერების კონკურსში - Be Next მაქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა კულინარიულ კონკურსში პირველად ვმონაწილეობ.

- "მასტერშეფში" მონაწილეობის მიღება რატომ გადაწყვიტეთ?

- პირველი ბიძგი და სტიმული ჩემი შვილი დათა გახლდათ. ძალიან დაინტერესებულია კულინარიით და კერძების მომზადება ფანტასტიურადაც გამოსდის.

დათა გორდონ რამზის დიდი თაყვანისმცემელია, ისევე, როგორც მე. ამ ცნობილი კულინარის მიერ შექმნილ ტელეშოუში მონაწილეობა ვიცი, დათასთვის რამხელა სიხარულია. ასევე, ვიცი ეს გადაცემა მსოფლიო მასშტაბით რამხელა რეპუტაციითაც სარგებლობს.

ვინაიდან მომავალში კულინარიის განხრით გეგმები მაქვს, მინდოდა ხალხისთვის ამ კუთხითაც გამეცნო ჩემი თავი. ამასთან ერთად, საკუთარი თავის გამოცდის სურვილიც დიდი ხანია მაქვს - მაინტერესებს ჩემი კომფორტის ზონის მიღმა, სტრესულ გარემოში როგორ გავართმევ თავს სხვა ნიჭიერ კონკურენტებთან შეჯიბრს.

- თქვენ მიერ პირველ ტურში შერჩეულ კერძთან დაკავშირებითაც გვითხარით... რატომ შეარჩიეთ ბჟიტი?

- მინდოდა ისეთი კერძი მომემზადებინა, რაც თითქოს ტრადიციული იქნებოდა, მაგრამ ისეთ შტრიხებს შევიტანდი, რაც დღევანდელი მრავალფეროვანი კულინარიული გარემოსთვის, თანამედროვეს და აქტუალურს გახდიდა. სწორედ ამიტომ ვარჩიე ბჟიტი, რადგან კერძის კარგად მომზადებას ცოდნა და გამოცდილი ხელი სჭირდება. ამ მიზეზითვე შევარჩიე გარნირიც - ნიახურის პიურე ტყემლით, რომელიც ტარხუნით და პიტნით იყო შეზავებული.

- რამდენად ემოციური იყო ჟიურის წინაშე საკუთარი კერძის წარმოჩენა და რა მოლოდინი გქონდათ იმ მომენტში, როცა პროფესიონალები კერძს აგემოვნებდნენ?

- სიმართლე გითხრათ, რომ მცოდნოდა ასე ვინერვიულებდი, შეიძლება გადაცემაში მონაწილეობა არც მიმეღო. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის ჟიურის შეფასებები ასეთი ემოციური იქნებოდა. ახლა ვხვდები, რომ ყველა კერძს იმხელა სიყვარულით და მონდომებით ვამზადებ, ძალიან მიჭირს კრიტიკის მოსმენა და მტკივნეულად ვიღებ მას. ალბათ ამის ბრალია, ასე რომ განვიცადე.

რაც შეეხება მოლოდინს, საბედნიეროდ, კერძების კარგად მომზადებასთან დაკავშირებით საკმაოდ ინფორმირებული, გაწრთვნილი და გამოცდილი დაგემოვნების უნარი და ცოდნა მაქვს, ამიტომ ყოველთვის ზუსტად ვიცი, კარგად გამომივიდა თუ არა. ჩემი პირველი კერძით კმაყოფილი დავრჩი და მცირე შენიშვნა რაც მქონდა, ჟიურისთანაც აღვნიშნე.

- როგორ ფიქრობთ, რას მოგცემთ ეს პროექტი?

- მონაწილეები მრავალმხრივ გამოცდილებას ვიძენთ. გარდა იმისა, რომ კულინარიული თვალსაზრისით შემეცნებითი და საინტერესო პრაქტიკაა, ასევე, ტელეპროექტში მონაწილეობისთვის საჭირო უნარებსაც ვიძენთ. ამათან ერთად, საზოგადოებაში ჩვენს შესახებ ცნობადობას ვამაღლებთ, ამიტომ პირადად ჩემთვის ძალიან მრავალმხრივი და სასარგებლო გამოცდილებაა.

- იბრძვით თუ არა იმისთვის, რომ გახდეთ "მასტერშეფი"?

- სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ მაგაზე. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები, ვცდილობ მაქსიმალურად წარმატებით გადავლახო კონკრეტული გამოწვევები და ბოლომდე ვისიამოვნო პროცესით, ხოლო რა შედეგებს გამოიღებს ეს ყველაფერი, ამაზე ნაკლებად მეფიქრება.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს